გაჟონილი საიდუმლო: როგორ და სად შეიქმნა მსოფლიოს ყველაზე საშიში იარაღი
1979 წელი: საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ ქალაქში ადამიანები უცნაური სიმპტომებით კვდებოდნენ. ხელისუფლება მიზეზად გაფუჭებულ ხორცს ასახელებდა.
მაგრამ აქ იყო ერთი პრობლემა: ამ ქალაქში მდებარეობდა სამხედრო ობიექტი, რომლის რეალური დანიშნულება გასაიდუმლოებული იყო. თან, ყველა გარდაცვლილი ცხოვრობდა ერთ გაყოლებაზე, ქარის მოძრაობის მიმართულებით. ანუ სიკვდილი მოჰქონდა ჰაერს და არა საკვებს.
სინამდვილეში, ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ბიოლოგიური იარაღის გაჟონვის ყველაზე ფატალური შემთხვევა, თუმცა არა ერთადერთი.
ამიტომ ერთად გავარკვიოთ, როგორ გაჩნდა სამყაროში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, როგორ იყენებენ დიდი ძალები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტექნოლოგიას, რაც ადამიანს ოდესმე შეუქმნია და რა საერთო აქვს ამასთან საქართველოს.
დასავლეთის ბიოლოგიური ომი
დასაწყისშივე უნდა დავაზუსტოთ, რომ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი ერთიდაიგივე არ არის. ქიმიური იარაღი ადამიანებს ქიმიური ნივთიერებებით წამლავს, ხოლო ბიოლოგიური იარაღი ცოცხალი მიკროორგანიზმებით აინფიცირებს. პრინციპი და შედეგი ერთია, თუმცა მეთოდი განსხვავებული.

ადამიანები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, როცა მიხვდნენ, რომ ავადმყოფობა შეიძლებოდა მტრის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
ძველ სამყაროში მებრძოლები ხშირად წამლავდნენ ჭებს, მდინარეებს ან ისრებს ცხოველების ლეშითა და შხამიანი ნივთიერებებით. თუმცა ეს უფრო ქიმიური და ტოქსიკური მეთოდები იყო, ვიდრე ნამდვილი ბიოლოგიური იარაღი.
თანამედროვე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ისტორია მხოლოდ მე-20 საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომიდან იწყება. 1917 წელს გერმანიის არმიამ პირველად გამოიყენა მდოგვის გაზი იგივე იპრიტი, რომელსაც ჯარისკაცები “ყვითელ ჯვარს” უწოდებდნენ.
სხვა ქიმიური აირებისგან განსხვავებით, მდოგვის აირი ყოველთვის არ კლავდა ადამიანს, მაგრამ იწვევდა საშინელ ტანჯვას — წვავდა კანს, აზიანებდა თვალებს, ფილტვებსა და სასუნთქ გზებს.
ამ ქიმიური იარაღით დაახლოებით მილიონი ადამიანი დაზიანდა, ხოლო ათიათასობით დაიღუპა. სწორედ პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებამ აჩვენა მსოფლიოს, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ქიმიური ომი.
მაგრამ დაავადებები ომის თანმდევი ტრაგედიიდან მიზანმიმართულ იარაღად იაპონელებმა აქციეს.
1930-იან წლებში იაპონიის იმპერიულმა არმიამ ჩინეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა 731-ე დანაყოფი — უზარმაზარი კვლევითი კომპლექსი, რომელიც ოფიციალურად ეპიდემიებთან ბრძოლის ცენტრად ითვლებოდა.
სინამდვილეში კი აქ მეცნიერები დიდი რაოდენობით ამრავლებდნენ ჭირის, ქოლერას, ჯილეხისა და სხვა სასიკვდილო დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს.
ყველაზე შემზარავი ის იყო, რომ შემდეგ ცოცხალ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ტყვეებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, რათა დაედგინათ, როგორ მოქმედებდა დაავადება ადამიანზე.

თუმცა, 731-ე დანაყოფის ისტორია არც სასამართლოში დასრულებულა და არც დამნაშავეთა დასჯით. როდესაც მეორე მსოფლიო ომში იაპონია დამარცხდა, ლაბორატორიების ნაწილი ააფეთქეს, დოკუმენტები დაწვეს, ხოლო საცდელი ტყვეები მოკლეს, რათა მოწმეები არ დარჩენილიყვნენ.
ამის შემოქმედთა უმრავლესობა კი არ დასჯილა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ის, რაც ვაშინგტონს უფრო აინტერესებდა, ვიდრე სამართლიანობა.
ამ დროს ცივი ომი უკვე იწყებოდა და ამერიკის დაზვერვა მიხვდა, რომ იაპონელების გამოცდილებას სათავისოდ გამოიყენებდა. ამიტომ უფროსი მეცნიერები აღარ გაასამართლეს.
