დიდი გაყრა: ტრამპის და მასკის დაპირისპირების რეალური მიზეზი
ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის სკანდალური დაპირისპირება მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. თუ ცოტა ხნის წინ უთანხმოების მხოლოდ პატარა მინიშნებები იკვეთებოდა, ახლა ილონ მასკი ღიად ითხოვს ტრამპის იმპიჩმენტს და ამბობს, რომ ის ჯეფრი ეფშტეინის ფაილებში გიფურირებს. ტრამპი საპასუხოდ შეშლილს ეძახის და სამთავრობო კონტრაქტების გაუქმებით ემუქრება.
ამ სტატიიდან გაიგებთ, რატომ დაიშალა ორი ყველაზე გავლენიანი ადამიანის პოლიტიკური ერთობა.
ილონ მასკი მთავრობაში
განვიხილოთ რა მისიით მოვიდა ილონ მასკი ამერიკის მთავრობაში და რას მიაღწია.
მასკმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიში 300 მილიონ დოლარამდე დახარჯა და ამ კამპანიის სახედაც გადაიქცა. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო შეხვედრებში, გამოდიოდა სიტყვით და ხვდებოდა ამომრჩეველს. ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და მის გარეშე ვერც რესპუბლიკელები მიიღებდნენ უმრავლესობას ორპალატიან კონგრესში.
შეიძლება ამას ბევრი რესპუბლიკელი არ დაეთანხმოს, მაგრამ ცალსახაა, რომ მასკმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა გამოავლინა, რისთვისაც ტრამპს მადლობა მნიშვნელოვანი ფორმით უნდა გადაეხადა. სწორედ ამიტომ ჩააბარა მას D.O.G.E. (“დოუჯი”), მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც თავად ილონ მასკის ინიციატივა იყო.
“დოუჯის” მთავარი მისია გახლდათ სამთავრობო ბიუროკრატიის დაპატარავება, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და, საბოლოო ჯამში, ამერიკის სახელმწიფო ვალის შემცირება, რომელიც ამჟამად 35 ტრილიონ დოლარს აღემატება. მასკი კამპანიიდანვე ღიად საუბრობდა, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობა ზედმეტად გაფართოებულია და იაფი, სწრაფი, კერძო სექტორის სტილის მმართველობა იყო საჭირო.
“დოუჯის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, სააგენტომ ამერიკის ბიუჯეტიდან 180 მილიარდი დოლარი დაზოგა, რაც მაინც შორსაა დაპირებული ორი მილიარდიდან. ამაში შედის, დაახლოებით 34 მილიარდი დოლარის ოდენობის გაუქმებული სახელმწიფო კონტრაქტები, 44 მილიარდის გრანტები, 211 მილიონი დოლარის იჯარის ხელშეკრულებები და სხვადსხვა გაყიდული აქტივები თუ, ეგრედ წოდებული, თაღლითური სქემებისა და არასწორი გადახდების შემთხვევების აღმოფხვრა.
შეიძლება, ეს მასშტაბური დანაზოგები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ერთი შეხედვით, პოზიტიურად ჟღერდეს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მედალს ორი მხარე აქვს და ამ ცვლილებებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია.
2025 წლის 12 მაისის მონაცემებით, 58,000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს, 76,000-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურის დატოვების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს, და იგეგმებოდა კიდევ 150,000-ზე მეტი კადრის შემცირება, სამ მილიონზე მეტი საჯარო მოხელიდან. წარმოდგინეთ, ამერიკის მთავრობისთვის დაახლოებით ერთი საქართველოს მოსახლეობის ოდენობის ხალხი მუშაობს.
განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციაში დაანონსებულმა ცვლილებებმა. ეს არის ის ფედერალური სააგენტო, რომელიც ახორციელებს სოციალური დაცვის პროგრამებს, მათ შორის, გასცემს პენსიებს, კვებით დახმარებებს და უზრუნველოყოფს სხვა სახელმწიფო შეღავათებს. მაგალითად, თუ რომელიმე ქართველ ემიგრანტზე გაგიგიათ, რომ ნიუ იორკის შტატში უფასო დაზღვევას ან ბინის ქირაზე შეღავათებს იღებს, ეს სწორედ სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციის პროგრამების ფარგლებში ხდება.
ეს ადმინისტრაცია დღეს 70 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება, მათ შორის პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურად დაუცველებს. მასკის რეფორმების შედეგად კი იგეგმებოდა სააგენტოდან 7,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირება და ათი რეგიონალური ოფისიდან ოთხის დახურვა. ამის შემდეგ კი მოსახლეობაში გაჩნდა შეგრძნება, რომ არასაკმარისი რაოდენობის თანამშრომლების და დახურული ადგილობრივი ოფისების პირობებში, ბენეფიციარებს ბუნებრივად შეეზღუდებოდათ ხელმისაწვდომობა კრიტიკულ მომსახურებაზე, როგორიცაა საკვები ან მედიკამენტები.
კიდევ უფრო კონტროვერსიული აღმოჩნდა მასკის მოთხოვნა სოციალური უსაფრთხოების ნომრებთან წვდომაზე, რაც შეერთებულ შტატებში ისევე ფუნქციონირებს, როგორც საქართველოში პირადი ნომერი. სოციალური უსაფრთხოების ნომერი ამერიკის მოქალაქეებთან ერთად ყველა ლეგალურად მყოფ უცხოელსაც გააჩნია, ვისაც შეერთებულ შტატებში ერთი დოლარი მაინც ჰქონია ოფიციალური შემოსავლის სახით. მასკი კი აცხადებდა, რომ ეს ინფორმაცია “დოუჯს” ფინანსური დარღვევების გამოვლენაში დაეხმარებოდა.
კრიტიკოსებმა ეს მოთხოვნა აღიქვეს, არა როგორც ბიუროკრატიის შემცირების ან დანაშაულების გამოვლენის მცდელობად, არამედ მასკის ძალაუფლების გაძლიერების პრეცენდენტად ამერიკის პოლიტიკურ და ფინანსურ სისტემაში. ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენის მოთხოვნას მილიონობით ადამიანის ყველაზე სენსიტიურ პირად ინფორმაციაზე, მათ შორის საბანკო ბარათებზე, პირად ანგარიშებსა და ტრანზაქციებზე, საკრედიტო ისტორიაზე, და ყველა სხვა დეტალზე, სადაც ოდესმე ადამიანის სოციალური უსაფრთხოების ნომერი დაფიქსირებულა.
ამ მოთხოვნას უზენაესი სასამართლო განიხილავდა, რომელმაც 2025 წლის 6 ივნისს, მასკისა და ტრამპის მწვავე ონლაინ დაპირისპირებიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ, “დოუჯს” დროებითი წვდომის უფლება მისცა ამ მონაცემებზე. მასკმა მიიღო რაც სურდა, მაგრამ მხოლოდ ვაშინგტონიდან წამოსვლის შემდეგ.
მასკის წინააღმდეგ აგორებული სოციალური განწყობები, ასევე გამყარდა USAID-ის დრამატულად შემცირების შემდეგ.
საქართველოში USAID-ს ძირითადად ვიცნობთ, როგორც სოფლის მეურნეობისა და არასამთავრობო სექტორის დამფინანსებელს. რეალურად, USAID-ის საქმიანობას ყველაზე დიდი წონა ჰქონდა აფრიკაში, სადაც სააგენტო, შიდსის, HIV ინფექციის, სექსუალური ტრეფიკინგის და ბავშვთა მალნუტრიციის აღმოფხვრას ემსახურებოდა. მაგალითად, PEPFAR პროგრამამ, რომელიც 2003 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ ჯუნიორმა დააფუძნა, 26 მილიონ ადამიანზე მეტი იხსნა სიკვდილისგან და მილიონობით ადამიანს HIV ინფექცია აარიდა თავიდან 50 სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია DREAMS პროგრამაც აფრიკაში, რომელიც ეხმარებოდა ძალადობის მსხვრეპლ, ნარკოდამოკიდებულ, ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს, რომ ხელობა შეეძინათ და თავი დამოუკიდებლად ერჩინათ.
2023 წელს კენიაში სამსახურეობრივი მოგზაურობისას ასევე გავიცანი ქალბატონები, რომელთა მალნუტრიციით დაავადებული ბავშვები, სწორედ ამერიკის მხარდაჭერით გამოჯანმრთელდნენ უფასოდ. დღეს კი ეს პროგრამები შეწყვეტილია და არსებული ინფორმაციით რამდენიმე მალნუტრიციით დაავადებული ბავშვი უკვე შეეწირა მკურნალობის პოგრამის გაუქმებას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ USAID-ი მიზანში პირველად მასკს არ ამოუღია.
დიდი ხანია ეს სააგენტო პარტიული დაპირისპირების საგანია შეერთებულ შტატებში და მისი საქმიანობის დაფინანსების ინტერესი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იკლებდა, განსაკუთრებით, რესპუბლიკელებს შორის.
დემოკრატების აზრით, შეერთებულ შტატებს აქვს მორალური პასუხისმგებლობა გლობალური ჯანდაცვის განვითარებაში, რაც, მათივე აზრით, ასევე წარმოადგენს რბილი ძალის ინსტრუმენტს, ამაღლებს ამერიკის საერთაშორისო იმიჯს და განამტკიცებს მის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. ხოლო რესპუბლიკელების აზრით, ამერიკას მხოლოდ თავისი მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ეს რესურსები ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე უნდა გადანაწილდეს.
სწორედ ეს ლოგიკა ედო საფუძვლად “დოუჯის” გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვნად შეემცირებინა USAID-ის საქმიანობა. მაგრამ, მოწინააღმდეგეებმა, მაინც მასკი წარმოაჩინეს როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი, რომელიც ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ყოფას აუარესებდა.
ამ გადაწყვეტილების მორალური მხარე იმდენად კონტროვერსიული აღმოჩნდა, რომ ილონ მასკისადმი გამძაფრდა საზოგადეობრივი აგრესია, რომელსაც მისი გენიალური ბიზნეს ინვესტიციები თუ გამოგონებები წინ ვერ აღუდგა. ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა მეგობარმა ისიც თქვა, რომ ილონს გაუჭირდა სახელმწიფო სექტორში მუშაობა, რადგან ბიზნესში თუ პასუხმგებელი აქციონერების წინაშე ხარ, პოლიტიკაში შეიძლება ფართო საზოგადოებამ არც მიგიღოს.
ხალხის პროტესტი პირდაპირ აისახა მასკის ბიზნესზე. “ტესლას” გაყიდვები ევროპაში 49%-ით, ხოლო ამერიკაში 11%-ით დაეცა, რამაც გრძელვადიან პერსპერქტივაში შეიძლება შეამციროს კომპანიის სააქციო ღირებულება. ქვეყნის მასშტაბით კი დაფიქსირდა ვანდალიზმის არაერთი შემთხვევა “ტესლას” ავტომობილებზე. ამიტომ, ბევრი ვარაუდობდა, რომ მასკს მალე მოუწევდა ან პოლიტიკის ან ტესლას დატოვება.
ამის მიუხედავად, ის საჯაროდ მაინც ემსახურებოდა დასახულ მიზანს — შეემცირებინა ამერიკის საბიუჯეტო დანახარჯები. მას არაერთხელ უთქვამს, რომ შეერთებული შტატები ვალის პროცენტების გადახდაზე უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე თავდაცვაზე.
მაგრამ, რეალურად რა მოხდა?
ტრამპმა გზა დაულოცა “ერთ დიდ ლამაზ კანონპროექტს” (ეს ჩემი ეპითეტები არ გეგონოთ, ოფიციალური სახელწოდებაა), რომელიც ამერიკის ვალს კი არ ამცირებს, არამედ დაახლოებით სამი ტრილიონი დოლარით ზრდის მომდევნო 5-10 წლის მანძილზე.
სწორედ აქედან იწყება ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირება, ყოველ შემთხვევაში ამის საჯარო ნაწილი.
ტრამპის და მასკის განხეთქილების საწყისი
მასკმა თავისი უკმაყოფილება ამერიკის გაზრდილი საბიუჯეტო კანონპროექტის მიმართ CBS-თან ინტერვიუში გამოხატა, სადაც აღნიშნა რომ ეს ბიუჯეტი მთლიანად ეწინააღმდეგებოდა “დოუჯის” დანახარჯების შემცირების მისიას. ეს განცხადება სწრაფად იქცა საერთაშორისო ახალ ამბად და საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპამდეც მივიდა. 24 საათის შემდეგ კი, ილონ მასკმა X პლატფორმაზე დაწერა, რომ მისი დრო ვაშინგტონში ამოიწურა და პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის 27 მაისს მასკმა ტრამპის ადმინისტრაცია ცივილურად დატოვა და მიზეზად დაასახელა მისთვის განსაზღვრული 130-დღიანი ვადის ამოწურვა. საჯარო პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმაც პოზიტიურად შეაფასა მასკის მუშაობა და წარმატებები უსურვა.
რა მოხდა 27 მაისიდან და 5 ივნისამდე ისეთი, რომ ტრამპის და მასკის დაპირისპირებამ ონლაინ სივრცე მოიცვა?
ბოლო თვეებში ტრამპის ადმინისტრაციასა და ილონ მასკს შორის დაძაბულობა უკვე აშკარად შესამჩნევი იყო. თუ 2025 წლის მარტამდე მასკი ტრამპს დღეში რამდენიმე პოსტს უძღვნიდა, აპრილიდან მისი აქტივობა მკვეთრად შემცირდა. ჟურნალისტებმა ასევე შეამჩნიეს, რომ თავისი გაცილების პრესკონფერენციაზე ილონ მასკს ჩალურჯებული თვალი ჰქონდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მან ეს დაზიანება შვილთან თამაშის დროს მიიღო, მაგრამ სტივ ბანონის, თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგოსის მიხედვით, ილონ მასკს შელაპარაკება მოუვიდა სკოტ ბესენტთან, ამერიკის ხაზინის მდივანთან, რომელმაც მასკს შარლატანი უწოდა. მასკი ამერიკელებს ჯერ, ორი ტრილიონის გაფლანგვის აღმოფხვრას დაპირდა, შემდეგ ეს თანხა ერთ ტრილიონამდე ჩამოიყვანა. ბოლოს, 180 მილიარდს ვერ გასცდა.
ამასთან ერთად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მასკის ნარკოდამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით კეტამინზე, რის გამოც თითქოს ილონს შარდის ბუშტის პრობლემები აწუხებდა. ილონ მასკმა, ეს ინფორმაციაც უარყო.
დაძაბულობამ კი პიკს მიაღწია, როცა დონალდ ტრამპმა NASA-ს ადმინსტრატორობის კანდიდატად აღარ განიხილა ჯარედ აიზეკმანი, მასკის მიერ რეკომენდირებული პირი, რომელიც სფეისექსის რაკეტით ორჯერ იყო ნამყოფი კოსმოსში. ბიზნესთვალსაზრისით, მასკისთვის მნიშვნელოვანი იყო NASA-ს ადმინისტრატორად დანიშნულიყო თავისი წრის ადამიანი, რადგან NASA მისი კომპანია SpaceX-ის ყველაზე დიდი კლიენტია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მასკის გაცილების პრესკონფერენციამდე, ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აიზეკმანი წარსულში დემოკრატების მსხვილი შემომწირველი იყო, რაც ტრამპს აღარ მოეწონა.
უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში ილონ მასკიც დემოკრატების მხარდამჭერი იყო. თავად დონალდ ტრამპსაც ორჯერ შეუწირავს თანხა კამალა ჰარისის კალიფორნიის მთავარი პროკურორობის კამპანიისთვის. მდიდარი ადამიანების მხრიდან სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსების დაფინანსება ბუნებრივი პრაქტიკაა, რის გამოც ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპმა მასკთან უკვე გაციებული ურთიერთობის გამო არ დანიშნა აიზეკმანი NASA-ს ადმინისტრატორად.
ამის შემდეგ, მთელი კვირის განმავლობაში ილონ მასკი “X” პლატფორმაზე (ყოფილი “ტვიტერი”) აქტიურად აკრიტიკებდა რესპუბლიკელების საბიუჯეტო კანონმდებლობას და ბიუჯეტს “ღორული” და “საზარელი სიბილწე”-ც კი უწოდა. შემდეგ, უკმაყოფილება გამოხატა კანონპროექტიდან ამოღებულ ელექტრომობილებისთვის განსაზღვრულ სუბსიდიებზე, მაშინ როცა ნავთობისა და გაზის სუბსიდიები ხელუხლებელი იყო, რაც ტესლას ისედაც დავარდნილ გაყიდვებზე შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო.
რესპუბლიკელებმაც არ დააყოვნეს და ხაზი გაუსვეს მასკის პირად ზრახვებს. ბევრის აზრით, მისი ჩარევა NASA-ს ადმინისტრატორის დანიშვნაში და ელექტრომობილების სუბსიდიების მხარდაჭერა, პირდაპირ მიუთითებდა არა სახელმწიფო დანახარჯების შემცირების ალტრუისტულ ზრახვებზე, არამედ მის ბიზნეს ინტერესებზე. დოლანდ ტრამპმა, თავის პლატმორმა thruth-ზე, ანუ “სიმართლეზე”, ისიც დაწერა, რომ ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი საშუალება მასკის კომპანიების სახელმწიფო კონტრაქტებისა და სუბსიდიების გაუქმებაა.
5 ივნისს, დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი პრესკონფერენციისას, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს მასკის საქციელზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: “ილონზე გულდაწყვეტილი ვარ, მას მე ძალიან დავეხმარე.”
ამის შემდეგ კი მასკმა დაწერა, რომ ტრამპი ჯეფრი ეფშტეინის ფაილებში ფიგურირებს და მისი იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო.
ტრამპი კი მასკს მისი ბიზნესების სახელმწიფო კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა და სტივ ბანონმა ისიც ურჩია, რომ მასკის წინააღმდეგ გამოძიება აღეძრა უკანონო ემიგრაციის საფუძველზე.
ტრამპი ABC-ის ჟურნალისტ ჯონათან კარლს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასკი ჭკუიდან შეიშალა, შემდეგ კი CNN-ის დანა ბაშს უთხრა, რომ “საცოდავ ბიჭს პრობლემა აქვს,” რაც ბევრმა მასკის ნარკოდამოკიდებულებაზე მინიშნებად აღიქვა.
საბოლოოდ რა მოხდა?
არც ერთ მხარეს არა დაუკვლია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა თუ მუქარა.
მასკმა ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქმოს მას არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებდა ამერიკის ვალის და საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების გარდა და ტრამპის გამარჯვებაში დახარჯული 300 მილიონიც, მხოლოდ ქვეყნისთვის გაღებული ქველმოქმედება იყო. ხოლო ტრამპმა ისე წარმოაჩინა, თითქოს მასკის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ის აქეთ დაეხმარა ილონს და ახლა ზედმეტად ბევრს ითხოვდა.
ორი ასეთი ამბიციური და გავლენიანი პიროვნების დაპირისპირება სურპრიზზე მეტად მოსალოდნელი იყო. მათ თავის დროზე ერთმანეთთან პარტნიორობა აწყობდათ, ამ ურთიერთობიდან დიდი სარგებელიც მიიღეს, მაგრამ როგორც კი მათი მოლოდინები გაიყო, დაპისპირებაც გაჩნდა.
იხილე ვიდეო:
“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირების დეტალებზე