ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რუსული დრონები პოლონეთში შეიჭრნენ: ნატო-ს პასუხი პროვოკაციაზე და ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები

9 სექტემბერს, ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, პოლონეთის მტკიცებით, მის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 19 რუსული დრონი შეიჭრა ბელარუსის ტერიტორიიდან, რომელთაგან რამდენიმე პოლონეთის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

თუ ამაში რუსეთის მონაწილეობა დადასტურდა, ეს იქნება მსგავსი მასშტაბური შეტევის პირველი შემთხვევა ნატო-ს წევრ ქვეყანაზე.

რატომ პოლონეთი? არის თუ არა ეს მორიგი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რომელმაც შეიძლება უკრაინის ომში ნატო-ს ჩართვა გამოიწვიოს?

რა მოხდა პოლონეთში ?

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 9 სექტემბერს ღამით გაუშვა 415 დრონი და 43 რაკეტა, აქედან ერთი ბალისტიკური რაკეტა. როგორც ვარაუდობენ, აქედან 20-მდე დრონმა, ბელარუსის გავლით, პოლონეთის ტერიტორია გადაკვეთა, რითაც საფრთხე შეუქმნა პოლონეთის მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას.

რეაქცია ვარშავაში იყო ხისტი და მყისიერი. პოლონეთმა გაააქტიურა საჰაერო თავდაცვის სისტემები, გაგზავნა სამხედროები აღმოსავლეთ საზღვარზე, დახურა აეროპორტები აღმოსავლეთ ნაწილში და დღემდე ჩაკეტელია პოლონეთი-ბელარუსის სახლემეთო საზღვარი.

ამ პროცესში ჩაერთო ნატოც. მობილიზდა პოლონური F-16-ები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, ნატოს საწვავის შევსების (MRTT) ავიაცია და გერმანული “პატრიოტების” საზენიტო სისტემები. ამოქმედდა ნატოს ქარტიის მეოთხე მუხლი, რომლის ფარგლებშიც შეიკრიბა ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭო და გამართა საკონსულტაციო შეხვედრები.

მეოთხე მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე წევრი ქვეყანა თვლის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მას შეუძლია მოითხოვოს ყველა მოკავშირის შეკრება. ეს მუხლი არ გულისხმობს ერთობლივ ავტომატურ სამხედრო პასუხს, რასაც მეხუთე მუხლი გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს საფრთხის კოლექტიურ შეფასებას და გადაწყვეტილებების შეთანხმებას კრიზისულ სიტუაციებში, სანამ საქმე სამხედრო მოქმედებამდე მივა.

მეოთხე მუხლი სულ რვაჯერ არის ამოქმედებული ნატოს ისტორიაში. ერთ-ერთი წინა მაგალითია, 2020 წელს თურქეთის მიერ მოითხოვნილი კონსულტაციები თურქი სამხედროების დაღუპვის შემდეგ, სირიის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის ავიადარტყმების შედეგად იდლიბის პროვინციაში.

ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ითვლება ყველა წევრზე თავდასხმად, ამოქმედებულია ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, შეერთებული შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად.

პოლონეთში მომხდარი ინციდენტი რუსული ტექნიკის სხვა ქვეყანაში ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში, რუსეთის დრონები მოლდოვასა და რუმინეთშიც ჩამოვარდა, როცა მოსკოვი შავი ზღვის მხრიდან ცდილობდა აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმას.

2024 წლის მარტში, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია, რის შემდეგაც პოლონეთმა F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები გაააქტიურა. 2022 წლის ნოემბერში კი, პოლონეთში უკრაინიდან შეჭრილმა რაკეტამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა მაშინ მტკიცებულებები საკმარისი არ აღმონდა რუსეთის დასადანაშაულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არცერთ ჯერზე არ უღიარებია მსგავსი ინციდენტების მიზანმიმართულება, პოლონეთისთვის ეს ქმედებები არასდროს ყოფილა შემთხვევითობა. ამიტომ, ვარშავა დიდი სერიოზულობით ეკიდება თავდაცვის გაძლიერებას. 2025 წლის მონაცემებით, ის სამხედრო დანახარჯებით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ერთ სულ მოსახლეზე, პირველ ადგილზეა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის.

განსაკუთრებით რთულია, პოლონეთის საჰაერო სივრცეში არა ერთი ან ორი, არამედ 20-მდე რუსული დრონის შეჭრის შემთხვევითობის დაჯერება. ამიტომ, ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა, შესაძლოა, ნატო-ს ძალებს გამიზნულად ტესტავდეს.

რუსული საფრთხე პოლონეთში

პოლონეთს დიდი ხანია პრობლემები აქვს აღმოსავლეთ საზღვარზე. ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია საუბრობს რუსეთიდან და ბელარუსიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რასაც ცდილობს ეფექტურად გაუმკლავდეს.

ჯერ კიდევ 9 სექტემბრის დრონების ინციდენტამდე, პოლონეთს უკვე ჩაკეტილი ჰქონდა საზღვარი ბელარუსთან, რადგან 12-16 სექტემბერს რუსეთსა და ბელარუსს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები “ზაპად” ანუ დასავლეთი 2025 უნდა ჩატარებულიყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში რუსეთმა ბარენცის ზღვაზე ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ბელარუსის ცნობებით კი, სწავლებში მონაწილეობდა დაახლოებით 7,000 ჯარისკაცი, მათ შორის 6,000 ბელარუსი, ხოლო 1,000 რუსი. თუმცა, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს რიცხვი 100,000-ს უტოლდებოდა.

უცნობია, რატომ არის ასეთი აცდენა რუსეთისა და ბელარუსის მიერ დასახელებულ რიცხვებს შორის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბელარუსის ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა სიამაყით განაცხადა, რომ მონაწილე ჯარისკაცების რიცხვი მხარეებმა მიზანმიმართულად შეამცირეს აღმოსავლეთ ევროპაში დეესკალაციის მიზნით.

ხრენინმა ისიც დაამატა, რომ წვრთნების ძირითადი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრიდან ცენტრალურ ნაწილში გადაიტანეს. მეტი გამჭვირვალობისთვის კი, პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამკვირვებლებიც მოიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ “ვენის დოკუმენტი” ამას არ ავალდებულებდათ. წვრთნებზე დასაკვირვებლად შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა სამხედროები, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა ნიშნის მოგებით აღნიშნა, რომ ეუთოდან მხოლოდ ერთი ადამიანი ესწრებოდა.

წვრთნების ღიაობის მიუხედავად, გამოქვეყნების მომენტში, პოლონეთს ისევ ჩაკეტილი აქვს საზღვარი ბელარუსთან. წვრთნების დასრულების შემდეგ კი, Reuters-ის ცნობით, პოლონეთმა დრონების გაზრდილი აქტივობა დააფიქსირა აღმოსავლეთ საზღვარზე.

პოლონეთს უნდობლობის მრავალი მიზეზი დაუგროვდა ბოლო წლების მანძილზე. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში რუსეთმა და ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს სახელად “მტკიცე კავშირი”, რასაც რამდენიმე კვირაში უკრაინაში ომი მოჰყვა. ეს კი წარმოშობს ეჭვს, რომ “ზაპად 2025” არა სწავლება, არამედ რაიმე უფრო დიდი მოვლენისთვის მზადება შეიძლება იყოს.

ამას ემატება, პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული საიმიგრაციო დაძაბულობა. 2021 წლიდან, პოლონეთის მთავრობა ლუკაშენკოს ადანაშაულებდა მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად გამოწვევაში. ვარშავის მტკიცებით, მინსკი დევნილებს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალურად იწვევდა ბელარუსში, ევროკავშირში მარტივად გადასვლის ცრუ დაპირებით.

ბელარუსმა გაამარტივა სავიზო წესები, დააწესა სამოგზაურო პაკეტები და სახელმწიფო ავიაკომპანია “ბელავიამ” გაზარდა ფრენება ახლო აღმოსავლეთიდან მინსკის მიმართულებით.

ეს ევროკავშირმა ბელარუსზე სანქციების შესამსუბუქებელ შანტაჟად და ჰიბრიდული შეტევის ფორმად აღიქვა, რომლის შედეგადაც ასობით მიგრანტი გაიჭედა პოლონეთის საზღვართან, ხშირ შემთხვევაში მძიმე პირობებში.

პოლონეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საზღვარზე კედელი ააშენა და დაახლოებით 12,000 ჯარისკაცი გაგზავნა, რამაც გამოიწვია ძალადობრივი შეტაკებები. იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ლუკაშენკოსთან ერთად მისი მოკავშირე პუტინიც დაადანშაულა ხელოვნური კრიზისის შექმნაში პოლონეთის საზღვრზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, ბელარუსსა და პოლონეთს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან შეცდომაში შეყვანილი ლტოლვილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ 2022 წელს დაახლოებით 16,000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს 22,000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა. ამასთან ერთად, ბელარუსმა ადგილობრივი პოლონური უმცირესობის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯები, მათ შორის დააპატიმრეს ანდჟეი პოჩობუტი, პოლნური წარმოშობის ბელორუსი ჟურნალისტი და პოლონური უმცირესობის ლიდერი.

walking წყარო: The Guardian

2025 წლის ზაფხულში, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა დააფიქსირა თითქმის 13,800 არაკანონიერი გადაკვეთის მცდელობა, მაშინ როცა წინა წელს იგივე პერიოდში 7,500 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 83%-იან ზრდას ნიშნავს ერთ წელში.

walking წყარო: Fakti.bg

პოლონეთის ხელისფლებამ ასევე დააფიქსირა ხანძრების გაჩენისა და სხვა სახის საბოტაჟის მცდელობების ზრდა, მათ შორის ჯაშუშობის. სექტემბრის დასაწყისში, ბელარუსის პოლიციამ დააკავა პოლონელი ბერი, რომელსაც “ზაპად 2025”-ის სამხედრო წვრთნების შესახებ პოლონეთისათვის ჯაშუშური ინფორმაციის მოგროვება დააბრალეს, თუმცა პოლონეთის მთავრობამ ეს ბრალდებები აბსურდულად შეაფასა.

დრონების ინციდენტის შემდეგ პოლონეთსა და ბელარუსს შორის არსებული სასაზღვრო დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ამან ჩინეთიც დააზარალა.

ჩინეთის უკმაყოფილება

პოლონეთსა და ბელარუსს შორის სასაზღვრო გადაზიდვები ჩინეთის ვაჭრობის მნიშვნელოვანი რგოლია, რაც “ცნობისთვის” მაყურებელმა ამ ეპიზოდიდან უკვე იცის.

ამ პლატფორმაზე ბევრს სვაუბრობთ ჩინეთის “სარტყელი და გზის” პოლიტიკაზე, რომელიც წარმოადგენს გლობალურ სატრანზიტო ჯაჭვს ჩინური საქონლის ექსპორტისთვის. ამ გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთ–ევროპის სარკინიგზო ექსპრესი, რომელიც ჩინეთს ევროპასთად ბევრად უფრო სწრაფად აკავშირებს, ვიდრე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები. ამ სარკინიგზო გადაზიდვების 90% კი, სწორედ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარს გადის.

ამ მარშრუტზე ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვა 2024 წელს 10.6%-ით გაიზარდა, ხოლო ტვირთბრუნვამ 85%-ით მოიმატა და 25 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ახლა ეს დერეფანი წარმოადგენს ევროკავშირი–ჩინეთის მთლიანი ვაჭრობის 3.7%-ს, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 2.1% იყო. ეს გზა სასიცოცხლო ხაზი გახდა ისეთი კომერციული გიგანტებისთვის, როგორებიცაა Temu და Shein.

შესაბამისად, ბელარუსსა და პოლონეთს შორის საზღვრის ჩაკეტვა ჩინეთისთვის, არც ისე პატარა პრობლემაა. სწორედ ამიტომ ჩავიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან იი პოლონეთში, ევროპული ტურნეს ფარგლებში.

ჩინეთის არგუმენტი მარტივია: გლობალური ვაჭრობა ყველა მხარისთვის მომგებიანია, ხოლო პოლონეთი, ამ შემთხვევაში, უპირატესობას თავდაცვას ანიჭებს. პოლონეთის შინაგად საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კერვინსკიმ, განაცხადა, რომ ქვეყანა საზღვარს მაშინ გახსნის, როცა გარანტია ექნება, რომ ქვეყანას არ ემუქრება არანაირი პროვოკაცია.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთზეა დამოკიდებული საზღვის გახსნის გატაწყვეტილება, ის უპირატეს მდგომარეობაშია და შანსი აქვს ჩინეთთან სასარგებლო მოლაპარაკებები აწარმოოს. ასეც მოხდა.

პოლონეთი ევროპაში ფრინველის პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და დიდი ხანია ჩინური ბაზარზე იმპორტის განახლებას ცდილობდა, რომელიც 2024 წელს პოლონეთში გავრცელებული ფრინველის გრიპის გამო შეწყდა. ახლა კი მას პარტნიორობის განახლების რეალური შანსი მიეცა. პოლონეთის მთავრობის ოფიციალური გვერდის მიხედვით, პოლონური ფრინველის იმპორტზე შეთანხმება იმავე დღეს გაფორმდა ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციისა და პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციებს შორის.

2025 წელს, პოლონეთის ეკონომიკამ ასევე ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რის შემდეგადაც ხელისფლებას გაუჩნდა ამბიცია შეერთებოდა G20-ს ჯგუფს, რაც წარმოადგენს მსოფლიოს 19 ყველაზე მსხვილი ეკონომიკებისა და ორი ორგანიზაციის - ევროკავშირისა და აფრიკული კავშირის – ერთობას.

ჩინეთი მიესალმა პოლონეთის ამ მისწრაფებას, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოდ, რომ ჩინეთმა შეიძლება მხარი დაუჭიროს პოლონეთის გაწევრიანებას G20 ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროსკი, მისი “თეთრ სახლში” ვიზიტისას 2026 წლის G20-ის სამიტზე დაპატიჟა მაიამიში.

ოფციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის საკითხი. რაზეც ჩინეთის საგარე მინისტრმა დიპლომატიურად განაცხადა, რომ დაძაბულობის ესკალაცია არცერთი მხარის ინტერესში არ შედის და იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე ვითარება ნორმალიზდება.

რომ შევაჯამოთ, პოლონეთის მხრიდან მყისიერი და მკაცრი რეაგირება თავის საჰაერო სივრცეში უცხო დრონების შეჭრაზე, მნიშვნელოვანი გზავნილია, როგორც რუსეთისთვის, ისე ბელარუსისთვის, ჩინეთისთვის და სხვადასხვა მხარეებისთვის.

თუ ამ ქმედებით რუსეთი ნატო-ს რეაქციებს ტესტავს, მაშინ ალიანსმა უნდა დაანახოს რუსელ ღერძს, რომ ასეთ ნაბიჯებს სათანადო პასუხი მოჰყვება.

ჩინეთისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება კი ამცირებს რუსეთისა და ბელარუსის ინტერესს გააგრძელონ ზეწოლა პოლონეთზე, რადგან რუსეთს არ აწყობს თავისი ნავთობის ყველაზე მსხვილი მყიდველის, ჩინეთის დაზარალება ჰიბრიდული მეთოდებით.

თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა პოლონეთში შეჭრილი დრონები რუსული პროვოკაციული ქმედება და უპასუხეს თუ არა ნატომ და ევროკავშირმა პროპორციულად?

აუდიო ვერსია: