ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ახალი მსოფლიო წესრიგი: როგორ შეცვლის ტრამპი მსოფლიოს 2026 წელს?

როგორ შეცვლის დონალდ ტრამპი მსოფლიოს თავის მეორე საპრეზიდენტო ვადაში? ბევრს საუბრობენ დონალდ ტრამპის რიტორიკაზე, განცხადებებზე, სპეცოპერაციებსა თუ სკანდალებზე.

მაგრამ აქვს თუ არა ტრამპს რეალური სტრატეგია? როგორ ხედავს ის ამერიკის ადგილს მსოფლიოში? ვისთან თანამშრომლობს? ვის უპირისპირდება და რატომ?

რა სურს შეერთებულ შტატებს?

დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხედვა შეერთებული შტატების როლზე მსოფლიოში მკაფიოდ ჩანს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ტრამპის გუნდმა ამ სტრატეგიას უწოდა “გზამკვლევი, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკა დარჩეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ და ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ და თავისუფლების სამფლობელოდ დედამიწაზე.”

ცნობისთვის, უსაფრთხოების სტრატეგიას, კონგრესის მოთხოვნით, ყველა პრეზიდენტი აქვეყნებს 1986 წლიდან. ტრამპის დღევანელი ხედვა კი გარდამტეხ მოვლენად აღიქმენა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორიაში.

რას ამბობს ეს დოკუმენტი და რას უნდა ველოდოთ ტრამპის ადმინისტრაციისგან მომდევნო წლებში?

სტრატეგიის პირველივე წინადადებიდანვე ვიგებთ, რომ დონალდ ტრამპს სურს შეერთებულ შტატებს შეუნარჩუნოს ყველაზე ძლიერი, მდიდარი და წარმატებული ქვეყნის სტატუსი მომდევნო ათწლეულების მანძილზე. ამისათვის კი ტრამპი პრიორიტეტებს ანიჭებს სამ ძირითად მახასიათებელს: ეკონომიკას, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებს და სამხედრო ძალის გაძლიერებას.

ამ სამეულში კი ვერ ხვდება დემოკრატიული ღირებულებებისა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო სტრუქტურის გაძლიერება, რაც წინა ადმინისტრაციებისთვის პრიორიტეტად ითვლებოდა. მეტიც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აკრიტიკებს იმ საგარეო პოლიტიკის ელიტებს, რომლებიც ამერიკის მუდმივ მსოფლიო დომინაციას ქვეყნის მიზნად აღიქვამდნენ ცივი ომის შემდეგ.

ტრამპის მიხედვით, ეს არის “ფუნდამენტურად არასასურველი და შეუძლებელი მიზანი”. ამერიკა არ არის ვალდებული ატაროს გლობალური ტვირთი, აფინანსოს მასშტაბური პროექტები მსოფლიოს გარშემო და ჩაერიოს ომებში. ამ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნების საქმეები ამერიკის ყურადღების საგანი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როცა მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს.

შეერთებული შტატების მსოფლიო დომინაციის “მიუღწეველი” მისიის მაგივრად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სამი რამ აინტერესებს: (1) რა უნდა სურდეს შეერთებულ შტატებს? (2) რა საშუალებები აქვს ქვეყანას ამ სურვილების მისაღწევად? (3) და როგორ შეიძლება მიზნები და საშუალებები ერთ ეფექტურ ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაში დაუკავშირდნენ ერთმანეთს?

დოკუმენტში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის “საგარეო პოლიტიკა არის პრაგმატული — პრაგმატიზმის დოგმად ქცევის გარეშე; რეალისტური — რეალიზმის იდეოლოგიად ქცევის გარეშე; პრინციპული — იდეალიზმში გადასვლის გარეშე; მტკიცე — ძალმომრეობის გარეშე; და თავშეკავებული — მშვიდობის მტრედობის გარეშე.” ეს სტრატეგია არ ეფუძნება ტრადიციულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ ამერიკის ინტერესებს, ანუ – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა.”

კონკრეტულად, შეერთებულ შტატებს სურს:

  • სრული კონტროლი ამერიკის საზღვრებზე და საიმიგრაციო პოლიტიკაზე;
  • გამძლე ეროვნული ინფრასტრუქტურა, რომელიც ბუნებრივ სტიქიასაც გადაურჩება და საგარეო თვდასხმებსაც;
  • მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და ტექნოლოგიურად მოწინავე სამხედრო ძალა, რომელიც სრულ მზადყოფნაში იქნება ამერიკის დასაცავად;
  • ყველაზე ძლიერი, სანდო და თანამედროვე ბირთვული შეკავების სისტემა და ახალი თაობის სარაკეტო თავდაცვის საშუალებები;
  • ყველაზე ძლიერი, ინოვაციური და განვითარებული ეკონომიკა;
  • ყველაზე ძლიერი და მდგრადი ინდუსტრიული ბაზა;
  • ყველაზე ძლიერი, პროდუქტიული და ინოვაციური ენერგეტიკული სექტორი;
  • მეცნიერულად და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და ინოვაციური სახელმწიფოს სტატუსი;
  • “რბილი ძალის” შენარჩუნება, რითაც ქვეყანა პოზიტიურ გავლენას ახდენს მსოფლიოში საკუთარი მიზნების მისაღწევად;
  • ამერიკული სულიერი და კულტურული სიჯანსაღე.

შეერთებულ შტატებს, ამ ყველაფრის მისაღწევად სჭირდება პარტნიორები და მოქმედების ხედვა მსოფლიოს მასშტაბით. გავარკვიოთ, როგორ ნაწილდება ტრამპის საერთაშორისო პრიორიტეტები.

შეერთებული შტატები და მსოფლიო

წინა ადმინისტრაციებისთვის თითქოს ტრადიცია იყო ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში ქვეყნების ჩამოთვლა, რაც შეიძლება მეტის თუ ყველასი არა, და მათთან ურთიერთობაზე ორიოდე წინადადებით კომენტარის გაკეთება. ტრამპის სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს არა კონკრეტულ ქვეყნებზე, არამედ რეგიონებზე, რასაც დეტალურად განვიხილავთ.

ამ რეგიონებს შორის უპირველესია დასავლეთ ნახევარსფერო. ტრამპის ამერიკა აბრუნებს “მონროს დოქტრინას”, რომელიც უკვე აამოქმედა მადუროს დასაჭერად ჩატარებული ოპერაციისას.

“მონროს დოქტრინა” პრეზიდენტ ჯეიმს მონრომ 1823 წელს შემოიღო. ეს იყო გაფრთხილება ევროპული ძალებისთვის, რომ დაესრულებინათ კოლონიური მისწრაფებები დასავლეთ ნახევარსფეროში, რაც შეერთებული შტატების ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა. შემდეგ, 1904 წელს, პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ეს დოქტრინა გააფართოვა და შეერთებულ შტატებს ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამხედრო ჩარევის უფლება მიანიჭა.

1962 წელს მონროს დოქტრინა პრეზიდენტმა კენედიმ სიმბოლურად მოიხმო, როდესაც საბჭოთა კავშირმა კუბაში რაკეტების გამშვები ობიექტების მშენებლობა დაიწყო.

ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიაში სიტყვა-სიტყვით წერია, რომ “მრავალი წლის უგულებელყოფის შემდეგ, შეერთებული შტატები კვლავ აღადგენს და აღასრულებს მონროს დოქტრინას, რათა აღადგინოს ამერიკის უპირატესობა დასავლეთ ნახევარსფეროში და დაიცვას საკუთარი მიწა და წვდომა რეგიონის საკვანძო გეოგრაფიულ ობიექტებზე.” ამას უკვე “დონროს დოქტრინასაც” კი ეძახიან.

შეერთებული შტატები ეცდება დასავლეთ ნახევარსფეროში იპოვოს და გააძლიეროს “რეგიონული ლიდერები“, რომლებიც ამერიკასთან ერთად უზრუნველყოფენ სტაბილურობას. აქცენტი კეთდება არალეგალური მიგრაციის შეჩერებაზე, კარტელების დასუსტებაზე, ინდუსტრიული წარმოების რეგიონში დაბრუნებაზე და ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერებაზე. თანამშრომლობის შესაძლებლობას ამერიკა ხედავს არა მხოლოდ იდეოლოგიურად მსგავს მთავრობებთან, არამედ ნებისმიერთან, ვისთანაც ინტერესები გადაიკვეთება.

ტრამპის ხედვაში ვაჭრობა, ტარიფები და კომერციული დიპლომატია უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. მისი მიზანია ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური სივრცის შექმნა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც შეამცირებს გარე დამოკიდებულებებს და გააძლიერებს ამერიკულ ინდუსტრიას.

აქედან გამომდინარე, სტრატეგია მკაფიოდ ეწინააღმდეგება ჩინეთისა და სხვა არარეგიონული ძალების გავლენის გაძლიერებას დასავლეთ ნახევარსფეროში, რასაც მოგვიანებით დავუბრუნდებით.

დასავლეთ ნახევარსფეროში შეერთებული შტატების უპირატესობა წარმოდგენილია როგორც წინაპირობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში კი, ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩასატარებელი სპეცოპერაციის მიზანიც, თითქოს უფრო თვალსაჩინო ხდება.

როგორც წინა ეპიზოდში აღვნიშნე, მადუროს დაკავება ეფუძნება სამ მთავარ მიზეზს: (1) მის პიროვნებას, რაც მარკო რუბიოს განცხადებით, შეუძლებელს ხდიდა ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის კოოპერაციას; (2) ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც გადის ვენესუელას ნავთობინდუსტრიის ათვისებაზე. დონალდ ტრამპი უკვე შეხვდა ამერიკელ ნავთობ მაგნატებს ამ საკითხებზე სასაუბროდ; და (3) შეერთებული შტატების ძალის გამყარებას რეგიონში და ჩინეთის გავლენის შესუსტებას, რადგან სწორედ ჩინეთის კომუნისტური მთავრობა იყო მადუროს რეჟიმის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი.

შეერთებული შტატები და აზია

აზია ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგიაში მეორე პრიორიტეტული რეგიონია და წარმოდგენილია, როგორც 21-ე საუკუნის მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ბრძოლის ველი. აქ ამერიკის მთავარი მიზანი კი ორი რამაა: (1) ეკონომიკურ პაექრობაში გამარჯვება და (2) სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილება.

დონალდ ტრამპი, მისი პრეზიდენტობის პირველივე ვადიდან ლაპარაკობდა ამერიკის ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვაზე, რასაც ექსპერტები მისი პირველი ვადის ძლიერ მხარედ აღიქვამენ.

დიდხანს ითვლებოდა, რომ ჩინეთისთვის ამერიკის ბაზრების გახსნა, ჩინეთში ინვესტირების წახალისება და წარმოების ჩინეთში გადატანა ხელს შეუწყობდა ჩინეთის ინტეგრაციას ეგრედ წოდებულ “წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგში“. როგორც ამ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ასე არ მოხდა. ჩინეთი გამდიდრდა, გაძლიერდა და თავისი სიმდიდრე და ძალა მნიშვნელოვანი უპირატესობის მისაღებად გამოიყენა.

დღეს მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი ადგილი უჭირავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ზონას და ნავარაუდებია, რომ ეს წილი კიდევ უფრო გაიზრდება იქ არსებული წარმოებისა და საზღვაო მარშრუტების გამო. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციას სურს: (1) ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გადაბალანსება; (2) მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; და (3) ინტელექტუალური საკუთრების, ინდუსტრიისა და სამუშაო ადგილების დაცვა.

ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკურ უსაფრთხოებას პირდაპირ უკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამერიკა აპირებს გაამყაროს კომერციული კავშირები აზიისა და ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებთან, განსაკუთრებით QUAD-ის ანუ “ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის” წევრებთან – ავსტრალიასთან, იაპონიასთან და ინდოეთთან.

walking QUAD-ის ქვეყნები

ამ სტრატეგიის მიხედვით, ეკონომიკური და ტექნოლოგიური უპირატესობა არის საუკეთესო გზა ომის თავიდან ასაცილებლადაც. ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, ავტონომიური სისტემები, კოსმოსი და ენერგია, მომავლის ძალის წყაროებად განიხილება. ამიტომ შეერთებული შტატები უნდა დარჩეს ტექნოლოგიურ ლიდერად, ხოლო მისი სტანდარტები – გლობალურ ნორმად.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტაივანს, როგორც ნახევარგამტარების მთავარ მწარმოებელს მსოფლიოში და ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის შემაკავშირებელს; ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ნავიგაციის თავისუფლებას.

“ცნობისთვის” მაყურებელმა ამ ეპიზოდიდან უკვე იცის, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ზონაა, რომლის 90%-ზეც ჩინეთს აქვს პრეტენზია. აქ კი მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის კრიტიკული ნაწილი გადის. ამიტომ, შეერთებულ შტატების სურვილია ამ საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების შენარჩუნება და რომელიმე ერთი ძალის დომინაციის არიდება ამ რეგიონში.

საინტერესოა ის ფაქტი, ამ “ერთ ძალად” ჩინეთი ღიად არ არის დასახელებული და აქ ადმინისტრაცია განგებ იყენებს ბუნდოვან ტერმინოლოგიას.

თუმცა, ცალსახად შეიმჩნევა ის, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს რეგიონის უსაფრთხოებაზე მარტო ზრუნვას. ვაშინგტონი მკაფიოდ მოითხოვს, რომ იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და სხვა პარტნიორებმა მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და არა მარტო. ანალოგიური რიტორიკა შეინიშნება ევროპასთან მიმართებითაც.

შეერთბული შტატები და ევროპა

ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი ტონი ევროპასთან მიმართებით უყურადღებოდ არავის დარჩენია. ზოგმა ეს მოკავშირეების ბულინგად და ზურგის ქცევად აღიქვა, ზოგმაც ევროპის გამოფხიზლების მცდელობად. მაგრამ ვნახოთ, რეალურად რა წერია დოკუმენტში.

ყურადღება მივაქციოთ ამ სექციის სათაურს: “ევროპის დიდების ხელშესწყობა”, რაც არის ტრამპის ადმინისტრაციის მესიჯი, რომ რაც აქ წერია, მხოლოდ ევროპისთვის სასიკეთოდ.

walking

დოკუმენტი ამბობს, რომ ევროპა კარგავს გლობალური ეკონომიკის წილს და ამავდროულად დგას ეროვნული იდენტობის, დემოგრაფიული კრიზისის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და სუვერენიტეტის დაკნინების წინაშე. ამ პრობლემებს კი ტრამპის ადმინისტრაცია უკავშირებს როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ტრანსნაციონალური ორგანიზაციების რეგულაციებს.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპის შესუსტებული თვითრწმენა განსაკუთრებით აშკარაა რუსეთთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპას რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აქვს, უკრაინის ომმა კონტინენტი არასტაბილურ მდგომარეობაში ჩააგდო. შეერთებული შტატების ინტერესია ომის სწრაფად დასრულება, რათა აღდგეს სტრატეგიული სტაბილურობა ევროპასა და რუსეთს შორის.

დოკუმენტი ამტკიცებს, რომ უკრაინის ომმა გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით გერმანიის, გარე დამოკიდებულებები და გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, დღეს გერმანული ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს, რუსული გაზის გამოყენებით.

ამერიკის მიზანი ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპაა. ვაშინგტონს სურს ევროპა იყოს სუვერენული სახელმწიფოების მყარი ერთობლიობა, რომელიც თავად აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე და არ იქნება დომინირებული მტრული ძალების მიერ. სტრატეგია სკეპტიკურად უყურებს ნატო-ს მუდმივ გაფართოებას და მოუწოდებს ევროპას, მეტი გააკეთოს თავდაცვის, ეკონომიკური სამართლიანობისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. ევროპა უნდა იყოს ამერიკის პარტნიორი და არა ამერიკაზე დამოკიდებული.

აშშ, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა

გასული ადმინისტრაციებიდან, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ამერიკის მიდგომაში ახლო აღმოსავლეთთანაც. ტრამპის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთს აღარ განიხილავს ამერიკული საგარეო პოლიტიკის მუდმივ ცენტრად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ წარსულში რეგიონი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ენერგორესურსების გამო, დღეს კი ეს ფაქტორი შესუსტებულია. ენერგო მარაგები მსოფლიოში მნიშვნელოვნადაა დივერსიფიცირებული (მათ შორის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი მთავარი ნავთობ ექსპორტიორი). შესაბამისად, ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთი აღარ არის გარდაუვალი სტრატეგიული პრიორიტეტი.

ამერიკა აღარ აპირებს ამ რეგიონის “სამუდამო ომებში” ჩაბმას, როგორიც იყო ერაყი და ავღანეთი, და მკაფიოდ უარს ამბობს რეგიონზე საკუთარი პოლიტიკური მოდელების თავსმოხვევაზე.

ვაშინგტონის პრიორიტეტია თავიდან აიცილოს ისეთი სცენარი, სადაც ერთმა მტრულად განწყობილმა ძალამ შეიძლება ენერგორესურსების მარაგებზე კონტროლი დაამყაროს და ექსპორტისთვის კრიტიკული სატრანზიტო გზები გადაკეტოს. თუმცა, ისევე როგორც ჩინეთის შემთხვევაში, სტრატეგია აქაც ღიად არ ასახელებს, ვინ შეიძლება იყოს ეს მტრული ძალა.

ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს ამერიკული დემოკრატიის ექსპორტზე და აკეთებს აქცენტს პრაგმატულ პარტნიორობაზე, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდაზე აფრიკაშიც.

აფრიკა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი სივრცე ენერგეტიკული პროექტებისთვის და კრიტიკული მინერალების განვითარებისთვის, რაც, როგორც ამ ვიდეოდან უკვე იცით, უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

შეჯამება

დონალდ ტრამპის სტრატეგიის ბირთვი არის მარტივი და პირდაპირი — ამერიკის გამდიდრება, სამხედრო ძალის გაძლიერება და ტექნოლოგიურ-ინოვაციური უპირატესობის შენარჩუნება.

წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ტრამპისთვის პრიორიტეტი არ არის დემოკრატიული ღირებულებების ექსპორტი საზღვარგარეთ. თუ ადრე ვაშინგტონი საუბრობდა ამერიკის ვალდებულებაზე, აეშენებინა წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი, ტრამპი ღიად ამბობს, რომ ეს აღარ არის ამერიკის ტვირთი და არც არასდროს უნდა ყოფილიყო.

შტატებმა პირველ რიგში უნდა მიხედოს საკუთარ ნახევარსფეროს და ეკონომიკას. ტრამპი ეკონომიკას პირდაპირ უტოლებს საერთაშორისო უსაფრთხოებას და სწორედ ამ ჭრილშია დანახული მთავარი კონფლიქტებიც, ტაივანიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე, სადაც გადის მსოფლიო ვაჭრობისა და ტვირთების კრიტიკული მარშრუტები.

მოკავშირეობაც აღარ არის უსასრულო პასუხისმგებლობა — ის არის პრაგმატული გარიგება. აზიაში და ევროპაში ტრამპი პარტნიორებს პირდაპირ ეუბნება, რომ გააკეთეთონ მეტი საკუთარ რეგიონებში და ნუ დაელოდებიან ამერიკის უპირობო გულუხვობას. ამერიკის გულუხვოა დასრულებული აფრიკაშიც.

აუდიო ვერსია: