დასავლეთის სანქციები ჩაიშალა? როგორია რუსეთის ომის ეკონომიკა სინამდვილეში
რუსეთი, 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა, რომელსაც დასავლეთმა 20,000-ზე მეტი შეზღუდვა დაუწესა, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ.
იმუშავა თუ არა სანქციებმა ისე, როგორც ვარაუდობდნენ? და რეალურად ჰქონდა თუ არა ამ შეზღუდვებს უპრეცენდენტოდ დამაზიანებელი შედეგი რუსეთის ეკონომიკაზე?
სანქციები რუსეთს
რუსეთის სანქცირება პირველად 2012 წელს “მაგნიტსკის აქტით“ დაიწყო, რომელიც მოჰყვა სერგეი მაგნიტსკის ციხეში გარდაცვალებას. ამის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 18 ოფიციალურ პირს, რომლებიც მისი სიკვდილზე პასუხისმგებლად ითვლებოდნენ.
სანქციების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომლის შედეგადაც შეიზღუდა რუსეთთან ვაჭრობა და თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროპის საბჭოში და დასანქცირდნენ ომთან და სეპარატიზმთან დაკავშირებული პირები. ჯამში, 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ 2,700-მდე სანქცია მოქმედებდა, თუმცა ეს რიცხვი უკრაინის ომის შემდეგ დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა.
დღეს სანქცირებულია 7,000-მდე იურიდიული და 13 ათასამდე ფიზიკური პირი. 50-მდე მონაწილე ქვეყნიდან კი ყველაზე მეტი სანქცია შეერთებულ შტატებს აქვს დაწესებული. სანქციები მოიცავს: მოგზაურობის აკრძალვას, სავაჭრო ემბარგოს, ინვესტირების შეწყვეტას, მთავრობის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების გაყინვა-კონფისკაციას, რუსეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდების ყიდვის აკრძალვას, ბანკების SWIFT-იდან გათიშვას და შეზღუდვებს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.
ეს სანქციები მასშტაბით უპრეცედენტოა თანამედროვე ისტორიაში, თუმცა მცდელობის მიუხედავად, მათ მაინც აქვთ თავისი ლიმიტები.
თეორიულად, სანქციები ყველაზე ეფექტურად მაშინ მუშაობს, როცა ისინი გლობალურ ხასიათს ატარებს (მაგალითად, დაწესებულია გაეროს მიერ). თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთი და მისი მოკავშირე ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ნებისმიერ ინიციატივაზე აქვთ ვეტოს უფლება, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი გახდა. ამ შემთხვევაში, სანქციების უმეტესობა დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის, რაც გარკვეულწილად ზღუდავს მათ გლობალურ ეფექტიანობას.
ყველაზე მტკივნეული ნაბიჯები რუსეთისთვის უნდა ყოფილიყო ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა ევროპის ბაზარზე და რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვა, რაც, ფაქტობრივად, საერთაშორისო გადახდების სისტემის “სალაპარაკო ენაა“. SWIFT-დან ჩახსნა ნიშნავს, რომ რუსული ბანკები ვეღარ იღებენ პირდაპირ გადარიცხვებს დასავლური სისტემებიდან. თუმცა, სანქციების რეჟიმში არაერთი ხარვეზი არსებობს და, ნაწილობრივ, რუსეთმა შეძლო მათი სრული ეფექტის თავიდან აცილება შემოვლითი გზების გამონახვით.
ელიტებმა შეძლეს საქონელზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლა ცენტრალური აზიის ქვეყნების მეშვეობით თუ არაპირდაპირი ექსპორტით. მაგალითად, ყაზახეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან.
2022 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე, ყაზახურმა კომპანიებმა რუსეთში 575 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტრონიკა ექსპორტზე გაიტანეს, რაც 18%-ით მეტია 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან ერთად, ბევრი დასავლური კომპანია არ დაემორჩილა სანქციებს და აგრძელებს რუსეთში ბიზნესის კეთებას.
2023 წელს, Financial Times-ის მიხედვით 100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა სანქციების არიდება. შესაბამისად, ათწლიანი სანქციების პირობებში, რუსეთის ეკონომიკამ გარკვეული მდგრადობა გამოიმუშავა და იმაზე მეტი გამძლეობა აჩვენა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მართალია, ომის პირველ პერიოდში რუბლი გაუფასურდა, მაგრამ 2022 წლის ივლისში ის იმაზე მეტად გამყარდა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. ამავე წელს რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა და მთლიანი შიდა პროდუქტი 1.44%-ით შემცირდა, თუმცა უკვე 2023-2024 წლებში სწრაფად აღადგინა ზრდის ტემპი და 4.1%-იან მატებას მიაღწია.
ამ მაჩვენებლებით, რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მსხვილ ეკონომიკად იქცა. მან გადაუსწრო შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ყველა ქვეყანას.
როგორ შეძლო რუსეთმა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და შეძლებს თუ არა ამ ტემპის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას?
რუსეთის ომის ეკონომიკა
ომის პერიოდში სახელმწიფო ხარჯები ბუნებრივად იზრდება, განსაკუთრებით, სამხედრო სექტორის დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე. დანახარჯების ზრდასთან ერთად საჭიროა შემოსავალიც, რომელსაც რუსეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან იღებს.
რუსეთს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის მარაგი აქვს მსოფლიოში და დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებს, რის გამოც ის მსოფლიოში სიდიდით მესამე მწარმოებელია, შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის შემდეგ.შესაბამისად, ნავთობის გაყიდვებიდან რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შედის, როგორც გაყიდვების საკომისიოდან, ისე ნავთობკორპორაციების (მაგალითად “გაზპრომის”) დივიდენდებისგან.
როგორ მოხდა ისე, რომ რუსეთს 20,000-მდე სანქცია დაუწესდა, მაგრამ ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა მაინც სათანადოდ არ შეეზღუდა?
ამას სამი მიზეზი აქვს.
პირველი: ნავთობის ფასის სტაბილურობა წარმოადგენს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ გლობალური ბაზრის სტრატეგიულ პრიორიტეტს. ამიტომ, დასავლურმა ქვეყნებმა აირჩიეს კომპრომისული მიდგომა: მათ არ აუკრძალეს რუსეთს ნავთობის გაყიდვა, არამედ დაუწესეს ფასის ზღვარი, რათა თავიდან აეცილებინათ გლობალური ბაზრის შოკი და ნავთობის ფასების უკონტროლო ზრდა.
ამ რეჟიმის შესაბამისად, რუსეთს თითო ბარელი ნავთობი 60 დოლარად უნდა გაეყიდა, მაგრამ ეს ფასი მაინც აღემატება ომის წინანდელ ფასს, ამიტომ რუსეთი მაინც იღებს მოგებას. ევროკავშირმა დაიწყო საუბარი 60-დოლარიანი ლიმიტის 45 დოლარამდე ჩამოყვანაზე, მაგრამ ჯერ სანქციების განახლებული პაკეტი მოლაპარაკების სტადიაზეა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს რუსული გაზის შეძენა. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირი გაზის 40%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა, დაახლოებით 20%-ს ნორვეგიიდან, ხოლო შეერთებული შტატებიდან მხოლოდ 5%-ს. თუმცა, 2024 წლისთვის, რუსეთიდან გაზის იმპორტი ევროკავშირში 11%-მდე შემცირდა, ნორვეგიის წილი 33%-მდე გაიზარდა, ხოლო ამერიკის — 16.5%-მდე.
თუ ევროპამ მოახერხა გაზის ახალი წყაროების მოძიება, რუსეთმაც იპოვა ახალი მომხმარებლები. ჩინეთმა, რომელიც ისედაც ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია რუსეთის ენერგორესურსებისა და მინერალების, კიდევ უფრო გააღრმავა პარტნიორობა. სანაცვლოდ, ჩინეთი რუსეთს აწვდის ჩიპებს ანუ ნახევარგამტარებს და სხვა ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც იარაღის წარმოებას სჭირდება.
ასევე ინდოეთი: თუ 2022 წლამდე ინდოეთი რუსული გაზის მხოლოდ 2%-ს ყიდულობდა, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35–40%-ს აღწევს.
როგორც დასაწყისში ვახსენე, სანქციები ჩინეთისა და ინდოეთის მონაწილეობით ბევრად ეფექტური იქნებოდა, მაგრამ სანამ ნავთობის მყიდველი ჰყავს რუსეთს, მისი ეკონომიკური გაკოტრება რთულ ამოცანად რჩება, რასაც მეორე მიზეზამდე მივყავართ.
ნავთობი არის უნივერსალური სტრატეგიული რესურსი და გამოიყენება არა მხოლოდ საწვავად, არამედ მრავალი სხვა პროდუქტის წარმოებაში. მისი მოქნილობაც აჩენს შესაძლებლობას, რომ რუსეთმა გამონახოს სტრატეგიული ხვრელები და სანქციების გვერდის ავლით გააგრძელოს ნავთობის ექსპორტი.
მაგალითად, კრემლმა დასავლეთ ევროპის მიმართულებით მილსადენით ნავთობის ექსპორტი ჩაანაცვლა ტანკერებით სხვა ქვეყნებში გადაზიდული ნავთობით, ეგრედ წოდებული “ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით. ეს გემები ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების სახელზე. მოგზაურობისას ხან თიშავენ სატრანსპორტო იდენტიფიკაციის სისტემას (AIS), რათა დაემალონ მონიტორინგის სისტემებს. ასეთი გემების რაოდენობა კი 1,000-ს აღემატება.
ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკვე ცდილობენ ამ გემების და მათი ოპერატორების მიზნობრივ სანქცირებას, თუმცა სისტემა ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და რთულად კონტროლირებადია. ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ათი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს“ და ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, რაც მიზნად ისახავდა უკრაინის პოზიციის გაძლიერებას მომავალი მოლაპარაკებების პროცესში.
ეს ნაბიჯი ბევრისთვის იყო სიგნალი იმისა, რომ ამერიკას დიდი ხანი ჰქონდა ინფორმაცია რუსეთის სანქციების არიდების ხერხებზე და ეს ნაბიჯები უკვე დაგვიანებული იყო.
მესამე, ნავთობის გაყიდვებთან ერთად, კრემლმა საკმაოდ გონივრული მონეტარული პოლიტიკა გაატარა ეკონომიკის სამართავად. ომის შემდეგ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა, რაც რუბლში დანაზოგების შენახვას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ნაბიჯმა კრემლს საშუალება მისცა შეეჩერებინა კაპიტალის მასობრივი გადინება ქვეყნიდან. როდესაც რუბლში ფულის შენახვა უფრო სასარგებლოა, მომხმარებელიც უფრო მეტ ფულს რუსეთში დახარჯავს.
ამასთან ერთად, მთავრობამ დააწესა მკაცრი ლიმიტები უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე, აუკრძალა უცხოურ ინვესტორებს რუსული აქტივების გაყიდვა და აიძულა ექსპორტიორები, თავიანთი უცხოური ვალუტის შემოსავლის 80% რუბლში გადაეყვანათ.
ამ ზომებმა კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა, ინფლაცია მართვად ზღვარზე ჩამოიყვანა და გაამყარა როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესების თავდაჯერებულობა რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობაში. მაგრამ, მსგავსი ეკონომიკური მიდგომა შეიძლება იყოს არასტაბილური და გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანის მომტანი (ამაზე მოგვიანებით).
რუსეთის სამხედრო სექტორის ბუმი ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ქვეყნის ეკონომიკა წარმატებით ფუნქციონირებს. 2024 წლის აპრილში, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ტანკების საწარმო მოინახულა, მან თავი არა გეგმის შესრულებით, არამედ მისი გადაჭარბებით მოიწონა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ერთ წელიწადში 1,200 ახალი თანამშრომელი აიყვანეს საწარმოში, რომლებიც მონაცვლეობით, პრაქტიკულად შეუსვენებლად მუშაობენ.
ასეთი წარმოების ტემპის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით კადრია საჭირო. სწორედ ამ ტენდენციის შედეგია ისიც, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში ომის პერიოდში დაახლოებით ნახევარი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ათასობით პოზიცია დაემატა უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში. ჯარისკაცებს ომში წასვლის სანაცვლოდ ბონუსებს სთავაზობენ და სიკვდილის შემდეგაც კი მთავრობა მათ ოჯახებს კომპენსაციას აძლევს.
Businesss Insider-ის მიხედვით, რუსი ჯარისკაცების ოჯახებზე გათვლილი დანახარჯები, რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის 6%-ს წარმოადგენს. შედეგად, რუსეთის ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.5%-მდე დაეცა. ეს ერთი შეხედვით დადებითი მოვლენაა, მაგრამ რა ხდება ამ დროს ეკონომიკის სხვა ნაწილში?
რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
დღეს, რუსეთში არის ეგრედ წოდებული ომის ეკონომიკა, რაც გულისხმობს მთლიანად სახელმწიფოს სამხედრო პრიორიტეტებზე მორგებას და არა მდგრად ზრდაზე ან დივერსიფიცირებულ განვითარებაზე.სამხედრო სექტორის განვითარებაში კი ტრიალებს სახელმწიფო და არა კერძო სექტორის ფული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც ისე მომგებიანია.
უმუშევრობის 2.5%-მდე შემცირება ნიშნავს, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ათასობით მოქალაქე ომში იღუპება ან ფრონტზეა მობილიზებული. ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს ისიც განაცხადა, რომ რუსეთში კადრების სიმწირე, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
შრომის ბაზარზე მუშახელის კლება ხელფასების ზრდას იწვევს, რადგან როცა კადრი ცოტაა, დამსაქმებლებს მათი მოზიდვა უფრო მაღალი ხელფასით უწევთ. სწორედ ამიტომ, 2023 წლიდან 2024 წლამდე რუსეთში ხელფასები თითქმის 20%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციასაც კი აჭარბებს.
ამ მონაცემებით, რუსები დღეს უფრო მაღალშემოსავლიანები უნდა იყვნენ, ვიდრე ომამდე, მაგრამ საქმე არც ასე მარტივიდაა.
ვინც სამხედრო სექტორშია, ტანკებს, იარაღსა და თავდაცვით ტექნოლოგიებს აწარმოებ, მათ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზრდათ. მაგრამ, ვინც, მაგალითად, მანქანებს ყიდის და ავოტიდილერია, დიდი ალბათობით კარგავს თანამშრომლებს ან იძულებული ხდება ხელფასები გაზარდოს, მაშინ, როცა კომპანიის შემოსავალი არ იზრდება. ეს კი პირდაპირ ამცირებს კომპანიის მოგებას.
ამ დროს, კომპანიებმა შეიძლება მიმართონ საბანკო სესხს, რომ მოგება დააკომპენსირონ და ხარჯები გაისტუმრონ. მაგრამ, როგორც დასაწყისში ვახსენე, დღეს რუსეთში საპროცენტო განაკვეთი 20%-ს აღემატება. გაზრდილ ხელდასებთან ერთად კიდევ კოლოსალური საპროცენტო განაკვეთის გადახდა, გაყიდვების სტაგნაციის ან კლების ფონზე კი ფაქტიურად გაკოტრების რეცეპტია.
ამიტომ, 2025 წელს, კორპორაციული გაკოტრების შემთხვევები რუსეთში 20%-ითაა გაზრდილი და 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი დახურვის პირასაა. მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ომის დასაწყისში მუშაობდა, სამი წლის შემდეგ სისტემურ პრობლემად გადაიქცა.
თუ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 3.5-4%-ით გაიზარდა, 2025 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 0.5-1.5%-ის ფარგლებში მერყეობს. სამხედრო სექტორისთვის საჭირო ქარხნები უკვე აშენებულია და “ომის ეკონომიკაზე“ გადასვლა დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში განვითარების ან ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურულია. შესაბამისად, ვერც ქვეყნის შიდა პროდუქტი გააგრძელებს ზრდას.
ომის პერიოდში გაზრდილმა დანახარჯებმა, ასევე გაზარდა მოთხოვნა პროდუქციაზე, რომელსაც მიწოდება ვერ დაეწია. ამის გამო რუსეთში დღეს ინფლაცია დაახლოებით 10%-ია.
ფასების ზრდა განსაკუთრებით შეეხო პირველადი საჭიროების საკვებს. პური 12%-ით გაძვირდა, კარაქი – 30%-ით, ხახვი – 33%-ით, ხოლო კარტოფილი თითქმის 73%-ით. ამ ვითარებამ გამოიწვია სურსათის მაღაზიებში ქურდობის ზრდაც.
შეიძლება შორიდან ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკა განვითარდა, მუშახელზე მოთხოვნა გაჩნდა და ხელფასები გაიზარდა, მაგრამ ეს მოხდა სამხედრო სექტორში, ეკონომიკის სხვა ნაწილი კი კრიზისია.
ანუ ომმა და სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა.
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს რესურსი ბიუჯეტის გასაზრდელად, მათ შორის საშემოსავლო გადასახადების გაზრდის ხარჯზე. თუმცა, ამგვარი მიდგომები უსასრულოდ ვერ გასტანს. რღვევის ნიშნები უკვე ჩანს კიდეც. სწორედ ამიტომ, უკრაინაში მიმდინარე ომის დროულად დასრულება რუსეთის ინტერესებშიცაა.
იხილე ვიდეო:
“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს, თუ როგორ აისახა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე.