ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ისრაელის შეტევა და ტრამპის გარანტიები: როგორ იქცა კატარი ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ ძალად?

ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს — კატარი, ახლო აღმოსავლეთის ყველზე მდიდარი ქვეყანა მხოლოდ სამი მილიონი მოსახლეობით, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური გავლენა აქვს, ვიდრე ხშირად ახალი ამბებიდან გვესმის.

რა ვიცით კატარის შესახებ ერთი შეხედვით: ის არის ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა, აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიახაზები, 2022 წელს უმასპინძლა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, ფლობს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო მედია “ალ ჯაზირას”. ბოლო დროს კი ის თითქოს ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად გადაიქცა და ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის მედიაციას ცდილობდა.

თუმცა 2025 წლის სექტემბერში, ისრაელის ბომბი კატარში ჩამოვარდა, რომელიც ჰამასის ლიდერებისადმი იყო მიმართული, მაგრამ კატარის შიდასახალხო უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთი წევრი იმსხვერპლა. ამ ინციდენტმა კი საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კატარი არა მხოლოდ რეგიონული მოთამაშე, არამედ ამერიკის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

განვიხილოთ, რატომ და როგორ გახდა პატარა და ერთ დროს უმნიშვნელო ქვეყანა კატარი, მსოფლიო გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი რგოლი?

როგორ გამდიდრდა კატარი?

ათასობით წლის განმავლობაში ვერავინ იფიქრებდა, რომ მტვრიანი, უდაბნოთი დაფარული კატარი, სადაც არც მდინარე არსებობს, არც საკმარისი ნალექი და არც ნაყოფიერი მიწა ახლო აღმო სავლეთის უმდიდრეს ქვეყნად აღმოცენდებოდა.

ისტორიულად კატარი სხვადასხვა იმპერიების გავლენის ქვეშ იყო. XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, კატარი ნაწილობრივ ბაჰრეინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 1871 წლიდან ოსმალეთის იმპერიის შემედგენლობაში გადავიდა. 1916 წლიდან კი ის იყო ბრიტანეთის დამცველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა, სანამ მან დამოუკიდებლობა არ მოიპოვა 1971 წელს.

კატარის მიწა საუკუნეების მანძილზე იყო იზოლირებული, ღარიბი და ჩამორჩენილი. ცხელი კლიმატის გამო იქ ცოტა ადამიანი ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა თავს ძირითადად მეთევზეობით ან მარგალიტების მოპოვებით ირჩენდა, სანამ 1939 წელს, ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დუხანის მინდორზე, ნავთობი არ აღმოაჩინეს. თუმცა, იმ წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რის გამოც ნავთობმოპოვების განვითარება ათი წლით შეფერხდა.

1950-იან წლებში ბრიტანული კომპანია Shell-ი უკვე მცირე რაოდენობით ნავთობს მოიპოვებდა კატარის დუხანის საბადოდან, თუმცა ეს არაფერი იყო იყო საუდის არაბეთისა და ქუვეითის მარაგებთან შედარებით. ამის შემდეგ, კატარმა დასავლურ კომპანიებთან ერთად კიდევ რამდენიმე მცირე საბადო აღმოაჩინა სპარსეთის ყურეში.

ამ ძიებაში, კომპანია Shell-ის დახმარებით, 1971 წელს, კატარმა საუკუნის გეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. ეს იყო არა ნავთობი, არამედ ბუნებრივი აირი. სპარსეთის ყურეში, კატარისა და ირანის ეკონომიკურ ზონაში მიაგნეს გაზის ყველაზე დიდ მარაგს მსოფლიოში. დღეს კატარის მხარე ცნობილია, როგორც “ჩრდილოეთის”, ხოლო ირანის, როგორც “სამხეთ პარსის” საბადო. ამ აღმოჩენამ კი ორივე ქვეყნის ეკონომიკური ბედი შეცვალა.

walking

თუ ირანისა და კატარის საბადოებს გავაცალკევებთ, მაშინ კატარი მესამე ადგილზე აღმოჩნდება გაზის მარაგებით მსოფლიოში, რუსეთისა და ირანის შემდეგ. ეს პატარა ქვეყანა კი ისეთი დიდი ქვეყნების მარაგებზე ორჯერ მეტს ფლობს, როგორიცაა შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი.

walking

სწორედ ამ საბადომ აქცია კატარი იმ ეკონომიკურ ძალად, რომელსაც დღეს ვიცნობთ. მაგრამ ეს ერთ დღეში არ მომხდარა.

აღმოჩენის მომენტში, კატარელები და Shell-ის ინჟინრები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან ბუნებრივი აირის ექსპორტი იმ დროს კატარისთვის მომგებიან ბიზნესად არ ითვლებოდა.

1970-იან წლებში ბუნებრივი აირის ინდუსტრია სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე აქტიურად გამოიყენებოდა ბუნებრივი აირის თხევად მდგომარეობაში გადაქცევის ტექნოლოგია საზღვაო გადაზიდვებისთვის, ეს ურთულესი და ძვირადღირებული პროცესი იყო, რასაც სჭირდებოდა: (1) სპეციალურ ქარხნები, რომლებიც აირს -161-163°C-მდე გააგრილებდა, რაც რთული ამოცანა იყო სპარსეთის ყურის ცხელი კლიმატის პირობებში; (2) სპეციალურად შექმნილ გემები, რომლებიც თვეების განმავლობაში შეინარჩუნებდენ დაბალ ტემპერატურას ზღვაში გადაზიდვისას; (3) მიღების წერტილებში რე-გაზიფიკაციის ქარხნები, რომლებიც თხევად გაზს ისევ აირად მდგომარეობაში გადაიყვანდნენ მომხმარებლისთვის.

მთელი ამ ინფრასტრუქტურის შექმნა მილიარდობით დოლარი ჯდებოდა. თან მაშინ, როცა თხევად გაზზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობდა. ევროპა ბუნებრივ აირს იღებდა მილსადენებით ნორვეიდან, ნიდერლანდებიდან და 1970-იანი წლების ციმბირის გაზის აღმოჩენების შემდეგ - რუსეთიდან. ხოლო აზიაში, იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი იაფ ბუნებრივ აირს იღებდნენ ახლო მეზობლებისგან, მაგალითად, ინდონეზიიდან, მალაიზიიდან და ბრუნეიდან. ამიტომ, კატარის ძვირი თხევადი გაზი ვერ იქნებოდა კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და Shell-მა ეს პროექტი მიატოვა.

1970-იან წლებში, ისრაელის მხარდაჭერის მიზნით იომ-ქიფურის ომისას, რომელსაც არაბულ სამყაროში მეოთხე არაბ-ისრაელის ომის სახელით იცნობენ, არაბულმა ქვეყნებმა შეერთებულმა შტატებს, ნიდერლანდებს, პორტუგალიას, როდეზიას და სამხრეთ აფრიკას ნავთობზე ემბარგო დაუწესეს. შედეგად, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. კატარი თავის ნავთობის მცირე მარაგებზე გადაერთო, მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოს, ყველაფერი კვლავ შეიცვალა.

1986 წელს ნავთობის ფასი 50%-ზე მეტით დაეცა, რის გამოც კატარში ნავთობის წარმოება და შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. 1990-იან წლებში, როცა ნავთობის ფასები ისევ დაბალ ნიშნულზე იყო, კატარი დაუბრუნდა ბუნებრივი აირის საბადოს განვითრებას, რომელიც 20 წელი არ ფუნქციონირებდა.

ამავე პერიოდში კი ბუნებრივი აირის გლობალური მოთხოვნა იზრდებოდა. ორი ათწლეულის ტექნოლოგიური პროგრესისა და გამოცდილების შემდეგ კი თხევადი გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კატარს სრულიად ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს უქმნიდა.

1995 წელს, ამბიციურმა და პროგრესულად მოაზროვნე ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანიმ, ფაქტობრივად უსისხლო გადატრიალება მოაწყო და თავისი მამა გადააყენა. სწორედ ჰამად ბინ ხალიფას ლიდერობის დროს დაიწყო პატარა კატარის გარდაქმნა მსოფლიო ძალად.

მას მტკიცედ სწამდა ჩრდილოეთის გაზის საბადოს პოტენციალის. დასავლური ენერგოკომპანიებისგან, მათ შორის ამერიკული ExxonMobil-ისგან მიღებული მილიარდობით დოლარის ინვესტიციით, მიზნად დაისახა მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი თხევადი გაზის ინდუსტრიის შექმნა. ასეც მოხდა.

1996 წელს,კატარმა სპარსეთის ყურის გავლით თავისი პირველი თხევადი გაზის პარტია ექსპორტზე გაუშვა, ათი წლის შემდეგ კი ქვეყანამ ყველა კონკურენტს გადააჭარბა, მათ შორის მალაიზიასა და ინდონეზიას. იგი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი თხევადი გაზის ექსპორტიორი.

ექსპორტიდან მიღებულმა უზარმაზარმა შემოსავალმა კატარის ხაზინა უსწრაფესად გაავსო და ქვეყანა წარმოუდგენლად გაამდიდრა. თუმცა, ამ ახალ სიმდიდრეს თან ახლდა ახალი საფრთხეც.

კატარის გეოპოლიტიკა

კატარი ზედმეტად დამოკიდებული გახდა ბუნებრივ აირის გაყიდვებზე. ერთ დღეს, რომ ბაზარი ჩამოშლილიყო ან მის ტერიტორიას შექმნოდა საფრთხე, ის ისევ ღარიბ, ცარიელ ნახევარკუნძულად გადაიქცეოდა. ამიტომ, კატარმა ჭკვიანური დიპლომატიით შეიქმნა უსაფრთხოების გარანტიები.

1996 წელს, სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატების მეთაურობით ქუვეითი სადამ ჰუსეინის ერაყისგან გათავისუფლდა, კატარმა ამერიკას ნება დართო თავის ტერიტორიაზე განეთავსებინა ალ უდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც დღემდე შეერთებული შტატების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში.

ამით კატარი პატარა ნავთობდამოკიდებული ქვეყნიდან გადაიქცა ამერიკის მნიშვნელოვან მოკავშირედ. სანაცვლოდ კი, ამერიკამ მიიღო სტრატეგიული ბაზა, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო თავდასხმას მარტივად განახორციელებს სირიაზე, ერაყზე, ირანზე, ავღანეთზე და სხვა მიმდებარე სახელმწიფოებზე. ეს ბაზა ასევე ახლოსაა ჰორმუზის სრუტესთან, სადაც მსოფლიო თხევადი ბუნებრივი აირის მოხმარების 20%-25% გადის. მის გადაკეტვას კი დიდი ზიანი მიყენება შეუძლია ნავთობის მომარაგების ჯაჭვისთვის.

წარმოიდგინეთ რეაქცია დოჰაში, როცა ამერიკის მოკავშირე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, 9 სექტემბერს, ადგილობრივი სახელმწიფო მოხელე გარდაიცვალა. ეს კი იმ დროს, როცა კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებას ცდილობდა.

შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო იყო დონალდ ტრამპიც. ამ ფონზე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბოდიშის მოხდაც მოუწია 2025 წლის 29 სექტემბერს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მხარეებმა ახალ გრძელვადიან გეგმაზე ისაუბრეს ღაზას სექტორში ომის მოსაგვარებლად.

გეგმა შემუშავდა მრავალი არაბული და ევროპული ქვეყნის კონსულტაციით და მისი პირველი ეტაპი მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და ყველა მძევლის გათავისუფლებას. ეს პირობა კი მხარეებმა უკვე შეასრულეს. 13 ოქტომბერს, 20 ისრაელელი მძევალი და 2,000-მდე პალესტინელი დაკავებული სახლში დაბრუნდა.

საინტერესო ისაა, რომ ამავე დღეს, დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც კატარის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კატარზე ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება შეერთებული შტატების მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე თავდასხმად. ეს კი შინაარსით ძალიან ჰგავს ნატო-ს მეხუთე მუხლს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კატარზე თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა კანონიერ და შესაბამის ზომას, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებსაც, კატარისა და ამერიკის ინტერესების დასაცავად.

აქ საკვანძო ფრაზაა “საჭიროების შემთხვევაში”, რადგან ეს ფორმულირება ვაშინგტონს აძლევს თავისუფლებას თვითონ გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული თავდასხმა ისეთ საფრთხეს, რომელიც სამხედრო ჩარევას გაამართლებს.

ამ აღმასრულებელ ორდერს ასევე არ აქვს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალა. ნამდვილი სამხედრო ალიანსები, მაგალითად ამერიკის ნატო-ში წევრობა, საჭიროებს კონგრესის თანხმობას და სენატის რატიფიკაციას, რათა ის იქცეს კანონად, ანუ უფრო მყარ და სანდო ვალდებულებად. ტრამპის მიერ გამოცემული ორდერი კი ასეთ სტატუსს არ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაუქმება ან შეცვლა ასევე მარტივი ბრძანებით შეიძლება.

ამის მიუხედავად, ეს დოკუმენტი მაინც მნიშვნელოვანი განაცხადია შეერთებული სტატებისა და კატარის უსაფრთხოების ინტერესების თანხვედრაზე. ეს ასევე არის ამერიკის დიპლომატიური გზავნილი კატარის მხარდასაჭერად ისრაელის ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ.

2025 წლის 10 ოქტომბერს კი, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკამ კატარს ნება დართო აიდაჰოს შტატში, Mountain Home-ის საჰაერო ბაზაზე განათავსოს F-15 ტიპის გამანადგურებლები ურთიერთთავსებადობის გასაზრდელად. მანამდე კი, 2022 წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კატარი ნატო-ს “მთავარ არაწევრ მოკავშირედ” გამოაცხადა.

შეერთებული შტატებისა და კატარის დაახლოებას ამერიკის შიგნით ბევრი კრიტიკოსიც ჰაყვს. კატარს წლების მანძილზე ბევრი, მათ შორის კონგრესის გარკვეული ნაწილი, ჰამასის დაფინანსებაში ადანაშაულებდა. თუმცა, ამას კატარის მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა.

ამის მიუხედავად, ბოლო დროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ კატარი შეერთებული შტატებისათვის მზარდი მნიშვნელობის პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში.

კატარის სახალხო დიპლომატია

იმისათვის, რომ ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი დაიკავოს, კატარის მთავრობა მრავალი წელია მილიარდებს ხარჯავს ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია კატარის ავიახაზების გაძლიერება, 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა და “ალ ჯაზირას” გაფართოება.

როცა 1993 წელს Qatar Airways დაარსდა, ის პატარა რეგიონული ავიაკომპანია იყო, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავით ოპერირებდა. ემირმა ჰამად ბინ ხალიფამ კი მიზნად დაისახა კატარის გლობალური საჰაერო ტრანზიტის ცენტრად, ხოლო კატარის ავიახაზების ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად გარდაქმნა.

2000-იან წლებში, სახელმწიფოს მძლავრი ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ დაიწყო სწრაფი გაფართოება: შეიძინა ახალი Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავები, გახსნა ათეულობით ახალი მარშრუტი აზიაში, ევროპაში და ამერიკაში, დოჰაში აშენდა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, თანამედროვე ჰაბი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ითვლება მსოფლიოში.

დღეს კატარის ავიახაზები არის ქვეყნის სიმბოლო, რომელიც აფინანსებს ისეთ გლობალური მოვლენების, როგორიცაა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი, ფორმულა 1, და მრავალი საფეხბურთო კლუბი.

არ უნდა გამოგვრჩეს FIFA 2022-ის მედია პარტნიორი “ალ ჯაზირა,” უმსხივლესი საერთაშორისო მედიაკომპანია, რომელიც 1996 წელს კატარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. მას შემდეგ, რაც არაბული BBC-ის სატელევიზიო არხი საუდის არაბეთმა ცენზურის გამო დახურა, კატარის მიზანი იყო პირველი არაბულენოვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი შეექმნა. “ალ ჯაზირამ” სწრაფად მოიპოვა პოპულარობა თავისი დებატებით და ომის ზონებიდან პირდაპირი რეპორტაჟებით, რის შედეგადაც კატარი გადაიქცა ინფორმაციული გავლენის ცენტრად ახლო აღმოსავლეთში.

თუმცა ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “ალ ჯაზირას” დამოუკიდებლობას, რადგან მისი დაფინანსების დაახლოებით 90% კატარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის. ხოლო მისი ხელმძღვანელი, შეიხ ჰამად ბინ თამერ ალ ტანი, კატარის სამეფო ოჯახის წევრია. ამის გამო ბევრი მიიჩნევს, რომ “ალ ჯაზირა” კატარის ინტერესებისადმი მიკერძოებულია.

კატარის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური აღზევება, ნამდვილად შთამბეჭდავია თანამედროვე ისტორიაში. ბევრი ქვეყანაა ნავთობითა და გაზით მდიდარი, მაგრამ ცოტამ თუ მოახერხა კატარის მსგავსი წარმატების ისტორიის შექმნა.

აუდიო ვერსია: