რას გვიმალავენ? კოსმოსური ომი უკვე დაწყებულია?!
წარმოიდგინეთ, იღვიძებ ერთ დილას და ინტერნეტი არ მუშაობს, ბანკომატები გათიშულია, GPS-ი არ გიჩვენებს გზას, თვითმფრინავების რეისები გაჩერებულია და მსოფლიოში სრული საკომუნიკაციო ქაოსია.
ეს მხოლოდ ჰოლივუდის აპოკალიპტური სცენარი არ გეგონოთ. ეს სავსებით შესაძლებელი რეალობაა და თან ამას არ სჭირდება არც ომის დაწყება და არც ბომბის ჩამოვარდნა. ეს ყველაფერი შეიძლება მოდიოდის ზემოდან.
ამ ეპიზოდში ერთად ავიხედოთ, რა ხდება მაღლა – კოსმოსში, რომელიც დღეს დიდი ძალების დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი არენაა, თუმცა ამაზე იშვიათად ვსაუბრობთ.
რა ხდება კოსმოსში?
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ დაპირისპირებაზე ხმელეთზე, წყალში, ჰაერში, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიური რბოლა, დიდი ხანია გასცდა დედამიწას და დღეს, ისე როგორც არასდროს, ორბიტაზეც იმატებს დაძაბულობა.
დიდი ძალები, სულ უფრო მეტ რაკეტას და თანამგზავრს აგზავნიან კოსმოსში და იქაურობა უკვე საკმაოდ დატვირთულია. პირველობას შეერთებული შტატები ინარჩუნებს, ნაწილობრივ ილონ მასკის დამსახურებით, რომელსაც კარგად ვიცნობთ, როგორც სამყაროს ყველაზე მდიდარ ადამიანს. ამერიკას კი შემდეგ მოჰყვება ჩინეთი, რომელმაც დიდი ხანია საერთო შესაძლებლობებით რუსეთს გადაუსწრო.

ის, რაც ზემოთ ხდება, პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, რაც დედამიწაზე ხდება. თუ კოსმოსში რამე სერიოზულად არასწორად წავა, ამან შეიძლება მთლიანად შეარყიოს გლობალური ძალთა ბალანსი. ჩვენ მასიურად ვართ დამოკიდებული ხელოვნურ თანამგზავრებზე — ადამიანის მიერ შექმნილ მოწყობილობებზე, რომლებიც მთვარესთან ერთად გარს უვლიან დედამიწას.
თუ დღეს ნავიგაციის აპლიკაცია ან ეგრედ წოდებული ჯიპიესი გამოიყენე — ეს თანამგზავრების დამსახურებაა. თუ ამინდი გადაამოწმე — ესეც თანამგზავრების დამსახურებით. თუ ფული გადარიცხე — შესაძლოა თანამგზავრების დახმარებით. ან თუ ინტერნეტში რამე მოძებნე, მაგალითად ჩვენი არხი “ცნობისთვის” — დიდი შანსია, იქაც თანამგზავრები მონაწილეობდნენ.
და ეს მხოლოდ ზედაპირული მაგალითებია. თანამგზავრებით ვაკვირდებით მიწისძვრებს, ტყის ხანძრებს, წყალდიდობებს. ისინი გვეხმარებიან კლიმატის ცვლილების დინამიკის გაგებაში და კრიტიკულ როლს ასრულებენ სამხედრო ოპერაციებში.
ყოველ კვირას კოსმოსში 50-მდე ახალი თანამგზავრი იგზავნება და ეს რიცხი სამომავლოდ მხოლოდ გაიზრდება. ერთ-ერთი გამშვები პუნქტი ფლორიდაშია, ამერიკის საჰაერო ძალების ბაზაზე, მსგავსი პუნქტები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს.
დღეს კოსმოსში 12,000-ზე მეტი აქტიური თანამგზავრია, აქედან 8,500-ზე მეტი შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. დაახლოებით 1,500 ეკუთვნის რუსეთს, 1000-მდე კი ჩინეთს, რომელსაც შემდეგ მოყვებიან დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ინდოეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და კანადა. ასეთია კოსმოსური ათეული.

აქედან უმრავლესობა კომერციული გამოყენებისაა, თუმცა სამხედრო თანამგზავრებიც ბევრია და აქაც იგივე სამეული ლიდერობს, ერთი განსხვავებით – ჩინეთს, რუსეთზე მეტი სამხედრო თანამგზავრი აქვს.
შეხედეთ ქვემოთ სურათს. ეს წერტილები დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებია. ევროპის კოსმოსური სააგენტო კი ვარაუდობს, რომ 2030 წლისათვის, დედამიწის გარშემო 100,000-მდე თანამგზავრი იქნება, დღევანდელთან შედარებით თითქმის ათჯერ მეტი. სატელიტები ზოგჯერ გადამწყვეტია საომარ სტრატეგიაშიც.
მაგალითად, 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კოორდინირებულმა კიბერთავდასხმამ მნიშვნელოვნად დააზიანა სატელიტური კომუნიკაციები უკრაინასა და ევროპაში. ათასობით ადამიანს ინერნეტთან წვდომა შეუწყდა, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გერმანიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, საბერძნეთში, და სხვა ქვეყნებში. ხოლო გერმანიაში სატელიტური კავშირის დაკარგვის გამო 6,000-მდე ქარის ტურბინა დაზარალდა.
რა მოხდა?
KA-SAT-ის თანამგზავრულ სისტემას, რომელიც ტელეკომუნიკაციას აწვდის ძირითადად ევროპის რეგიონს, ჰაკერები დაესხნენ თავს, რაშიც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთი დაადანაშაულეს.
KA-SAT ინტერნეტს უზრუნველყოფს არა მხოლოდ გერმანული ქარის ტურბინებისთვის, არამედ, უკრაინის სამხედრო ძალებისთვისაც. თავდამსხმელებმა კი მიზანში ამოიღეს ის მონაცემები, რაც ამ თანამგზავრებით გადაიცემა და ის სისტემები, რომლებიც ამ მონაცემებს გადასცემენ.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტების აზრით, რუსეთის მიზანი იყო უკრაინული ძალების კომუნიკაციის დარღვევა სამხედრო თავდასხმამდე. ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ უკრაინამ ინტერნეტკავშირი ნაწილობრივ აღადგინა ილონ მასკის Starlink-ის დახმარებით, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამიტომ ბოლომდე დარჩით ჩვენთან ერთად.
ციური საფრთხე
როგორც ვხედავთ, სატელიტებზე თავდასხმა დედამიწიდანაც შეიძლება და ამისათვის, კიბერ თავდასხმებთან ერთად არსებობს სხვა მეთოდებიც.
ყველაზე გავრცელებულია იმ რადიოსიგნალების ჩახშობა ან გაყალბება, რომლებსაც ვიყენებთ სანავიგაციოდ. GPS არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. არსებობს ეგრედ წოდებული „spoofing“-ი ანუ ყალბი სიგნალების გაგზავნის პრაქტიკა, რაც ნამდვილ სიგნალებს ფარავს და გზას უბნევს პილოტებს.

არის კიდევ „jamming“-ი — სიგნალების საერთოდ ჩახშობა. ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავი სანავიგაციო მონაცემებს საერთოდ ვერ იღებს, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

Spoofing, jamming და კიბერთავდასხმები — დღეს აქტიურად გამოიყენება უკრაინის ომშიც, რადგან მათი განხორციელება არც ისე ძვირადღირებულია და საკმაოდ რთული გამოსავლენი.
ამაზე უფრო საინტერესო და საშიში ამბებიც ხდება კოსმოსში.
სატელიტის გამშვებ პუნქტებთან ერთად, არსებობს სატელიტის გამანადგურებელი ტექნოლოგიაც. 2021 წელს, ასეთმა რუსულმა ანტისატელიტურმა იარაღმა გაანეიტრალა Cosmos 1408, მოძველებული საბჭოთა თანამგზავრი, რაც შემდეგ აღქმული იყო, როგორც რუსეთის კოსმოსური შესაძლებლობების დემონსტრირება.
ასეთი ქმედებები კი საკმაოდ საშიშია, რადგან დარტყმის შედეგად წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა შეიძლება დააზიანოს ან სრულიად გაანადგუროს სხვა თანამგზავრები კოსმოსში. მაშინ უამრავი ნარჩენი ნაწილაკი მოძრაობდა დედამიწის ორბიტაზე. კოსმოსის სატელიტური ნარჩენებისგან გათავისუფლება, კიდევ ცალკე თემაა.
მოსალოდნელი საფრთხის გამო, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) შვიდი ასტრონავტი და კოსმონავტი იძულებული გახდა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თავი შეეფარებინათ Soyuz-ისა და Dragon-ის კაფსულებში.
კვლევითი ცენტრი და ევაკუაციის ნორმები კოსმოსშიც არსებობს. ISS არის დაახლოებით ფეხბურთის მოედნის ზომის კოსმოსური აპარატი, რომელიც დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს და შეიცავს, როგორც საცხოვრებელ სივრცეს ასევე უნიკალურ სამეცნიერო ლაბორატორიულ შენაერთებს შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან და ევროპიდან. ეს ხომალდი საათში 28,000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწას სრულ წრეს ურტამს ყოველ 90 წუთში.
Soyuz და Dragon კი არის კოსმოსური კაფსულები, ტრანსპორტი, რითაც ასტრონავტები და კოსმონავტები დედამიწიდან ISS-ზე ხვდებიან და უკან აბრუნებენ. Soyuz არის რუსული, ათწლეულების გამოცდილების მქონე ხომალდი, რომელიც 1960-იანი წლებიდან გამოიყენება და დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი გზა ISS-ზე მისასვლელად.
Dragon კი არის SpaceX-ის მიერ შექმნილი თანამედროვე კაფსულა, რომელმაც 2020 წლიდან შეერთებულ შტატებს მისცა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გაეშვა საკუთარი ეკიპაჟი კოსმოსში.
ორივე ტიპის ხომალდი ISS-ის სადგურთან “სამაშველო ნავიებივითაა” მიერთებული და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ეკიპაჟს შეუძლია მათში გადასვლა და დედამიწაზე დაბრუნება.
კოსმოსი არცერთი ქვეყნის საკუთრება არ არის და თქვენ ახლა ხედავთ. NASA-ს SpaceX-ის გუნდმა ISS-ის მართვა რუს კოსმონავტს 2025 წლის მარტში თბილად გადასცა, როცა ამერიკელებს დედამიწაზე უწევდათ დაბრუნება. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მწვავე დაპირისპირების დროსაც კი შეიძლება არსებობდეს საერთო ინტერესი დიდ ძალებს შორის.
რუსეთმა შეიძლება საკუთარი თანამგზავრის განადგურებით აჩვენა, რომ მას სხვა ქვეყნის თანამგზავრის განადგურებაც შეუძლია, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. ეს ჩინეთსაც გაუკეთებია, ინდოეთსაც, და შეერთებულ შტატებსაც.
ჩინეთის ახალი Shijian-21ტიპის სატელიტი, კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ამ მაწყობილობას სავარაუდოდ აქვს ბადე და რობოტული მკლავი. ოფიციალური ვერსიით, ეს კოსმოსური ნარჩენების მოსაშორებლად გამოიყენება, მაგრამ ამ სატელიტის მაღალი გარჩევადობის ზუსტი ფოტოები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და რეალურად არავინ იცის ზუსტად რასთან გვაქვს საქმე.
თუმცა, დღემდე არც ერთ ქვეყანას სხვა ქვეყნის სატელიტი არ გაუნადგურებია, რაც, ექსპერტების აზრით, მხოლოდ დროის საკითხია.
ბრძოლა პირველობისთვის
რაკი გავარკვიეთ რა ტიპის შეტევები ხდება კოსმოსში, ახლა განვიხილოთ მთავარი მოთამაშეები და ვნახოთ, ვინ შეიძლება მოიგოს ახალი კოსმოსური რბოლა.
კოსმოსური ეპოქის ისტორია შეერთებული შტატების მტკივნეული მარცხით და საბჭოთა კავშირის ტრიუმფით დაიწყო. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი — Sputnik 1 და მალევე ორბიტაზე გაგზავნა ძაღლი ლაიკაც — პირველი ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწას გასცდა. ერთი წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმაც წარმატებით გაუშვა პირველა სატელიტი Explorer 1 და კოსმოსური რბოლაც დაიწყო.
დღეს არცერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი ხელოვნური თანამგზავრი, რამდენიც შეერთებულ შტატებს. მათი უმრავლესობა კი ეკუთვნის ილონ მასკის SpaceX-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომერციული კოსმოსური კომპანიაა.
SpaceX-ის თანამგზავრები Starlink-ის საშუალებით ინტერნეტს აწვდიან პლანეტის ყველაზე შორეულ რეგიონებსაც კი, მაგალითად ამაზონის ჯუნგლებს. ამას თან ახლავს კრიტიკაც, რადგან შეერთებული შტატების სამოქალაქო თუ სამხედრო კოსმოსური სისტემები დამოკიდებულია ერთ, რთული ხასიათის მილიარდერზე.
კოსმოსი ამერიკისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, შეიქმნა შეიარაღებული ძალების კოსმოსური დანაყოფი. ვაშინგტონი თვლის, რომ კოსმოსურ ინოვაციებთან ჩამორჩენა ამერიკის გეოპოლიტიკური პოზიციებისთვის იქნება ფატალური. ამიტომაც, კოსმოსური ძალების ბიუჯეტი მზარდია. წელს მათი დაფინანსება ორმოც მილიარდ დოლარამდეა, რაც 2025 წელთან შედარებით 11 მილარდით მეტია.
ეს მილიარდები კი იხარჯება ახალი ქვედანაყოფების შექმნაში და ტექნოლოგიების განვითარებაში. მაგალითად, 2023 წლიდან რამშტაინში, გერმანიაში, მოქმედებს ამერიკის ახალი საჰაერო ბაზა, სადაც განთავსებულია ამერიკის კოსმოსური ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა.
შეერთებული შტატები რჩება წამყვან კოსმოსურ ძალად. თუმცა უფრო საინტერესოა რა ხდება მის მეტოქეებს შორის.
რუსეთი ჩამორჩა კოსმოსურ განვითარებას. სანქციებმა, კორუფციამ, ომებმა და მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ კოსმოსური პიონერი ჩამოაქვეითა და ნელნელა წინ მიიწევს ჩინეთი, რომელსაც დიდი გეგმები აქვს.
ჩინეთი არის სწრაფად მზარდი ძალა — როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში. პეკინმა უკვე განახორციელა უპრეცედენტო მისია მთვარის ბნელ მხარეზე, საიდანაც ადამიანის გაგზავნის გარეშე, რობოტული მოწყობილობით, მთვარის ქანები მოიპოვა და დედამიწაზე ჩამოიტანა. ეს მანამდე არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია. ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩინეთის მიზანია 2045 წლისთვის გახდეს მსოფლიოში წამყვანი კოსმოსური ძალა და შესაბამის ინფრასტრუქტურასაც აშენებს. პეკინი ცდილობს შექმნას ილონ მასკის Starlink-ის მსგავსი კომერციული გიგანტი.
ეს არ არის მხოლოდ ახალი კოსმოსური რბოლა, ეს არის ახალი კოსმოსური ხანა.
ჩინეთი ძალიან ცოტა ინფორმაციას ასაჯაროებს. ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად, რამდენს ხარჯავს პეკინი კოსმოსურ პროგრამაზე, რაც იწვევს საერთაშორისო კრიტიკას. ვიცით ის, რომ ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში სამოქალაქო და სამხედრო მიმართულებები არ არის განცალკევებული, როგორც ამას ამერიკა აკეთებს NASA-ს და კოსმოსური ძალების სახით. თუმა ჩინეთი მუდამ აცხადებს, რომ კოსმოსი მშვიდობიან მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და თავის მხრივ შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს კოსმოსის მილიტარიზაციაში.
არც შეერთებულ შტატებს გამოაქვს ყველაფერი სააშკარაოზე. ვიცით, რომ ამერიკა 2010 წლიდან ახორციელებს კოსმოსში საიდუმლო მისიებს X-37B ხომალდით, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და არ საჭიროებს საფრენად პილოტს. ჩინეთსაც ჰყავს მსგავსი კოსმოსური ხომალდი — Shenglong, თუმცა ვაშინგტონისგან განსხვავებით, პეკინს მისი ფოტოები საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.
ორივე ქვეყანა ერთმანეთის ხომალდებს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. X-37B-სა და Shenglong-ის გარშემო არსებული იდუმალება იწვევს ისეთ ვარაუდებსაც, რომ შესაძლოა მათ კოსმოსში იარაღი გადაჰქონდეთ.
დღევანდელი მდგომარეობით ვიცით მხოლოდ ის, რომ კოსმოსის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და ორბიტაც სწრაფად იტვირთება. რაც უფრო მეტი ქვეყანა და კერძო მოთამაშე გამოჩნდება კოსმოსში, მით უფრო დაიძაბება სიტუაციაც.
ამ დროისთვის ამ თამაშს ბევრი წესი არ აქვს. ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, “გარე სივრცის ხელშეკრულება”, 1967 წელს შეიქმნა და კოსმოსურ საქმიანობას მხოლოდ ზოგადად არეგულირებს. მაგალითად, ის კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას კოსმოსში, მაგრამ არაფერს ამბობს ანტისატელიტურ იარაღზე ან ილონ მასკის ბოლოდროინდელ გრანდიოზულ ხედვაზე, რომ კოსმოსში შეიძლება განთავსდეს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები. ამიტომ ინოვაციების ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებაც.
კოსმოსში მიმდინარე პროცესები, დედამიწაზე მიმდინარე პროცესების ანარეკლია. ამიტომ, სანამ არსებობს დიდ ძალებს შორის კონკურენცია ქვემოთ, მიწაზე, მანამდე იქნება ასე ცაშიც. კოსმოსი, სწრაფად ხდება დაპირისპირების კიდევ ერთი არენა — თანამგზავრთა ქსელებითა და მათი განადგურების შესაძლებლობებით. საქართველო კი ამ ახალ კოსმოსურ ეპოქაში ჯერ მხოლოდ მაყურებლის როლშია.
ცოტა ხნით გეოპოლიტიკასაც რომ გადავუხვიოთ – ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-ი, კოსმოსური ტურიზმის წამოწყებას ცდილობს. და ალბათ ნახეთ მისი მეუღლის, ქეითი ფერისა და სხვა ცნობილი ქალბატონების ოთხწუთიანი სუბორბიტალური მოგზაურობა კოსმოსის ზღვარზე. SpaceX-იც აგზავნის კერძო პირებს კიდევ უფრო შორს, დედამიწის ორბიტაზე.
ვინ იცის, იქნებ ჩვენც მალე შევძლოთ დედამიწის კოსმოსიდან დანახვა. და თქვენ თუ წახვიდოდით?
აუდიო ვერსია: