ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ისრაელი და თურქეთი სირიის გამო ომს იწყებენ?

ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, სირია თურქეთსა და ისრაელს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგნად გადაიქცა. თურქეთი ცდილობს, სირია საკუთარ გავლენის ზონად აქციოს, ისრაელი კი ამ მცდელობას რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხედ აღიქვამს. სამაგიეროდ, ანკარაში ფიქრობენ, რომ სწორედ ისრაელია ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების მთავარი დესტაბილიზატორი.

ამ სტატიაში განვიხილავთ:

  1. რატომ გადაიქცა სირია ისრაელისა და თურქეთის დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად;
  2. რა სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს ამ ორ ქვეყანას შუა აღმოსავლეთში;
  3. და შეიძლება თუ არა, სირიის გამო ეს დაპირისპირება ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს?

ისრაელი-თურქეთის ურთიერთობების დინამიკა

თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობების დინამიკა ბევრ აღმართსა და დაღმართს მოიცავს.

1949 წელს თურქეთი გახდა პირველი მუსლიმური ქვეყანა, რომელმაც ისრაელის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ამ გადაწყვეტილებას შემდგომში მოჰყვა მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, როდესაც ორ ქვეყანას შორის დამყარდა ძლიერი სამხედრო და დაზვერვითი კავშირები.

თურქეთმა ისრაელს საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა, ისრაელი კი ეხმარებოდა თურქეთს არმიის ტექნიკურ მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში. ამავე პერიოდში აყვავდა სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობებიც. ისრაელიდან ათასობით ტურისტი სტუმრობდა თურქულ კურორტებს და ორივე ქვეყანა ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად აღიქვამდა.

ეს ყველაფერი 2000-იან წლებში შეიცვალა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის პოლიტიკით, რომელმაც მკვეთრად პალსეტინის მხარე დაიჭირა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში. ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა 2008–2009 წლის ღაზას ომის დროს, როდესაც ისრაელმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ჰამასის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ჰამასმა ისრაელს რაკეტები დაუშინა. ომის შედეგად დაახლოებით 1,400 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. განადგურდა ათობით ათასი შენობა და ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ირაელის მხრიდან კი გარდაიცვალა 10 ჯარისკაცი და 3 სამშვიდობო მოქალაქე.

ეს ომი, რომელსაც ხშირად ღაზას პირველი ომის სახელით მოიხსენიებენ, გახდა საერთაშორისო კრიტიკის საგანი. ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგე სწორედ ერდოღანი იყო.

2009 წლის იანვარში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ერდოღანი და ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ღაზას საკითხზე ერთად მსჯელობდნენ, თუმცა დისკუსია დაიძაბა. ერდოღანმა პერესს პირდაპირ ეთერში განუცხადა, რომ ის “კლავდა ადამიანებს”, და კამერების წინ დემონსტრაციულად დატოვა სცენა. ეს ეპიზოდი იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიცვალა ოდესღაც მჭიდრო პარტნიორობა ღია პოლიტიკური დაპირისპირებით.

ამას თან დაერთო 2010 წლის “მავი მარმარას” კრიზისიც. როდესაც ისრაელი ღაზას სექტორზე საზღვაო ბლოკადას აწესებდა, მოძრაობა “თავისუფალმა ღაზამ“ და ერთ-ერთმა თურქულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჰუმანიტარულ ფლოტილიას გაუწიეს ორგანიზება, რომლის მიზანი ღაზაში დახმარებისა და სამშენებლო მასალების შეტანა იყო. ფლოტილიას ხელმძღვანელობდა თურქული გემი “მავი მარმარა.”

სხვადასხვა მასალების მიხედვით, ისრაელის მხარემ ფლოტილია გააფრთხილა კურსი შეეცვალა და აშდოთის პორტისკენ გადაეხვია. მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი, ისრაელის სპეცრაზმმა გემებზე შტურმი განახორციელა. შედეგად, რვა თურქი მოქალაქე და ერთი თურქულ-ამერიკული მოქალაქე დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა.

დამოუკიდებელი ანგარიშების თანახმად, ისრაელმა გემზე ძალა გადაჭარბებულად გამოიყენა, რამაც თურქეთსა და ისრაელს შორის ღრმა დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. ანკარამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და გააძევა ისრაელის ელჩი. მოგვიანებით, ისრაელმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში და თურქეთს 20 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია შესთავაზა.

2016 წელს, მხარეებმა შეთანხმებას საბოლოოდ მოაწერეს ხელი და მათი ურთიერთობებიც გაუმჯობესდა. თურქეთი ისრაელთან ბუნებრივი აირის გაზსადენებითაც კი დაინტერესდა, ეკონომიკური კავშირები ნაწილობრივ აღდგა და 2022–2023 წლებში ელჩებიც დაინიშნენ.

ეს პოზიტიური ფაზა ხანმოკლე აღმოჩნდა.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე დაწყებულმა მასშტაბურმა თავდასხმამ და ისრაელის სასტიკმა საპასუხო ოპერაციებმა ღაზაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავ მწვავედ დაძაბა. თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა სავაჭრო შეზღუდვები და დაიწყო სამართლებრივი ზომების მიღება ისრაელის წინააღმდეგ. მაგალითად, თურქეთმა მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკის გახმაურებულ სარჩელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ისრაელს ღაზას სექტორში გენოციდის განხორციელებაში ადანაშაულებს.

ამ ფონზე, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები კრიტიკულ ნიშნულზეა. ამას კიდევ უფრო ამძაფრებს მათი საპირისპირო პოზიციები სირიაში.

ისრაელის და თურქეთის ინტერესები სირიაში

ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, თურქეთი სირიის ახალი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აღმოცენდა. 2025 წლის იანვარში, თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სირიის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ჰასან ალ-შიბანის ხელმძღვანელობით. თებერვალში კი სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

ამ ვიზიტების ფარგლებში, თურქეთმა სირიის ახალ სამხედრო ძალებს ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით სამხედრო დახმარება და შესაძლებლობების გაძლიერება შესთავაზა. ანკარამ ასევე საჯაროდ დაუჭირა მხარი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას. პარალელურად, თურქეთმა დაიწყო ცენტრალურ სირიაში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე T4 (ტიასის) ავიაბაზაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა. მისი გეგმა ითვალისწინებდა ბაზაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას, რაც ანკარას საშუალებას მისცემდა გაეძლიერებინა საკუთარი სამხედრო ბაზა სირიაში და დაემყარებინა საჰაერო უპირატესობა რეგიონში.

თუმცა, 2025 წლის მარტ-აპრილში ისრაელმა განახორციელა მასშტაბური საჰაერო დარტყმები T4 ბაზაზე, რის შედეგადაც სრულად განადგურდა ბაზის ინფრასტრუქტურა, ისე რომ თურქეთმა თვისი აღჭურვილობის შეტანა ვერც კი მოასწრო.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთი სირიაში უარყოფითი როლის შესრულებაშიც დაადანაშაულა და სირიის ახალი პრეზიდენტი აჰმედ არ შარა გააფრთხილა, რომ თუ ის ნებას დართავდა “გარუკვეველ მტრულად განწყობილ ძალებს და ისრაელის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა, სირიას ეს ძვირად დაუჯდებოდა.”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი ისრაელი სირიის სტაბილურობის მოშლაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ ანკარა მზად არის დაიცვას სირიის ტერიტორიული მთლიანობა.

მაგრამ, რატომ მაინცდამაინც სირია? რა ინტერესები აქვთ იქ თურქეთსა და ისრაელს?

თურქეთის მთავრობა დიდი უკვე ხანია მხარს უჭერს ასადის ოპოზიციას, მათ შორის, გამარჯვებულ “ჰაიათ თაჰრირ ალ შამის” ანუ HTS-ს.

2020 წელს, თურქეთის დაზვერვისა და სამხედრო უწყებების მხარდაჭერით შეიქმნა ერთიანი სამხედრო საბჭო სირიის ქალაქ იდლიბში, რომელიც მოიცავდა HTS-სა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სხვა დაჯგუფებებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა, ისიც თქვა, რომ ოფიციალური ანკარა HTS-თან თანამშრომლობდა, განსაკუთრებით კი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის მიზნით, როგორიცაა “აისისი” და “ალ-ქაიდა”.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს თურქეთმა თავად HTS-ი შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში და მისი ამჟამინდელი ლიდერი აჰმედ ალ შარაა, ყოფილი “ალ-ქაედას” მებრძოლია. მაგრამ, პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები და როცა საჭიროებამ მოითხოვა ისინი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საჯაროდ არ აღიარებს HTS-ის ფინანსურ დახმარებას, მათ შორის ასადის შემდეგ ჩამოყალიბებული ურთიერთობები და სამხედრო მომზადების დონე მიუთითიებს, რომ თურქეთი მხარს უჭერდა HTS-ს სირიის კონფლიქტში საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით.

თურქეთის ინტერესები სირიაში

პირველი, თურქეთი სირიის ახალი მთავრობის ყველაზე დიდი პარტნიორია და სწორედ თურქეთმა შეიძლება შეასრულის დიდ როლი დანგრეული სირიის აღდგენაში. ეს კი ქმნის ბიზნეს შესაძლებლობებს თურქული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესისთვის.

მეორე, სირია თურქეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტაში, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ.

თურქეთს მუდმივად აქვს იმის შიში, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ეთნიკური ქურთები თურქეთიდან გამოყოფასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოითხოვენ, რადგან ეს ეთნიკური დაპირისპირება თურქეთის შიგნით უკვე ათწლეულებია არსებობს. მეზობელ სირიაში კი, თურქეთის საზღვართან, ტერიტორიებს აკონტროლებენ ქურთული პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფები, როგორიცაა “დემოკრატიული კავშირის პარტია“ (PYD) და “სახალხო თავდაცვის ძალები“ (YPG).

თურქეთი მათ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) გაგრძელებად აღიქვამს — ორგანიზაციის, რომლის თავდაპირველი მიზანიც ქურთებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო.

ქურთისტანის მუშათა პარტიამ 1984 წელს თურქეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხიც კი განახორციელა თურქეთის რეპრესიების საპასუხოდ ეთნიკური ქურთების წინააღმდეგ.

თურქეთის სტრატეგიაა, თავიდან აიცილოს ქურთული სეპარატიზმის გაძლიერება რეგიონში, ამიტომ “ჰაიათ თაჰრირ ალ შამის” გაძლიერება სირიაში და ქურთული ეთნიკური ჯგუფების გავლენის შესუსტება მის პირდაპირ ინტერესში შედის. ეს დაახლოებით ის შემთხვევაა, როცა შენი მტრის მტერი, შენი მეგობარია.

მესამე, სირიასთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა თურქეთისთვის შესაძლებლობაა, გააფართოოს საკუთარი სამხედრო და გეოპოლიტიკური გავლენა რეგიონში. ოსმალეთის იმპერია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაინგრა, მაგრამ თურქეთის ამბიციები არსად გამქრალა. რუსეთისა და ირანის მოკავშირე ასადის რეჟიმის დაცემა, თურქეთისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა თავისი ინტერესები გაიმყაროს ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში უფრო აქტიური მოთამაშე გახდეს.

მეოთხე, თურქეთი ამჟამად ასადის რეჟიმისგან გაქცეული მილიონობით ლტოლვილის თავშესაფარია. ალბათ გახსოვთ 2014 წლის ლტოლვილთა კრიზისი, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ევროკავშირს.

მაშინ ევროკავშირმა თურქეთს დახმარებისთვის მიმართა, რათა სირიელი ლტოლვილები თურქეთში დარჩენილიყვნენ და არ გადაეკვეთათ ევროპული საზღვრები. სამ მილიონამდე სირიელის თურქეთში ჩამოსახლებამ შიდა პოლიტიკური პრობლემები გააჩინა, ამიტომ ერდოღანის მთავრობა ახლა ცდილობს სირიის ტერიტორიაზე შექმნას უსაფრთხო ზონები და ლტოლვილები ეტაპობრივად სამშობლოში დააბრუნოს.

გადავიდეთ ისრაელის ინტერესებზე.

ასადის დამხობა ისრაელისთვისაც ნამდვილად ხელსაყრელი მოვლენაა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ასადი მრავალი წლის განმავლობაში ირანის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე რეგიონულ მოკავშირედ ითვლებოდა, ხოლო ირანი ისრაელის დაუძინებელი მტერია.

ისრაელმა თავისი წვლილიც შეიტანა ასადის რეჟიმის მორყევაში. მაგალითად, წარმატებულმა სამხედრო ოპერაციებმა “ჰეზბოლასა” და “ჰამასის” წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად შეასუსტა თეირანის გავლენა რეგიონში. ირანმა დაკარგა მნიშვნელოვანი მოკავშირეები და ვეღარც ასადის რეჟიმის მფარველობა მიიყვანა ბოლომდე.

ისრაელი სკეპტიკურად აღიქვამს ასადის შემდგომ ლიდერს, აჰმედ ალ-შარასაც, რადგან ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნათანიაჰუს მთავრობისთვის ძნელი წარმოსადგენია ძველი ჯიჰადისტი მშვიდობისმყოფელ პოლიტიკოსად. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მკაცრად განაცხადა, რომ: “დღევანდელი სირიის ხელმძღვანელები გუშინ ჯიჰადისტები იყვნენ და კვლავაც ჯიჰადისტებად დარჩებიან — თუნდაც შარვალ-პიჯაკით იყვნენ გამოწყობილები.“

ისრაელი ეცდება არ დაუშვას ჯიჰადისტების გაძლიერება თავის საზღვარზე.

სხვადასხვა ცნობით, ასადის დამხობიდან ათი დღის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ძალებმა 600-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს სირიაში, რათა ასადის რეჟიმის საბრძოლო რესურსი არ აღმოჩენილიყო აჯანყებულების ხელში. გარდა ამისა, ისრაელმა დაიკავა ბუფერული ზონა სირიის საზღვართან, შეიჭრა დამატებით თორმეტი კილომეტრით სირიის ტერიტორიაზე და შექმნა რამდენიმე სამხედრო ბანაკი სამხრეთ სირიაში.

ისრაელის ელჩის მოადგილემ გაეროში ხაზგაზსმით განაცხადა, რომ ისრაელს ტერიტორიული ექსპანსია არ აქვს მიზნად, მას მხოლოდ თავისი უსაფრთხოებისა და სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ებრაელების დაცვა სურს.

ამ შემთხვევაში, ისრაელისთვის, თავისი მტრის მტერი მეგობარი ვერ აღმოჩნდა.

რომ შევაჯამოთ, თურქეთსა და ისრაელს ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები, გეგმები და ინტერესები აქვთ სირიაში. თუ თურქეთს სურს ერთიანი, ცენტრალიზებული სირია, რომელთანაც ის შეძლებს პარტნიორობას და ლტოლვილების დაბრუნებას, ისრაელს ეთნიკურად დაყოფილი და დაპირისპირებული სირია უფრო აწყობს. შიდა კონფლიქტებით დანაწევრებული სირია უფრო ძნელად თუ შეძლებს ისრაელთან დაპირისპირებას.

ამავე დროს, არის რისკი, რომ ასეთი მყიფე სახელმწიფო კვლავ გახდეს ირანის გავლენის სამიზნე, რაც ისრაელის უსაფრთხოებას კვლავ საფრთხეს შეუქმნის.

როგორ გაგრძელდება თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობები?

მიუხედავად მზარდი დაძაბულობისა, თურქეთმა და ისრაელმა მოლაპარაკებები დაიწყეს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, რათა თავიდან აიცილონ სირიაში შესაძლო სამხედრო დაპირისპირება. არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ხოლო ისრაელი — შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირე. შესაბამისად, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი არცერთი მხარის ინტერესში არ შედის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საჯაროდ განაცხადა, რომ ისრაელი არ მიიტანდა იერიშს T4 ბაზაზე, მასზე უკვე თურქეთის ძალები რომ განთავსებულიყვნენ. ამავე დროს აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მსგავსი ტიპის სამხედრო ბაზის შექმნა ისრაელისთვის “წითელ ხაზს” წარმოადგენს. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სტუმრობისას ნეთანიაჰუს ამ სიტუაციის მედიაც შესთავაზა.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, რადგან ნეთანიაჰუსა და ერდოღანს ერთმანეთთან დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ და რეგიონში ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

გამიზიარეთ თქვენი აზრი!

იხილე ვიდეო:

“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს ისრაელისა და თურქეთის ინტერესთა კონფლიქტზე სირიაში.