ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ქვეყანა მთავრობის გარეშე: ევროკავშირი და TikTok რუმინეთის არჩევნებში ჩაერია?

ქვეყანა მთავრობის გარეშე?!

ბოლო რამდენიმე თვეა, რუმინეთში პოლიტიკური განუკითხაობაა. 2024 წლის შემოდგომის გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნები იმდენად დიდი სკანდალი აღმოჩნდა, რომ მასზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც კი ისაუბრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ქვეყნის შიგნით და გარეთ დაიწყო საუბარი, თითქოს არჩევნებში რუსეთი ჩაერია და შემდეგ დასავლეთის ზეწოლით გაუქმდა შედეგები, არასასურველი კანდიდატის ჩამოსაშორებლად. ამ არეულობის ფონზე, რუმინეთს ჯერ ვადაგასული პრეზიდენტი მართავდა, რომელსაც პროტესტის ფონზე მოგვიანებით გადადგომა მოუხდა, ხოლო დროებითი პრეზიდენტის ფუნქცია სენატის თავმჯდომარემ აიღო საკუთარ თავზე.

ამ სტატიაში განვიხილავთ ვინ და რატომ გააუქმა 2024 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუმინეთში.

რა მოხდა რუმინეთში?

2024 წელი ბევრი ქვეყნისთვის საარჩევნო წელი იყო, მათ შორის, რუმინეთისთვისაც, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს გაიმართა.

რუმინეთში პრეზიდენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. პრეზიდენტი განაგებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ნიშნავს პრემიერ მინისტრს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს, ვეტოს ადებს კანონპროექტებს და, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს.

პირველ ტურში კი ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. პირველი ადგილზე კალინ ჯორჯესკუ გავიდა 22%-იანი მხარდაჭერით — მაშინ როცა ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ის 10%-საც ვერ აგროვებდა. კალინ ჯორჯესკუ ულტრამემარჯვენე, დამოუკიდებელი კანდიდატი გახლდათ, რომელიც გამოირჩევა ანტიევროპული რიტორიკით, ვლადიმირ პუტინისადმი დადებითი დამოკიდებულებით და მკვეთრად ანტიუკრაინული განცხადებებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, ბევრგან და გასაკუთრებით ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, შეინიშნება ანტიუკრაინული განწყობების გაძლიერება მიმდინარე ომის ფონზე.

ჯორჯესკუს კამპანია თითქმის მთლიანად ტიკტოკზე იყო აგებული და იმდენად წარმატებით, რომ მისი ვიდეოები რამდენიმე დღეში მილიონობით ნახვას აგროვებდა. მრავალი წყაროს მიხედვით, ამ წარმატების მიღწევა ალგორითმების მანიპულაციითა და სხვა კანდიდატების კამპანიების სტრატეგიის პირდაპირი კოპირებით ხდებოდა.

ჯორჯესკუს გუნდი იყენებდა 25,000-ზე მეტ ანგარიშს, საიდანაც კოორდინირებულად ავრცელებდა მის მხარდამჭერ ვიდეოებს. ისინი Telegram და Discord არხებზე გასცემდნენ ინსტრუქციებს ინფლუენსერებზე თუ როგორ გაევრცელებინათ ვიდეოები TikTok-ის უსაფრთხოების ფილტრების გვერდის ავლით. შედეგად, TikTok-მა ვერ მოახერხა ჯორჯესკუს ვიდეოებისთვის სათანადო პოლიტიკური მარკირების მინიჭება და მისი კონტენტი პლატფორმაზე ალგორითმულად უფრო ფართო აუდიტორიას მიეწოდებოდა, ვიდრე სხვა კანდიდატების. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს — DSA-ს, რომელიც ავალდებულებს ტექნოლოგიურ კომპანიებს გამჭვირვალობასა და პოლიტიკური რეკლამის მკაფიო მარკირებას.

ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის მიხედვით, TikTok-ი და სხვა სოციალური მედიის კომპანიები, ვალდებული არიან გამოაქვეყნონ რეკლამების ბიბლიოთეკა, სადაც დეტალურად უნდა იყოს მითითებული რეკლამის შინაარსი, სამიზნე აუდიტორია და დაფინანსების წყარო. თუმცა, ევროკომისიის განცხადებით, TikTok-მა ეს მოთხოვნა ვერ შეასრულა, რაც სერიოზული დაბრკოლებაა თაღლითური რეკლამების და კოორდინირებული კამპანიების იდენტიფიცირებისთვის.

ამას დაემატა ჯორჯესკუს კამპანიის გაუმჭვირვალე დაფინანსება. სხვადასხვა ცნობებით, მისი რეკლამების უკან იდგა უცხოური ძალა, სავარაუდოდ რუსეთი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ეჭვებს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ყველა ამ ფაქტორის, სამართლებრივი დარღვევებისა და სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად სცნო და ახალი არჩევნები დანიშნა.

ხელახალი კენჭისყრის პირველი ტური 2025 წლის 4 მაისს გაიმართა, მეორე კი 18 მაისს, რასაც მოგვიანებით დავუბრუნდებით.

არჩევნების გაუქმების შემდეგ მსოფლიო საზოგადოება ალაპარაკდა, რომ რუმინეთის სახელმწიფო სტრუქტურები ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. დასავლეთს აშკარად არ აწყობდა პრეზიდენტად ანტიევროპულად განწყობილი, ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს, მოსვლა და გაჩნდა ეჭვები, რომ ევროკავშირმა რუმინეთს შედეგები გააუქმებინა.

რუმინეთის არჩევნების სკანდალს ირაკლი კობახიძეც კი შეეხო, როცა განაცხადა, რომ “სწორედ ევროპული ბიუროკრატიის ჩარევით, საერთოდ გაუქმდა უკვე ჩატარებული არჩევნები [რუმინეთში], ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე. მაგრამ, ფიქრობენ თუ არა ასე რუმინელები?

2025 წლის 4 მაისის ხელახალ არჩევნებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯორჯესკუმ ვეღარ იყარა კენჭი. სამაგიეროდ, ჯორჯესკუმ მხარი დაუჭირა მემარჯვენე კოალიციური ძალების კანდიდატს, ჯორჯე სიმიონის, რომელიც ამომრჩეველს ჯორჯესკუს მაღალჩინოსნად დანიშვნას ჰპირდებოდა გამარჯვების შემთხვევაში.

სიმიონმა პირველ ტურში ხმების 40.49%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილისთვის კი იბრძოდნენ კონსერვატორი, ამჟამიდნელი მმართველი კოალიციის კანდიდატი ქრინ ანტონესკუ და დამოუკიდებელი ცენტრისტი ნიკუშორ დანი, რომელიც ბუქარესტის მერი გახლდათ 2020 წლიდან.

თავდაპირველად ანტონესკუ ლიდერობდა, თუმცა ემიგრანტების ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ დანიმ ანტონესკუს, სულ მცირედით, ერთ პროცენტზე ნაკლებით გადაუსწრო (20.98%) და მეორე ტურში გავიდა.

რუმინეთის სისტემის მიხედვით, თუ პირველ რაუნდში არცერთი კანდიდატი არ მოაგროვებს 50%-ზე მეტს, მაშინ მეორე ტური ინიშნება. პარალელისთვის, საქართველოშიც ასე იყო, სანამ პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით ირჩევდა. მაგალითისთვის შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებს.

თუმცა რუმინეთის არჩევნების მეორე ტურამდე იყო კიდევ ერთი სკანდალი.

სკანდალი არჩევნებამდე

2024 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ, რუმინეთს ვადა-გასული პრეზიდენტი — კლაუს იოჰანისი — მართავდა, რაც ქვეყანაში მასობრივ პროტესტს და პოლიტიკურ დაძაბულობას გამოიწვევდა. ამ ვითარებამ შეკითხვები გაჩნდა იოჰანისის მანდატის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

სამმა მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში დაახლოებით 35%-ს ფლობენ, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. იოჰანისის არაპოპულარობამ გააჩინა რისკი, რომ მათ ინიციატივას მემარცხენე ან ზომიერი პარტიების წევრებიც შეუერთდებოდნენ. ამ ფონზე, ქვეყნის სტაბილურობის დაცვის მოტივით, კლაუს იოჰანისი 2025 წლის თებერვალში გადადგა.

მის ადგილას, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა რუმინეთის სენატის თავმჯდომარე — ილიე ბოლოჟანი. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს ჩატარდა, სადაც გამარჯვება დამოუკიდებელმა, პროევროპულმა ნიკოშურ დანიმ მოიპოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ამით რუმინეთის კრიზისი დასასრულს უახლოვდება.

იხილე ვიდეო:

“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს რუმინეთში გაუქმებული არჩევნების მიზეზებზე და ხელახლა ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.