ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი - სრული ტექსტი

17 ივნისს, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაიდო “ურთიერთგაგების მემორანდუმი”, რომელიც ომის დასრულების საბოლოო მოლაპარაკებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამ პროცესში შუამავალი გახლდათ.

გთავაზობთ NPR-ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის ქართულ თარმგანს სრულად:

„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“

„ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, კეთილი ნებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის ………., ………. საათზე, მიიღონ შემდეგი დებულებები:“

  1. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, აგრეთვე მათი მოკავშირეები მიმდინარე ომში, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმზე (MoU) ხელმოწერით აცხადებენ ყველა ფრონტზე სამხედრო მოქმედებების, მათ შორის ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციების, დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ამიერიდან არ დაიწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ომს ან რაიმე სახის სამხედრო ოპერაციას, თავს შეიკავებენ ერთმანეთის მიმართ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან და პატივს სცემენ ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ომის მუდმივ დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და ამ პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დებულებებს, დაადასტურებს საბოლოო შეთანხმება.

  2. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის ნებისმიერი ფორმისგან.

  3. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ გამართონ მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად და დაასრულონ აღნიშნული პროცესი არაუგვიანეს 60 დღეში, თუ მხარეები ურთიერთშეთანხმებით არ გადაწყვეტენ ამ ვადის გაგრძელებას.

  4. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დაწესებული საზღვაო ბლოკადის მოხსნას, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედების შეწყვეტას, რომელიც ხელს უშლის ან ზღუდავს ირანის საქმიანობას, და სრულად გააუქმებს საზღვაო ბლოკადას 30 დღის ვადაში. აღნიშნული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საზღვაო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ომამდელი ტვირთბრუნვისა და საზღვაო მოძრაობის მაჩვენებლების აღდგენის პროპორციულად. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკის სიახლოვიდან.

  5. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე ირანის ისლამური რესპუბლიკა, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით, უზრუნველყოფს კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვაში და პირიქით, ხოლო აღნიშნული მომსახურება პირველი 60 დღის განმავლობაში საფასურის გარეშე იქნება ხელმისაწვდომი. კომერციული გემების მოძრაობა დაუყოვნებლივ განახლდება, ხოლო ტექნიკური და სამხედრო დაბრკოლებების აღმოფხვრისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ განაღმვითი სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით, საზღვაო მიმოსვლის სრულფასოვანი აღდგენა 30 დღის ვადაში განხორციელდება. ირანის ისლამური რესპუბლიკა ასევე გამართავს დიალოგს ომანის სასულთნოსთან, რათა სპარსეთის ყურის სხვა სანაპირო სახელმწიფოებთან კონსულტაციების ფარგლებში განსაზღვროს ჰორმუზის სრუტის სამომავლო ადმინისტრირებისა და საზღვაო მომსახურების საკითხები, საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმებისა და ჰორმუზის სრუტის სანაპირო სახელმწიფოების სუვერენული უფლებების შესაბამისად.

  6. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს და მხარეებთან შეათანხმოს საბოლოო გეგმა, რომლის მოცულობა არანაკლებ 300 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენასა და ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება. აღნიშნული გეგმის განხორციელების მექანიზმი განისაზღვრება საბოლოო შეთანხმების ფარგლებში, 60 დღის ვადაში. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ყველა იმ ლიცენზიის, გამონაკლისის და ნებართვის გაცემას, რომელიც აუცილებელი იქნება შესაბამისი ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად.

  7. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გააუქმოს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციებითა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ყველა ცალმხრივი სანქციით გათვალისწინებული შეზღუდვები, მათ შორის როგორც პირველადი, ისე მეორადი სანქციები. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებენ ზემოაღნიშნული სანქციების გაუქმების საკითხის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოხატავენ მზადყოფნას, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საკითხებზე მოლაპარაკება, რათა მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას.

  8. ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძენს და არ განავითარებს ბირთვულ იარაღს. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ გამდიდრებული ბირთვული მასალის არსებული მარაგების საკითხი გადაწყდეს მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული მექანიზმის საფუძველზე, მე-7 პუნქტში მითითებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული მექანიზმის მინიმალური მოთხოვნა იქნება მასალის ადგილზე განზავება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ. ორივე მხარე ასევე თანხმდება, რომ განიხილოს ურანის გამდიდრების საკითხი და ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ საჭიროებებთან დაკავშირებული სხვა, ურთიერთშეთანხმებული საკითხები, იმ ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც საბოლოო შეთანხმებით განისაზაღვრება. საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ამ პუნქტში მოცემულ დებულებებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებენ ზემოაღნიშნული ბირთვული საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოხატავენ მზადყოფნას, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამაზე მოლაპარაკება, რათა მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას.

  9. საბოლოო შეთანხმების გაფორმებამდე მხარეები თანხმდებიან არსებული მდგომარეობის (სტატუს-კვოს) შენარჩუნებაზე. ირანის ისლამური რესპუბლიკა შეინარჩუნებს თავისი ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ პარამეტრებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები თავს შეიკავებს ახალი სანქციების დაწესებისა და რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებისგან.

  10. ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების საბოლოო შეწყვეტამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი გამონაკლისებისა და ნებართვების გაცემას, რათა შესაძლებელი გახდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ფინანსური, საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა მომსახურების განხორციელება.

  11. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ამოქმედებისთანავე ირანის ისლამური რესპუბლიკის გაყინული ან სხვაგვარად შეზღუდული ფინანსური სახსრები და აქტივებიგახადოს სრულად ხელმისაწვდომი. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებების ფარგლებში ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ აღნიშნული სახსრებისა და აქტივების განბლოკვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. აღნიშნული სახსრები, მიუხედავად იმისა, დარჩება თავდაპირველ ანგარიშებზე თუ გადაირიცხება სხვა ანგარიშებზე, სრულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული საბოლოო ბენეფიციარისთვის გადახდების განსახორციელებლად. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე იღებს ვალდებულებას, გასცეს ყველა აუცილებელი ლიცენზია, ნებართვა და ავტორიზაცია, რომელიც საჭიროა ამ დებულებების აღსასრულებლად.

  12. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ შეიქმნას სპეციალური აღმასრულებელი და მონიტორინგის მექანიზმი, რომლის მიზანი იქნება ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა და საბოლოო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა.

  13. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, 1-ლი, მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების დაწყებისა და მათი უწყვეტი შესრულების პირობებში, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ამ მემორანდუმით განსაზღვრულ სხვა საკითხებსა და დებულებებზე.

  14. საბოლოო შეთანხმებას დაამტკიცებს გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც უზრუნველყოფს მისი დებულებების საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებასა და შესრულებას.