ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

აზიის ცივი ომი: ჩინეთი vs. ინდოეთი

მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადგილას, ჰიმალაის მთების ულამაზეს ლანდშაფტებში, ერთი დიდი გეოპოლიტიკური ნაღმი იმალება – ჩინეთ-ინდოეთის კონფლიქტი.

ეს არის ყველაზე გრძელი სადაო სახმელეთო საზღვარი მსოფლიოში ორ ბირთვულ გიგანტს შორის, რომლებიც ათწლეულებია ვერ თანხმდებიან ამ ტერიტორიის გაყოფაზე. დავა კი არაერთხელ გადაიზრდილა ძალადობრივ დაპირისპირებაში.

რატომ უპირისპირდებიან ჩინეთი და ინდოეთი ერთმანეთს, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მალდივის კუნძულებთან, რომელიც ბევრისთვის საოცნებო ადგილია დასასვენებლად და ბოლოს – რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ, ქართველება, ამ შორეული კონფლიქტისგან? პასუხმა შეიძლება გაგაკვირვოთ.

ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობები

ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს ორი დიდი ძალაა, სადაც სამყაროს მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს. ერთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, მეორე კი – მეხუთე.

ბოლო დროს მედიაში ვხედავთ, რომ ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. გასულ წელს, სი ძინპინის, პუტინისა და მოდის შეხვედრის კადრებმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მსოფლიო აალარაპარაკა. მანამდე კი მათმა ურთიერთობამ ყურადღება მიიქცია 2024 წლის BRICS-ის სამიტზე რუსეთში, რადგან ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები მაშინ პირველად შეხვდნენ ხუთი წლის მანძილზე.

2025 წელს, მათი გაყინული დიპლომატიური კავშირი თითქოს გალღვა. მხარეებმა მოხსნეს ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილი, განაახლეს პირდაპირი ფრენები, გაამარტივეს სავიზო შეზღუდვები და გაზარდეს ორმხრივი ვაჭრობაც. მათი ურთიერთობის აღმასვლას ბევრი მაინც სკეპტიკურად უყურებს, მათ შორის არსებული კონფლიქტების გამო.

მას შემდეგ, რაც 1947 წელს ინდოეთმა ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1949 წელს ჩინეთში კომუნისტური მთავრობა მოვიდა, საწყის ეტაპზე მათი ურთიერთობები საკმაოდ ძლიერი იყო. ორივე ქვეყანას სჯეროდა, რომ ისინი ერთად გახდებოდნენ, აზიის და გლობალური პოლიტიკის ღერძი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ამის მიზეზი კი ჰიმალაის მაღალ მთებში უნდა ვეძებოთ, კონკრეტულად გალვანის ველზე. აქ ინდოელი და ჩინელი სამხედროები სადაო საზღვარს იცავენ. 2020 წელს კი მათ შორის მწვავე შეტაკება მოხდა ცივ გალვანის მდინარეში, რასაც ოცი ინდოელი და ოთხი ჩინელი სამხედრო შეეწირა.

მსხვერპლი ალბათ უფრო დიდიც იქნებოდა, რომ არა 1996 წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საზღვრის ამ მონაკვეთზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აკრძალულია. ზუსტად რა მოხდა დღემდე არ ვიცით, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ორივე მხარემ რეგიონში სამხედრო ძალების რაოდენობა მასშტაბურად გაზარდა. შეტაკებები სხვადსხვა ადგილას, ამის შემდეგაც გაგრძელდა.

აქ სამი ძირითადი სადაო ზონაა, სადაც პეკინი და ნიუ-დელი ზუსტად ვერ თანხმდებიათ სად გადის მათ შორის საზღვარი.

პირველი ქაშმირის რეგიონია — ტერიტორია, რომელსაც ვერ იყოფენ ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი. ქაშმირის ნაწილს, რომელსაც “აქსაი ჩინი” ჰქვია ჩინეთი აკონტროლებს, თუმცა ინდოეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

walking აქსაი ჩინის ტერიტორია

მეორე სადაო რეგიონია ინდოეთის შტატი არუნაჩალ-პრადეში, რომელსაც ჩინეთი მთლიანად საკუთარ ტერიტორიად აცხადებს და “სამხრეთ ტიბეტს“ უწოდებს.

walking არუნაჩალ-პრადეშის ან “სამხრეთ ტიბეტის” ტერიტორია

მესამე კი ამ ორ დიდ სადაო ზონას შორის სხვა, შედარებით მცირე, კონფლიქტის კერებია.

walking სხვა სადაო ზონები

ამიტომ ჩინეთ-ინდოეთის საზღვრის რუკაზე ასახვა პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია. თუმცა, არა სი ძინპინისთვის.