მაგრამ ამას მიხვდა საბჭოთა კავშირიც, რასაც მოგვიანებით დავუბრუნდებით.
ისტორიკოსების ვარაუდით, შეერთებულმა შტატებმა, სწორედ იაპონელების მონაცემები გამოიყენა საკუთარი ბიოლოგიური ომის კვლევების გასაძლიერებლად.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკას უკვე შექმნილი ჰქონდა ფორტ-დეტრიკი — ადგილი, რომელიც მოგვიანებით ამერიკის ბიოლოგიური კვლევების ყველაზე საიდუმლო და გავლენიან ცენტრად იქცა. ფორტ-დეტრიკის რეალური საქმიანობა კი მხოლოდ 1969 წელს გამჟღავნდა. ირონიულად, სწორედ მაშინ, როცა პრეზიდენტმა ნიქსონმა პროგრამა დახურა.
თუმცა მანამდეც არსებობდა ეჭვები, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა პროგრამის დახურვამდე ერთი წლით ადრე.
1968 წელს, იუტას უდაბნოში, ერთ ჩველებრივ დილას ადგილობრივ ფერმერებს უცნაური სურათი დახვდათ - მიწაზე დაყრილი ასეულობით მკვდარი ცხვარი, რომელიც შემდეგ ათასეულებში გადაიზარდა.
თავდაპირველად არავინ იცოდა, რა ხდებოდა. ფერმერებმა, შემდეგ ეჭვი მიიტანეს ახლომდებარე სამხედრო ობიექტზე, დუგვეის საცდელ პოლიგონზე. დღეს უკვე ვიცით, რომ იქ ამერიკის არმია ცდიდა ქიმიურ თუ ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც ლაბორატორიულად ფორტ-დეტრიკში იქმნებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხვრების ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხედროებმა “ვი-ექს” ნერვული აგენტი გამოსცადეს. ეს იმდენად ტოქსიკური ნივთიერებაა, რომ ადამიანის მოსაკლავად სულ რამდენიმე მილიგრამიც საკმარისია.
გაჩნდა ეჭვი, რომ ტესტირების დროს აგენტის ნაწილი ქარმა პოლიგონის გარეთ გაიტანა და სწორედ ეს გახდა ცხვრების მასობრივი დაღუპვის მიზეზი.
თავდაპირველად სამხედროები ყველაფერს უარყოფდნენ. მაგრამ გამოძიების, მედიის და საზოგადოების ზეწოლის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ დუგვეის ექსპერიმენტები, დიდი ალბათობით, მართლაც უკავშირდებოდა ამ მოვლენას.
ერთი წლის შემდეგ კი, პრეზიდენტმა ნიქსონმა აკრძალა ბიოლოგიური იარაღის წარმოება. მაგრამ, ნიქსონმა აკრძალა ბიოლოგიური იარაღი და არა ქიმიური.
ვიეტნამის ომში შეერთებული შტატები 1971 წლამდე იყენებდა ეგრედ წოდებულ “ნარინჯისფერ აგენტს”, რათა მოეწამლა ტყეები და პარტიზანებისთვის საფარი გაენადგურებინა.
ამერიკულმა ავიაციამ ამ ნივთიერების მილიონობით ლიტრი შეასხა მცენარეებს, რის შედეგად დაბინძურდა მთელი ეკოსისტემა და მილიონობით ადამიანი დაზარალდა.
ნარინჯისფერ აგენტთან შეხებაში მყოფი ამერიკელი სამხედროები კი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ კომპენსაციის მისაღებად.
ამ გამოცდილებების შემდეგ, მსოფლიო შეთანხმდა, რომ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღები არის ზედმეტად საშიში, მათ შორის მათი შემქმნელებისთვისაც. 1972 წელს შეიქმნა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, რომელმაც აკრძალა დაავადებების იარაღად გარდაქმა, შენახვა და გამოყენება. 1992 წელს კი აიკრძალა ქიმიური იარაღი, როგორიც არის ნახსენები “ვი-ექსი” და მდოგვის გაზი.
თუმცა, ცივი ომის მეორე მხარეს საბჭოთა კავშირი საიდუმლოდ აგრძელებდა და აფართოებდა საკუთარ ბიოლოგიურ პროგრამას. მეტიც, მეცნიერების შეფასებით, დღეს სწორედ რუსეთი ფლობს ყველაზე მომაკვდინებელ ქიმიურ იარაღსაც.
საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომი
დავბრუნდეთ 1979 წელს, საბჭოთა კავშირში, ქალაქ სვერდლოვსკიში, დღევანელ ეკატერინბურგში.
ეს ქალაქი იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო-სამრეწველო ცენტრი. სწორედ აქ იწარმოებოდა ტანკები, ბალისტიკური რაკეტები, სარაკეტო სისტემები და სხვა შეიარაღება.
ცივი ომის პერიოდში კი ეს იყო დახურული ქალაქი, სადაც უცხოელებისთვის შესვლა მკაცრად იყო შეზღუდული, ხოლო მრავალი სამხედრო და სამეცნიერო ობიექტის არსებობა იყო გასაიდუმლოებული.
სწორედ ასეთ გარემოში ფუნქციონირებდა “ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”, ცნობილ მე-19 სამხედრო დასახლებაში.
სინამდვილეში, აქ ჰიგიენაზე არავინ მუშაობდა. კელდებს მიღმა საბჭოთა მეცნიერები სასიკვდილო დაავადებებს სამხედრო იარაღად აქცევდნენ.
შეგახსენებთ იაპონიის 731-ე დანაყოფს, ბიოლოგიური იარაღის პიონერებს, რომლებიც ამერიკელებმა დაინდეს ცოდნის გაზიარების სანაცვლოდ. ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ გაუკეთებია. ისტორიკოსების შეფასებით, ამ ცოდნის ნაწილი სწორედ მე-19 სამხედრო დასახლებაში აღმოჩნდა.
ერთ მშვენიერ დღეს კი, ამ დასახლების ადამიანები უცნაური სიმპტომებით საავადმყოფოებში მოხვდნენ. მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, ღებინება. ექიმები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ჩვეულებრივ ინფექციასთან ჰქონდათ საქმე. მაგრამ პაციენტები ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ.
ხელისუფლება ცამეტი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მიზეზი იყო გაფუჭებული ხორცი. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიმართლე ვეღარ დაიმალა.
აღმოჩნდა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთმა ტექნიკოსმა სავენტილაციო სისტემის ფილტრი მოხსნა, თუმცა ახალი დროულად აღარ დააყენა. ღამით ჰაერში ჯილეხის მიკროსკოპული სპორები გაიფანტა, რაც ქარმა ქალაქისკენ წაიღო და ადამიანები დააავადა. ჯილეხს ასევე შეიძლება იცნობდეთ, როგორც ციმბირის წყლულს, ანთრაქსს ან ხუზარას.
საბჭოთა კავშირში 50-მდე ასეთი დახურული სამხედრო-სამეცნიერო ობიექტი არსებობდა, სადაც მეცნიერები სხვადასხვა პათოგენის სამხედრო გამოყენებაზე მუშაობდნენ.
დავაკვირდეთ, რომ სვერდლოვსკის ინციდენტი მოხდა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვიდან შვიდი წლის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, 1992 წელს ოფიციალურად აღიარა, რომ მეცხრამეტე დასახლებაში ხალხი სამხედრო ბიოლოგიურ ობიექტზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. და ისიც დაამატა, რომ რეალურ მიზეზს მასაც დიდი ხანი უმავლავდა კა-გე-ბე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი მეცნიერების ნაწილია დასავლეთში გაიქცა. მსოფლიოს კი უამბეს, რომ მაშინ, როცა მოსკოვი ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას ხელს აწერდა, პარალელურად ისტორიაში უდიდეს საიდუმლო ბიოლოგიურ პროგრამას ავითარებდა.
ერთ-ერთი გაქცეული მეცნიერი, კენ ალიბეკი (იგივე კანატჟან ალიბეკოვი), ამტკიცებდა, რომ პროგრამის ბიუჯეტი და რესურსები იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე დასავლეთს ეგონა. მისი თქმით, საბჭოთა მეცნიერები არა მხოლოდ არსებული დაავადებების იარაღად ქცევაზე, არამედ მათი გენეტიკური მოდიფიცირების შესაძლებლობებზეც მუშაობდნენ.
რუსეთის ქიმიური ომი
საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ საიდუმ ლოებები არ გამქრალა.
არც დღევანდელი რუსეთი აღიარებს იმას, რაც მეცნიერებმა და საერთაშორისო გამოძიებებმა უკვე დაადგინეს. სწორედ რუსეთს უკავშირდება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქიმიური აგენტი — “ნოვიჩოკი.”
ნოვიჩოკი ერთ-ერთი აკრძალული ნივთიერებაა, რომელიც ასევე საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს.
მაშინ უკვე არსებობდა ისეთი ნერვული აგენტები, როგორიც იყო “ვი-ექსი”. თუმცა საბჭოთა კავშირი მიიჩნევდა, რომ მათი აღმოჩენა შედარებით ადვილი იყო, ხოლო დასავლეთის დამცავი სისტემები მათ წინააღმდეგ თანდათან უფრო ეფექტიანი ხდებოდა.
სწორედ ამიტომ, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირმა დაიწყო საიდუმლო პროგრამა სახელწოდებით “ფოლიანტი”. მისი მიზანი ახალი თაობის ქიმიური იარაღის შექმნა იყო — უფრო მომაკვდინებლის, უფრო ზუსტის და უფრო რთულად აღმოსაჩენის.
ასე გაჩნდა ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი”, რაც ქართულად ახალბედას ნიშნავს.
ნოვიჩოკი სპეციალურად შეიქმნა ისე, რომ არსებული დეტექტორებისთვის რთულად აღმოსაჩენი ყოფილიყო, ხოლო მისი სასიკვდილო დოზა წარმოუდგენლად მცირე.
ნოვიჩოკი უტევს ნერვულ სისტემას. ის ბლოკავს ფერმენტს, რომელიც კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. შედეგად, ადამიანი კარგავს კუნთების კონტროლს, უჭირს სუნთქვა, ეწყება კრუნჩხვები და უკიდურეს შემთხვევაში - კვდება.
ნოვიჩოკზე დიდი ხანი თითქმის არაფერი ისმოდა. ბევრს ეგონა, რომ ეს უბრალოდ ცივი ომის კიდევ ერთი დავიწყებული საიდუმლო იყო.
ყველაფერი 2018 წელს შეიცვალა.
ინგლისში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელებმა მათი სახლის კარის სახელურზე “ნოვიჩოკი” წაუსვეს. ორივე გადარჩა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ იმავე ნივთიერების შემცველი სუნამოს გამოყონებით შემთხვევით გარდაიცვალა ადგილობრივი ქალი.
ორი წლის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ფრენის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მეცნიერებმა კი მის ორგანიზმში ნოვიჩოკის ჯგუფის აგენტის კვალი დაადასტურეს. ოსკაროსანი დოკუმენტალისტის, კრისტო გროზევის ფილმში ვიგებთ, რომ ნოვიჩოკი ნავალნის საცვალზე წაუსვეს ერთ-ერთ სასტუმროში.
მაშინ ნავალნი გადარჩა, თუმცა სიცოცხლე მოგვიანებით რუსეთის ციხეში დაასრულა.
ნოვიჩოკის ფლობას რუსეთი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არ არსებობს არანაირი საჯარო ონფორმაცია და მტკიცებულება ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელ ლაბორატორიებზე. ნოვიჩოკის პროგრამასთან ხშირად აკავშირებენ შიხანში მდებარე ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. თუმცა, ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც ყოფილი მეცნიერების ჩვენებებს ეფუძნება.
დღეს ამერიკის ფორტ-დეტრიტის ლაბორატორიაც ისევ ფუნქციონირებს, როგორც შეერთებული შტატების არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი (USAMRIID). მისი ფუნქცია კი თავდაცვითია. COVID-19-ის პერიოდში ამ ლაბორატორიამ დაავადების შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
COVID-პანდემიის ხსენებაზე, არ უნდა გამოგვრჩეს ჩინეთის ვუჰანის ლაბორატორია, რომელიც ღამურების კორონავირუსებს იკვლევდა. სწორედ ამ ლაბორატორიას ადანაშაულებდნენ COVID-19-ის გაჟონვაში, თუმცა გამოძიებას ზუსტად დღემდე არაფერი დაუდგენია. ამ ლაბორატორიის რეალურ საქმიანობას კი ბევრი მაინც კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს.
2013 წლიდან, საქართველოც არაერთხელ გახვეულა ლაბორატორიულ გაუგებრობაში. რუსეთი, ლუგარის ლაბორატორიის გახსნის დღიდან ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ბიოლოგიური იარაღის შესაქმენლად იყენებს. 2018 წელს, როცა მოსკოვმა აფხაზეთიდან ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა ფაროსანას გავრცელების გამო, სწორედ ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა ბიოლოგიურ საბოტაჟში.
ეჭვები ბევრია, მაგრამ ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის შექმნისა და შენახვის ოფიციალური ცნობები არ არსებობს. არსებობს, მხოლოდ გამოყენების ცალკეული ფაქტები, თუმცა მათი ფართომასშტაბიან წარმოებასთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელია.
მასობრივი დესტრუქციის იარაღის ფართო გამოყენებას მსოფლიო უპასუხოდ არ დატოვებს. შეგახსნებთ, რომ ერაყში ომი შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად იმიტომ დაიწყო, რომ CIA-ს ინფორმაციით, სადამ ჰუსეინი მასობრივი დესტრუქციის იარაღს ფლობდა. ირანში მიმდინარე ომის ოფიციალური მიზეზი კი ატომური იარაღის შექმნის პოტენციალია.
თქვენ რომ სახელმწიფო ლიდერი იყოთ, უარს იტყოდით ასეთი იარაღის კვლევაზე, თუ ფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგის არსებობის პირობებში ეს შეუძლებელია?
აუდიო ვერსია: