ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რა უნდა პუტინს ოკეანის ფსკერზე? ფარული გეოპოლიტიკური დაპირისპირება წყალქვეშ

უზარმაზარი სატვირთო გემის დაკარგული ღუზა, ქართველი ეკიპაჟი, გადაჭრილი საკომუნიკაციო კაბელები ნატოს ქვეყნებს შორის და დიდი საერთაშორისო სკანდალი - ამ ვიდეოში ინფორმაციის ზღვაზე გიყვებით, ოღონდ პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით.

სწორედ ზღვების და ოკეანეების ფსკერზე გადის მსოფლიოს მონაცემთა 95% და ტრილიონობით დოლარის ფინანსური ტრანზაქცია ყოველდღიურად.

ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა კი ვერ იქნება გეოპოლიტიკური დაპირისპირებისგან თავისუფალი.

როგორია ჰიბრიდული ომის ყველაზე “ღრმა” ფორმა, რატომ იბრძვიან დიდი ძალები წყალქვეშ და ვინ იგებს ამ ბრძლაში - რუსეთი, ჩინეთი, თუ შეერთებული შტატები?

წყალქვეშა კაბელების ისტორია

ყველამ ვიცით ის გამაღიზიანებელი გრძნობა, როცა შეტყობინების გაგზავნა რამდენიმე წამით აგვიანებს, ან ნელი ინტერნეტის ან ცუდი კავშირის გამო. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როცა ინფორმაციის გაგზავნას წამები კი არა, კვირები და თვეები სჭირდებოდა.

XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, შეტყობინების შორს გაგზავნის ერთადერთი გზა იყო მისი წერილობითი სახით ფიზიკურად გადატანა. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე პირდაპირ კავშირში იყო ადამიანის მოგზაურობის სისწრაფესთან.

თუმცა, ეს ყველაფერი, 1830-იან წლებში, ელექტრონული ტელეგრაფის გამოგონებამ შეცვალა. ტელეგრაფმა შესაძლებელი გახადა შეტყობინებების ელექტრონული იმპულსების სახით სადენებში გადაცემა, რომლებიც შემდეგ ასოებად და სიტყვებად ითარგმნებოდა. ამას კი წამები სჭირდებოდა.

ამ გამოგონებიდან სულ რაღაც ათ წელიწადში მსოფლიოს მთავარ ქალაქებს შორის ტელეგრაფის კაბელები ათასობით კილომეტრზე გაიჭიმა, რამაც ერთმანეთთან დააკავშირა მთავრობები, ბიზნესები, პრესა და უბრალოდ ადამიანები. მაგრამ, ერთი დიდი პრობლემა მაინც გადაუჭრელი დარჩა – როგორ უნდა გადაეგზავნათ ელექტრონული სიგნალები ოკეანის მიღმა?

სწორედ ამ დროს, 1854 წელს, ახალგაზრდა და ამბიციურ ამერიკელ მეწარმეს, საირუს ვესტ ფილდს, შესთავაზეს ბიზნეს იდეა, რომ ტელეგრაფის კაბელები ნიუ იორკიდან ნიუდფაუდლენდამდე, წყალქვეშ გაეჭიმათ.

ფილდი მიხვდა, რომ ამ გეგმას მსოფლიოს ისტორიის კურსის შეცვლა შეეძლო და იდეა არა თუ მოეწონა, არამედ უფრო ამბიციურიც კი გახადა. მან ამ ხაზის გაბმა ნიუ იორკიდან ირლანდიამდე და შემდეგ ლონდონამდე მოინდომა.

ფილდმა მოიზიდა ფინანსები, დაიქირავა საუკეთესო ინჟინრები და მეცნიერები, და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეს ამბიციური პროექტი მაინც განახორციელა. პირველი ოფიციალური ტელეგრაფი ოკეანის მიღმა კი დედოფალმა ვიქტორიამ, შეერთებული შტატების იმდროინდელ პრეზიდენტს, ჯეიმზ ბიუკენენს გაუგზავნა.

მართალია ამ კაბელებმა მხოლოდ რამდენი თვე იმუშავა, მაგრამ პროექტმა მაინც დაამტკიცა, რომ ოკეანის გავლით კავშირგაბმულობა იყო მიღწევადი. ამიტომ ფილდმა, ინჟინრებთან ერთად გააგრძელა ტექნოლოგიების დახვეწა, რამაც საბოლოოდ დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

ტელეგრაფი ტელეფონმა ჩაანაცვლა, ტელეფონი სმარტფონმა, სატელეფონო კავშირგაბმულობა კი ინერნეტმა და ციფრულმა მონაცემებმა. თუ პირველი ტრანსატლანტიკური კაბელი წუთში მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გადაცემას ახერხებდა, თანამედროვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები დღეს წამებში უზრუნველყოფენ ასობით ტერაბაიტი მონაცემის გადაცემას.

ერთი შეხედვით, დღეს თითქოს უსადენო სამყაროში ვცხოვრობთ, თუმცა მსოფლიოში იმდენად უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია მოძრაობს, რომ მხოლოდ სატელიტური და უსადენო ქსელები ამ ნაკადს სრულად ვერ უმკლავდება. ამიტომ, მონაცემების 95% ისევ წყალქვეშა კაბელებით გადაადგილდება. მათი სიგრძე კი მილიონ-ნახევარ კილომეტრს აღემატება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწას თითქმის 40-ჯერ შემოვატაროთ.

ეს ინფრასტრუქტურა ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტების ხელშია. Amazon, Meta, Google და Microsoft ერთად მსოფლიო წყალქვეშა გამტარუნარიანობის 70% მეტს აკონტროლებენ. ამიტომ, ამ ტექნოლოგიის ინოვატორი შეერთებული შტატები, დღესაც ლიდერია.

გეოპოლიტიკური პაექრობა ოკეანის ფსკერზე

მსოფლიოს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების 98%-ის წარმოება და მონტაჟი, სულ რაღაც ოთხი კერძო კომპანიაის ხელშია. აქედან ამერიკული SubCom-ი, ფრანგული ASN-ი და იაპონური NEC ბაზრის აბსოლუტური ლიდერები არიან. ტექნოლოგიური გიგანტები სწორედ ამ კომპანიებთან თანამშრომლობენ.

თუმცა 2008 წელს თამაშში ჩინური HMN Technologies ჩაერთო, ყოფილი Huawei Marine Networks -ი, და მას დღეს უკვე ბაზრის 5% უჭირავს.

შეიძლება ეს რიცხვი დასავლურ კომპანიებთან შედარებით ძალიან მცირე მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩინეთი კარგად აცნობიერებს, რომ ის შეერთბულ შტატებთან გეოპოლიტიკურ რბოლას ვერ მოიგებს ტექნოლოგიური დაწინაურების გარეშე. ამიტომ, პეკინში წყალქვეშა კაბელები ქვეყნის მომავალი ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთ კრიტიკულ ელემენტად მიიჩნევა.

ჩინური HMN Tech-ის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია “მშვიდობის კაბელი,” რომლის ფარგლებშიც კომპანია 2021 წლიდან ევროპას, აზიასა და აფრიკას აკავშირებს თხუთმეტ ათას კილომეტრიანი კაბელით.

მსგავსი ინვესტიციები პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის “სარტყელი და გზის პოლიტიკას”. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტის მიზანი ჩინეთის ეკონომიკური, დიპლომატიური და სტრატეგიული გავლენის გაფართოებაა მსოფლიოში.

ვაშინგტონი ამ ყველაფერს, რა საკვრიველია, დიდი ლუპით აკვრიდება და ცდილობს არ დაუშვას ჩინეთის დომინანტ ძალად გადაიქცევა ოკეანის ფსკერზე.

ამის გამოვლინებაა დონალდ ტრამპის მიერ 2019 წელს კომპანია Huawei-ს დასანქცირება, რომელიც ასევე ფლობდა HMN Tech-ს. შეერთებულმა შტატებმა Huawei-ს ბრალიც კი წაუყენა ამერიკული ტექნოლოგიის მოპარვაში, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, ელექტრონულ თაღლითობაში და ირანის დახმარებაში სანქციების ასარიდებლად.

მიუხედავად იმისა, რომ Huawei აღარ ფლობს HMN Tech-ს, ის დღეს მაინც ჩინეთის მთავრობის ხელშია. ამიტომ ვაშინგტონში ვარაუდები არ ქრება, რომ წყალქვეშა კაბელები პეკინმა შესაძლოა ჯაშუშობისთვის ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟისთვის გამოიყენოს. მსგავსი ეჭვები რუსეთთან დაკავშირებითაც არსებობს, რასაც მოგვიანებით შევეხებით.

შემთხვევითი არაა, რომ 2020 წელს თეთრი სახლის ჩარევით ჩაიშალა Google-ისა და Meta-ს უპრეცენდენტო პროექტი, რომელსაც ლოს ანჯელესი ჰონგ-კონგთან უნდა დაეკავშირებინა წყალქვეშა კაბელებით.

2022 წელს კი, თეთრი სახლის აქტიური კამპანიის შედეგად, ამერკულმა SubCom-მა ჩინურ HMN Tech-ს თითქმის ხელიდან გამოაცალა 600 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც წყალქვეშა კაბელები სინგაპურიდან საფრანგეთამდე უნდა გაჭიმულიყო. თუმცა, თავად SubCom-ი და HMN Tech-ი საჯაროდ არ საუბრობენ სახელმწიფო პოლიტიკის გავლენაზე მათ საქმიანობაში.

შეერთბული შტატები, შეიძლება სხვადასხვა ტიპის ზეწოლით მეტ-ნაკლებად ახერხებს ჩინეთის პროგრესის შენელებას. მაგრამ ჩინეთს მაინც რჩება ერთი დიდი კოზირი - გემების მშენებლობა.

დღეს ჩინეთში შენდება მსოფლიოს გემების ნახევარზე მეტი, მაშინ როცა ამერიკელები აწარმოებენ მსოფლიოს მოთხოვნის მხოლოდ 0.1%-ს.

walking

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში სუფ უფრო გაიზრდება ჩინური გემების როლი, როგორც კაბელების ოკეანის ფსკერზე დაგებაში, ასევე მათ შეკეთებაში.

დააკვირდით, რამდენად გააზრებულია ჩინეთის სტრატეგია. პეკინი ცდილობს რაც შეიძლება მეტი მიწოდების ჯაჭვის ათვისებას, რათა მსოფლიოში შექმნას დამოკიდებულება. შედეგად, რამდენიც არ უნდა ეცადო ჩინეთს თავი აარიდო, მაინც წააწყდები ერთ კრიტიკული კომპონენტს, რაშიც ჩინეთი დაგჭირდება.

წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, არ უნდა გამოგვრჩეს შავი ზღვაც.

საიდან იღეს საქართველო ინტერნეტს და რა გეოპოლიტიკური ფაქტორები თამაშობს ჩვენი რეგიონის კომუნიკაციაში?

მსოლფიო საზღვაო კაბელების რუკის მიხედვით ფოთიდან შავ ზღვაში სამი წყალქვეშა კაბელია გავლებული – ორი ბულგარეთის მიმართულებით, ერთი კი რუსეთის. ქართული Forbes მიხედვით კი ამ კაბელების ოპერატორი და მფლობელი კომაპნია Caucasus Online-ია, რომელთანაც თავის დროზე თანამშრომლობდნენ MagtiCom-ი, Silknet-ი, Cellfie და სხვა მცირე პროვაიდერები.

თუმცა, მაგთიკომი და სილქნეტი ამ ეტაპზე აღარ არიან Caucasus Online-ის პარტნიორები. კომპანიის ირგვლივ მრავალწლიანი სამართლებრივი და მარეგულირებელი დავის შედეგად, სხვა მიზეზებთან ერთად, MagtiCom და Silknet, ალტერნატიულ, შედარებით იაფ, მარშრუტებზე გადავიდნენ.

დღეს საქართველო ინტერნეტის უდიდეს ნაწილს იღებს სახმელეთო ოპტიკური ქსელებით თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის გავლით.

Forbes მიხედვით, კომპანია Cellfie რჩება Caucasus Online-ის პარტნიორად, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქვეყნის მობილური ინტერნეტის სავარაუდოდ მხოლოდ 10-20% მოდის ევროპიდან, შავი ზღვის გავლით.

თუმცა, შავი ზღვის ინფრასტრუქტურული პოტენციალი გაცილებით დიდია. საქართველოს შეუძლია გადაიქცეს ევროპა-აზიის მონაცემთა გადაცემის ჰაბად და დიდი როლი შეასრულოს “ციფრული აბრეშუმის გზის” განვითარებაში.

თუმცა, ამაში შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი იყოს ჩვენი მეზობელი რუსეთი და გავიგოთ რატომ.

რუსეთის დილემა

თუ ჩინეთი ცდილობს ინტერნეტის არტერიების აშენებას, რუსეთს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ მათი დაზიანების მცდელობაში. ეს კი ყველაზე თვალსაჩინოა ბალტიის ზღვაში.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი უკავშირდება Eagle S-ს, სატვირთო გემს, კაპიტან დავით ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით.

2024 წლის დეკემბერში, რუსეთის პორტ უსტლუგადან მომავალმა Eagle S-მა ბალტიის ზღვაში ღუზა ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე ათრია.

შედეგად, ჯერ Estlink 2, ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი დააზიანა. შემდეგ კი რამდენიმე წყალქვეშა ინტერნეტკაბელი.

walking

ფინეთის ხელისუფლებამ გემი შეაჩერა და კონტროლზე აიყვანა. ფინური მხარე გემის ეკიპაჟს წყალქვეშა კომუნიკაციების განზრახ საბოტაჟში ადანაშაულებდა, თუმცა ეკიპაჟის მტკიცებით ღუზის დაკარგვა ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო.

საბოლოოდ სამართლებრივად ვერაფერი გაირკვა, რადგან ინციდენტი მოხდა ფინეთის ტერიტორიული წყლების გარეთ, სადაც ჰელსინკის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია. მაგრამ სპეკულაციები იმაზე, რომ ეს რუსეთის საბოტაჟის მცდელობა იყო არ წყდება.

ზოგადად წყალქვეშა ინფრასტრუქტურა საკმაოდ დაუცველია და ხშირია ტექტნიკური დაზიანებები, რასაც შემდეგ მილიონობით დოლარი სჭირდება შესაკეთებლად.

Eagle S-ის ინციდენტამდე ერთი თვით ადრე დაზიანდა კიდევ ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი — ერთი ლიტვას შვედეთის კუნძულ გოტლანდთან აკავშირებდა, მეორე კი ფინეთსა და გერმანიას. აქ ეჭვი ჩინურ სატვირთო გემზე გაჩნდა, რომელმაც ასევე სავარაუდოდ ღუზა კაბელებზე გადაათრია.

2025 წელს ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის დაზიანების გამო შვედეთის პოლიციამ მალტის დროშით მცურავი გემი შეაკავა. შემდეგ, ნორვეგიის პოლიციამ ლატვიის თხოვნით შეაჩერა გემი Silver Dania, რომელიც ნორვეგიაში იყო რეგისტრირებული, თუმცა რუსი ეკიპაჟი ჰყავდა.

კაბელებამდე კი, 2022 წელს, გერმანიასა და რუსეთს შორის ნორდსტრიმის მილსადენი აფეთქდა, რასაც რუსეთმა ტერორისტული აქტი უწოდა. დასავლური მედიის მიხედვით კი ამაში უკრაინის ხელი ერია. თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამას უარყოფს.

ყოველ ჯერზე, როცა მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა ზიანდება, ჩნდება ეჭვები, რომ ეს ხდება გამიზნულად. მაგრამ ამის დამტკიცება ძალიან რთულია.

დავუბრუნდეთ Eagle S-ს. ეს გემი არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის, ჰყავს ეკიპაჟი საქართველოდან და ინდოეთიდან და გადააქვს რუსული ნავთობი. ხოლო თვითონ გემი, დაცურავს კუკის კუნძულების დროშით, რომელიც ცნობილია, როგორც ოფშორული კომპანიების სამოთხე.

walking Eagle S-ის წარმომავლობა და ეკიპაჟი

ექსპერტების აზრით, ეს არის განგებ ჩახლართული სტრუქტურა, რაც დამახასიათებელია რუსული ჩრდილოვანი ფლოტისთვის ანუ გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ.

ასევე არსებობს ცნობები, რომ რუსეთი ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურას დიდი ხანია აკვირდება და მათ ინტენსიურად რუკავს.

ინციდენტი კი მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როცა ბალტიის ქვეყნები რუსეთის ელექტროენერგიის ქსელს საბოლოოდ ეთიშებოდნენ და ევროკავშირის ენერგოსისტემას უერთდებოდნენ.

ამას ისიც ემატება, რომ რუსეთის გარდა, ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ყველა ქვეყანა ნატოს წევრია. შესაბამისად, როცა საქმე განზრახ საბოტაჟს ეხება, რუსეთი პირველი და ლოგიკური ეჭვმიტანილია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის დამტკიცება ძალიან რთულია, ფაქტია, რომ მსგავსი შემთხვევები ბალტიის ზღვაში საგრძნობლად არის გაზრდილი უკრაინის ომის შემდეგ.

ამიტომ ნატომ ეს უპასუხოდ არ დატოვა და 2025 წელს დაიწყო ოპერაცია “ბალტიის გუშაგი”. ამ მისიის მიზანი ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაა. ალიანსმა გააძლიერა საზღვაო მონიტორინგი და გაზარდა სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების პატრულირება.

მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუნდაც ბალტიის ზღვა რუკაზე შედარებით პატარა იყოს, მისი მუდმივი და სრული კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ რუსეთისთვის ბალტიის ზღვა დარჩება ჰიბრიდული შეტევებისთვის ხელსაყრელად ადგილად.

ანალოგიურად, რუსეთის საბოტაჟისგან არც შავი ზღვაა დაზღვეული, რაც წყალქვეშა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

დღეს ადგილი არ დარჩა, სადაც დიდი ძალები პირველობისთვის არ იბრძვიან, არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმოსშიც.

თანამედროვე საკომუნიკაციო გაყვანილობა კი ამ დაპირისპირებაში უდიდეს როლს თამაშობს. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ტრადიციულ სამხედრო ძალასთან ერთად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტექნოლოგიური დაწინაურება.

აუდიო ვერსია: