ახალი ბირთვული შეთანხმება: საუდის არაბეთი და პაკისტანი ამერიკის წინააღმდეგ ერთიანდებიან?
შეთანხმება, რომელსაც არავინ ელოდა.
ისრაელის მიერ კატარზე განხორციელებული 9 სექტემბრის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს “სტრატეგიულ ურთიერთდაცვის შეთანხმებას,” რომლის სრული ტექსტი არ გასაჯაროებულა. თუმცა ვიცით, რომ თავდასხმა რომელიმე მათგანზე ჩაითვლება თავდასხმად ორივეზე, რაც ძალიან ჰგავს ნატოს მეხუთე მუხლს.
საუდის არაბეთი, სადაც ისლამის ყველაზე წმინდა ქალაქები, მექა და მედინა მდებარეობს, ახლა უსაფრთხოებას უკავშირებს პაკისტანს, ერთადერთ მუსლიმურ ბირთვულ სახელმწიფოს. რეგიონში ჩნდება ახალი სამხედრო ალიანსი, რომელიც კიდევ ერთხელ ცვლის გეოპოლიტიკურ რეალობას.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, შეთანხმებაში ბირთვული თავდაცვის მექანიზმი რამდენად ფიგურირებს, საუდის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ “ეს არის ყოვლისმომცველი თავდაცვითი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყველა სამხედრო საშუალებას.” საუდის არაბეთი აღმოჩნდა ბირთვულ ქოლგის ქვეშ, ბირთვული იარაღის გარეშე.
რატომ გადაწყვიტეს საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვითი პაქტის გაფორმება, რა გეოპოლიტიკური მიზნები დგას ამის უკან და როგორ შეიძლება ამ შეთანხმებამ შეცვალოს გლობალური და რეგიონული ძალთა ბალანსი.
შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურე
ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი ათწლეულია სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტორად ითვლება. ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, მსოფლიოს ენერგეტიკულ ცენტრად გადაიქცნენ, დასავლეთის ეკონომიკა კი მათი ნავთობის ექსპორტზე გახდა დამოკიდებული.
ამ დროს, შეერთებულმა შტატებმა დაინახა აუცილებლობა დაეცვა რეგიონში არსებული რეჟიმები და ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება, რაც ცივი ომის დროსაც გაგრძელდა, საბჭოთა კავშირის გავლენისა და ენერგეტიკული კრიზისის შესაკავებლად.
ამ მიზნით შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფრომა. მაგალითად, 1945 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი საუდის არაბეთის მეფე აბდულ აზიზ ბინ საუდის შეხვდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულ შტატებს ენერგორესურსების დამატებითი წყაროები ესაჭიროებოდა, ხოლო საუდის არაბეთი ახალ გლობალურ წესრიგში საკუთარი რესურსების დაცვის გარანტიას ეძებდა. სწორედ აქედან გახდნენ საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი მოკავშირეები.
1980-იან წლებში შეერთებულ შტატებში გაჩნდა პრეზიდენტ “კარტერის დოქტრინა”, რომელიც გულისხმობდა ამერიკის ინტერესების დაცვას ახლო აღმოსავლეთში. ასეც მოხდა. ირან–ერაყის ომის პერიოდში, ამერიკული სამხედრო ფლოტი უზრუნველყოფდა “ჰორმუზის სრუტის” უსაფრთხოებას, რომელიც სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, ამ გზაზე კი მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20-25% გადის.
კარტერის დოქტრინის პიკად კი 1991 წლის სპარსეთის ყურის ომი მოიაზრება, როცა ამერიკულმა ძალებმა დაიცვეს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოები, ხოლო საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ საწვავი და დაფინანსება გამოუყო. ასევე აღსანიშნავია, ამერიკის მეხუთე საზღვაო ფლოტის განთავსება ბაჰრეინში 1995 წელს, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო ცენტრია რეგიონში. არ უნდა გამოგვრჩეს 1996 წელს კატარში დაარსებული “ალ უბეიდის” უდიდესი საჰაერო ბაზაც, საიდანაც იმართება ამერიკის ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში.
სწორედ ამ ბაზებმა მისცეს შეერთებულ შტატებს საშუალება მოეპოვებინა გავლენა ახლო აღმოსავლეთში, ემართა კრიზისები და დაეცვა მოკავშირეები, მათ შორის ისრაელი და ნავთობის ინფრასტრუქტურა.
ამ ურთიერთობებში იყო წყვეტაც 1970-იან წლებში, “იომ-ქიფურის ომისას”, რომელსაც არაბულ სამყაროში მეოთხე არაბ-ისრაელის ომის სახელით იცნობენ. ამ დროს, არაბულმა ქვეყნებმა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, ნიდერლანდებს და პორტუგალიას, ნავთობზე ემბარგო დაუწესეს ისრაელის მხარდაჭერისთვის. თუმცა, 1974 წელს, შეერთებულ შტატებს ემბარგო მოუხსნეს და მეტიც, სწორედ ამ დროს გაფორმდა ნავთობის დოლარში გაყიდვის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის, ამერიკული იარაღის მიღების სანაცვლოდ. ეს თანამშრომლობა კი დღემდე გრძელდება.
უფრო თანამედროვე მაგალითია, 2017 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისას საუდის არაბეთში $350 მილიარდ დოლარიანი სამხედრო გარიგება, რომლის მიხედვითაც $110 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს საუდის არაბეთი დაუყოვნებლივ მიიღებდა, დანარჩენს კი მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
თუმცა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის უფრო მასშტაბური მიზნები ჰქონდა. მის უნდოდა (1) შეერთებული შტატებისგან ოფიციალური უსაფრთხოების გარანტიები დოკუმენტის სახით, (2) ამერიკული მაღალი კლასის სამხედრო ტექნიკის, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიღება და (3) ამერიკის ღია მხარდაჭერა სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის.
ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, 2024 წლის მაისში ბაიდენის უსაფრთხოების მრჩეველი საუდის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა, სადაც მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შეთანხმების “ნახევრად საბოლოო” ვერსია, რომლის სანაცვლოდაც საუდის არაბეთი ისრაელთან დაიწყებდა ურთიერთობის ნორმალიზებას. თუმცა, ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე ეს დინამიკა შეიცვალა.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ ამერიკა მას $142 მილიარდის ოდენობის იარაღს მიყიდდა. უცნობია ჩამონათვალში იყო თუ არა F-35 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ისრაელს აქვს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ტრამპმა ასევე სიტყვიერად მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის სურვილს აწარმოოს ატომური ენერგია სამოქალაქო გამოყენებისთვის. ეს ნავთობით მდიდარი ქვეყანა მიზნად ისახავს 2030 წლისათვის მეტი ელექტროენერგიის წარმოებას გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით. როცა ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია 2025 წლის მაისში, ვიცით, რომ ვიზიტისას საუდის არაბეთის ატომური ენერგიის წარმოების შესაძლებლობაც განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული შეთნხმება ვერ იქნა მიღწეული.
გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა, თუმცა საუდის არაბეთმა ვერ მოახერხა ვერცერთი მთავარი მიზნის მიღწევა ოფიციალური გარანტიების დონეზე. ეს კი იმ ფონზე, როცა ისრაელმა კატარში, სადაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა მდებარეობს, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა თითქოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის მთავარი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში არის ისრაელი, მისი უსაფრთხოება და შეიარაღება. ამიტომ, საუდის არაბეთმა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა თავისი უსაფრთხოების გასამყარებლად და ხელშეკრულება ბირთვულ პაკისტანთან გააფორმა.
პაკისტანის და საუდის არაბეთის თანამშრომლობა
პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმება წარმოადგენს საუდის არაბეთის მცდელობას მოიპოვოს სტრატეგიული ავტონომია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება უცაბედი და მოულოდნელი შეიძლება ჩანდეს, სხვადასხვა მონაცემებით, მასზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის მანძილზე მიდიოდა. კატარში მომხდარმა ისრაელის საჰაერო დარტყმამ კი ეს პროცესი უბრალოდ დააჩქარა.
ერ-რიადისა და ისლამაბადის თანამშრომლობა მრავალ ათწლეულს ითვლის. მაგალითად, როცა ისლამაბადმა 1998 წელს ბირთვული გამოცდები ჩაატარა, პაკისტანის ეკონომიკა თითქმის კატასტროფის ზღვარზე იდგა. ქვეყნის უცხოური სავალუტო რეზერვები 400 მილიონ დოლარამდე დავიდა მაშინ, როცა საგარეო ვალი 32 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ატომური იარაღის დატესტვის შემდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა პაკისტანი გაკოტრების პირას მიიყვანა, მაგრამ ის სწორედ საუდის არაბეთმა იხსნა.
ერ-რაიდი ისლამაბადს დღეში 50 ათასი ბარელი ნავთობის მიწოდებაზე დათანხმდა მთელი წლის მანძილზე, სამწლიანი გადახდის პირობით. მოგვიანებით, კი საუდის არაბეთმა პაკისტანს ეს დავალიანება აპატია და დახმარებად ჩაუთვალა. ამ დროს ნავთობის ფასები $10-მდე იყო დაცემული ბარელზე, რის გამოც პაკისტანის დასახმარებლად საუდის არაბეთი თვითონაც ბიუჯეტურ დეფიციტში გადაეშვა, თუმცა სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში გაწეულმა დახმარებამ შექმნა საუდი–პაკისტანის ურთიერთობის ფუნდამენტი.
2018 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც ისლამაბადს ისევ ერ-რიადი დაუდგა გვერდში ექვს მილიარდ დოლარიანი დახმარებით. აქედან სამი მილიარდი დოლარი საგადასახადო ბალანსის მხარდასაჭერად გამოუყო და დამატებით სამი მილიარდი დოლარი ნავთობის იმპორტის დასაფინანსებლად.
რეალური გარდამტეხი ეტაპი კი ამ ურთიერთობაში სწორედ ახლა დგება, თავდაცვის ხელშეკრულების დადების შემდეგ.
სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს უკვე წლებია პაკისტანის არმია სანდო და ბირთვული შესაძლებლობების მქონე შეკავების ძალად მიაჩნიათ, ხოლო 2025 წლის მაისში ინდოეთთან მომხდარმა შეტაკებამ ეს რწმენა კიდევ უფრო გაამყარა. პაკისტანს სჭირდება ენერგეტიკული და ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო საუდის არაბეთს — უსაფრთხოების ძლიერი პარტნიორი. მათი კავშირი ერთმანეთის საჭიროებებზე დაფუძნებული სტრატეგიული ალიანსია.
ამ ხელშეკრულებას თან ახლავს უსაფრთხოების რისკებიც, რადგან საუდის არაბეთი დაპირისპირებულია ირანთან და იემენთან, ხოლო პაკისტანი — ინდოეთთან და ავღანეთთან. აქედან კი ინდოეთის მიმართულება ყველაზე რთული და საინტერესოა.
მაშინ როცა ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ქაშმირის რეგიონში უპირისპირდებიან, საუდის არაბეთი ინდოეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.
ინდოეთს საუდის სამეფოდან ნავთობის 18%-ზე მეტი შემოაქვს და ის მისი მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ დაახლოებით 42 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სამჯერ ეწვია საუდის სამეფოს. შესაბამისად, პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ახალ გაურკვევლობებს აჩენს ინდოეთთან ურთიერობებში.
პაკისტანს რეალურად არ სჭირდება საუდის უსაფრთხოების გარანტიები. მისი არმია უკვე ფლობს ბირთვულ შეკავების ძალას, საკუთარი სამხედრო მრეწველობას და ჩინურ იარაღს, რაც მას საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაიცვას თავი. მაგრამ საუდის არაბეთთან პარტნიორობით, ის შეძლებს მომარაგების ჯაჭვის, ლოჯისტიკისა და ეკონომიკური სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით სანქციების ფონზე.
პაკისტანს უკვე შეუძლია თავისი იარაღის არსენალი და სამხედრო მრეწველობა გაზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე მისი ეკონომიკა მისცემდა საშუალებას. ეს კი ისლამაბადს მისცემს ომის წარმოების ისეთ შესაძლებლობას, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაც ინდოეთისათვის დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია.
ეს შეთანხმება არანაკლებ ღირებულია საუდის არაბეთისთვისაც. ერ-რიადი სულ უფრო აღშფოთებული იყო ისრაელის სამხედრო კამპანიით ღაზას სექტორში. სატახტო პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ისრაელი გენოციდშიც კი დაადანაშაულა და ქვეყნის საგარეო მინისტრამა მკაფიოდ თქვა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია ომის დასრულებამდე და პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ ნაბიჯების გადადგმამდე.
შესაბამისად, პაკისტანთან თავდაცვის ხელშეკრულება ერთდროულად წარმოადგენს სიგნალს ვაშინგტონისა და თელ-ავივისადმი, რომ ერ-რიადს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა თვითონ განსაზღვროს. არ არის გამორიცხული მომავალში ამ ალიანსის გაფართოებაც. ყველაზე სავარაუდო კანდიდატებად კი ითვლებიან კატარი, თურქეთი, ეგვიპტე, ბანგლადეში და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
შეერთებული შტატების პასუხი
პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმებით, საუდის არაბეთმა ფაქტობრივად მიიღო ბირთვული დაცვა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ნორმების დარღვევის გარეშე, ხოლო პაკისტანმა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი ფინანსური პარტნიორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებისა და ფინანსური შეზღუდვების დარღვევის გარეშე.
აშკარაა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულხელდაგრეფილმა უყუროს. პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო ხელშეკრულებიდან მალევე, დონალდ ტრამპმა წამოჭრა საკითხი ავღანეთში მდებარე “ბაგრამის” სამხედრო ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
2021 წელს ავღანეთიდან შეერთბული შტატების ძალების გამოყვანის შემდეგ, “ბაგრამის” ბაზა თალიბანის ზედამხვედველობის ქვეშ გადავიდა, თუმცა ახლა შეერთებული შტატები მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული და, როგორც ტრამპი აცხადებს, “ცუდი ამბები დატრიალდება,” თუ ეს ასე არ მოხდება. ვაშინგტონი ახლა შესაძლოა ეძებდეს გზებს, როგორ დაზვეროს და გაანეიტრალოს პაკისტანიდან წამოსული შესაძლო საფრთხეები, ამისთვის კი “ბაგრამის” ბაზა გეოგრაფიულად იდეალურად არის განთავსებული.
მანამდე, პაკისტანმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა 2025 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის დასრულებისთვის, ხოლო საუდის არაბეთმა 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა შეერთებულ შტატებში.
აუდიო ვერსია: