მოპარული ნავთობი? ტრამპის ახალი თამაში და ენერგოპოლიტიკა
შეერთებული შტატები ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელი და სიდიდით მეორე ნავთობის ექსპორტიორია მსოფლიოში. და მაინც, დონალდ ტრამპი მუდმივად საუბრობს ნავთობზე, ამ ბოლოდ დროს კი — ვენესუელაზე.
რაში სჭირდება ამერიკას სხვა ქვეყნების ნავთობი, როცა საკუთარიც საკმარისზე მეტიც აქვს?
ნავთობის სხვადასხვაობა
ნავთობი მხოლოდ ბენზინი არ არის. ის გამოიყენება: ტრანსპორტში, ელექტროენერგიაში, პლასტმასში, ასფალტში და კოსმეტიკაშიც კი. მაგრამ ყველა ამ პროდუქტის შესაქმნელად ნავთობის სხვადასხვა ტიპია საჭირო.
წარმოიდგინეთ შოკოლადი. არსებობს შავი, რძიანი, თეთრი და მათი უსასრულო ვარიაციები. ყველა შოკოლადია, მაგრამ სხვადასხვა გემოს, სტრუქტურის, და დანიშნულების. ნავთობის შემთხვევაშიც ასეა.

ნედლი ნავთობი, რომელიც მიწიდან მოიპოვება, განსხვავდება სიმკვრივით, გოგირდის შემცველობით და თხევადობით. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით კი ნავთობის ხარისხი იზომება მსუბუქი, დაბალგოგირდიანიდან — მძიმე, მაღალგოგირდიანამდე. დღეს მსოფლიოში 160-ზე მეტი ტიპის ნედლი ნავთობია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კი კონკრეტული ნავთობის ტიპებზეა მორგებული.
ზოგადად ითვლება, რომ მსუბუქი ნავთობის გადამუშავება უფრო ადვილია. ეს არის ნავთობის ის ტიპი რაც შემდეგ, მაგალითად, ავტომობილებისა და თვითმფრინავების საწვავად გამოიყენება. გადამუშავებული მძიმე ნავთობისგან კი ამზადებენ გემების საწვავს, ასფალტს, ტუჩსაცხებს და სხვა. ეს განსხვავებები კი ფასზეც აისახება.
მსუბუქი ნავთობი, გოგირდიანზე უფრო ძვირია. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ამერიკის ნავთობ პოლიტიკის უკეთ გასაგებად.
აშშ-ს ნავთობის ეკონომიკა
2025 წელს შეერთებული შტატები დღეში 13 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს ყიდდა. ამავდროულად, შიდა მოხმარების დაახლოებით 30-35% სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდა.
რატომ ყიდის და არ იტოვებს აშშ სრულად თავის ნავთობს, თუ ის ასე სჭირდება?
იმიტომ, რომ ამერიკული ნავთობის 80% მსუბუქია, მაგრამ ამერიკული ქარხნების თითქმის 70% მძიმე ნავთობის გადამუშავებაზეა მორგებული.
მე-20 საუკუნეში შეერთებული შტატები ძირითადად იღებდა ნავთობს ლათინური ამერიკიდან და კანადიდან. ეს ნავთობი კი იყო მძიმე და გოგირდიანი. შესაბამისად, ქარხნები სწორედ ამ ტიპზე აიგო.
2000-იან წლებში ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შესაძლებელი გახადა ფიქლოვანი შრეებიდან მსუბუქი ნავთობის მასობრივი მოპოვება ჰორიზონტალური ბურღვის საშუალებით. ეს ტექნოლოგია კი 2010-იან წლებში საგრძნობლად გაფართოვდა, რის შედეგადაც შეერთებული შტატები დღეში მილიონობით ბარელ მსუბუქ, დაბალგოგირდიან ნავთობს აწარმოებს და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზეც გააქვს.
იქიდან გამომდინარე, რომ არსებულ მძიმე ნავთობზე მორგებული ქარხნების გადაკეთება უკიდურესად ძვირი პროცესი იყო, აშენდა ახალი მსუბუქ ნავთობზე გათვლილი ინფრასტრუქტურა. ძველი ინფრასტრუქტურა კი ისევ დარჩა.
შესაბამისად, ამერიკისთვის ეკონომიკურად უფრო მომგებიანია: მძიმე ნავთობის ყიდვა იაფად და მსუბუქი ნავთობის გაყიდვა ძვირად. ამიტომაა შეერთებული შტატები დაინტერესებული მძიმე ნავთობის მომპოვებელი ქვეყნებით, როგორიცაა – ვენესუელა.
“მოპარული ნავთობი”?
შევხედოთ ტოპ 10 ქვეყანას ნავთობის მარაგების მიხედვით. მათგან ბევრი მოიპოვებს მძიმე ნავთობს, სამი კი – ვენესუელა, ირანი და რუსეთი, შეერთებული შტატების სანქციების ქვეშაა.
ამის მიუხედავად, ვენესუელური ნავთობის მცირე ნაწილი მაინც ხვდებოდა შეერთებულ შტატებში. ეს კი იმიტომ, რომ ისტორიულად, ვენესუელას ნავთობის ინდუსტრია ამერიკულმა კომპანიებმა ააშენეს და ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა.
1976 წელსაც კი, როდესაც დაიწყო ვენესუელური ნავთობის უცხოური კომპანიებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და შეიქმნა დღევანდელი წამყვანი სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA, კარაკასმა დადებითი ურთიერთობა შეინარჩუნა ვაშინგტონთან.
ყველაფერი 1999 წელს შეიცვალა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური ლიდერი უგო ჩავესი. ეს ის ადამიანია, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ჩავესმა დაიწყო ინდუსტრიის მკაცრი ნაციონალიზაცია და უცხოური ნავთობკომპანიების შევიწროება, რაც შეერთებულ შტატებს აღარ მოეწონა. 2007 წელს ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა ვენესუელა, მაგრამ იქ დარჩა ამერიკული ნავთობ-გიგანტი Chevron-ი, რომელიც დღეს ერთადერთი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც ვენესუელაში ოპერირებს.
Chevron-მა, თავისი მცირე წილი დაიტოვა სახელმწიფო კომპანიასთან პარტნიორობით და შეენარჩუნა საკუთარი ინფრასტრუქტურა, კადრები და იურიდიული უფლებები, რაც დღეს ამ კომპანიას უნიკალურ გეოეკონომიკურ პოზიციაში ამყოფებს. ამას კი მოგვიანებით დავუბრუნდებით.
როცა 2013 წელს უგო ჩავესი გარდაიცვალა, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გახდა, რომელმაც ჩავესის მკაცრი ნავთობ პოლიტიკა გააგრძელა. 2014 და 2019 წლებში, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა, ვენესუელას ორი ამერიკული ნავთობკომანიისთვის – ExxonMobil-ისა და ConocoPhillips-თვის მილიარდობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ტრიბუნალმა დაადგინა, რომ 2007 წლის ნაციონალიზაციის დროს, ამ კომპანიებს სამართლიანი ანაზღაურების გარეშე, უკანანონოდ ჩამოერთვათ აქტივები. თუმცა, ზარალი დღემდე არავის აუნაზღაურებია.
სწორედ ამას გულისხმობს ტრამპი, როცა ამბობს, რომ ვენესუელამ ამერიკას ნავთობი მოჰპარა.
2025 წლის ბოლოს ვითარება მკვეთრად გამწვავდა და 2026 წლის დასაწყისში ამერიკელებმა დააკავეს ნიკოლას მადურო. ოფიციალური მიზეზი — ნარკოტერორიზმი. თუმცა, სანამ ვაშინგტონი სანქციებით ზეწოლას ახორციელებდა, ვენესუელაში სხვა ძალები შევიდნენ — და ყველაზე აქტიურად ჩინეთი.
ჩინეთის ფაქტორი
ბოლო ათწლეულის სანქციებმა ვენესუელაში ვაკუუმი შექმნა, რომელიც შეავსეს რუსეთმა, ირანმა და განსაკუთრებით, ჩინეთმა.
2025 წელს ჩინეთს დღეში ნახევარ მილიონ ბარელამდე შემოჰქონდა ვენესუელადან, რაც ჩინეთის საზღვაო გზით შემოტანილი ნედლი ნავთობის დაახლოებით 4.5%-ია. სხვადასხვა ცნობებით, ჩინელმა ინვესტორებმა 2016 წლის შემდეგ ვენესუელას ნავთობის სექტორში 2.1 მილიარდი დოლარი ჩადეს და ისინი იმ მცირერიცხოვან უცხოურ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ქვეყანაში საქმიანობას კვლავ აგრძელებენ.
ვენესუელას ასევე ჩინეთის უზარმაზარი ვალი აქვს. 2007–2017 წლებში პეკინმა კარაკასს 60 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც ლათინურ ამერიკაზე გაცემული ჩინური სესხების თითქმის ნახევარია. ეს ყველაფერი კი ჩინეთის “სარტყელი და გზის პოლიტიკის” ფარგლებში, რაზეც “ცნობისთვის” ხშირად ვსაუბრობს.
სწორედ მსგავსი ძალების გავლენის შესუსტება სურს ტრამპის ადმინისტრაციას დასავლეთ ნახევარსფეროში “დონროს დოქტრინის” ფარგლებში, რაც პირდაპირ წერია ტრამპის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაშიც.
მიუხედავად უზარმაზარი მარაგებისა, ამჟამად ქვეყანა დღეში მხოლოდ ერთ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც მსოფლიო ნედლი ნავთობის წარმოების 1%-ზე ნაკლებია.
ინფრასტრუქტურა დანგრეული, დაუფინანსებელი და ნაწილობრივ თავიდან ასაშენებელია. რეალისტურად, ვენესუელური ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდებას წლები დასჭირდება. ამიტომაც ამერიკული ნავთობკომპანიები ამ ამბავს არც ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
დაბრუნდების გეგმა
დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს დაკავებიდანვე რამდენიმე დღეში შეკრიბა ამერიკელი ნავთობ მაგნატები თეთრ სახლში, სადაც წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად ვენესუელაში სერიოზული რეფორმებია საჭირო. თუმცა, ტრამპის თქმით, ამერიკული კომპანიები მზად არიან 100 მილიარდიანი ინვესტიცია ჩადონ ვენესუელას ნავთობ ინდუსტრიის აღდგენაში, თუ ვაშინგტონი უსაფთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს.
ExxonMobil და ConocoPhillips-ის ხელმძღვანელებმა, ამ საკითხში, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს. ეს ის კომპანიებია, რომლებსაც უგო ჩავესის პრეზიდენტობისას აქტივები ჩამოართვეს და კომპენსაციაც არ გადაუხადეს.
ExxonMobil-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრამპს განუცხადა, რომ ამჟამინდელ ვენესუელაში ინვესტირება შეუძლებელია, თუმცა კომპანია მზად არის ადგილზე გაგზავნოს ტექნიკური გუნდი სიტუაციის შესაფასებლად. ConocoPhillips-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით კი, ვენესუელას საბანკო სექტორმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაციაში და მილიარდობით დოლარის დაფინანსების უზრუნველყოფაში ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მან ასევე მოითხოვა სახელმწიფო ნავთობკომპანიის PDVSA-ს — რესტრუქტურიზაცია.
დავუბრუნდეთ Chevron-საც, რომელიც უნიკალურ მდგომარეობაშია, როგორც ერთადერთი მოქმედი ამერიკული ნავთობკომპანია ვენესუელაში. Chevron-ს უკვე აქვს მოპოვების გაორმაგების და წარმოების 50%-ით გაზრდის გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ამერიკული კომპანიების დაბრუნებას ვენესუელაში, მაინც დიდი წინაღობები აქვს.
ჯერ არ ვიცით ვინ ჩაანაცვლებს მადუროს გრძელვადიანად და არ არსებობს გარანტიები, რომ მომდევნო მთავრობები ისეთივე პრობლემებს არ შეუქმნიან კომპანიებს, როგორც უგო ჩავესი და ნიკოლას მადურო. ამიტომ, კომპანიები სიფრთხილით ეკიდებიან მულტიმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას ამჟამინდელ, არასტაბილურ ვენესუელაში.
ამ ყველაფრიდან კი ერთი რამ თვალსაჩინოა, მიუხედავად სამყაროს მწვანე ენერგიაზე გადასვლის მცდელობებისა და კრიტიკულ მინერალების როლის გაზრდისა, ნავთობი მაინც რჩება მსოფლიო ეკონომიკის და გეოპოლიტიკის ცენტრად. ვენესუელა კი ამის უახლესი მაგალითია.
აუდიო ვერსია: