პუტინის ბოლო კოზირი? რუსეთის გეგმა არქტიკაში ნატოს წინააღმდეგ
სვალბარდი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის დროშა ფრიალებს. სვალბარდი ნორვეგიული არქტიკული კუნძულთა ჯგუფის ნაწილია სამყაროს კიდეში, რომელსაც რუსები შპიცბერგენის კუნძულებს ეძახიან. აქ დაახლოებით 300 პოლარული დათვი და 3,000 ადამიანი ცხოვრობს.
ეს თითქმის დაუსახლებელი, ყინულოვანი უდაბნო, უმკაცრესი კლიმატით, დღეს მზარდი დაძაბულობის კერაა ნატოსა და რუსეთს შორის. რა უნდა რუსეთს ნორვეგიის ტერიტორიაზე? გახდება თუ არა სვალბარდი რუსული გრენლანდია? და როგორ პასუხობს ნატო, რუსეთის მზარდ პოზიციებს არქტიკაში?
სვალბარდის საიდუმლო
ძველ ნორვეგიულ ენაზე “სვალბარდი” ცივ სანაპიროს ნიშნავს, რაც ნამდვილად შეესაბამება იმ ადგილს, რომლის ტერიტორიის 60% ყინულითაა დაფარული. სვალბარდზე ცხოვრება უკიდურესად რთულია. გარდა იმისა, რომ იქ ტემბერატურა -30 გრადუსიდან +7 გრადუსამდე მერყეობს, ზამთარში სულ ღამეა, ხოლო ზაფხულში სულ დღე.
აქ ყოველთვის არსებობს პოლარული დათვების საფრთხეც. ამიტომ, ადამიანები სახლებსა და მანქანებს ხშირად არ კეტავენ, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლონ გაქცევა.
სვალბარდი მდებარეობს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შუაგულში. მისი მთავარი ქალაქი კი არის ლონგირი, ერთ-ერთი ყველაზე შორეული დასახლება დედამიწინს ჩრდილოეთში. აქვეა ბარენცბურგიც — რუსული დასახლება და ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქი.
სვალბარდი არის ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის. ეს კუნძულები ტექნიკურად ნორვეგიის ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნატოს ტერიტორიაცაა. დასავლეთით მდებარეობს გრენლანდია, ხოლო აღმოსავლეთით — რუსეთის არქტიკული სანაპირო.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სვალბარდი ეკუთვნოდა ყველას და თან არავის, თუმცა როცა კუნძულებზე ბუნებრივი რესურსების მოპოვება დაიწყო, საჭირო გახდა ტერიტორიის ოფიციალური განაწილება. ქვეყნები ითხოვდნენ მიწებს, მუშები კი უფლებებს. ეს საკითხი კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, სვალბარდის ხელშეკრულებით მოგვარდა.
შეთანხმების მიხედვით, სვალბარდის არქიპელაგი ნორვეგიის ტერიტორიად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ნორვეგიის კანონმდებლობა ვრცელდება. ამავდროულად, სვალბარდი არის უნიკლაური უვიზო ზონა, სადაც ყველა ხელმომწერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია დასახლება და მუშაობა. მათი გადასახადები კი ხმარება მხოლოდ ადგილობრივებს.
ამ ხელშეკრულებას თავდაპირველად ცხრა ხელმომწერი ჰყავდა, ხოლო დღეს ეს რიცხვი 40-მდეა გაზრდილი. ამ ქვეყნებს შორის კი არ არის საქართველო.
სვალბარდის კუნძულებზე ყველანაირი სამხედრო საქმიანობა აკრძალულია, რაც ხელშეკრულების მეცხრე მუხლით რეგულირდება. ამის კონტროლი, ნორვეგიას ევალება. თუმცა, პრაქტიკაში რამდენად არის დაცული ეს პრინციპი, სადაოა. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ არც ერთ ქვეყანას არ აქვს სამხედრო ბაზა.
სვალბარდი ასევე უნიკალურია კვლევითი თვალსაზრისით. ტურიზმსა და სამთო მრეწველობასთან ერთად, აქ მეცნიერები სწავლობენ კლიმატს და ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეს.
მაგალითად, შპიცბერგენზე, სვალბარდის ყველაზე დიდ კუნძულზე მდებარეობს ნიუ-ოლესუნდის კვლევითი სადგური, რომელიც ყოველთვის იზიდავდა ინოვატორ მეცნიერებს. დღეს ამ დასახლებაში ათ ქვეყანას აქვს მუდმივი კვლევითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის არიან როგორც ევროპული ქვეყნები, ასევე ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ინდოეთი.
სამეცნიერო მონაცემების დამუშავებაში დიდ როლს თამაშობს სვალბარდზე მდებარე ნორვეგიული სატელიტური სადგური — Svalsat. მას მსოფლიოში ნებისმიერ კომერციულ სადგურზე მეტი ანტენა აქვს და მისი მდებარეობა იდეალურია იმ თანამგზავრებიდან მონაცემების მისაღებად, რომლებიც დედამიწას პოლუსიდან პოლუსამდე უვლიან.
SvalSat-ი გლობალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის მიმზიდველი სამიზნე. ექსპერტებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ რუსეთი ამ რეგიონის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში.
აქ პირდაპირი სამხედრო საქმიანობა აკრძალულია, ამიტომ ჰიბრიდული მეთოდები რჩება ერთადერთ ალტერნატივად. ჰიბრიდულ მეთოდებში იგულისხმება არაპირდაპირი შეტევები – თან ყველა რომ ხვდება, რომ გამიზნული საბოტაჟის მცდელობაა რომელიმე კონკრეტული ძალის მიერ, მაგრამ თან ვერავინ რომ ამტკიცებს ამას. კიბერთავდასხმები ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
რუსეთი სვალბარდის კუნძულებზე იმყოფება კანონიერად, ანუ მოსკოვს აქვს პირდაპირი შესაძლებლობა ეს სიტუაცია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ასეც იქცევა.
სვალბარდის რუსეთიზაცია?
სვალბარდის კუნძულების სტრატეგიული მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იმატებს და ეს იქ მცხოვრები რუსი მოსახლეობის ქმედებებშიც აისახება. მაგალითად, გამარჯვების დღის აღლუმს ბარენცბურგში, სვალბარდის რუსულ დასახლებაში, რუსეთი უკვე ყოველწლიურად ატარებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
სიახლე არავისთვისაა, რომ მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ რუსულ ნაციონალიზმს კი უკვე ვხედავთ პირდაპირ ნატოს ტერიტორიაზე.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვი, რუსების სვალბარდზე ცხოვრებას მნიშვნელოვნად ასუბსიდირებს, ისევე როგორც ეს საბჭოთა დროს იყო. ბარენცბურგი საბჭოთა ქვანახშირის მომპოვებელ დასახლებად 1930-იან წლებში გადაიქცა. იქ დღეს ლენინის ქანდაკება ისევ ამაყად დგას. მაშინდელი საბჭოთა სამთო კომპანია კი დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაა.

ბარენცბურგში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ კომპანიაშია დასაქმებული. და სწორედ ეს ხდის იქ ცხოვრებას შესაძლებელს. ეს ადგილი თითქმის მიტოვებულად გამოიყურება, მაგრამ 400-მდე ადამიანი მაინც შემორჩა.
ქვანახშირის მოპოვება ბარენცბურგში, სულაც არ არის რუსეთისათვის ფინანსურად მომგებიანი და არც არასდროს ყოფილა. ეს კი ბევრს აფიქრებინებს, რომ კრემლს აქ რეალურად სულ სხვა მიზნები ამოძრავებს. მაგალითად, ნატოს ტერიტორიაზე, საკუთარი დასაყრდენის შენარჩუნება.
რუსეთს იქ სამხედრო ბაზა ვერ ექნება, ეს აკრძალულია. მაშინ, რა სურს მოსკოვს სინამდვილეში?
გადავხედოთ, რა ხდება სვალბარდის გარშემო.

სამხრეთით მდებარეობს რუსეთის კოლის ნახევარკუნძული, სადაც განთავსებულია უზარმაზარი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა და რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავები. ბევრი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი, სწორედ კოლის ნახევარკუნძულზეა.
აქვე მდებარეობს რუსეთის ზღვიდან გაშვებადი ბალისტიკური და კონტინენტთაშორისი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა გემების დიდი ნაწილი. ერთი სიტყვით, ეს რუსეთისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონი — როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის.

სვალბარდის აღმოსავლეთით კი მდებარეობს რუსეთის ფრანც-იოსების მიწა, სადაც განთავსებულია ნაგურსკოეს საჰაერო ბაზა. ეს ერთ-ერთია იმ დაახლოებით 50 ყოფილი საბჭოთა სამხედრო ობიექტიდან, რომლებიც რუსეთმა 2014 წლის შემდეგ არქტიკაში ხელახლა აამოქმედა, რათა რეგიონში საკუთარი შესაძლებლობები გაეზარდა.

სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ბაზის ასაფრენი ბილიკი გააფართოვეს. ახლა ამ ბაზას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავის მიღება, მათ შორის რუსული მძიმე ბომბდამშენებისაც.

რუსეთის მიზანია ამ რეგიონის კონტროლი და დაცვა შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში. ამ სტრატეგიას კი “ბასტიონის დაცვა” ეწოდება. სვალბარდი, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს, სწორედ ამ სტრატეგიის ცენტრშია.

ბასტიონის პრინციპის მიზანია ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების, კოლის ნახევარკუნძულზე არსებული სამხედრო რესურსებისა და რუსეთის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის დაცვა. “ბასტიონი” თვითონ ატომური წყალქვეშა ნავების სახელია. ეს სტრატეგია კი საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ამის მიუხედავად, რუსეთი აქეთ ადანაშაულებს ნორვეგიას სვალბარდის მილიტარიზაციაში.
მოსკოვი აცხადებს, რომ ნორვეგიული სამხედრო-საზღვაო და სანაპირო დაცვის გემების ყოფნა სვალბარდის სანაპიროზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა. ნორვეგია ამას უარყოფს. მაგრამ რეალურად, რუსეთის რიტორიკა უფრო პროპაგანდას გავს, ვიდრე მშვიდობის გულწრფელ სურვილს.
დღეს, პუტინის რუსეთი, თავს წარმოაჩენს ნატოს და ზოგადად, დასავლური ღერძის მსხვერპლად. ამაზე დგას მთელი მისი საგარეო პოლიტიკა და ამით ამართლებს ომებსაც. მაგრამ, არქტიკასა და უკრანას შორის კავშირი მხოლოდ რიტორიკა არაა. რუსეთი კოლის ნახევარკუნძულზე მდებარე საჰაერო ბაზას, ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმებისთვისაც იყენებს უკრაინაზე.
შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს ყინულოვანი უდაბნო უსარგებლო და ნაკლებად საინტერესო სივრცედ მოგეჩვენოთ; მაგრამ სინამდვილეში, აქტიკა არის ის ადგილი, სადაც რუსეთს მსოფლიო დომინაციის ყველაზე დიდი შანსი აქვს. მოსკოვი ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. განვიხილოთ რატომ.
რუსეთის შესაძლებლობები არქტიკაში
რუსეთისთვის არქტიკა ის სტრატეგიული სივრცეა, სადაც ის ჯერჯერობით სხვა დიდ ძალებზე მეტ გავლენას ფლობს და ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.
რუსულმა მინი-წყალქვეშა ნავებმა თითქმის 20 წლის წინ განახორციელეს მისია არქტიკული ოკეანის ფსკერზე, სადაც რუსეთის დროშაც ჩაარჭეს. ამით კი მოსკოვმა პრეტენზია განაცხადა ოკეანის ნაწილზე ჩრდილოეთ პოლუსთან.
რუსეთის ინტერესებს არტიკაში ამყარებს კლიმატური ცვლილებებიც. არქტიკაში ყინულის მასა ნელ-ნელა მცირდება გლობალური დათბობის გამო, რაც ასახულია NASA-ს მონაცემებშიც.

ყინული უკან იხევს, რეგიონით დაინტერესება კი იზრდება — ეკონომიკური პოტენციალისა და ახალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტების გამო. 2013 წლიდან არქტიკაში გემების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით კი გაზრდილია სატვირთო გემების მოძრაობა.

შევხედოთ რუკას ჩრდილოეთ პოლუსიდან. ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი, ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადაზიდვისთვის საკმაოდ მოკლე გზაა. რუსეთს კი ამ ზონაში უზარმაზარი სანაპირო ზოლი აქვს, რაც მას ამ სავაჭრო გზაზე უდიდეს გავლენას მიანიჭებს.
ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი
კრემლი დიდი ხანია უკვე იჭერს თადარიგს, მაგალითად, არქტიკაში სამხედრო ბაზების განვითარებით და ყინულმჭრელი გემებით.
რუსეთს ამ მიმართულებით აშკარა უპირატესობა აქვს. თუ მას დაახლოებით 40 პოლარული ყინულმჭრელი ჰყავს, შეერთებულ შტატებს ჰყავს მხოლოდ სამი. ეს კი არქტიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ყინულის დნობა არ ნიშნავს, ყინულის გაქრობას, არამედ ყინულოვანი მასის შემცირებას. ამიტომ გემებს ჩრდილოეთ პოლუსზე გადაადგილება მაინც არ შეეძლებათ ყინულმჭრელების დახმარების გარეშე.
ყინულის დნობა მხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს არ აჩენს. არქტიკა რუსეთსა და ნატოს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ზონაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრენლანდია-ისლანდიის და ისლანდია-ბრიტანეთის ხაზები, სადაც წყალქვეშა გემებს მოუწევთ გავლა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან, ატლანტის ოკეანმედე და პირიქით.

ეს ხსნის დონალდ ტრამპის განსაკუთრებულ ინტერესსაც გრენლანდიის მიმართ. რუსეთის მიზანი ისლანდია-ბრიტანეთის ნაწილის, თავისი მოქმედების ზონად გადაქცევაა.
ისევე როგორც რუსეთისთვის, არქტიკა, ნატოსა და შეერთებული შატების სამხედრო სტრატეგიისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ნატოც ზრდის აქტივობას შორეულ ჩრდილოეთში. მაგალითად, გასულ წელს გაიხსნა გაერთიანებული საჰაერო ოპერაციების ცენტრი ნორვეგიაში, რომლის მიზანიც ჩრდილოეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგია.
ნატოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც უნდა ვახსენოთ. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსს შეურთდნენ ფინეთი და შვედეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გარდა, დღეს არქტიკის ყველა სახელმწიფო ნატოს წევრია.
ფინეთი მსოფლიოში წამყვანია ყინულმჭრელი გემების მშენებლობაში, ამიტომ მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რეგიონში. შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ფინეთმა “ყინულმჭრელთა თანამშრომლობის ინიციატივაც” შექმნეს, ასეთი გემების ეფექტური მშენებლობისთვის. ამიტომ ის ფაქტი, რომ ამჟამად რუსეთი ლიდერობს ყინულმჭრელების რაოდენობით, შესაძლოა გეოპოლიტიკურ საჭიროებასთან ერთად შეცვალოს.
არც სვალბარდის დათმობას აპირებს ვინმე რუსეთისათვის. ეს ნორვეგიის ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სვალბარდზე თავდასხვა ნიშნავს ნატოზე თავდასხმას. ეს კი ნატოს კოლექტიური თავდაცვის მუხლს აამოქმედებს.
თუმცა, ექსპერტების აზრით, ამ ეტაპზე რუსეთი სვალბარდის პირდაპირი ოკუპაციით არ არის დაინტერესებული. მისი მთავარი მიზანია სიტუაციის კონტროლი, რეგიონში დასაყრდენის შენარჩუნება და ნატო-ს მზარდი გავლენის შეკავება. მაგრამ, ქართველებმა თუ რამე ვისწავლეთ ისტორიის მანძილზე, ისაა, რომ რუსეთის ინტერესები დაუნდობელია და ხშირად სცდება თავდაპირველად დეკლარირებულ მიზნებს.
აუდიო ვერსია: