როგორ მუშაობს პუტინის პროპაგანდა და იდეოლოგია
რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა?
ეს ფრაზა ხშირად გვესმის, თუმცა მისი სიღრმისეული განმარტება იშვიათად თუ შეგვხვედრია. თითქოს დღეს რუსული პროპაგანდის შინაარსი და ფორმა ინტუიციურად უნდა გვესმოდეს. თუმცა ასახსნელი ბევრია.
ამ ვიდეოში ვლადიმერ პუტინის საყვარელ ფილოსოფოსზე, ივან ილინზე გიყვებით, რომლის იდეოლოგიასაც, როგორც ბევრი მიიჩნევს, რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ეფუძნება.
ივან ალექსანდროვიჩ ილინი 1883 წელს დაიბადა და იყო რუსი იურისტი, რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, ორატორი და კონსერვატორი მონარქისტი, რომელიც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგი იყო.
ილინი ასევე ეწინააღმდეგებოდა ინდივიდუალიზმს, ინტეგრაციას, ძალაუფლების გარდასვლას, სიახლეს, სიმართლესა და თანასწორობას, ანუ დემოკრატიულ ღირებულებებს. მისი სტატია “რუსული ნაციონალიზმის შესახებ” იწყება მოცემულობით, რომ ეროვნულ რუსეთს ჰყავს მტრები.
რატომ? იმიტომ, რომ ნაკლოვანი მსოფლიო ეწინააღმდეგება ღვთაებრივი მთლიანობის ერთადერთ წყაროს - რუსეთს.
ილინი მიიჩნევდა, რომ ომი გამართლებული იყო მაშინ, როდესაც ერის სულიერი მიღწევები საფრთხეში იყო და ღმერთის მტრების წინააღმდეგ ომის დაწყება უდანაშაულობის გამოხატულებად ითვლებოდა. ილინისთვის ღმერთი რუსეთი იყო.
ის აღიარებდა რუსეთის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო ისტორიაში და თვლიდა, რომ რუსული ერი იყო ღვთაებრივი მთლიანობის (Divine Totality) ერთადერთი წყარო, რომელსაც რუსეთის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება მიაღწევდა.
ილინს კიდევ სამი მნიშვნელოვანი იდეა ჰქონდა.
პირველი — ის ფიქრობდა რომ თავისუფლება ნიშნავდა შენი ადგილის ცოდნას საზოგადოებაში. ანუ მას სჯეროდა ისეთი თავისუფლების, სადაც ყველას თვისი ადგილი აქვს მიჩენილი და იქიდან ვერ მოახდენს სოციალურ დაწინაურებას.
მეორე — მისი აზრით დემოკრატია იყო რიტუალი. ხალხი ხმას აძლევდა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლექტიური მხარდაჭერა ეჩვენებინა ლიდერისთვის, რომელიც ხალხის ნებას კი არ გამოხატავდა, არამედ წარმოადგენდა მითოლოგიური ფიგურის განსახიერებას.
მესამე — ილინის აზრით არ არსებობდა ფაქტები და მატერიალური სამყარო. ყველაფერი იყო სუბიექტური და ფაქტებს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ილინი ფიქრობდა, რომ ნებისმიერი რამის გამოძერწვა იყო შესაძლებელი და შემდეგ ამ რეალობის ხალხისთვის შეთავაზება.
ილინი 1958 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი შეხედულებები დღეს არანაკლებ პოპულარულია ვიდრე მაშინ.
როგორც პოეტმა ჩარლზ პეგიმ თქვა “ყველაფერი მისტიკით იწყება და პოლიტიკით მთავრდება.” ასე მოხდა ილინის შემთხვევაშიც, რომელიც ნათელი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ძველი იდეოლოგია ახალ რეალობაში ადაპტირდეს.
ილინის იდეოლოგიის ადაპტირების ნიშნები, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოჩნდა.
1960-1970-იან წლებში საბჭოთა მოქალაქეები იზრდებოდნენ წარსულის კულტში, რომელიც დასავლეთს მუდმივ საფრთხედ განიხილავდა. გაჩნდა იდეა, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთის “უბიწო კულტურას” შურით უყურებდნენ და ისინი სწორედ ამიტომ იყვნენ რუსეთის “მარადიული მტრები.”
ეს მითი შემდეგ რეალურ პოლიტიკად გადაიქცა: საბჭოთა ლიდერებმა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ვერ აღწევდნენ პროგრესსა და განვითარებას, დაიწყო იმ საზღვარგარეთის დემონიზება, რომელიც წარმატებას აღწევდა.
ეს ნარატივი ემსახურებოდა რუსეთის შიდა პრობლემების გადაფარვას და რეჟიმის ლეგიტიმაციის განმტკიცებას.
ამგვარი პოლიტიკა აისახა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე თანამედროვე რუსეთის ქმედებებში, სადაც შიდა ჩავარდნები ხშირად გადატანილია გარე სამყაროსთან დაპირისპირების ფორმატში.
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ დიადი რუსეთი, დასავლეთის უსამართლო მტრობის მსხვერპლად გადაიქცა და შეიქმნა სურათი, სადაც რუსეთი არის აბსოლუტური სიკეთე, რომელსაც დაუძინებელი მტერი, დასავლეთი ებრძოდა.
სანამ პუტინის რეჟიმამდე მივალთ, გავიხსენოთ როგორ გახდა ვლადიმერ პუტინი რუსეთის მმაართველი.
1999 წელს, ბორის იელცინი ავადობდა და დადგა საკითხი ძალაუფლების გადაბარებისა ვინმე ისეთზე, ვინც იელცინის ოჯახის სიმდიდრეს გაუფრთხილდებოდა.
ამ პროცესს კი ორი საფეხური ჰქონდა:
პირველი, უნდა ეპოვათ ახალი ფიგურა, რომელიც იელცინთან არ იქნებოდა ასოცირებული და მეორე — უნდა გამოეგონათ პრობლემა, რომლესაც ახალი მმართველი თითქოს და გაუმკლავდებოდა.
შემდეგი ხელისუფალის ძიებაში, იელცინის წრემ ჩაატარა სახალხო კვლევა, სადაც ხალხს საყვარელი ზღაპრული გმირის შესახებ ეკითხებოდნენ. ამ გამოკითხვაში კი მაქს შტირლიცმა გაიმარჯვა, საბჭოთა ნოველების გმირმა, რომლის ეკრანიზაციაც 1973 წელს შედგა სათაურით “გაზაფხულის 17 გაელვება.”
შტირლიცი (სტანისლავ გრიგორიევიჩ შტრელნიკოვი) იყო ლიტერატურული საბჭოთა აგენტი გერმანიის სამხედრო დაზვერვაში მეორე მსოფლიო ომის დროს, კომუნისტი ჯაშუში, რომელიც ნაცისტური ფორმით მოქმედებდა.
სწორედ ამიტომ შეჩერდა არჩევანი ვლადიმერ პუტინზე, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის კა-გე-ბე-ში უმნიშვნელო თანამდებობა ეკავა. პუტინი განასახიერებდა ისეთ მითოლოგიურ ფიგურას, როგორსაც ილინი მიიჩნევდა კარგ მმართველად.
პუტინის პირველი ორი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2000-2008 წლებში, სურკოვმა, რომელიც პუტინის ხელდასმას ედგა სათავეში, გამოიყენა მართვადი კონფლიქტები პოპულარობის მოსაპოვებლად ან ინსტიტუტების შესაცვლელად. 2002 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ათობით რუსი მშვიდობიანი მოქალაქე ტერორისტებისგან თეატრის გათავისუფლებისას, ტელევიზია მთლიანად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცა. 2004 წელს, როდესაც ერთ-ერთ სკოლას ტერორისტებმა ალყა შემოარტყეს, გაუქმდა რეგიონალური გობერნატორების არჩევით დანიშვნის წესი.
ამის გასამართლებლად, სურკოვმა ილინზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსებმა ჯერ არ იცოდნენ როგორ ჩაეტარებინათ არჩევნები. სურკოვის აზრით, რუსეთი არ შეიძლებოდა მზად ყოფილიყო თანამედროვე დემოკრატიისთვის. მან ასევე განაგრძო, რომ რუსეთი თავისი სუვერენიტეტით აღემატებოდა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს და ის ამტკიცებდა, რომ ძველი საბჭოთა კავშირის არც ერთ არარუს ერს არ შეეძლო სახელმწიფოებრიობა.
თუმცა სურკოვი ცდებოდა. 2004 წელს, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი - შეუერთდნენ ევროკავშირს, რაც იმას ადასტურებდა, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსაც შეუძლიათ სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განმტკიცება.
პუტინი თავდაპირველად ინარჩუნებდა დასავლეთთან მეგობრულ ურთიერთობას.
2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნატო-ს რუსეთის დახმარებაც შესთავაზა. 2002 წელს ევროპულ კულტურაზე დადებითაც საუბრობდა და ერიდებოდა ნატო-ს მტრად წარმოჩინებას. 2004 წელს პუტინი მხარს უჭერდა უკრაინის ევროკავშირში შესვლას და ამბობდა, რომ ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა რუსეთის ინტერესებშიც იყო. ის ევროპის გაფართოებას მშვიდობის გაფართოებად მიიჩნდევდა. 2008 წელს, ის ნატო-ს სამიტსაც დაესწრო.
თუმცა 2000 წლების ზღაპრული გმირიდან ის 2012 წელს შურისმაძიებელ გამანადგურებლად დაბრუნდა. 2012 წელიდან, მისი გადასაჭრელი პრობლემა გახდა ევროკავშირი და აშშ, რომელიც რუსეთის განადგურებას ცდილობდნენ.
რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ კრემლს ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, რათა უბიწო რუსეთი დაეცვა.
2012 წელს, პუტინთან დაახლოებულმა ვლადიმირ იაკუნინმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსეთი მუდამ ებრძვის გარე ძალების ერთობას.
ეს გლობალური ძალა ეწეოდა ელგებეტე პროპაგანდას მსოფლიოს გარშემო, რათა რუსეთში შეემცირებინა შობადობა და დასავლეთს შეენარჩუნებინა ძალაუფლება.
რუსეთის ელგებეტიზაცია იყო გამიზნული პოლიტიკა, რომ ქვეყანა გლობალური კაპიტალისტური ძალების მმართველობის ქვეშ მოქცეულიყო. 2013 წელს რუსმა დიპლომატებმა ეს ადამიანთა უფლებების კონფერენციაზე ჩინეთში გაიმეორეს.
ამ დროისათვის კი რუსეთს უკვე მიღებული ჰქონდა კანონი “ბავშვთა დაცვის მიზნით, ტრადიციული საოჯახო ღირებულებების უარყოფის მოწოდების შემცველი ინფორმაციის აკრძალვაზე.” თუმცა, ოჯახური ღირებულებების დამცველი პუტინი, სწორედ იმ დროს გაეყარა ცოლს.
პუტინი აშშ-სა და ჰილარი კლინტონს ადანაშაულებდა რუსეთში მიმდინარე ყველა უარყოფით მოვლენაში. მაგალითად:
2011 წლის 8 დეკემბერს, რუსეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც კრემლი აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეები გარე ძალებს ემსახურებოდნენ, კონკრეტულად — შეერთებულ შტატების მთავარ ქალ დიპლომატს, ჰილარი კლინტონს.
15 დეკემბერს კი პუტინმა ღიად განაცხადა, რომ დემონსტრატები დასავლეთიდან დაფინანსებულები იყვნენ და თანხას ხელზეც იღებდნენ.
ეს კი პირდაპირ მიყვებოდა ილინის მოძღვრებას: მტრის იდენტიფიცირება და მისი ნეიტრალიზება.
ილინს მტრის იდენტიფიცირებაში, არ უგულისხმია რეალური მტერი. იგი გულისხმობდა ნებისმიერ გარე ძალას, რომლისკენ თითის გაშვერაც დიქტატორული რეჟიმის კონსოლიდაციას შეძლებდა.
იმ დროისათვის რუსეთის რეალურ პრობლემას, ევროკავშირი და აშშ საერთოდ არ წარმოადგენდა და ზუსტად ამიტომაც შეირჩა ეს ორი სამიზნედ, რადგან რეალური პრობლემისაკენ თითის გაშვერას ესკალაცია მოყვებოდა, არარეალურისკენ — უბრალოდ გაუგებრობა.
ჩინეთისაგან განსხვავებით, ევროკავშირს არ ჰყავდა ჯარი და არ ჰქოდა დიდი საზღვარი რუსეთთან. აშშ-ს ძლიერი ჯარი ჰყავდა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი უკვე გაყვანილი იყო ევროპიდან. 1991 წელს თუ აშშ-ს 300,000 ჯარისკაცი ჰყავდა ევროპაში, 2012 წელს მხოლოდ 60,000.
ნატო კვლავ არსებობდა, სადაც უკვე გაწევრიანებულები იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნები. 2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააუქმა ამერიკის გეგმა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აშენების შესახებ,
ხოლო 2010 წელს რუსეთი ამერიკულ თვითმფრინავებს საშუალებას აძლევდა, გამოეყენებინათ რუსეთის საჰაერო სივრცე ავღანეთში ამერიკული ძალების მომარაგებისთვის.
შესაბამისად, 2011-2012 წლებში, ნატოსთან ომის არანაირი საფრთხე არ არსებობდა. 2011 წელს, რუსეთის შეხედულებითაც დასავლეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, უბრალოდ მათ რუსეთთან თანასწორი მიდგომა უნდა ჰქონოდათ.
2010 წელს, პუტინმა გერმანულ პრესაში ისიც თქვა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან უნდა განიცადოს ინტეგრაცია, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, რომ რუსეთი რაიმე ფორმით შეიცვლება.
პუტინმა შემდეგ დაიმეგობრა მისი მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები, მაგალითად:
გერარდ შრედერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი მილოშ ზემანი, ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი 2013 წელს, რომლის კამპანიასაც რუსული ლუკოილი აფინანსებდა სილვიო ბერლუსკონი, იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც პუტინთან ერთად არდადეგებსაც იწყობდა. თუ გახსოვთ, ბერლუსკონი 2013 წელს ფინანსური თაღლითობის გამო გაასამართლეს და 2019 წელს აუკრძალეს საჯარო სამსახურში მუშაობა.
2012 წელს, როდესაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტად დაბრუნდა, მან სახელმწიფო ილინის ტექსტს დაამსგავსა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი კვლავ აგრძელებს რუსეთის უმწიკვლობის შელახვას.
ვლადიმერ პუტნისთვის ადვილი გახდა იმის მტკიცება, რომ რუსი ერი თავისუფალი ერი იყო, რადგან ყველამ თავისი ადგილი იცოდა საზოგადოებაში.
მან ეფექტურად მოახდინა არჩევნების ფორმალურ რიტუალად გადაქცევა.
ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა არ არსებობდა, პუტინი ქმნიდა იმ რეალობას, რაც თვითონ აწყობდა. ილინი ხომ სწორედ იმას ამბობდა, რომ სიმართლე არ არსებობს და ყველაფერი სუბიექტურია.
შეურაცხყოფა კრიმინალი გახდა. აიკრძალა რელიგიური საკითხების კრიტიკა და პოლიციას გაუჩნდა ბერკეტი ანტიმართლმადიდებლური განცხადებები აღეკვეთა.
სამართლებრივ კონტექსტში ღალატის ცნება გაფართოვდა და შეეხო ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დასავლეთთან რაიმე შეხება ჰქონდათ, თუნდაც კონფერენციის გამართვა, უცხოეთის აგენტებად გამოცხადდნენ.
ამასთან, პუტინმა მოახერხა მოსახლეობის დარწმუნება, რომ რუსული ეროვნულობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და განსაკუთრებული რამ, რაც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.
პუტინმა ილინის ფაშისტურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა ისეთი პოლიტიკური რეალობა, სადაც ყველაფერი ემოციებს ემყარება და მთავარი ამოცანა გარე თუ შიდა მტრებთან ბრძოლაა, თუნდაც გამოგონილთან.
ამ მოცემულობაში, ადამიანთა ენერგია და ყურადღება კონცენტრირებულია ბრაზზე და არა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების განხილვაზე. საბოლოოდ კი რუსეთში ჩამოყალიბდა საზოგადოება, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ჯანსაღი მსჯელობის მაგივრად, ემოციური ფონი განაგებს ხალხის პოლიტიკურ გემოვნებას.
ილინზე დაფუძნებით, შემდეგ რუსეთში გამოჩდნენ ახალი იდეოლოგები, როგორიცაა ალექსანდრ დუგინი და ალექსანდ სოლჟენიცინი, რომლებმაც პუტინის საგარეო და საშინაო პოლიტიკური რეპრესიები გაამყარეს.
მაგალითად მათ შექმენს ევრაზიანიზმისა და ერთიანი რუსი ერის იდეა (რაც მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ბელარუსს), რითაც შემდეგ პუტინმა გაამართლა უკრაინის დაპყრობა.
დუგინის მიხედვით დამოუკიდებელი უკრაინა ბარიერი იყო რუსეთის ევრაზიული იდენტობისთვის, რაც გულისხმობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთობას აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე. დუგინი ჯერ კიდევ 2009 წელს საუბრობდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლო ომზე.
ამ არხზე აუცილებლად გავაგრძელებ რუსულ იდეოლოგიაზე საუბარს და თუ მსგავსი საკითხები გაინტერესებთ გამოიწერეთ ჩემი არხი.
მოკლედ რომ შევაჯამოთ:
ამორალური დასავლეთის იდეა არის ის, რასაც რუსი იდეოლოგიები რუსეთის უმწიკვლო სიდიადის იდეას უპირისპირებენ. ეს არის მათი პროპაგანდის ქვაკუთხედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ილინის წარმატებულ ფორმულირებას კი ნებით თუ უნებლიეთ სხვა რეჟიმებიც აკოპირებენ.
თქვენ თუ ხედავთ რაიმე მსგავსებებს? აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები.
და ბოლოს, მინდა დავაზუსტო, რომ რუსული პროპაგანდა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საკითხია, რაზეც უამრავი პროფესორ-მკვლევარი თუ ორგანიზაცია მუშაობს საერთაშორისო მასშტაბით. დღევანდელი ვიდეო არის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმისა თუ რა ვიცით რუსულ ხერხებზე.
ეს ვიდეო ეფუძნება ტიმოთი სნაიდერის, ცნობილი რუსული იდეოლოგიის მკვლევარისა და იელის უნივერსიტეტის პროფესორის წიგნს, “გზა თავისუფლების დაკარგვისკენ” - the road to unfreedom, რომელიც 2019 წელს გამოიცა. მაშინ არც უკრაინის ომი იყო მომხდარი და არც კოვიდის პანდემია. ხუთი წლის შემდეგ კი ეს წიგნი კიდევ უფრო რელევანტურია.
ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ გამოწეროთ ჩემი არხი. ასევე გამომყევით ინსტაგრამზე, ტიკტოკზე და X-ზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.