ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

როგორ გაუთამამდა აზერბაიჯანი რუსეთს: ახალი რეალობა კავკასიაში და კრემლის სუსტი პასუხი

კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრებია და ამჯერად ერთმანენთს ღიად აზერბაიჯანი და რუსეთი დაუპირისპირდნენ. პარალელურად, აზერბიაჯანმა მნიშვნელოვნად გაამყარა პარტნიორობა თურქეთთან, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან, რასაც ირანი და სომხეთიც ინტერესით აკვირდებიან.

ამ სტატიაში კი გაიგებთ, როგორ გაამყარა აზერბაიჯანმა სტრატეგიული პოზიციები და როგორია მისი გეოპოლიტიკური ტრაექტორია.

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორია

რუსეთ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობები მეტწილად მეგობრულად ითვლება. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანს ხელმძღვანელობდა ჰეიდარ ალიევი, “კაგებეს” ყოფილი თანამშრომელი და მოსკოვისთვის სანდო ფიგურა, რომელიც კარიერის მანძილზე საბჭოთა მმართველობის უმაღლეს ეშელონებამდე ავიდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მანამდე იყო ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, გახდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი.ამ დროისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე აქტიურად მიმდინარეობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ამიტომ ალიევმა სწრაფად გააცნობიერა, რომ მას რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა დასჭირდებოდა ამ პროცესში.

აზერბაიჯანი ჯერ კიდევ სუსტი იყო, ხოლო რუსეთი რეგიონში მთავარ ძალად რჩებოდა, რომელიც ამავდროულად ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს. ამასთან ერთად, ალიევმა აშკარად დაინახა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური წინსვლის მთავარი რესურსი ნავთობი და ბუნებრივი აირი იყო, რაც დასავლეთს აინტერესებდა. ამიტომ, მან აირჩია ბალანსის პოლიტიკა: ცდილობდა შეენარჩუნებინა სტაბილური, საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ამავდროულად, კარი გაუხსნა დასავლურ კომპანიებსა და მთავრობებს.

მაგალითად, 2002 წელს აზერბაიჯანმა რუსეთს “გაბალას” რადარული სადგურის გამოყენების უფლება მისცა, რომელიც საბჭოთა დროინდელი სარაკეტო თავდაცვითი ობიექტი გახლდათ და მას რუსეთი აზერბაიჯანისგან წელიწადში შვიდ მილიონ დოლარად ქირაობდა დაზვერვითი საქმიანობისთვის. თუმცა, 2012 წელს უკვე ილჰამ ალიევის აზერბაიჯანმა ქირის 300 მილიონ დოლარამდე გაზრდა დააპირა, რასაც რუსეთი აღარ დათანხმდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი დღით ადრე, 2022 წლის 22 თებერვალს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა “მოკავშირეთა ურთიერთქმედების დეკლარაცია,“ ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა დიპლომატიურ საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ქაღალდზე ეს კავშირი მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა, მაგრამ აზერბაიჯანი რუსეთის მიღმა კიდევ უფრო აძლიერებდა ურთიერთობებს თურქეთთან, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან.

სწორედ ისრაელიდან ნაყიდმა დრონებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში, რომლის შედეგადაც აზერბიაჯნმა ტეროტირიის დიდი ნაწილი დაიბრუნა. რუსეთი კი აზერბაიჯანსა და სომხეთში სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად ბოლო მომენტში ჩაერთო, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა სომხეთის პოზიციები.

შეთანხმების მონიტორინგისთვის კი რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალები გაგზავნა, რითაც კრემლმა გაამყარა გავლენა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა ბაქო ამით არ დაკმაყოფილდა და 2023 წელს, როცა რუსეთი უკრაინის ომით იყო დაკავებული, აზერბაიჯანმა წამოიწყო კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლი მოიპოვა და, ამჯერად, რუსეთისგან დამოუკიდებლად.

შესაბამისად, რუსეთმა ვერც სომხეთის ინტერესები დაიცვა და ვერც აზერბაიჯანისთვის აღმოჩნდა სასარგებლო, ამიტომ რუსეთის ძალა ორივე მხარისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამის შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო ძალების როლი მთიან ყარაბაღში ბუნდოვანი გახდა, რადგან ომის ბედი სამხედრო გზით გადაწყდა, სომეხი მოსახლეობის უმრავლესობამ კი ტერიტორია დატოვა. ამას დაემატა რუსეთის სამხედრო რესურსების გადამისამართება უკრაინის ფრონტზე. ამიტომ, 2024 წელს, დათქმულ ვადაზე ერთი წლით ადრე, რუსებმა მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად დატოვეს.

როდესაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2024 წელს მოსკოვს ეწვია, პუტინთან შეხვედრისას მთიანი ყარაბაღი არც უხსენებია და აქცენტი ორმხრივ ურთიერთობებზე გაკეთდა.

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები 2024 წლის დეკემბერში დაიძაბა.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბიაჯნაული თვითმფრინავი შემთვევით ჩამოაგდეს ყაზახეთში, რასაც 38 ადამიანი შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა აზერბიაჯნაული საზოგადოება, მაგრამ მოსკოვმა ეს ინციდენტი უბრალო შეცდომად გამოაცხადა და საკითხი დამატებითი ახსნების გარეშე დახურა.

სახალხო გლოვის ჟამს, აზერბაიჯანელებმა რუსეთის მიდგომა შეურაცხყოფად აღიქვეს. მთავრობამ საპასუხოდ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა ჩაკეტა, მილიონობით დოლარის სავაჭრო შეთანხმებები გააუქმა და საჯაროდ დაგმო მოსკოვი.

2025 წლის ივნისში კი მოხდა კიდევ ერთი დარტყმა.

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიციამ რეიდი მოაწყო მიგრანტების უბნებში. დააკავეს აზერბაიჯანელი ძმები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციით პატიმრობაში წამებით გარდაიცვალნენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა-განმარტებისთვის რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა და მოსთხოვა მომხდარის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. აზერბიჯანის მთავრობამ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის დაგეგმილი ვიზიტი ბაქოში.

აზერბაიჯანის პოლიციამ რეიდი ჩაატარა რუსულ მედიასაშუალება სპუტნიკის ოფისში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში აკრედიტაციის გაუქმების მიუხედავად, სპუტნიკი “არალეგიური დაფინანსების” გზით მაინც განაგრძობდა საქმიანობას. დააკავეს შვიდი ადამიანი, მათ შორის Sputnik Azerbaijan-ის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს დირექტორი. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით ქონების დაუფლების ბრალდებით.

კრემლმა პატიმრების გამოშვება მოითხოვა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე რუს დიპლომატებს არ აძელევს პატიმრებთან კომუნიკაციის საშუალებას.

იხურება შვიდი რუსულენოვანი სკოლა, მანამდე კი თებერვალში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება ბაქოში მდებარე რუსეთის სახელმწიფოს კულტურული დიპლომატიის სააგენტოს ფილიალის დახურვის შესახებ. არც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩასულა მოსკოვში 2025 წლის 9 მაისს გამართულ აღლუმზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ მიუთითებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე.

რას ეფუძნება ალიევის სითამამე მოსკოვის მიმართ და რამდენ ხანს შეძლებს ბაქო წინააღმდეგობის გაწევას?

აზერბაიჯანის ახალი მოკავშირეები

აზერბაიჯანი დიდი ხანია სტრატეგიულ დიპლომატიას აწარმოებს რუსეთის მიღმა და მას დღეს უმნიშვნელოვანესი პოზიციები უჭირავს არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად ევრაზიაში.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ მისი ენერგორესურსები. აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და მისი რესურსები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როცა ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული გაზის ალტერნატივის ძიება დაიწყო. ევროპა უკვე იღებდა გაზს “სამხრეთის დერეფნიდან,” რომლის ნაწილიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენიცაა.

აზერბაიჯანულმა სოკარმა 2024 წლისთვის ამ მილსადენით 25 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიაწოდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. როგორც ვარაუდობენ, 2027 წლისთვის ამ მარშრუტით ყოველწლიურად ოცი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავა ექსპორტზე, რაც საქართველოსთვისაც მომგებიანია.

2024 წელს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ევროპა კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას. მაგალითად, გერმანიამ აზერბაიჯანულ “სოკართან” ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანისგან წლიურად 1.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყიდის.

ამ ფონზე, ბუნებრივია, ვითარდება აზერიბაიჯანის ეკონომიკაც. 2024 წელს, მისი ეკონომიკა 4.1%-ით გაიზარდა, 2025 წელს კი სავარაუდო ზრდა 3.5% იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია აზერბიაჯანის სამხედრო თანამშომლობა ისრაელთან და თურქეთთან. ისინი დიდი ხანია იარაღს აწვდიან აზერბაიჯანს. სწორედ ისრაელის და თურქეთის ტექნოლოგიებმა მისცეს ბაქოს მნიშვნელოვანი უპირატესობა ბრძოლის ველზე, როგორც 2020 ისე 2023 წელს.

2024 წლის თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ კი ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. მათ დაიწყეს საუბარი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და დაზვერვის გაზიარებაზე.

რას სთავაზობს აზერბიაჯანი ისრაელს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ? მოკლედ რომ ვთქვათ — მდებარეობას.

აზერბაიჯანი ის იშვიათი მუსლიმური ქვეყანაა ირანის მეზობლად, რომელიც ისრაელისადმი დადებითადაა განწყობილი. ამით ისრაელს საშუალება ეძლევა აზერბაიჯანის დახმარებით დააკვირდეს ირანის მოქმედებებს. მაგალითად, 2025 წლის ივნისში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თეირანში ფიქრობდნენ, რომ ისრაელმა ამ ოპერაციისთვის აზერბაიჯანის ტერიტორია ან საჰაერო სივრცე გამოიყენა.

თავდასხმის დროს ირანის ჩრდილოეთით, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში აზერბაიჯანთან ახლოს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხედავდნენ დრონებს და ესმოდათ თვითმფრინავების ხმა.

ირანის პრეზიდენტმა პირადადაც დარეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს განმარტებისათვის. თუმცა, ალიევმა პეზეშკიანი დაარწმუნა, რომ არავის მისცემდა აზერბაიჯანის ტერიტორიის ირანის წინაღმდეგ გამოყენების საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა უარყო ისრაელის დახმარება, მას არ დაუგმია ისრაელის შეტევა. საინტერესოა ისიც, რომ იერიშების შემდეგ, ასობით ყალბი სოციალური მედიის ანგარიში ერთსა და იმავე შეტყობინებას ავრცელებდა, თითქოს ისრაელის დრონები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდნენ. ზოგიერთმა ყალბი რუკები და ვიდეოებიც კი დაურთო პოსტებს მეტი დამაჯერებლობისთვის.

აზერბაიჯანი ჩუმად არ დარჩენილა. პარლამენტის ანუ მილი მეჯლისის სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საგარეო ჩარევებზე მუშაობს, განაცხადა, რომ ქვეყანა გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომლის მიზანიც ბაქოსა და თეირანს შორის დაძაბულობის შექმნა იყო. ანალიტიკოსები კი ალაპარაკდნენ, რომ სწორედ რუსეთს აწყობდა რეგიონის კიდევ უფრო დესტაბილიზაცია მაშინ, როცა მთიან ყარაბაღში პოზიციები დაკარგული ჰქონდა.

თურქეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ისტორიულად მტკიცე კავშირი აქვთ. ისინი საუბრობენ მსგავს ენებზე, იზიარებენ რელიგიას და კულტურულ წარსულს. ჰეიდარ ალიევმა ეს ურთიერთობა დაახასიათა, როგორც “ერთი ერი, ორი სახელმწიფო.”

2021 წელს მათ “შუშას დეკლარაციასაც” მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მეორე მხარე სამხედრო დახმარებას გაუწევს. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, უშიშროების საბჭოებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და ევროპისათვის გაზის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ვაჭრობის გაზრდაზე, ახალი ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო გზების მშენებლობაზე, რაც მოიცავს “ზანგეზურის დერეფნის” პროექტს, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს დააკავშირებს ნახიჩევანის ექსკლავთან სამხრეთ სომხეთის გავლით.

ამ ყველაფერმა კი მაშინ მიიღო დოკუმენტის სახე, როცა 2020 წლის მთიან ყარაბაღში აზერბიაჯანის წარმატებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა თურქული TB-2 ტიპის დრონები. სიმბოლურია ისიც, რომ ეს შეთანხმება შედგა ქალაქ შუშაში, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაიბრუნა. ცერემონიის იქ ჩატარება იყო ძლიერი გზავნილი, რომ თურქეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებსა და სამხედრო იერიშს სრულად უჭერდა მხარს.

აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ჩინეთიც ახორციელებს, “სარტყელი და გზის” პოლიტიკის ფარგლებში. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია “შუა დერეფნის” სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს შუა აზიის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით.

ეს კი არის ყველაზე მოკლე, სწრაფი და ეფექტური მარშრუტი, თან რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით. სწორედ ამიტომ “შუა დერეფნის” დატვირთვა სწრაფად იზრდება. 2023 წელს შუა დერეფანზე ორ მილიონ ტონა ტვირთმა გაიარა, ხოლო 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 5.2 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. 2027 წლისათვის კი ნავარაუდებია ათ მილიონ ტონაზე მეტის გადაზიდვა ამ გზით.

შეჯამება

მოსკოვი, რა საკვირველია, ვერ იქნება ამ ყველაფრით კმაყოფილი.

ის ჩაეხსნა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რითაც მოაკლდა შემოსავლის წყარო; დაკარგა პოზიციები მთიან ყარაბაღში, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გაციება, როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან; ამავდროულად უკვე სამი წელია აწარმოებს დიდ ომს უკრანაში, რაც აზარალებს მის ეკონომიკას; და პარალელურად, აზერბაიჯანი დგავს თამამ ნაბიჯებს მის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი აღარ აღიქვამს თავს პატარა, მორჩილ ქვეყნად რუსეთის უკანა ეზოში.

ვლადიმერ სოლოვიოვმა, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს 300-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ და თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ეს საზღვარი შეიძლება პრობლემად იქცეს. მან ასევე ბაქოს შეახსენა, რომ რუსეთი მისი მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია (იტალიისა და თურქეთის შემდეგ). მსგავსი რიტორიკა რუსულ მედიაში ახალი არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში მიუთითებს, თუ რამდენად დაიძაბა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ბოლო პერიოდში.

როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანი დღეს საგრძნობლად გაძლიერებულია, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ის გადაიქცა მნიშვნელოვან და სასურველ პარტნიორად დასავლეთისთვის და ანგარიშგასაწევ ძალად ირანისთვისა და რუსეთისთვის.

იხილე ვიდეო:

“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს, თუ როგორ დაწინაურდა აზერბაიჯანი თურქეთისა და ისრაელის დახმარებით, რატომ დაუპირისპირდა რუსეთს და როგორ გახდა ირანისათვის ანგარიშგასაწევი ძალა.