მონაწილეები
იდეების ლაბორატორია
2026 წლის შემოდგომის ნაკადი„იდეების ლაბორატორია“ „ცოდნისთვის“ მიმართულების პროექტია, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს ხარისხიანი ანალიტიკური მასალების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. მოკლე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, მუშაობენ საკუთარ სტატიებზე, ხოლო ჩვენი ვებგვერდი მათ ნამუშევრების გამოქვეყნებისა და ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს.
გაიცანი მონაწილეები
გიგი ბერულავა სწავლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე. იგი იყო GIPA-ს პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი კობერიძის პირადი ასისტენტი და ამავე ცენტრის სტაჟიორი.
გიგის კვლევითი ინტერესები ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებას უკავშირდება. განსაკუთრებით აინტერესებს კუნძულების სტრატეგიული მდებარეობა და მათი როლი ჩინეთის შეკავებაში. მისი ინტერესის სფერო ასევე მოიცავს იშვიათ მინერალურ რესურსებსა და მათ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი, გიგი, ასევე დიდი ინტერესით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს.
ანი ბოლოთაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. იგი აქტიურად მონაწილეობს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ახალგაზრდული ლიდერობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით განხორციელებულ ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში.
ანის მონაწილეობა აქვს მიღებული გაეროს მოდელირების (Model United Nations) ღონისძიებებში, საერთაშორისო და რეგიონულ საზაფხულო და ზამთრის სკოლებში, დისკუსიებსა და პოლიტიკურ საკითხებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ინიციატივებში. იგი ასევე JEF Georgia-ს აქტიური წევრია, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპული და რეგიონული ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. Georgian Youth Congress-ში კი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ომბუდსმენის პოზიციებზე გუნდს ხელმძღვანელობდა.
ანის აქვს სამუშაო და მოხალისეობრივი გამოცდილებაც, მათ შორის ფონდების მოძიების მიმართულებით SOS Children’s Villages-ში, ასევე სარედაქციო სფეროში.
მისი ინტერესები მოიცავს გეოპოლიტიკას, შავი ზღვისა და ევრაზიის რეგიონულ უსაფრთხოებას, ევროკავშირის გაფართოებისა და ინტეგრაციის პროცესებს, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საერთაშორისო უსაფრთხოებას, კონფლიქტებსა და რეგიონულ პროცესებზე დიდი ძალების გავლენას.
მარიამ გოგალაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს ფლობს.
სწავლის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიასთან დაკავშირებულ პროექტებში. მარიამი ჩართული იყო გაეროს მოდელირების (Model United Nations) ღონისძიებაში, სადაც „ღირსეული დელეგატის“ წოდება მოიპოვა, ასევე ნატოს ახალგაზრდული სამიტისა და ევროკავშირის გაფართოების სამიტში. გარდა ამისა, იგი ჟან მონე ზამთრის სკოლისა (Jean Monnet Winter School) და ნატოს ახალგაზრდული აკადემიის საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე იყო.
სამომავლოდ მარიამს სურს, პროფესიული საქმიანობა პოლიტიკის კვლევასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს დაუკავშიროს. იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია სამხრეთ ამერიკის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული შესწავლით.
ნათია ზარიძე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, ბაკალავრის ხარისხი კი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით აქვს მიღებული.
იგი უკვე მეექვსე წელია IT სფეროში, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მუშაობს. ნათიამ კარიერა Software Development Engineer in Test-ის (SDET) პოზიციაზე განავითარა, ამჟამად კი Test Automation Chapter Lead-ია.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას, გეოპოლიტიკას, დაზვერვასა და ტექნოლოგიებს. აკადემიური და პროფესიული პროფილიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაინტერესდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბიბლიური ნარატივების გამოყენებითა და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში მათი როლით.
ნათიას განსაკუთრებით აინტერესებს ტექნოლოგიების სხვა სფეროებთან კვეთა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია NASA Space Apps Challenge Vilnius 2023, რომელშიც მისმა გუნდმა გაიმარჯვა და NASA-ში ვიზიტის შესაძლებლობა მოიპოვა.
თემო კალანდაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია. იგი მონაწილეობდა მომავალ დიპლომატთა კლუბის საორგანიზაციო საქმიანობაში. ამასთანავე, თემო უნგრეთში ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) მოხალისე იყო, სადაც თანამოხალისეებთან ერთად ადგილობრივ აუდიტორიას საქართველოს კულტურას აცნობდა.
მისი პირველი პროფესიული გამოცდილება ონლაინგამოცემა „ტაბულაში“ სტაჟირება იყო, რაც ინფორმაციის დამუშავებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმარა.
ამჟამად თემოს ძირითადი ინტერესები ახლო აღმოსავლეთსა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზეა კონცენტრირებული. იგი ასევე მიიჩნევს, რომ კულტურის კვლევა გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რადგან ახლო აღმოსავლეთისა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების სრულფასოვნად გააზრება შეუძლებელია იმ კულტურული კოდების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, ადამიანთა გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს.
მარიამი არის მეოთხე კურსის სტუდენტი American University in Bulgaria-ს პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად, ის Erasmus+ პროგრამით ატარებს გაცვლით სემესტრს ვენაში, Central European University-ში და აქტიურად ემზადება ცხოვრების შემდეგი ეტაპის დასაწყებად.
მარიამისთვის კულტურათა ფსიქოლოგია, ჯგუფური თუ ინდივიდუალური პოლიტიკის ანალიზი, საერთაშორისო კონფლიქტები და მათი გამომწვევი მრავალგანზომილებიანი მიზეზები ერთმანეთთან თანდაყოლილ კავშირშია — მათი სიღრმისეულად შესწავლა კი მისი საყვარელი საქმიანობაა.
თავისუფალი დრო ყოველთვის ეთმობა ხელოვნების რომელიმე მიმართულებას: იქნება ეს მისი ინდივიდუალური ხატვის გვერდის, M&M-Art-ის წარმართვა, უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის ARTistorcracy-ის ღონისძიებების დაგეგმვა, სტატიებისა და მხატვრული ჩანაწერების გაკეთება, არტ თერაპიის ვორქშოფებით დაინტერესება, სიმღერა თუ არგენტინული ტანგოს ცეკვა.
მარიამი იმედოვნებს, რომ მომავალშიც შეძლებს ასეთი ინტერდისციპლინური გზით მუშაობას და პოლიტიკური ფსიქოლოგიის სფეროში ცნობიერების ამაღლებითა თუ უმცირესობათა ჯგუფების დახმარებით მრავალფეროვნებისა და პოზიტიური ცვლილებების შეტანას.
ნინი ტყაბლაძემ კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა დაასრულა.
სწავლის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საუნივერსიტეტო საქმიანობაში. ნინი იყო საქველმოქმედო კლუბის წევრი და მონაწილეობდა სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში. ნინი ასევე მოხალისედ იყო ჩართული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო პროექტში.
მისი ძირითადი ინტერესის სფერო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.
დავით ღავთაძემ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა დაასრულა. სწავლის პერიოდში იგი განსაკუთრებით დაინტერესდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის გეოპოლიტიკით.
რეგიონის ფარგლებში დავითის მთავარი კვლევითი ინტერესია ჩინეთის საგარეო პოლიტიკა და მისი გავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებიც, ამავდროულად, აშშ-სთან პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობენ. აღნიშნული საკითხების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად იგი ესწრება თემატურ კონფერენციებს და აქტიურად მონაწილეობს დისკუსიებში.
თიკო ჩირგაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამისა და მასობრივი კომუნიკაციების მაინორ პროგრამის კურსდამთავრებულია.
იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და აკადემიურ საქმიანობაში. გავლილი აქვს ქალთა ლიდერობის აკადემიისა (EECMD) და საპარლამენტო დებატების (IEDA) ინტენსიური სასწავლო კურსები. ამასთანავე, რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.
თიკოს საჯარო სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს. მას გავლილი აქვს სტაჟირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
მისი გეოპოლიტიკური ინტერესები მოიცავს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, ფემინისტურ საგარეო პოლიტიკას, სამშვიდობო პროცესებს, ევროინტეგრაციასა და მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციას.
ლუკა ჭიჭინაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტია.
იგი დებატკლუბის წევრი და რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულია. ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტში.
გეოპოლიტიკის მიმართულებით ლუკას განსაკუთრებით აინტერესებს დიდი სახელმწიფოების გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე, ხელისუფლების ცვლილების შედეგად მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვექტორების ტრანსფორმაცია და ამ პროცესების ზეგავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. მისი ინტერესის სფერო ასევე მოიცავს მცირე სახელმწიფოების როლს ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში და მათ ურთიერთობას დიდ სახელმწიფოებთან.
პროექტის მოხალისე
საბა გაბიტაშვილი 179-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. იგი დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით და ამ მიმართულებით არაერთ საგანმანათლებლო პროექტში მიუღია მონაწილეობა. საბა არის „იდეების ლაბორატორიის“ ასისტენტი და პროექტის მანძილზე მონაწილეებს საჭირო მხარდაჭერას გაუწევს.