2023 წელს პეკინმა გამოაქვეყნა ახალი სტანდარტული რუკა, სადაც ინდოეთთან სადაო ტერიტორიები ჩინეთის ნაწილადაა მონიშნული — რასაც ინდოეთში პროტესტი მოჰყვა.

walking ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული რუკა, 2023

ნაციონალისტური განწყობები ორივე ქვეყანაში ძლიერია და არავის არ მოეწონება ტერიტორიის დათმობა სხვა ძალისთვის. ეს არც რომელიმე ლიდერის რეიტინგზე აისახება დადებითად, ამიტომ ინდოეთიც და ჩინეთიც, ძირითადად სტატუს კვოს ინარჩუნებენ.

პრობლემის ნაწილი კოლონიურ პერიოდსაც უკავშირდება. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბრიტანულ რუკებზე საზღვარი სხვადასხვაგვარად არის გავლებული.

walking საზღვრების სხვადასხვაობა

ზოგ შემთხვევაში საზღვარი ნათლად არც კი ჩანს, მაგალითად 1947 წლის რუკაზე, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

walking გამოტოვებული საზღვარი

აქ ტიბეტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმ დროს ტიბეტი ერთგვარ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის და ფაქტობრივად დამოუკიდებლად არსებობდა, როგორც ამას იმ პერიოდის მრავალი რუკა აჩვენებს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გასულ საუკუნეში ტიბეტზე სრული კონტროლი დაამყარა, 1950 წელს ტიბეტში აჯანყება დაიწყო, რომელიც ჩინურმა ძალებმა სწრაფად ჩაახშეს. ტიბეტის სულიერი ლიდერი, დალაი ლამა კი ინდოეთში გაიქცა, რამაც პეკინი გააღიზიანა.

ამის შემდეგ ინდოეთსა და ჩინეთს შორის მცირე შეტაკებები გახშირდა. ამ ყველაფერმა საერთო საზღვარზე შეთანხმების პერსპექტივა კიდევ უფრო გაართულა. მას შემდეგ საკითხი ბოლომდე არც მოგვარებულა.

დღევანდელ Google-ის რუკაზე, ეს სადაო ნაწილები წყვეტილი ხაზებითაა მონიშნული და ამ პირობითი საზღვრის ორივე მხრიდან ათიათასობით სამხედროა განლაგებული.

ორივე ქვეყანა აქტიურად აშენებს გზებს, ხიდებსა და გვირაბებს ამ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან, რადგან სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურა აძლევს ჯარებს უკეთესი ლავირების საშუალებას მაღალმთიან რეგიონებში. ერთ-ერთი ბოლო დროინდელი მაგალითია ინდოეთის მიერ სელას უღელტეხილთან გახსნილი გვირაბი, რომელიც ამინდის მიუხედავად, ინდოეთის ჯარებს ხელს შეუწყობს სწრაფად გადაადგილდეს საზღვრისკენ.

2026 წელს ინდოეთმა ასევე დაიწყო 1,840 კილომეტრიანი არუნაჩალის სასაზღვრო ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც კონტროლის ხაზის გასწვრივ გაივლის.

ჩინეთის მხარეს რელიეფი შედარებით ბრტყელია, რაც გზების მშენებლობას ამარტივებს. ამიტომ ინდოეთი, გარკვეულწილად, ცდილობს ჩინეთს დაეწიოს. თუმცა, არც ინფრასტრუქტურით და არც გეო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ქვეყნები თანაბარ მდგომარეობაში არ არიან.

ჩინეთი გაცილებით დიდი ეკონომიკაა, უფრო ძლიერი სამხედრო ძალით და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. ინდოეთი კი მრავალი მიმართულებით ჩინეთიდან იმპორტზეა დამოკიდებული.

აქ კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ნიუ-დელის ამ რეგიონში პეკინის დომინაცია არ აწყობს – წყალი. ჰიმალაის მდინარეები მტკნარ წყალს დაახლოებით 1.3 მილიარდ ადამიანს აწვდის. სამხრეთ აზიაში კი წყლის დეფიციტი უკვე სერიოზული პრობლემაა და კლიმატის ცვლილება ამ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

რეგიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალიც უზარმაზარია. ჩინეთმა რეგიონში რამდენიმე დიდი კაშხალი უკვე ააშენა და ახლა მფოფლიოში ყველზე დიდ Medgo-ს ჰიდროელექტრო სადგურს აშენებს, რომელიც 2033 წელს უნდა დასრულდეს.

ეს არ არის კონფლიქტი მხოლოდ მიუვალ მთიან რელიეფზე, არამედ რესურსებზე და გავლენაზე.

ამ მოვლენების მიუხედავად გასულ წელს, მხარეებმა საზღვარზე სტაბილურობა შეინარჩუნეს და შეიმუშავეს კონფლიქტის მართვის ახალი მექანიზმები, როგორიცაა საზღვრის დემარკაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა. ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ 2005 წლის საკვანძო შეთანხმებას დაბრუნებოდნენ.

ეს შეთანხმება იყო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავდა, რა პრინციპებზე უნდა დაფუძნებულიყო პეკინსა და ნიუ-დელის შორის საზღვრის საბოლოო გადაწყვეტა. ამ დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ორივე ქვეყნის ინტერესები, იქ მცხოვრებთა ინტერესები და არ უნდა მიეცა რომელიმე მხარისთვის სტრატეგიული უპირატესობა. ეს იმ დროს დიპლომატიურ წინსვლად ითვლებოდა, თუმცა შემდგომ წლებში დაძაბულობა გაიზარდა და პრაქტიკაში ვერ განხორციელდა. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ჩინეთისა და ინდოეთის ერთი შეხედვით დამთბარი ურთიერთობები.

მაგრამ ამ ორი გიგანტის ინტერესები სხვაგანაც იკვეთება.

დაპირისპირება ინდოეთის ოკეანეში

მთებიდან ახლა ოკეანეში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ჩინეთისა და ინდოეთის დაპირისპირება კიდევ უფრო საგრძნობია.

ეკონომიკური, სამხედრო და სტრატეგიული თვალსაზრისით, ინდოეთის ოკეანე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რეგიონია. ისეთი უმსხვილესი საქონლის ექსპორტიორიოსთვის კი, როგორიც ჩინეთია, ეს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტია. ვაჭრობასთან ერთად, ჩინეთს აინტერესებს თავისი გავლენის გაფართოება და ძალის პროექციაც, ამ საქმით კი ის უკვე ათწლეულებია დაკავებულია.

ჩინეთს წილი აქვს ინდოეთის ოკეანის რეგიონში 20-ზე მეტ პორტში. ზოგიერთი მათგანის გამოყენება კი პოტენციურად სამხედრო მიზნითაც შეიძლება.

ავიღოთ მაგალითად ჯიბუტის პორტი, სადაც ჩინეთმა მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა. ჩინეთს ახლა არა მხოლოდ პორტი აქვს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო მარშრუტზე, აქვე ბაბელ-მანდების კრიტიკულ სრუტესთან, არამედ სამხედრო ბაზაც. აქედან, სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს შეერთებული შტატების ერთადერთი მოქმედი სამხედრო ბაზაც აფრიკაში.

თუ ამას დავუმატებთ ჩინეთის პორტებს შრი-ლანკაში, მიანმარსა და პაკისტანში, ინდოეთი თითქოს გარშემორტყმულია ჩინეთის საზღვაო გავლენით. ეს არის ჩინეთის “მარგალიტების ჯაჭვის” სტრატეგია, რომელიც პეკინის საზღვაო გავლენის გაფართოებას გულისხმობს ჩინეთიდან აფრიკამდე.

walking

ლოგიკურია, რომ ნიუ-დელიც აცნობიერებს და ემზადება პეკინის გაზრდილი აქტივობისთვის ინდოეთის ოკეანეში. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ინდოეთმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო, თუმცა ის ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება სხვა დიდ მოთამაშეებს.

ინდოეთი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მალაკას, ლომბოკისა და სუნდას სრუტეებზე, საიდანაც ჩინური გემები სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში ხვდებიან. ამიტომ ნიუ-დელის ინტერესია, მინიმუმ ამ გემების მონიტორინგი.

walking

მაგალითად, ნიკობარის კუნძულების სამხრეთ ნაწილში ინდოეთს აქვს სამხედრო-საზღვაო საჰაერო ბაზა, რომელიც მალაკას სრუტიდან დაახლოებით 450 კილომეტრში მდებარეობს.

კუნძულებზე საუბრისას, არ გამოგვრჩეს მალდივების საკითხიც.

ეს კუნძულები მდიდრულ არდადეგებთან ერთად, მდებარეობის გამო მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და უსაფრთხოებისთვისაც. დიდი ხნის განმავლობაში მალდივების ლიდერები ინდოეთის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ, თუმცა ბოლო წლებში პოლიტიკური ბალანსი შეიცვალა.

2024 წელს მალდივების არჩევნები ანტი-ინდურმა კანდიდატმა მუჰამედ მუიზუმ მოიგო, რის შემდეგაც ინდოეთმა სამხედროების მალდივებიდან გაყვანა დაიწყო. თუმცა, დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობები დასტაბილურდა და მუიზუ მოდის ინაუგურაციასაც დაესწრო გასულ წელს.

ეს ჩვენც გვეხება?

არსებობს მოსაზრება, რომ ინდოეთი, ინდოეთის ოკეანის რეგიონში უფრო დომინანტური უნდა იყოს, თუმცა რეალურად მას ამის რესურსი ჯერ არ გააჩნია. ინდოეთს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტიჰყავს, შეერთბულ შტატებზე დიდიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ეკონომიკა ამ ბოლო დროს უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩინეთის, მას მაინც დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ ჩინეთისნაირ აღმავლობას მიაღწიოს. გლობალური ბიზნეს-საზოგადოების შეფასებით კი შემდეგი ჩინეთი ისევ ჩინეთია.

ინდოეთის ერთ-ერთი სტატეგია ძლიერი დიპლომატიური კავშირების დამყარებაა. ის არის QUAD-ის, ანუ “ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის” წევრი, შეერთებულ შტატებთან, ავსტრალიასა და იაპონიასთან ერთად. ინდეოთს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, ამ კუთხით უპირატესობა აქვს შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან თანამშრომლობის კუთხით.

ამასთან ერთად, ინდოეთი არის BRICS-ის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრიც, რომელიც დასავლური ღერძის მეტოქედ აღიქმება. შესაბამისად, ინდოეთი ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს დიდ ძალებს შორის.

დავუბრუნდეთ დაძაბულობის კერებს, მოუგვარებელ საზღვრის დავას და გავლენისთვის ბრძოლას ინდოეთის ოკეანეში. საით მიდის ეს კონკურენცია და თუ არსებობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ომის პოტენციალი?

ამ ეტაპზე, არც ერთ მხარეს არ სურს არც რისკზე წასვლა და არც უკან დახევა. სწორედ ეს ქმნის ყველაზე სახიფათო სცენარს — ხანგრძლივ კონკურენციას ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის, სადაც დაძაბულობა შეიძლება პერიოდულად გამწვავდეს.

თუ პეკინი და ნიუ-დელი შეძლებენ ჰიმალაის მთებში სტატუს-კვოს სტაბილურად შენარჩუნებას და ინდოეთის ოკეანეში გავლენის კონკურენციის მართვას, როგორც ეს 2025 წლის ტენდენციებიდან ჩანს, ეს ურთიერთობა შესაძლოა კონტროლირებად მეტოქეობად დარჩეს. მაგრამ თუ ეროვნული ამბიციები, წყლის რესურსები, ინფრასტრუქტურული მილიტარიზაცია და გლობალური ალიანსები ერთმანეთს შეეჯახება, მაშინ აზიის ძალთა ბალანსი სერიოზულად შეიცვლება.

დღეს ჩინეთი და ინდოეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ღია ომს არ აწარმოებენ, მაგრამ ისინი მაინც კონკურენციაში რჩებიან გავლენისთვის, რესურსებისთვის და სტატუსისთვის.

და მაინც, რატომ უნდა გვადარდებდეს ქართველებს ეს დაძაბულობა ჰიმალაის მთებში და ინდოეთის ოკეანეში?

იმიტომ, რომ ეს არის მაგალითი, თუ როგორ ეჯახებიან ერთმანეთს დიდი ძალები სადაო საზღვრებზე, როგორ იქცევა ინფრასტრუქტურა გეოპოლიტიკურ იარაღად და როგორ შეიძლება პატარა ქვეყნები ამ კონკურენციის ნაწილად იქცნენ, იქნება ეს მალდივები ამ კონტექსტში თუ საქართველო ჩვენს რეგიონში.

ჩინეთი საქართველოს მზარდი გეოპოლიტიკური პარტნიორია და უკვე ანაკლიის პორტის მნიშვნელოვანი წილის მფლობელიც. პორტებზე წვდომა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა კი მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება არ არის. შესაბამისად, საქართველო გარკვეულწილად ერთვება ჩინეთის თამაშში.

დიდი ძალების ქცევის ლოგიკა — იქნება ეს ჩინეთი, შეერთებული შტატები, რუსეთი თუ აღმავალი ინდოეთი, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი კითხვაა: როგორ გამოვიყენებთ ამ პროცესებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად რეგიონში და მსოფლიოში?

აუდიო ვერსია: