ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რა აღმოვაჩინე სინგაპურში: 15 საინტერესო ფაქტი მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქ-სახელმწიფოზე

გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქ-სახელმწიფოში, სინგაპურში, მოგზაურობის შემდეგ.

პროფესიოულად ბევრს ვმოგზაურობ და ჩემმა მორიგმა გამოცდილებამ აღმომაჩენინა ეს პატარა კუნძული, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. საქმიანი კონფერენციის პარალელურად, სადაც სიტყვით გამოვედი და “ცნობისთვის” დაარსების ისტორიაც გავუზარე აუდიტორიას, ამ ქვეყნის შესახებ მრავალი საინტერესო ფაქტის შევაგროვე, რასაც თქვენც გიზიარებთ.

walking

პირველი: იცოდით, რომ სინგაპური საქართველოსზე 97-ჯერ პატარაა, მაგრამ მისი მოსახლეობა თითქმის ორჯერ მეტია? წარმოიდგინეთ, თბილისში რომ 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდეს!

სწორედ ამ სიმჭიდროვის გამო, სინგაპურში თითქმის ყველაფერს — საცხოვრებლებს, მაღაზიებს, სპორტდარბაზებს — ვხვდებით მაღალსართულიან შენობებში.

მეორე: ფართობის სიმცირეს გამო სოფლის მეურნეობა თითქმის არ აქვთ, ამიტომ საკვების 90% იმპორტირებულია.

მესამე: ამის მიუხედავად, საკვები არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ გამაოგნებლად იაფია, აზიური ბაზრების წყალობით. ეს არის ერთ დიდ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების ერთობა, სადაც შეხვდბით ყველანაირი კულტურის კერძს ხელმისაწვდომ ფასად.

მაგალითად, კონფერენციის ორგანიზატორებმა 25 სინგაპურუილი დოლარი მომცეს ვაუჩერის სახით, რაც დაახლოებით ოც ამერიკულ დოლარს უტოლდება და სასმელის, მთავარი კერძისა და დესერტის შემდეგ ამ თანხის ნახევარი ისევ დაუხარჯავი დამრჩა.

ადგილობრივებმა გამანდეს, რომ ბევრი საერთოდ აღარ ამზადებს სახლში: სამუშაო დატვირთვა მაღალია, გარეთ საკვები კი იაფი და ხარისხიანი. ამ სიცხეში კი ქურასთან ტრიალი დისკომფორტია.

walking

walking

მეოთხე: სინგაპური ეკვატორთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მთელი წელი ცხელი და ტენიანი ამინდია. ტემპერატურა დღის განმავლობაში თითქმის არ იცვლება და არც დილას ან საღამოს გრილდება დიდად. ამიტომ, ფეხით სიარული განსაკუთრებით რთულია. გარეთ გასვლის შემდეგ კი იგივე სამოსის კიდევ გამოყენება და დღის შხაპის გარეშე გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეხუთე: ამიტომ, სინგაპურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული და იაფი სატრანსპორტო სისტემა აქვს, რომელსაც მოსახლეობის ყველა ფენა იყენებს. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში ავტობუსით მგზავრობა კი რვა ცენტი დამიჯდა. საჯარო ტრანსპორტის გაჩერებებს შეხვდებით ყველგან, როგორც მეტროს ისე ავტობუსებს. ლოდინის საშუალო დრო კი 5 წუთია.

მეექვსე: ტრანსპორტში ვიდეო გადაღება საზოგადოებისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა, რაც თავიდან გამიკვირდა და შემდეგ მივხვდი, რომ სინგაპურელები ამას არ აღიქვამენ პირადი სივრცის დარღვევად და მიჩვეულებიც არიან, რადგან კამერებს შეხვდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

walking

სწორედ ასე იცავს სინგაპურის მთავრობა საზოგადოებრივ წესრიგს. მათ უმკაცრესი წესები და ჯარიმები აქვთ წესრიგის დარღვევაზე. მაგალითად, სასმელის შენახვა მეტროში ჩასვლისას ჩანთაში მიწევდა, რომ $500-იანი ჯარიმა ამერიდებინა.

walking

კამერას თავს ვერავინ აარიდებს, რადგან ტექნოლოგიურად იმდენადაა განვითარებული ეს ქვეყანა, რომ აეროპორტშიც კი მომძებნიდნენ გამგზავრების წინ და ჯარიმას გადამახდევინებდნენ.

მეშვიდე: ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ფაქტიურად ამ ქვეყნის ეკონომიკის გამომძრავებელი ძალაა. სინგაპურს არ გააჩნია არანაირი ბუნებრივი რესურსი, ამიტომ აქცენტს აკეთებს თავისი მოქალაქეების ინტელექტზე, საფინანსო სექტორზე და ტექგანვითარებაზე.

2014 წელს, მთავრობამ დაიწყო ინიციატივა Smart Nation (ჭკვიანი ერი), რომლის ფარგლებშიც მოხდა ყველა სექტორის ელექტრონიზაცია, ტრანსპორტიდან დაწყებული, ჯანდაცვითა და განათლებით დასრულებული. ამიტომ, სინგაპურელებისთვის ტექნოლოგიები ისეთივე ინფრასტრუქტურაა, როგორიც წყლისა და ელექტროობის გაყვანილება.

მერვე: ინფრასტრუქტურის თემა რომ გავაგრძელოთ, ამ ერთ ციდა ქვეყანაში, ტერიტორიის ნახევარი ეთმობა გამწვანებას. სინგაპურში შეხვდებით მსოფლიო დონის ბოტანიკურ ბაღებს, ერთს მარინას ყურის პირას, ხოლო მეორეს ქალაქის საშოპინგო უბანთან ახლოს. ორივე მათგანი შთამბეჭდავი სანახაობაა. იქ იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე და წარმოდგენილია სპეციალური სათბურები, სადაც, მაგალითად, გაცოცხლებულია დინოზავრების ეპოქის ფლორა და ორქიდეების უსასრულო სახეობები.

walking

მეცხრე: სინგაპური არქიტექტურულად ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა, რაც ყოველ ნაბიჯზე შეიმჩნევა. ეს ქვეყანა სულ რაღაც 60 წლისაა, ამიტომ მისი ურბანული ლანდშაფტი თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი არის Marina Bay Sands (მარინა ბეი სენდს) — მსოფლიოში ყველაზე ფოტოგენური შენობა, რომელიც დღისითაც და ღამითაც ულამაზესი სანახაობაა.

walking

მეათე: სინგაპურში ძალიან ცოტა ძველი შენობაა და ისტორიული არქიტექტურის საძიებლად ჩინურ უბანში წავედი. იქ დღემდე შემორჩენილია რამდენიმე ქუჩა, სადაც თავდაპირველი ჩინელი მიგრანტები დასახლდნენ, თუმცა ეს ადგილიც ძირითადად უკვე კომერციულ ზონად არის ქცეული, სუვენირებით, ბაზრებითა და კაფეებით.

walking

მეთერთმეტე: აქვე შევამჩნიე ბუდისტური ტაძარი და რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია, რაც მიუთითებს სინგაპურის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურელების უმრავლესობა ჩინური წარმოშობისაა, აქ რელიგიური მრავალფეროვნებაა.

walking

ადგილობრივები კი ხშირად აღნიშნავებ, რომ სინგაპური არის ქვეყანა ყველასთვის. აქვთ ოთხი ეროვნული ენა, ყველაზე გავრცელებული კი ინგლისურია, რაც არაა გასაკვირი, რადგან სინგაპური ყოფილი ბრიტანული კოლონიაა.

მეთორმეტე: საინტერესოა, რომ შენობების უმრავლესობა სინგაპურში სახელმწიფოს ეკუთვნის, მათ შორის ადგილობრივების ბინებიც. უმეტესობა ბინებს 99-წლიანი იჯარით იღებს სახელმწიფოსგან, ეს მოდელი კი ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების კონტროლს, ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას და ურბანული განვითარების მენეჯმენტს ემსახურება. სახელმწიფო ზუსტად განსაზღვრავს, როგორ, სად და ვისთვის აშენდეს ახალი საცხოვრებელი.

მეცამეტე: ყველაზე დიდი შტაბეჭდილება კი ჩემზე ტაქსისტთან საუბარმა მოახდინა. სინგაპური ნამდვილად პირველი ქვეყანაა, სადაც ტაქსისტმაც კი გულწრფელი კმაყოფილება გამოხატა ქვეყნის ეკონომიკით და საცხოვრებელი პირობებით. ეს იყო ერთგვარი ცოცხალი აფირმაცია, რომ ხალხი ნამდვილად სარგებლობს იმ სისტემით, რომელშიც ცხოვრობს.

მეთოთხმეტე: მაინც ვერ დავტოვებ უკომენტაროდ იმ ფაქტს, რომ სინგაპურის მმართველობა ძლიერ ცენტრალიზებულია. ბევრი მას ავტორიტარულ მმართველობადაც აფასებს, თუნდაც ფორმალურად დემოკრატიული სისტემის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, ჩემი დაკვირვებით, ხალხი არ ჩანდა ამით გულდაწყვეტილი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, კმაყოფილები იყვნენ ყოველდღიური ცხოვრებით, სოციალური წესრიგით, ინფრასტრუქტურით და სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული სტაბილურობით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური გულწრფელობა ძნელია ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველგან კამერა გიყურებს.

მეთხუთმეტე: და ბოლოს, სინგაპურულ ბუნების, არქიტექტურის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა არც აეროპორტში მთავრდება. პირიქით, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი მსფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილადაა აღიარებული, სადაც პირდაპირ ბოტანიკურ ბაღს და ჩანჩქერს შეხვდებით. სხვადასხვა ტერმინალებში კი მოწყობილია ბუნების იმიტაცია და მოსასვენებელი ადგილები.

არც პასპორტკონტროლის გავლაა აქ საჭირო მესაზღვრესთან. წინასწარ შევსებული დოკუმენტის საფუძველზე, მხოლოდ პასპორტის დასკანირებით შედიხარ და გადიხარ ქვეყნიდან, ზედმეტი უსაფრთხოების ნორმების გარეშე. სწორედ ამიტომ, არ შეგხვდებათ რიგები და გადატვირთული ტერმინალები.

ყველაფერი არის სწრაფი, ორგანიზებული და ტექნოლოგიურად გამართული.

იხილე ვიდე:

“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძის თვალით დანახული სინგაპური, ახალ რუბრიკაში “ცნობის მიღმა”: