რატომ დაიწყო ომი უკრაინაში?
Pause
Pause
Pause
Begin
რატომ დაიწყო ომი უკრაინაში?
ამაზე ერთი პასუხი არ არსებობს. გააჩნია სად ცხოვრობ, რისი გჯერა და როგორ უყურებ მოვლენებს.
ამ ვიდეოში კი რამდენიმე გავრცელებულ ვერსიაზე ვისაუბრებ და ვიდეოს ბოლოს კომენტარებით მაცნობეთ თქვენი აზრიც.
დავიწყოთ პუტინის ოფიციალური ვერსიით.
პუტინის ადმინისტრაცია უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს “სპეციალურ ოპერაციას ეძახის,” რომელიც ემსახურება „დენაციფიკაციას,” რუსულენოვანი მოსახლეობისათვის აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამორკვევის უფლებას (ეს იგივე არგუმენტია, რაც რესეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში გამოიყენა) და ისტორიული რუსი ერის გაერთიანებას.
პუტინის განცხადებით დღეს უკრაინას ნეონაცისტური რეჟიმი მართავს, რომელიც რუსულენოვან მოსახლეობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონებში (მაგალითად დონბასში), ავიწროებს. რუსეთის მთავრობა ამ ნარატივს იყენებს, რათა ისტორიული პარალელი გაავლოს საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ბრძოლასთან მეორე მსოფლიო ომის დროს.
თუმცა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არანაირი ნაცისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი თუ მატარებელი არ არის. სხვა რომ არაფერი ვთქვათ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაული წარმოშობისაა და ვისაც ცოტამ რამ გაუგია ისტორიაზე, ისიც იცის რა დამოკიდებულება აქვთ ებრაელებს ნაციზმთან დაკავშირებით.
პარალელისათვის, რუსეთმა ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც მსგავსი მიზეზით გაამართლა. თითქოს კეთილმოსურნე რუსეთი ქართველების წნეხისგან ათავისუფლებდა ჩაგრულ აფხაზებსა და ოსებს.
ამის შემდეგ კი კრემლმა სეპარატისტულ რეგიონებში ქართველების მტრად გადაქცევის კამპანია აწარმოა და საერთაშორისოდ აღიარებული თვითგამორკვევის უფლება გამოიყენა რათა ჯერ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, და შემდეგ დონეცკი და ლუჰანსკი ცალკე სახელმწიფოებად ეღიარებინა.
ამასთან ერთად რუსეთის შეჭრას უკრაინაში წინ უძღვოდა ძალიან საინტერესო დოკუმენტი.
2021 წელს პუტინმა გამოაქვეყნა ესე „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, სადაც ის ამტკიცებდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია, რომელსაც საერთო ისტორია, კულტურა და სულიერი მემკვიდრეობა აქვს.
ის აცხადებდა, რომ მათი ფესვები საერთო წარსულიდან, კერძოდ კიევის რუსეთიდან მოდის, თუმცა შემდეგ დასავლურმა ძალებმა უკრაინა ანტირუსულ ძალად ხელოვნურად გადააქციეს.
პუტინი აკრიტიკებდა საბჭოთა ლიდერებს, განსაკუთრებით ლენინს, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული საზღვრებისა და იდენტობის ხელოვნური ფორმირების სათავეში იდგნენ.
ის ასევე ხაზს უსვამდა რუსული ენისა და კულტურის მნიშვნელობას და ამტკიცებდა, რომ უკრაინის პოლიტიკა რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრას ემსახურებოდა. პუტინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ყირიმსა და დონბასზე, რომელთა მოსახლეობას, მისი თქმით, რუსეთთან უფრო მეტი საერთო ჰქონდა ვიდრე უკრაინასთან.
ამით პუტინი უკრაინის სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინამ მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო კავშირით შეიძლება იარსებოს. ანუ, პუტინმა შეთხზა ისტორიული არგუმენტი, რათა უკრაინაში ომის დაწყება გაემართლებინა.
თუ გაინტერესებთ სინამდვილეში რამდენად ახლოსაა პუტინის ვერსია რეალურ ისტორიასთან კომენტარებით მაცნობეთ და ინტერესის შემთხვევაში შემდეგ ვიდეოს ამ საკითხზე მოვამზადებ.
პუტინი ამავე ესეში უკრაინას დასავლეთის, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისა და ნატოს მარიონეტად წარმოაჩენს, რომელთა მიზანიც რუსეთის დასუსტებაა. პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას იყენებს რუსეთის დესტაბილიზაციისა და მისი გეოპოლიტიკური გავლენის შეკავების მიზნით.
რუსეთის ეს დამოკიდებულება დასავლეთთან არახალია. თუ ჯერ არ გინახავთ ჩემი ვიდეო რუსულ პროპაგანდისტულ იდეოლოგიაზე აუცილებლად გადადით აღწერაში მითითებულ ლინკზე, რათა მეტი გაიგოთ ამ საკითხზე.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისთვის უფრო დიდი მეტოქეა ამერიკა, ვიდრე ამერიკისათვის რუსეთი.
ცივი ომის შემდეგ, ამერიკა რუსეთს 2022 წლამდე არ აღიქვამდა სერიოზულ მეტოქედ. არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და არც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ თეთრ სახლს რუსეთთან მიმართებით კონფრონტაციული ტონი არ ჰქონია. პრეზიდენტ ობამასთვისაც და ტრამპისთვისაც რუსეთი დესტრუქციული სახელმწიფო იყო, მაგრამ ისეთი, რომელთანაც აშშ-ს დიალოგის შენარჩუნება ესაჭიროებოდა.
მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში მასშტაბური შეჭრის შემდეგ იქნა მოხსენიებული რუსეთი “ძალიან საშიშად” პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
ეს იმიტომ, რომ ამერიკის წარმოსახვაში, ცივი ომის დასრულების შემდეგ და საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ, რუსეთთან პაექრობა 2022 წლამდე აღარ იყო აქტუალური. ამერიკელების ახალი საგარეო პოლიტიკის ორიენტირი იყო და არის ჩინეთი. შესაბამისად, ამერიკა თუ რომელიმე ძალასთან ღია გეოპოლიტიკურ პაექრობაშია და ვინმეს ეკონომიკურად უკან ჩამოტოვებაზეც ღიად მუშაობს, ეს ჩინეთია და არა რუსეთი.
ჩინეთისა და შეერთებული შტატების დაპირისპირებაზე რამენიმე ვიდეო მაქვს მომზადებული, რომელთა ლინკსაც დახასიათებაში დაგიტოვებთ.
მესმის, რომ ამის მიუხედავად გეოპოლიტიკურ მეტოქეებს, ამ შემთხვევასი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მაინც სურთ ერთმანეთის დასუსტება.
თუმცა, თუ ეს იყო რეალური მიზანი, მაშინ უკრაინაში ომისათვის ამერიკამ მეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია.
2022 წლისათვის, კოვიდ პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ ისევ სულს ღაფავდა; დაიწყო ინფლაცია, გაძვირდა პროდუქტი, რაც გადაიქცა ამერიკელების უპირველეს პრობლემად და ამ ინფლაციის გამო დემოკრატები დამარცხდნენ კიდეც 2024 წლის არჩევნებში; დიახ, ამერიკელი ხალხისთვის მთავარი მათი ჯიბე და ფულის მსყიდველიანობის უნარია და არა საგარეო პოლიტიკა.
ამის ფონზე კი ამერიკელი ხალხისთვის და ბიურაკრატებისთვის, უკეანის მიღმა ომის დაწყება, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ბევრი 2022 წლამდე არც იცნობდა და ადარდებდა, ვერ იქნებოდა პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი. ეს იმაშიც აისახა, რომ კონგრესში დიდი წინააღმდეგობები იყო უკრაინის დაფინანსების დამტკიცებაზე.
ამიტომ რუსეთის დასუსტებისათვის ამერიკას უკეთესი დროისა და ხერხის შერჩევაც შეეძლო.
მეორე ყველაზე გავრცელებული ვერსია ეკუთვნის ჯონ მიარშაიმერს, რომელიც რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს ომში ნატო-ს ადანაშაულებს.
ჯონ მიარშაიმერი ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი გახლავთ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, გამოაქვეყნა ცნობილი სტატია, სათაურით “რატომაა უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი.”
სტატიაში, რომელიც ყირიმის ანექსიას ეძღვნება, ის ამტკიცებს, რომ კრიზისი დასავლეთის მიერ ცივი ომის შემდეგ არჩეული სტრატეგიის შედეგია, კონკრეტულად კი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების.
მისი აზრით, უკრაინის დასავლურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და დემოკრატიის მხარდაჭერა რუსეთმა უსაფრთხოების და პოსტ-საბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროსთვის საფრთხედ აღიქვა, რაც 2021 წელს პუტინის ესეშიც არის ასახული.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და მისი მხარდაჭერა სეპარატისტებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში კი იყო თავდაცვითი ნაბიჯები, რათა დაეცვა თავისი სტრატეგიული ინტერესები, განსაკუთრებით ყირიმის საზღვაო ბაზა, და არ დაეშვა უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაცია.
ეს მოსაზრება განსაკუთრებით გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მიარშაიმერი აკადემიურ წრეებში ეგრედ წოდებულ სელებრითადაც გადაიქცა. 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი მისი მოსაზრება კიდევ უფრო პოპულარული გახდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მომხრეზე მეტი კრიტიკოსი ჰყავს.
მიარშაიმერის თეორიას რამდენიმე პრობლემა აქვს.
პირველ რიგში, რუსეთისა უკრაინის საუკუნოვანი ისტორიის ნატომდე დაყვანა ზედმეტად მარტივი გამოსავალია.
მიარშაიმერი მოვლენების ათვლას იწყებს ნარინჯისფერი რევოლუციიდან და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან და არ უთმობს დროს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ისტორიულ კონტექტსტში განხილვას.
აქვე უნდა შევჩერდეთ ბუქარესტის სამიტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში, რადგან სწორედ ამ სამიტზე მისცა ნატო-მ პირობა საქართველოსა და უკრაინას, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები, თუმცა თარიღი არ იქნა დაზუსტებული.
სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 2-3 თვეში შემოიჭრა რუსეთის ჯარი საქართველოში, თუმცა მრავალი ინფორმაცია ადასტურებს, რომ ამ ომს რუსეთი 2007 წლიდან ამზადებდა, ბუქარესტის სამიტამდე ბევრად ადრე.
თუმცა ნატო არაფერშუაშია 2014 წლის ყირიმის ანექსიასთან. ეს ომი მაიდანის რევოლუციის შემდეგ დაიწყო უკრაინაში, რასაც პრო-რუსი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის, უკრაინიდან გაძევება მოჰყვა.
აქვე დავაზუსტებ, რომ ეს რევოლუცია, რომელსაც უკრაინელები ღირსების რევოლუციასაც უწოდებენ, მოჰყვა იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და მის მთავრობაში არსებულ კოლოსალურ კორუფციას.
2014 წელს სამაგიეროდ საქართველოს ჰქონდა ნატოსთან წინსვლა. ჩვენ მივიღეთ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, SNGP, რაც თავისთავად ნიშნავდა საქართველოს ალიანსთან დაახლოებას.
მიარშაიმერის ლოგიკით, თუ ნატო იყო პრობლემა, მაშინ რუსეთი 2014 წელს საქართველოში უნდა შემოსულიყო და არა უკრაინაში. ასე რომ, ყირიმის ანექსია მოჰყვა არა უკრაინის სურვილს, რომ ნატოში გაწევრიანებულიყო, არამედ პრო-რუსი ლიდერის გააძევებას ქვეყნიდან.
მიარშაიმერი ასევე არ ითვალისწინებს იმას, რომ უკრაინელები ნატოსთან ინტეგრაციის საკითხს იმ დროისათვის სერიოზულად არც განიხილავდნენ. საქართველოსაგან განსხვავებით, ყველა სახალხო გამოკითხვა აჩვენებდა, რომ უკრაინელების მხოლოდ 30-40% ემხრობოდა ამ იდეას და ნატოში გაწევრიანებამ უმრავლესობის მხარდაჭერა, მხოლოდ 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ მოიპოვა. ჩვენს ქვეყანაში ეს რიცხვი დიდი ხანია 70%-80%-ის ფარგლებშია.
ასე რომ მიარშაიმერის თეორია, რომ ყველაფერი ნატოსა და დასავლეთის გაფართოების პოლიტიკის ბრალია, ზედმეტად ამარტივებს კომპლექსურ ისტორიულ და გეოპოლიტიკულ დაპირისპირებებს.
რა თქმა უნდა, ნატოს გაფართოება და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის სურვილი პუტინისათვის იყო მაპროვოცირებელი, თუმცა კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია, რომელსაც არანაკლები წვლილი აქვს, თუ მეტი არა, ომის დაწყებაში.
ამას მესამე არგუმენტამდე მივყავართ, რომელიც რუსეთ-უკრაინის კომპლექსური ისტორიის ანალიზს მოიცავს.
ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე კარგი ისტორიული წიგნი გამოიცა, აქედან ორი ჩემი ფავორიტია:
ერთი ეკუთვის ჩემს მეგობრს, აღიარებულ ისტორიკოსს მაიკლ კიმიჯს, სახელწოდებით “კოლიზიები” ანუ “შეტაკება,” ინგლისურად Collisions, რომელიც 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტიდან 2022 წლამდე აღწერს მოვლენებს, რამაც რუსეთი და უკრაინა სრულმასშტაბიან ომამდე მიიყვანა.
მეორე არის უკრაინული წარმოშობის ჰარვარდის პროფესორის, სერჰი პლოხი-ს წიგნი სახელად “რუსეთ-უკრაინის ომი: ისტორიის დაბრუნება,” რომელიც კიდევ უფრო ადრე, იმპერიული რუსეთიდან იწყებს არგუმენტაციას და მიმოიხილავს რუსულ იდეოლოგიას, რაც პუტინის დესტრუქციულ პოლიტიკას უმაგრებს ზურგს.
ეს წიგნები ქართულად სამწუხაროდ არცერთი არ არის, თუმცა სწორედ ჩემი არხის გამოწერით შეძლებთ მოისმინოთ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებული ანალიზი.
სერჰი პლოხი ამბობს რომ უკრაინის სრულმასშტაბიანი დაპყრობა 2022 წელს კი არა 2014 წელს დაიწყო ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ თარიღს შორის შუალედი დიდია, ორივე ომი ერთ მიზანს ემსახურება — უკრაინის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას. ამისათვის კი პუტინი აუცილებლად მონახავდა გზას და იდეოლოგიურ საფუძველს.
პუტინს ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბება სურდა, რომელიც ეფუძნება რუსი ემიგრანტების ევრაზიანისტულ იდეებსა და ალექსანდრ დუგინის ნეო-ევრაზიანიზმს.
2007 წლის მიუნხენის მშვიდობის კონფერენციაზე პუტინმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მრავალპოლარული სამყაროს ხედვა, რომელშიც რუსეთი ცენტრალურ ძალად უნდა ქცეულიყო ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს თავისთავად მოიცავდა მისი კონტროლის აღდგენას ყოფილ საბჭოთა კავშირზე, რაც ვერ მოხდებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკურად სიდიდით მეორე რესპუბლიკის - უკრაინის გარეშე, რომელსაც სლავური იდენტობის გამო რუსეთი თანამოძმედაც აღიქვამდა.
თუმცა 2007 წლის მერე 17 წელი გავიდა და ევრაზიის კავშირი ვერ შედგა. ამის შემდეგ კი პუტინი რუსულ იმპერიალიზმზე გადაერთო, რომელიც ალექსანდრ სოლჟენიცინის „რუსი ხალხის“ ერთიანობის იდეას ეფუძნება. სოლჟენიცინის ნაწარმოებებმა კულტურულად და ისტორიულად გააერთიანა რუსები, უკრაინელები და ბელარუსები, რითაც საფუძველი ჩაუყარა პუტინის ნარატივს, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრე.
ანუ პუტინი უკრაინას რუსეთის ნაწილად აღიქვამს და უკრაინის დაპყრობის გასამართლებლად სხვადასხვა იდეოლოგიურ ჩარჩოს იყენებს.
ისტორიკოსების თქმით, რუსეთს არასდროს შეუწყვეტია იმპერიად ყოფნა. მას შემდეგ რაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუკიდან გაქრნენ ტრადიციული იმპერიები, როგორიცაა ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი, ბოლშევიკებმა იმპერიული ძალაუფლება აღადგინეს ინოვაციური მეთოდით— მათ სხვადასხვა ეთნიკური იდენტობების შენარჩუნებით და სამხედრო რესტრუქტურიზაციის გამოყენებით შეძლეს საბჭოთა ერების შეერთება.
თუმცა, 1991 წელს საბჭოთა კავშირმა საბოლოო გამოცდა ვერ ჩააბარა და ომის გარეშე დაიშალა, როგორც ყველა სხვა იმპერია — ეთნონაციონალური საზღვრების მიხედვით.
საბჭოთა კავშირის დაშლამ თითქოს ისეთი ეპოქა მოიტანა, სადაც იმპერიები აღარ არსებობდნენ და მსოფლიო უფრო დემოკრატიული და სტაბილური გახდა.
ეს ოპტიმიზმი ფრანსის ფუკუიამას ცნობილ ნაშრომში „ისტორიის დასასრულშიც აისახა, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფს და ტერიტორიული კონფლიქტების დასასრულს მოასწავებდა.
თუმცა ეს იმედები მცდარი აღმოჩნდა და პლოხის წიგნის სათაური “ისტორიის დაბრუნებაც” სწორედ იმას მიუთითებს, რომ იმპერიალიზმი დაბრუნდა.
თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ომი უკრაინაში?
აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები და მოიწონეთ ვიდეო. თქვენი რეაქციები მეხმარება გავზარდო ჩემი მაყურებელი და გავიგო თქვენი ინტერესებიც.
არ დაგივიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გამომყვეთ ინსტაგრამზე, ტიკტოკზე და x-ზე.
შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.