მტრები აღმოჩნდნენ? რა ხდება რუსეთსა და ჩინეთს შორის სინამდვილეში?
2025 წლის ივნისში ეფ-ეს-ბეს საიდუმლო დაზვერვის რვა გვერდიანმა დოკუმენტმა გაჟონა, სადაც რუსეთი ჩინეთს “მტრად” მოიხენიებს. ეს დოკუმენტები, კიბერდანაშაულის ჯგუფმა Ares Leaks-მა მოიპოვა და შემდეგ New York Times-ის თაოსნობით, მისი ავთენტურობა დასავლეთის ექვსმა სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა.
თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როცა პუტინმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საჯაროდ განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის პარტნიორობას ლიმიტები არ აქვს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე, დასავლეთის უპრეცენდენტო სანქციების ფონზე, ფაქტიურად ჩინეთმა გადაარჩინა რუსეთის ეკონომიკა.
ამ სტატიაში კი განვიხილავთ როგორია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკა სინამდვილეში და რა ინტერესებზე დგას მათი ეგრედ წოდებული “ულიმიტო თანამშრომლობა”.
ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ისტორია
ერთი შეხედვით, როცა დასავლეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და საგრძნობლად შეასუსტეს რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, ჩინეთი რუსეთის საყრდენად გადაიქცა. პეკინმა არა მხოლოდ უარი თქვა გაეროში მოსკოვის კრიტიკაზე, არამედ ნატო-ც კი დაადანაშუალა კონფლიქტის გაღვივებაში, 2023 წელს კი რუსეთთან ექსპორტი დაახლოებით 50%-ით გაზარდა. ჩინეთი ასევე გახდა რუსული ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი, განსაკუთრებით, უკრანის ომის შემდეგ.
ამერიკის უშიშროების შეფასებით, ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთისთვის მანქანათმშენებლობის დანადგარების, მიკროელექტრონიკისა და სხვა ტექნოლოგიების მიწოდება, რასაც მოსკოვი იყენებს რაკეტების, ტანკების, სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვა შეიარაღების წარმოებისთვის. ეს კი კრიტიკულია რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის. მაგრამ ამ დახმარების მიუხედავად, რუსეთი, როგორც ჩანს, ჩინეთს მაინც ეჭვის თვალით უყურებს და იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რატომ, გადავხედოთ ისტორიას.
XIX საუკუნეში, ძლიერმა იმპერიულმა რუსეთმა, დასუსტებული ჩინეთის ცინგის დინასტიით ისარგებლა. 1858 წელს მათ შორის გაფორმდა “აიგუნის ხელშეკრულება,” ხოლო 1860 წელს “პეკინის ხელშეკრულება,” რომელიც ჩინეთს ავალდებულებდა დაეთმო რუსეთისთვის მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია — მათ შორის დღევანდელი პრიმორსკის მხარე და ვლადივოსტოკი. ჩინეთმა კი სანაცვლოდ მიიღო უბაჟო ანუ თავისუფალი ვაჭრობა რუსეთთან. ეს ხელშეკრულებები, ჩინეთის “დამცირების ეპოქაში” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქაა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს იდეოლოგია და დასავლეთთან პაექრობა აერთიანებდათ, ამიტომ ისინი თანამშრომლობდნენ, როგორც ეკონომიკურად, ისე სამხდრო მიმართულებით. თუმცა, არც ეს პერიოდი გაგრძელდა დიდხანს.
1960-იან წლებში მაო ძედუნმა ღიად დაიწყო საბჭოთა კავშირის კრიტიკა მას შემდეგ, რაც ნიკიტა ხრუშოვმა გადაწყვიტა დესტალინიზაცია და კაპიტალისტურ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანამშრომობის მცდელობა. ჩინეთის კომუნისტური პარტია შეშფოთებული იყო მსგავსი იდეოლოგიური გადახვევით, რაც მალე გადაიზარდა საჯარო შეურაცხმყოფელ განცხადებებში და ბრალდებებში. ეს დაპირისპირება კი ისტორიაში შევიდა როგორც “სინო-საბჭოთა განხეთქილება.” 1969 წელს ეს დაძაბულობა შეიარაღებულ შეტაკებებშიც გადაიზარდა უსურის მდინარის გასწვრივ, საერთო საზღვარზე და გაჩნდა სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება მიმდინარე ცივი ომის პარალელურად.
1980-იანი წლების ბოლოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ფორმალურად დარეგულირდა და 2004 წელს მათ საბოლოოდ მოაწერეს ხელი საზღვრის დადგენის შეთანხმებას, მაგრამ ისტორიული მეხსიერება არსად გამქრალა.
როდესაც 1988 წელს რუსეთ-ჩინეთის საზღვარი კვლავ გაიხსნა, ათასობით ჩინელი მუშა, ფერმერი და მოვაჭრე რუსული შორეული აღმოსავლეთისკენ დაიძრა და დაიწყეს მიწების იჯარით აღება თუ დაუმუშავებელი ადგილების ათვისება. 2018 წლისთვის ჩინელებს უკვე იჯარით ან საკუთრებაში ჰქონდათ 350,000 ჰექტარი მიწა, რაც მთელი რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 16%-ს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ინვესტიციები და შრომითი რესურსი შევიდა, ამან ასევე გამოიწვია ადგილობრივების უკმაყოფილება, რადგან ბევრი რუსი ჩინელებს ადანაშაულებდა სამუშაო ადგილებისა და ბუნებრივი რესურსების მითვისებაში. 2017 წლის გამოკითხვამაც კი აჩვენა, რომ რუსებს მაინც მიაჩნიათ ჩინეთის მზარდი გავლენა პოტენციურ საფრთხედ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ღრმადაა ფესვებგადგმული ჩინეთისადმი უნდობლობა რუსულ საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა 2012 წელს ხელისუფლება ჩაიბარა, ვლადიმერ პუტინი მას პირადად დაახლოებით 40-ჯერ შეხვდა და ისინი ხშირად უწოდებდნენ ერთმანეთს “ძვირფას მეგობრებს”, მაგრამ მაშინ, როგორც გაჟონილ ინფორმაციაში ჩანს, რატომ დაამტკიცა FSB-მ ჩინეთის საწინააღმდეგო დაზვერვითი ოპერაცია სახელწოდებით „ენტანტა 4“, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სამი დღით ადრე?
ჩინეთის ჯაშუშური საქმიანობა რუსეთში
ჩინეთს უზარმაზარი შავი ბაზარი აქვს შექმნილი სახელმწიფო საიდუმლოებების შესაძენად. ათეულობით ტელეგრამ არხზე, ანონიმურ პლატფორმებსა და ეგრედ წოდებულ “დარქ ვებ” (dark web) საიტებზე, მიდის მოპარული სენსიტიური ინფორმაციის გაყიდვა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაბირება ჯაშუშობრივი საქმიანობისთვის. ჩინელები მიმართავენ კიბერშეტევებსაც.
მაგალითად, 2025 წლის მარტში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 12 ჩინეთის მოქალაქე დაადანაშაულა გლობალურ კიბერ შეტევის კამპანიებში, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით კომპანია “i-Soon”-ში მუშობდნენ კონტრაქტორებად, კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ აღწევდნენ და შემდეგ ამ ინფორმაციას ყიდდნენ ჩინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროზე და სხვა პირებზე.
სწორედ ამ მზარდ საფრთხეს უპირისპირდება რუსეთის ოპერაცია „ენტანტა 4“.
ეფ-ეს-ბეს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩინური ჯაშუშობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა. ჩინელი სამხედრო და უშიშროების ოფიციალურ პირებს, როგორც წესი, აკადემიური ან ბიზნეს დელეგაციების სახით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ და შემდეგ სადაზვერვო საქმიანობა ეწეოდნენ.
ჩინეთისთვის უკრაინის ომი არ არის რიგითი გეოპოლიტიკური მოვლენა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია 40 წელზე მეტია სრულმასშტაბიან ომში არ ყოფილა, ამიტომ ეს არის მისთვის საუკეთესო შანსი, რომ დააკვირდეს თანამედროვე ბრძოლის მეთოდებს, საბრძოლო ტექნიკის მოქმედებას, როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან და ისწავლოს ამ გამოცდილებიდან. ამიტომ, ამ პერიოდში შეგროვებული ინფორმაცია მას მნიშვნელოვნად დაეხმარება სამხედრო სექტორის გაუმჯობესებაში, თუნდაც მომავალში ტაივანში საკუთარი პოზიციების დასაცავად.
მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შრეა.
ეფ-ეს-ბეს ინფორმაციით, ჩინელი ჯაშუშები მხოლოდ ომის დაკვირვებით არ კმაყოფილდებოდნენ და პარალელურად ცდილობენ რუსეთის შიგნით ინფორმატორების გადაბირებას. მთავარი სამიზნეა რუსეთის აეროკოსმოსური და თავდაცვითი მრეწველობა — ის სფეროები, სადაც ჩინეთი ისტორიულად მოიკოჭლებდა.
ჩინელი აგენტები ცდილობენ რუსი პილოტების, ავიაციის ინჟინრებისა და ექსპერტების გადაბირებას ტექნიკური ინფორმაციის მოსაპოვებლად. 2021-დან 2023 წლამდე პერიოდში რუსეთის ოფიციალური პირებმა გამოავლინეს ოთხი ახალი ჯაშუშური საქმე. თითოეული დაკავშირებული იყო უახლესი აეროკოსმოსური და ლაზერული ტექნოლოგიების გაჟონვასთან ჩინეთის მიმართულებით.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია გამოჩენილი რუსი ფიზიკოსის დიმიტრი კოლკერის საქმე, რომელიც კვანტური ოპტიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ჩინეთისთვის კლასიფიცირებული კვლევის გადაცემის ბრალდებით 2022 წელს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მძიმე ონკოლოგიური პაციენტი იყო, პირდაპირ საავადმყოფოდან აიყვანეს და დაკავებიდან ორ დღეში გარდაიცვალა, თუმცა ბოლო წუთამდე ამტკიცებდა უდანაშაულობას.
საინტერესოა ალექსანდრ ლუკანინის შემთხვევაც, ფიზიკოსის, რომელიც ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციმბირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მაღალი ძაბვის წყაროებსა და ელექტრომაგნიტულ სისტემებზე მუშაობდა. ის 2022 წლის ოქტომბერში დამნაშავედ სცნეს სახელმწიფო ღალატში და შვიდი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა.
ასევე აღსანიშნავია 81 წლის ცნობილი მეცნიერის, ვალერი მიტკოს საქმე, რომელიც ერთ დროს პეტერბურგში არსებულ არქტიკულ აკადემიას ხელმძღვანელობდა და 2022 წელს, ჯაშუშობაში ბრალდებული, საკუთარ სახლში სასამართლომდე გარდაიცვალა.
პუტინის გზავნილი ნათელია: სახელმწიფო ღალატი უკმაცრესად დაისჯება.
მოსკოვისათვის ცხადია, რომ როგორც კი სისუსტეს აჩვენებს, ამას მაშინვე სათავისოდ გამოიყენებს პეკინი, როგორც ეს XIX საუკუნეში რუსეთმა გაუკეთა “დაუსაბუთებელი ხელშეკრულებებით“ ჩინეთის ტერიტორიების დასაკუთრებით.
ამიტომ, გამოჟონილი დოკუმენტის მიხედვით, ეფ-ეს-ბემ გასცა ბრძანება WeChat-დან, რომელიც ჩინური მესენჯერია, ინფორმაციის „განუწყვეტელი დაგროვების“ შესახებ. ეს მოიცავდა ჯაშუშობის სამიზნე პირების ტელეფონების გატეხვას და მონაცემების ანალიზს სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტით, რომელიც ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთ ქვედანაყოფს ეკუთვნის. ეს ქყველაფერი არ არის.
ინტერესეთა კონფლიქტი
რუსეთ-ჩინეთის ინტერესები სამხედრო სფეროშიც იკვეთება.
სხვადასსხვა ინფორმაციით, რუსეთი სისტემატურად ადანაშაულებდა ჩინეთს სამხედრო ტექნოლოგიისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში. მაგალითად, ჩინეთის J-11B გამანადგურებელი თვითმფრინავები ვიზუალურად და ფუნქციურად თითქმის იდენტურია რუსეთის Su-27—ის. ასევე ჩინეთის HQ-9 საჰაერო თავდაცვის სისტემა ძალიან ჰგავს რუსულ S-300-ს.
ზოგადად, ჩინეთის საბრძოლო აღჭურვილობა საოცრად წააგავს რუსულს თავისი დიზაინით, შიდა სისტემებით და ტექნოლოგიებით. ისტორიულად ჩინეთი ყიდულობდა რუსული სამხედრო ტექნიკის მცირე პარტიებს, შლიდა ნაწილებად, იკვლევდა სტრუქტურას და შემდეგ იწყებდა საკუთარ ანალოგებს.
2019 წელს, რუსეთის სახელმწიფო სამხედრო გიგანტის, „როსტეკის“ ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების ხელმძღვანელმა, ევგენი ლივადნიმ, საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვიდმეტი წლის განმავლობაში რუსეთმა ოფიციალურად დააფიქსირა ჩინეთის მიერ რუსული ტექნიკის უკანონო კოპირების 500-ზე მეტი შემთხვევა.
2000-იან წლებში ჩინეთი რუსული იარაღის ერთ-ერთი უდიდესი შემსყიდველი იყო. ზოგჯერ მისი იმპორტის 80%-ზე მეტიც კი პირდაპირ რუსეთიდან მოდიოდა. მაგრამ, როგორც კი ჩინელმა ინჟინრებმა საკუთარი მოდელების აგება ისწავლეს, ყველაფერი შეიცვალა. 2010 წლის შემდეგ, ჩინეთის მიერ იარაღის საერთაშორისო შესყიდვები საგრძნობლად დაეცა და რუსული იარაღის იმპორტიც დაახლოებით 80%-დან 60%-მდე შემცირდა.
რუსეთმა დაკარგა უმსხვილესი კლიენტი და შეიძინა კონკურენტი, თუმცა რუსეთი ვერ შეაჩერებს ჩინეთისადმი ტექნიკის მიყიდვას, რადგან ეს მისი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.
მაგალითად, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა სანქციების პირველი ტალღა წამოვიდა, პუტინმა ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ჩინეთს მიმართა. ამ მხარდაჭერის ნაწილად იარაღის გაყიდვებიც იქცა.
უკვე 2015 წელს, რუსეთმა ჩინეთს მიყიდა S-400 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და Su-35 გამანადგურებლები, რადგან მოსკოვს ჩინეთთან პარტნიორობა მეტოქეობაზე მეტად სჭირდება. საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები ეკვეთება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებშიც, როგორიცაა რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, რასაც დასაწყისში უკვე შევეხეთ.
2023 წელს, უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამანისტროს ბრძანებით გამოიცა ახალი რუკები, სადაც ვლადივოსტოკი და შვიდი სხვა ქალაქი, რომელიც ისტორიულად ჩინეთს ეკუთვნოდა 1860 წლის პეკინის ხელშეკრულებამდე, ჩინური სახელებით იყო მოხსენიებული. ეს კი რუსულ ეფ-ეს-ბეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
საინტერესოა ჩინეთ-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტიც ცენტრალურ აზიაში, რაც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, რუსეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა. მაგრამ, ბოლო 20 წლის მანძილზე ჩინეთმა დაიწყო მასშტაბური პორექტების განხორციელება ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში თავისი “სარტყელი და გზის” პოლიტიკის ფარგლებში.
2023 წლისთვის, ჩინეთმა ოფიციალურად ჩამოიტოვა რუსეთი და გახდა ყველა ცენტრალური აზიის ქვეყნის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთი მილიარდობით დოლარს დებს ავტობანების, რკინიგზების, მილსადენების და ენერგეტიკული პროექტების მშენებლობაში, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ომზეა კონცენტრირებული.
2023 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა პირველ ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტს, სადაც რუსეთი არ იყო მიწვეული, რამაც მოსკოვი კიდევ უფრო შეაშფოთა.
ეკონომიკურ პარტნიორობასთან ერთად, ჩინეთი ასევე ცდილობს რეგიონულ უსაფრთხოებაში ჩართვას. ჩინეთმა უკვე გახსნა ანტიტერორისტული ბაზა ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვართან ახლოს. 2024 წელს კი, გავრცელებული ცნონბებით, ჩინეთმა მიაწოდა დრონები ყაზახეთს და საზენიტო სარაკეტო სისტემები უზბეკეთს. რუსეთი კი ამ ეტაპზე მხოლოდ მაყურებლის როლშია.
ბოლოს, უნდა შევეხოთ არქტიკას, ანუ ჩრდილოეთ პოლუსს, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი აქვს ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეზე, რომელიც 24,000 კილომეტრს აღემატება. ათწლეულების განმავლობაში, მოსკოვმა კოლოსალური რესურსები ჩადო “ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის” განვითარებაში, რომელსაც შეუძლია ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის გადაზიდვის დრო დაახლოებით ორი სრული კვირით შეამციროს, სუეცის არხზე გამავალ მარშრუტთან შედარებით.
ეს გზა კი გლობალურ დათბობასა და ყინულის დნობასთან ერთად უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, რუსეთის მხარეს არსებული ყინულის ქვეშ შესაძლოა მდებარეობდეს 48 მილიარდი ბარელი ნავთობი და 43 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
ჩინეთი გეოგრაფიულად სულაც არ მიეკუთვნება არქტიკას, მაგრამ თავის თავს აცხადებს “არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოდ“, რაც ნიშნავს, რომ მას მტკიცე სურვილი აქვს არ გამოაკლდეს არქტიკის ზონაში მიმდინარე პროცესებს.
ჩინეთმა უკვე ააშენა კვლევითი სადგურები არქტიკაში და ოფიციალურად აგზავნის სამეცნიერო ექსპედიციებს. მაგრამ, იმაზეც საუბრობენ, რომ ჩინეთი შესაძლოა მეცნიერული საქმიანობის პარალელურად ადგენდეს სტრატეგიულ მარშრუტებს და აგროვებდეს კრიტიკულ მონაცემებს, რაც თანდათან გაზრდის ჩინეთის გავლენას რეგიონში.
შეჯამება
რომ შევაჯამოთ, შეიძლება ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები ზედაპირულად მეგობრულად გამოიყურება, მაგრამ ამის უკან დგას ისტორიული და სტრატეგიული უნდობლობა, რაც გამოჟონილ დოკუმენტშიცაა ასახული. დღევანდელი მათი პარტნიორობა განპირობებულია მხოლოდ საჭიროებით — რუსეთს ჩინეთი სჭირდება რათა გადაურჩეს დასავლეთისგან იზოლაციას, ხოლო ჩინეთი ამით მეტ გავლენას იძენს რუსეთზე და ვინ იცის სადამდე მივა ეს მომავალაში.
იხილე ვიდეო:
“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობებზე და “ეფ-ეს-ბეს” გაჟონილ ფაილზე, რომელიც ჩინეთს რუსეთის “მტრად” მოიხსენიებს.