ვინ აკონტროლებს შუა დერეფანს და ევრაზიის ახალ კარიბჭეს?
ეს ქვეყანა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. რუსეთი მას ვერ კარგავს. ჩინეთს ის სასიცოცხლოდ სჭირდება. ევროპა მის გარეშე სავაჭრო ჯაჭვს ვერ ქმნის. ამერიკას კი მის მინერალებზე უჭირავს თვალი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ამ ქევეყანასთან ვაჭრობა მხოლოდ 2023 წელს თითქმის გავასამმაგეთ.
საუბარია ყაზახეთზე, ქვეყანაზე, რომლის გარეშეც „შუა დერეფანი“ უბრალოდ ვერ იარსებებს.
როგორ იქცა ყაზახეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პარტნიორად, როგორ იყენებს ამას ასტანა საკუთარი ინტერესებისთვის და რა სარგებელს იღებს ამ პროცესიდან საქართველო?
ყაზახეთის გეოგრაფია და რუსეთთან კავშირი
ყაზახეთი ორ გიგანტურ ბირთვულ ძალას — რუსეთსა და ჩინეთს — შორის მოქცეული ცენტრალური აზიის ქვეყანაა. ამ გეოგრაფიული მოცემულობიდანვე უკვე აშკარაა, რამდენად მნიშვნელოვანია ყაზახეთისათვის დიდ ძალებს შორის ლავირება.

ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანას არ აქვს მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი. მას დიდი სანაპირო აქვს კასპიის ზღვაზე, მაგრამ კასპიის ზღვა რეალურად არის ხმელეთს შორის მოქცეული ყველაზე დიდი ტბა დედამიწაზე.
შესაბამისად, ყაზახეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, რომელსაც ოკეანეზე არ აქვს გასასვლელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული.
ყაზახეთის დიპლომატიური სტრატეგიაც სწორედ ამაზე დგას. ასტანა საკუთარ თავს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მთავარ სატრანზიტო ხიდად წარმოაჩენს. ეს შეიძლება საქართველოსთვისაც ნაცნობი იყოს, რადგან კავკასიაც სწორედ ამ როლს ასრულებს. კავკასიის როლი კი ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალში ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოგვიანებით განვავროცბთ.

მანამდე კი, გავიგოთ, როგორ აღმოჩნდა ყაზახეთი დღეს ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაში.
დავიწყოთ ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობებით.
ყაზახეთს რუსეთთან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. თუმცა, მათი კავშირი მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ის საუკუნეების ისტორიას ეფუძნება.
რუსეთის გავლენა ჯერ ცარისტული იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის პერიოდში გაძლიერდა. სწორედ ყაზახეთში მდებარეობს სემიპალატინსკის პოლიგონი, მთვარი საბჭოტა ატომური ბაზა, სადაც 500-მდე ბირთვული იარაღია დატესტილი.
ყაზახეთშია ასევე ბაიკონურის კოსმოდრომი - ადგილი, საიდანაც პირველი ხელოვნური თანამგზავრი, სპუტნიკ-1 ჩაეშვა ორბიტაზე და საიდანაც პირველი ადამიანი, იური გაგარინი, გაფრინდა კოსმოსში. ეს ბაზა კი იჯარით, დღემდე რუსეთს ეკუთვნის.
ამავე დროს, რუსული ყაზახეთში ჩამოყალიბდა მთავარ ენად, რამაც კიდევ უფრო გააძლეირა მისი კულტურული კავშირი რუსეთთან.
დამოუკიდებლობის შემდეგ კი, ისევე, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში, ყაზახური პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილიც, სწორედ საბჭოთა სისტემიდან მოვიდა. ამის საუკეთესო მაგალითია ნურსულთან ნაზარბაევი, საბჭოთა ყაზახეთის ბოლო ლიდერი და დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი.
მისი მმართველობის პერიოდში ყაზახეთმა რუსეთთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნა. ქვეყანა გაწევრიანდა რამდენიმე პოსტსაბჭოთა ორგანიზაციაში, რომლებიც ძირითადად მოსკოვის გავლენის ქვეშ ფუნქციონირებენ. მათ შორისაა “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია,” რომელსაც ხშირად რუსულ ნატოს უწოდებენ; ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომელიც რუსული ევროკავშირის მცდელობად აღიქმება; და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, იგივე “დე-სე-თე”.
დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის შემდეგაც კი, ყაზახეთი ისევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთსა და საბჭოთა დროს აშენებულ ინფრასტრუქტურაზე. მაგალითად, ყაზახური ნავთობის უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბაზრებზე რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენით გადის. ქვეყნის მთავარი საექსპორტო მარშრუტი კვლავ მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩება.
რუსეთმა ეს ბერკეტი არაერთხელ გამოიყენა. მაგალითად, 2022 წელს, როცა უკრაინაში ომის შემდეგ ყაზახეთმა ევროპისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდის მზადყოფნა გამოთქვა, რუსულმა სასამართლომ დროებით შეაჩერა იმ ტერმინალის მუშაობა, სადაც ყაზახეთის ნავთობის დაახლოებით 80% გადის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მალევე ჯარიმით შეიცვალა, ამან ასტანას მაინც დაანახა, რამდენად დიდი გავლენა აქვს რუსეთს მის ეკონომიკაზე.
სწორედ ამიტომ, ყაზახეთი დიდი ხანია ცდილობს რუსეთის ალტერნატივების შექმნას. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა კი ჩინეთია.
ყაზახეთი, როგორც “შუა დერეფნის” გული
თუ ვინმეს ევრაზიაში რუსეთის დომინანტური პოზიციის დაბალანსება შეუძლია, ეს სწორედ ჩინეთია. ამაში, ყაზახეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ხორგოსი, მსოფლიოს უდიდესი სახმელეთო პორტი, ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე. სწორედ ეს არის ის სტრატეგული ადგილი, სადაც რეალურად აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს.

ყაზახეთი, ისევე როგორც რუსეთი, დღემდე საბჭოთა სტანდარტის რკინიგზას იყენებს, რომლის ლიანდაგებიც ჩინურზე ფართოა. ამიტომ ხორგოსში ჩინეთიდან მომავალი ტვირთები, ერთი სარკინიგზო სისტემიდან მეორეზე გადაიტვირთება და აქედან აგრძელებს გზას სხვა მიმართულებებით.
საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტი — “სარტყელი და გზა,” ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, სწორედ ყაზახეთში, ნაზარბაევის უნივერსიტეტში წარადგინა. ეს თავისთავად მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ყაზახეთს ჩინეთის ევრაზიულ ხედვაში.
ამასთან ერთად, ჩინეთმა, 2023 წელს შექმნა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დიალოგის ფორმატი, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. პეკინი ცდილობს გაძლიერდეს იმ რეგიონში, რომელსაც მოსკოვი ტრადიციულად საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.
ამაზე მოსკოვი ღია უკმაყოფილებასაც ვერ გამოხატავს, რადგან ჩინეთი დღეს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინურ ბაზარზე და ტექნოლოგიებზე. ამიტომ, კრემლს პეკინთან ურთიერთობების დაძაბვა სულაც არ აწყობს.
ჩინეთს უკვე მილიარდობით დოლარი აქვს ჩადებული ყაზახეთის ინფრასტრუქტურაში. აქედან ყველაზე მთავარი კი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, „შუა დერეფანია“ — გზების, რკინიგზებისა და პორტების ქსელი, რომელიც ჩინეთს ყაზახეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს.
ყაზახეთისთვის ეს მხოლოდ სატრანზიტო მარშრუტი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, მიიღოს დამატებითი შემოსავლები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.
ჩინეთს კი ეს ინფრასტრუქტურა საკუთარი პროდუქციის ექსპორტისთვის სჭირდება. მით უმეტეს დღეს, როდესაც ხან რუსეთზე გამავალი მარშრუტები გახდა პრობლემა უკრაინაში ომის გამო და ხან ახლო აღმოსავლეთზე გამავალი საზღვაო მარშრუტები.
სწორედ ამიტომ, პეკინისთვის “შუა დერეფანი” არის ალტერნატივა, რომელიც დაძაბულობის კერებს უვლის გვერდს. ჩინეთიდან მომავალი ტვირთები ჯერ ყაზახეთს გადიან, შემდეგ კასპიის ზღვას კვეთენ სამხრეთ კავკასიამდე, საიდანაც შემდეგ ევროპისკენ ან თურქეთისაკენ აგრძელებენ გზას.

ამ ხედვის ნაწილი ხდება ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი “ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი”, რომელსაც ჩვენ “ზანგეზურის” დერეფნის სახელით ვიცნობთ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კავკასიიდან პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე აქვს მხოლოდ საქართველოს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ამის დასტურია ისიც, რომ ყაზახური ინვესტიციით, 2025 წელს ფოთის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალი ამოქმედდა, რომლის მიზანიც „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობის გაზრდაა.

შუა დერეფანთან ერთად, საქართველო კიდევ უფრო საინტერესო ხდება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით, რომელიც რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის ერთ-ერთი ალტერნატივაა.

თუმცა, აქტაუდან ბაქომდე ნავთობის გემით გადაზიდვა ამ ეტაპზე შედარებით ძვირია და ლოგისტიკურად რთული, რის გამოც ამ გზით ყაზახეთს თავისი ნავთობის მხოლოდ მცირედი გადააქვს. თუმცა ამ მარშრუტის პოტენციალს ასტანა უკვე ხედავს და მომავალში, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
უკრაინის ომმა ევრაზიის სავაჭრო რუკა შუა დერეფნის და კავკასიის სასარგებლოდ შეცვალა. ამიტომ, ყაზახეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გასამმაგება შემთხვევითი არაა. ამასთან ერთად, რაც უფრო რუსეთისაგან დივერსიფიცირებული სავაჭრო გზები ექნება საქართველოს, მით უფრო სასარგებლოა ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც.
დღეს ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, ისტორიულ მაქსიმუმზეა, საიდანაც ჩვენც მნიშვნელოვან სარგებელს ვიღებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყაზახეთი ამით რუსეთთან ურთიერთობის ჩანაცვლებას ცდილობს. პირიქით – მას ორივე ძალიან სჭირდება.
მაგალითად ავიღოთ 2022 წლის იანვრის მოვლენები. მაშინ ყაზახეთში მიმდინარეობდა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები. ფორმალურად ყველაფერი გაზის ფასის მკვეთრ ზრდას მოჰყვა, თუმცა რეალურად პროტესტის მიზეზი წლების განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილება იყო.
ვითარება ისე დაიძაბა, რომ ძალადობრივ არეულობაშიც კი გადაიზარდა. ამ დროს, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა დახმარება სთხოვა მოსკოვს და “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.” რამდენიმე დღეში ქვეყანაში რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედროები შევიდნენ და ხელისუფლებამ ასე აღადგინა კონტროლი მოსახლეობაზე.
სწორედ ამიტომ სჭირდება ყაზახეთს რუსეთი. მოსკოვი მას ისეთ პოლიტიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას სთავაზობს, რომელსაც ამ ეტაპზე ჩინეთისგან ვერ მიიღებს.
ამიტომ, ყაზახეთი ძალიან ფრთხილ და მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს. ეს მოიცავს დასავლეთსაც. განვიხილოთ რატომ.
ყაზახეთი დასავლეთის ხედვაში
თუ ჩინეთისთვის ყაზახეთი ევროპისკენ მიმავალი კარიბჭეა, ევროპისთვის ის ჩინეთთან და აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო გზაა. სწორედ ამიტომ, ყაზახეთი სულ უფრო საინტერესო ხდება ბრიუსელისთვისაც.
გადავხედოთ ბოლო მოვლენებს. ტოყაევი სულ ახლახანს ეწვია ბრიუსელს, საიდანაც მხოლოდ დაპირებებით და ფოტოებით კი არა, მილიარდობით ინვესტიციებით დაბრუნდა.
ევროკავშირმა და ყაზახეთმა დადეს საავიაციო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის 17 ქვეყნის ავიაკომპანია ყაზახეთში პირდაპირ რეისებს დანიშნავს.
ამასთან ერთად, ასტანამ 30 სხვადასხვა ევროპულ კომპანიასთან გააფორმა დაახლოებით 10 მილიარდი ევროს ოდენობის ხელშეკრულებები.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა კი 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყო “შუა დერეფნის” გზების გასაახლებლად. ჯამში ამ ბანკს 500 მილიონ დოლარამდე აქვს გამოყოფილი “შუა დერეფნის” პროექტისთვის.
ეს ყველაფერი კი მოხდა სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, რაც ევროკავშირმა 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი წარადგინა ცენტრალური აზიის სატრანსპორტო განვითარებისთვის.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა: „ყაზახეთი და მთლიანად ცენტრალური აზია წარმოადგენს ბუნებრივ გლობალურ კარიბჭეს.“ ეს ფრაზა კი კარგად გამოხატავს ევროპის დამოკიდებულებას ამ რეგიონთან.
დღეს ყაზახეთის გავლით 13 საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი გადის. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამ მარშრუტებზე გადაზიდული ტვირთის მოცულობა კი ხუთჯერ გაიზარდა.
მაგრამ ევროპისთვის ყაზახეთი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ არის. უკრაინაში ომის შემდეგ ევროპის არაერთი ქვეყანა ყაზახურ ნავთობს ყიდულობს, რათა სანქციების გამო დაკარგული რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს. ანუ ყაზახეთი ევროპისთვის ერთდროულად ხდება გზაც და რესურსების წყაროც.
როცა რესურსებს ვახსენებთ, არ უნდა გამოგვრჩეს შეერთებული შტატებიც.
ყაზახეთის მთავარ ბუნებრივ რესურსად ამ დრომდე ითვლებოდა ნავთობი, თუმცა 2022 წლიდან ქვეყანაში გეოლოგიური კვლევები გააქტიურდა და რამდენიმე ახალ საბადოზე იშვიათი მიწაელემენტების მნიშვნელოვანი მარაგებიც აღმოაჩინეს. ეს ელემენტები კი უმნიშვნელოვანესია ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში.
წინასწარი შეფასებებით, ყაზახეთს შეიძლება ჰქონდეს იშვიათი მიწაელემენტების სიდიდით მესამე მარაგი მსოფლიოში, ჩინეთისა და ბრაზილიის შემდეგ.
თუ ეს დადასტურდა, ყაზახეთს შანსი ეძლევა დასავლეთის დამოკიდებულება შეამციროს ჩინეთზე, რომელიც დღეს იშვიათი მიწათა ელემენტების გადამუშავების დაახლოებით 85%-ს აკონტროლებს. ეს კი დასავლეთის უდიდეს სტრატეგიულ სისუსტედ აღიქმება.
თუ ასტანა ამ რესურსების მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლება და მათი გადამუშავებისთვის ინფრასტრუქტურასაც შექმნის, ყაზახეთის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
ამიტომ, შეერთებული შტატებიც დიდი ლუპით აკვირდება მოვლენებს შუა აზიაში.
აუდიო ვერსია: