ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ჩინეთის სრული კონტროლი? ყველაზე სადაო საზღვაო ზონა მსოფლიოში, სადაც შეიძლება საუკუნის ომი დაიწყოს

შეხედეთ ამ რუკას — ეს არის სამხრეთ ჩინეთის ზღვა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სადაო და ტურბულენტური რეგიონი. ჩინეთი ცდილობს ამ ზღვაზე თითქმის სრული კონტროლის მოპოვებას, მაშინ როცა თავისი პრეტენზიები აქვთ ტაივანს, ვიეტნამს, მალაიზიას, ბრუნეისა და ფილიპინებს. ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ აქ შეიძლება გაჩნდეს შემდეგი დიდი კონფლიქტი.

walking

სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადის მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის მეოთხედი, დაახლოებით 5.3 ტრილიონი დოლარის საქონელი და გლობალური ნედლი ნავთობის თითქმის ნახევარი. ამ ზღვის ფსკერზე, რაც დადასტურებულად ვიცით, იმალება ხუთ ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი და 11 მილიარდი ბარელი ნავთობი, დიდი ნაწილი კი ისევ აღმოსაჩენია. აქაურ თევჭერაზეა დამოკიდებული რეგიონის მოსახლეობის საკვებიც.

ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნები ერთმანეთს ედავებიან ამ ზღვაში მდებარე თითოეულ პატარა კლდეს, აშენებენ სამხედრო ბაზებს და ქმნიან ხელოვნურ კუნძულებს, რითაც ყოველდღიურად ზრდიან დაძაბულობას. აქ კი ჩნდება შეერთებული შტატების ინტერესიც, უზრუნველყოს სავაჭრო გზების უსაფრთხოება და შეაკავოს ჩინეთის მზარდი გავლენა.

რატომ აცხადებს ჩინეთი პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე და რას შეიძლება ნიშნავდეს ჩინეთის დომინაცია ამ რეგიონში თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოებაში?

სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტები

სამხრეთ ჩინეთის ზღვა, მალაკის სრუტიდან ტაივანის სრუტემდე ვრცელდება და როგორც ყველა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან წერტილს, აქვს ორი ძირითადი მახასიათებელი – სტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ამ ზღვის 90%-ის კონტროლზე აქვს პრეტენზია, რუკაზე ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ზღვა ჩინეთის გარდა, სხვა მთავრობების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებსაც ესაზღვრება.

ვის რა ნაწილი ერგება?

ამისათვის წესი საერთაშორისო საზოგადოებამ გასულ საუკუნეში შეიმუშავა. 1982 წელს გაერომ მიიღო საერთაშორისო საზღვაო სამართლის კონვენცია, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ზღვის ან ოკეანის მოსაზღვრე სახელმწიფოს აქვს უფლება სანაპიროდან დაახლოებით 370 საზღვაო კილომეტრის მოშორებით აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა ნავთობის მოპოვება და თევზჭერა.

თითქოს ეს ზღვა იმხელაა, რომ ყველა მოსაზღვრე ქვეყანას უნდა ეყოს საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული ეკონომიკური ზონა. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 250-ზე მეტი პატარა კუნძული, მარჯნის რიფი თუ მცირე ზვინია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ პრეტენზია.

მაგალითად, ვიეტნამი ამტკიცებს, რომ მრავალი კუნძული და რიფი საუკუნეების განმავლობაში ვიეტნამელ მეთევზეებს ეკუთვნოდათ და ეს ტერიტორიები კოლონიურმა საფრანგეთმა ვიეტნამს ოფიციალურად მიაკუთვნა. ქვეყანამ ეს პრეტენზია 2009 წელს გაეროსაც წარუდგინა, რომელსაც შემდეგ მალაიზიაც შეუერთდა.

მალაიზიის პრეტენზია გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციას ეფუძნება შელფის ანუ კონტინენტური მეჩეჩის პრინციპზე. ეს არის ზღვის ფსკერის ზედაპირი, რომელიც ეკვრის ხმელეთს და ახასიათებს მისი მსგავსი გეოლოგიური აგებულება.

walking

საერთაშორისო დადგენილებით, თუ ქვეყნის ხმელეთის შელფი ბუნებრივად ვრცელდება 370 კილომეტრის მიღმა, ამ ქვეყანას შეუძლია განაცხადი შეიტანოს კონტინენტური შელფის საზღვრების კომისიაში, ეკონომიკური ზონის 650 კილომენტრამდე გადაწევაზე. ეს ვრცელდება, მხოლოდ ზღვის ფსკერზე და არა მის ზემოთ წყალზე.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაო ზონაა სპრატლის კუნძულები, რომელთა სხვადასხვა ნაწილზეც ექვს მთავრობას აქვს პრეტენზია.

walking სპრატლის კუნძულები

ფილიპინები, რამდენიმე კუნძულს თავისი არქიპელაგის ნაწილად მიიჩნევს. ბრუნეი მოითხოვს გრძელ მართკუთხედის ფორმის ზონას სპრატლის კუნძულების სამხრეთ კიდესთან, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მთავარი პრობლემა იყო საზღვრების დადგენა მალაიზიასთან. ჩინეთს, ტაივანს და ვიეტნამს კი მთლიან არქიპელაგზე აქვთ პრეტენზია.

სპრატლის კუნძულების ჩრდილოეთით არის მეორე დიდი სადაო ზონა, პარასელის კუნძულების არქიპელაგი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 130 რიფსა და მცირე მარჯნის კუნძულს, რომლებსაც ვერ იყოფენ ვიეტნამი და ჩინეთი.

walking პარასელის კუნძულები

1974 წელს, ვიეტნამის ომის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ სამხედრო ძალით დაიკავა მთელი არქიპელაგი სამხრეთ ვიეტნამისგან. მას შემდეგ ჩინეთი სრულად აკონტროლებს პარესელის კუნძულებს, მაგრამ ვიეტნამი კვლავ აცხადებს მათზე პრეტენზიას.

ჩინეთის დომინაცია სრულიად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ეგრედ წოდებულ “ცხრახაზიანი მონაკვეთის” იდეას ეფუძნება.

1940-იანი წლების ბოლოს, ჩინეთის რესპუბლიკის, ანუ ნაციონალისტური მთავრობის, წარმომადგენლები ცდილობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის საზღვაო საზღვრების განსაზღვრას. 1947 წელს, ჩინელმა კარტოგრაფმა იანგ შუჰუამ კი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის საკუთრება თერთმეტი ხაზით შემოფარგლა. ეს ნიშნები ეფუძნებოდა ძველ საზღვაო რუკებს, ისტორიულ ნარატივებს, იმ დროის პოლიტიკურ მიზნებს და არა ზუსტ კოორდინატებს.

walking იანგ შუჰუას “თერთმეტხაზიანი მონაკვეთი”

1949 წელს, როცა კომუნისტური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ახალმა მთავრობამ ეს რუკა შეინარჩუნა. მას შემდეგ, რაც მაო ძედუნმა ტონკინის ყურე ვიეტნამს გადასცა, შემოსაზღვრულ არეას ორი ხაზი მოაკლდა და დარჩა ცხრახაზიანი ტერიტორია, რასაც ჩინეთი დღემდე თავისად მიიჩნევს.

walking მაო ძედუნის დროს მოკლებული ხაზები

walking დღევანდელი “ცხრახაზიანი მონაკვეთი”

ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობა და მათი მხარდამჭერები კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ ტავიანში გადავიდნენ, რომელსაც დღეს ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია. რადგან თავდაპირველი საზღვრები მათი მთავრობის ქვეშ გაივლო, დღევანდელ ტაივანსაც ჩინეთის მსგავსი პრეტენზიები აქვს.

შემდგომ ათწლეულებში ეს ცხრა ხაზი გადაიქცა ჩინეთის საზღვაო პრეტენზიების ცენტრალურ ელემენტად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი თავად არის გაეროს საზღვაო კონვენციის ნაწილი. ეს კი დანარჩენი მომიჯნავე ქვეყნებისთვის ვერ იქნება სასიხარულო.

2013 წელს ფილიპინებმა ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჩინეთის წინააღმდეგ. 2016 წელს კი სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩინეთის “ცხრახაზიან მონაკვეთს” სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ამას ჩინეთი არ შეუჩერებია.

ძალთა ექსპანსია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ჩინეთი უკვე წლებია იკავებს კლდეებსა და რიფებს მთელს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგ შემთხვევაში, ახალ ხელოვნურ კუნძულებსაც აშენებს.

CSIS-ის, ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2013 წლიდან შექმნილია დაახლოებით 13 მილიონი კვადრატული მეტრი ახალი მიწა და გაზრდილია ჩინეთის სამხედრო და ადმინისტრაციული დაზვერვა.

walking ჩინეთის სამხედრო ბაზები პარასელის კუნძულებზე (CSIS)

პარსელის კუნძულებზე ჩინეთს ოცი სამხედრო პოსტი აქვს, ხოლო სპრატლის კუნძულებზე — შვიდი. პეკინი ასევე აკონტროლებს სკარბოროს რიფს, რომელიც 2012 წელს ხელში ჩაიგდო სანაპირო დაცვის მუდმივი პატრულირებით, თუმცა ამ ობიექტზე ინფრასტრუქტურა არ აუშენებია.

walking ჩინეთის სამხედრო ბაზები სპრატლის კუნძულებზე (CSIS)

როგორ უმკლავდებიან სხვა მთავრობები, ჩინეთის ექსპანსიას?

ტაივანი ერიდება ჩინეთთან ღია კონფრონტაციას. სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმა, ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და მათ შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზრდაოს საომარ მდგომარეობაში. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიმშვიდეს და სტატუს კვოს ამჯობინებს, თუმცა პროვოკაციებს მაინც აქვს ადიგლი.

მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში, ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები ტაივანის მიერ კონტროლირებულ წყლებში შევიდნენ, რამაც ტაივანის სრუტეში დაძაბულობა შექმნა.

ბრუნეი ეკონომიკურად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთზე. ბრუნეის ექსპორტი ჩინეთში 2019 წლიდან გახუთმაგებულია, შესაბამისად მას აღარ აწყობს სავაჭრო პარტნიორის დაკარგვა.

walking ბრუნეის ექსპორტის ზრდა ჩინეთში

მალაიზიაც, როგორც წესი, მშვიდადაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნავთობისა და გაზის მოპოვებას ცდილობს ისეთ ზონებში, სადაც მისი ეკონომიკური ზონა ჩინეთის “ცხრახაზიან მონაკვეთს” ემთხვევა. ჩინეთი პროტესტს გამოხატავს, მაგრამ მალაიზია საქმიანობას მაინც აგრძელებს.

ვიეტნამს მთელ რიგ კუნძულებზე აქვს პრეტენზია და მათზე კონტროლის დასამყარებლად ნელ-ნელა ჩინეთის ტაქტიკასაც იმეორებს. 2014 წელს, ვიეტნამმა შენიშნა ჩინური კომპანიის ნავთობის პლატფორმა პარასელის კუნძულებთან ახლოს, სადაო ზონაში. პეკინის აზრით, ტერიტორია ჩინეთის საზღვრებში იყო, ხოლო ვიეტნამმა ეს ნაბიჯი თავისი სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

ჩინეთმა რეგიონში გაგზავნა ასობით გემი, რომლებმაც ვიეტნამური ხომალდები აგრესიულად განდევნეს, რასაც ვიეტნამში მოჰყვა მასობრივი ანტი-ჩინური პროტესტები და ძალადობრივი შეტაკებები.

ამის შემდეგ, ვიეტნამმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საქმიანობა კიდევ უფრო გაზარდა და 2025 წლისათვის, ჩინეთთან შედარებით 70%-ით მეტი ხელოვნური კუნძული ააშენა.

უცნობია, რატომ არ პასუხობს ამას ჩინეთი. შეიძლება დათმობაზე კომუნისტურ პარტიებს შორის პარტნიორობის გამო მიდის, ან უფრო მედგარ მოწინააღმდეგეს უმკლავდება – ფილიპინებს.

ფილიპინები ჩინეთის ყველაზე ხმამაღალი მეტოქეა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. გარდა იმისა, რომ მანილამ პეკინს სასამართლო დავა მოუგო და საერთაშორისო სკანდალში გახვია, ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წლიდან არსებობს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება, რითაც ამერიკა იღებს პასუხისმგებლობას მის უსაფრთხოებაზე.

თუმცა, ჩინეთი არც ამას უშინდება.

2021 წლის მარტის დასაწყისში ფილიპინების სადაო ტერიტორიასთან, 200-ზე მეტი ჩინური თევზჭერის გემი შენიშნეს, რომლებიც სულაც არ ეწეოდნენ თევზჭერას. მათმა მუდმივმა ყოფნამ გააჩინა ეჭვი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩინეთის დაზვერვის მცდელობა და მორიგი კუნძულის მშენებლობის წინაპირობა.

გასული წლის ივნისში, ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაპირისპირება მკვეთრად გამწვავდა, როცა ერთ-ერთი კუნძულისაკენ მიმავალ ფილიპინების სამხედრო საბარგო ხომალდს გზა ჩინეთის სანაპირო დაცვამ გადაუკეტა. ჩინეთის სანაპირო დაცვის წევრები კი, როგორც კადრებში ჩანს, ფილიპინელებს ცულებითა და დანა-ჩაქუჩებით ემუქრებოდნენ.

მსგავსი შემთხვევა 2025 წლის ოქტომბერშიც განმეორდა. ფილიპინების ინფორმაციით, ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ფილიპინელებით დასახლებულ თიტუს კუნძულის მახლობლად გაჩერებულ გემს შეეჯეხნენ.

მანილამ პეკინი “აგრესიული და დაუშვებელი ქმედებების” გამო დაგმო და განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა ფილიპინების სუვერენულ ტერიტორიულ წყლებში. პეკინმა კი ბრალდებები უარყო და თავად მანილა გამოაცხადა მომხდარის პროვოკატორად.

რას აკეთებს ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება?

შეერთებული შტატების რეაქცია და საერთასორისო ინტერესები

როდესაც ჩინეთმა ფილიპინებთან დაკავშირებული ისტორიული საარბიტრაჟო დავა წააგო, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქცევის კოდექსის შექმნა სცადა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საშუალებით. ეს კი ბევრმა ანალიტიკოსმა ჩინეთის მოჩვენებით საქციელად მიიჩნია დიპლომატიური ზეწოლის ასაცილებლად, რადგან ორგანიზაცია 2002 წლიდან ცდილობდა მსგავსი კოდექსის შემუშავებას, თუმცა ჩინეთს მანამდე ეს საკითხი სერიოუზლად არ მიუღია.

არც ბოლო დროინდელი მცდელობა მიიწევს მაინცდამაინც წინ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას თერთმეტი რეგიონალური წევრი ჰყავს, რომელთაგან ყველა არ ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ბევრს არ სურს ჩინეთთან ურთიერთობების დაძაბვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი რჩება ისევ იმ ოთხი-ხუთი ქვეყნისთვის, რომლებსაც უკვე შევეხეთ. ასეთ ვითარებაში კი პროგრესიც შენელებულია.

თუმცა, 2025 წლის აპრილში, როგორც ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები “პოლიტიკურად მზად არიან” სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის წესების კოდექსის დამტკიცებისთვის 2026 წლისთვის. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ამ რეგიონში განსაკუთრებული ინტერესი აქვს შეერთებულ შტატებსაც.

იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გადაზიდვების ზონაა, შეერთებულ შტატებს არ აწყობს ამ სტრატეგიულ ტერიტორიაზე მისმა მეტოქე ჩინეთმა დაამყაროს თითქმის სრული კონტროლი. ამას ჩინეთი გამოიყენებს გეოეკონომიკურ ბერკეტად და იმაზე დიდ გავლენას მოიპოვებს მსოფლიო ვაჭრობაზე, ვიდრე იშვიათი მიწაელემენტების საშუალებით უკვე აქვს, რაც აქ დეტალურად განვიხილეთ.

შეერთებულ შტატებთან ერთად, ამ ზღვის გადაზიდვებზე არიან დამოკიდებულები მისი მოკავშირეებიც, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა და ფილიპინები. თითოეულ მათგანთან კი ამერიკას ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რითაც პასუხისმგებლობას იღებს მათ უსაფრთხოებაზე და ნებისმიერი სერიოზული დაძაბულობა რეგიონში, რისკავს ამერიკის სამხედრო ჩარევას.

ამერიკას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარნტიორიად ითვლება სინგაპურიც. სინგაპურსა და შეერთებულ შტატებთან ოფიციალური თავდაცვის ხელშეკრულება არ აქვს, მაგრამ ის დიდი ხანია ამერიკულ ხომალდებსა და სამხედრო თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს გამოიყენონს თავისი ბაზები, საჰაერო სივრცე თუ პორტები.

სინგაპური კი მდებარეობს მალაკას სრუტეზე, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო ობიექტზე მსოფლიოში, საიდანაც გემები სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში ხვდებიან. შესაბამისად, შეერთბული შტატები ვერც მაშინ უყურებს მოვლენებს მშვიდად, თუ მალაკას სრუტეში შეფერხებები იქნება. ამ სტრატეგიულ სრუტეზე კი მეტ ინფორმაციას აქ მიიღებთ.

შეერთებული შტატები, 2015 წლიდან ახორციელებს “ნავიგაციის თავისუფლების იპორაციებს” (FONOPs) სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რაც გულისხმობს ამერიკული სამხედრო გემების და ავიაციის მიზანმიმართულ გავლას იმ წყლებში, სადაც ჩინეთი ითხოვს სუვერენიტეტს ან ზღუდავს უცხო ქვეყნების გადაადგილებას. ამ ოპერაციების მიზანია დაიცვას საერთაშორისო ნავიგაციის თავისუფლება და აჩვენოს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა არ არის ერთი ქვეყნის ექსკლუზიური სივრცე.

2025 წლის ზაფხულს კი, ფილიპინების სასამართლოში გამარჯვებიდან ცხრა წლის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ჩინეთს მოუწოდა პატივი ეცა სასამართლო განჩინებისთვის და შეეწყვიტა რეგიონის დესტაბილიზაცია.

რომ შევაჯამოთ, სამხრეთ ჩინეთის ზღვა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური რეგიონია, სადაც კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება წარმოიშვას. ჩინეთს ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომლის დათმობსაც არ აპირებს. თუმცა უცნობია, ამერიკა ჩაერევა თუ არა სამხედრო გზით, თუ კონფლიქტი გამწვავდა.

აუდიო ვერსია: