ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ტრამპის ახალი დოქტრინა და საიდუმლო ოპერაცია ვენესუელაში: ამერიკის მორიგი გეოპოლიტიკური თამაში

ეს ვლადიმერ პუტინი და ნიკოლას მადუროა სულ რამდენიმე თვის წინ მოსკოვში, როდესაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს.

walking

ეს კი მადუროა, სულ რამდენიმე დღის წინ, ნიუ იორკის ციხისკენ მიმავალი.

walking

Moscow Times-ის მიხედვით, რუსეთმა ვენესუელას სამხედრო მხარდაჭერის პირობა აღუთქვა, მაგრამ ასადის მსგავსად, მოსკოვმა ვერც მადუროს მფარველობა მოახერხა.

ვენესუელას დე-ფაქტო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, მის მეუღლეს, ვაჟს და სხვა თანამზრახველებს, ახლა ნიუ იორკის სასამართლო ბრალს სდებს ნარკო ტერორიზმში, კოკაინის იმპორტში, ტყვიამფრქვევებისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობაში და ტყვიამფრქვევებისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულებაში.

განვიხილოთ, რატომ დააკავა ტრამპის ადმინისტრაციამ მადურო სპეცოპერაციის შედაგად და რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს ვენესუელაში

სიტუაციის ესკალაცია

2026 წლის 2 ინავარს, შეერთებული შტატების ოპერაცია ვენესუელაში, შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მადუროს რეჟიმი რამდენიმე თვის მანძილზე იყო ტრამპის ზეწოლის ქვეშ.

2 სექტემბერს შეერთებული შტატების დრონმა ვენესუელურ ნავს პირველად დაარტყა, რამაც 11 ადამიანი იმსხვერპლა. თეთრი სახლის განცხადებით ამ ნავს ნარკოტიკების დიდი რაოდენა გადაჰქონდა. 15 სექტემბერს მეორე ვენესუელურ ნავზე განხორციელდა იერიში, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ტრამპის თქმით, ამ ნავზე ნარკოტერორისტები იმყოფებოდნენ.

19 სექტემბერს, მესამე დარტყმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც ასევე სამი ადამიანი შეეწირა. 3 ოქტომბერს კი ამერიკის ომის დეპარტამენტის მნივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მან ნარკო-ტერორისტების წინააღმდეგ მეოთხე შეტევა შეუკვეთა, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.

ეს სამხედრო დარტყმები იყო ტრამპის კამპანიის ნაწილი ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ, რომელზეც ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში საუბრობდა. მან ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას კრიმინალური ორგანიზაციებისა და ნარკოკარტელების “უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად” გამოცხადების შესახებ. მათ შორის აღმოჩნდა ვენესუელური ბანდა Tren de Aragua, რომელიც ვაშინგტონის თქმით მადუროსთან შეთქმულებით ნარკო-ტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციას ეწეოდა შეერთებულ შტატებში.

ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს რეგიონში 15,000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განლაგებული კარიბის ზღვისპირეთში და ავიამზიდიც ჰყავდა გაგზავნილი. ამასთან, სექტემბრისთვის კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდად მიჩნეულ ნავებზე ამერიკამ მინიმუმ 21 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

წლის ბოლოს კი, 31 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ვენესუელას ოთხ ნავთობმომპოვებელ კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონის განცხადებით, მადუროს არალეგიტიმურ ნარკო-ტერორისტულ რეჟიმს ასაზრდოებდნენ. პიტ ჰეგსეთმა X-ზე დაწერა, რომ “ეს შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ამერიკელი ხალხის მოწამლვა არ შეწყდება.” Reuters-ის ინფორმაციით კი ვენესუელა პარტიზანულ ჯგუფებს ამზადებდა ამერიკელების შესაძლო შეტევის წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაძაბულობის ფონზე, მადურო მზად იყო ტრამპთან მოსალაპარაკებლად. ყურადღების მისაქცევად, მადურომ საჯარო მესიჯიც კი ჩაწერა ინგლისურად, სადაც ტრამპის ჟესტი გაიმეორა. მადუროს მხრიდან მოლაპარაკების მცდელობა დაადასტურა ტრამპმაც.

ამის მიუხედავად, მოლარაკება მადუროს რეჟიმსა და ტრამპის კაბინეტს შორის არ შედგა და ამერიკის მთავრობამ მადუროს დაკავებისთვის ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს შეფასებით, ფენტანილის მთავარი მომწოდებელი, რომელიც თეთრმა სახლმა მასობრივი განადგურების იარაღად გამოაცხადა, მექსიკაა და არა ვენესუელა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ვენესუელა ძირითადად კოკაინის ტრეფიკინგში ფიგურირებს. თუმცა, შეერთებულ შტატებში, ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის პირველი მიზეზი ფენტანილია და არა კოკაინი.

მაშინ, რატომ ამოიღო ტრამპის ადმინსიტრაციამ მიზანში პირველად ნიკოლას მადურო?

ტრამპი vs. მადურო

შეერთებული შტატების ოპერაციას ვენესუელაში, რომლის შედეგადაც მადურო და მისი მეუღლე დაკავეს, არაერთი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი კი “მონროს დოქტრინაა,” რომლის დაბრუნებასაც ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია.

მონროს დოქტრინა” პრეზიდენტ ჯეიმს მონრომ 1823 წელს შემოიღო. ეს იყო გაფრთხილება ევროპული ძალებისთვის, რომ დაესრულებინათ კოლონიური მისწრაფებები დასავლეთ ნახევარსფეროში, რაც შეერთებული შტატების ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა. შემდეგ, 1904 წელს, პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ეს დოქტრინა გააფართოვა და შეერთებულ შტატებს ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამხედრო ჩარევის უფლება მიანიჭა. სწორედ ასე ამართლებდავაშინგტონი საზღვაო ქვეითების გაგზავნას დომინიკის რესპუბლიკაში 1904 წელს, ნიკარაგუაში 1911 წელს, ჰაიტიში 1915 წელს და ასე შემდეგ.

1962 წელს მონროს დოქტრინა პრეზიდენტმა კენედიმ სიმბოლურად მოიხმო, როდესაც საბჭოთა კავშირმა კუბაში რაკეტების გამშვები ობიექტების მშენებლობა დაიწყო.

ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში სიტყვა-სიტყვით წერია, რომ “მრავალი წლის უგულებელყოფის შემდეგ, შეერთებული შტატები კვლავ აღადგენს და აღასრულებს “მონროს დოქტრინას”, რათა აღადგინოს ამერიკის უპირატესობა დასავლეთ ნახევარსფეროში და დაიცვას საკუთარი მიწა და წვდომა რეგიონის საკვანძო გეოგრაფიულ ობიექტებზე.” ამას უკვე “დონროს დოქტრინასაც” კი ეძახიან.

სწორედ ამ რეგიონში კი არის ვენესუელა, რომლის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს 2019 წლიდან არ აღიარებს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და საქართველო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ვენესუელა, ჰუგო ჩავეზის პრეზიდენტობიდან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობს.

ნიკოლას მადურო შეერთებული შტატებისთვის უბრალოდ ბანდიტია, რომლის მმართველობის დროსაც ვენესუელამ ისტორიული მასშტაბის კოლაფსი განიცადა. 2012 წლიდან გასულ წლამდე ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 80%–ით შემცირდა. 2018 წელს ინფლაციამ 65 000 %–ს გადააჭარბა. მხოლოდ 2022 წელს კი ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობამ დაახლოებით 5.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ვენესუელაში ფართოდ ირღვეოდა ადამიანის უფლებები, იყო რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობები, სახელიმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანების წამება და სასტიკი მოპყრობა, სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები და სხვა მრავალი. მადუროს რეჟიმი მსოფლიოში ფართოდ აღიქმებოდა მკაცრ დიქტატურად, შესაბამისად ქვეყნიდან დაახლოებით რვა მილიონი ადამიანი გაიქცა, ძირითადად მეზობელ კოლუმბიასა და პანამაში.

თუმცა, კორუფცია და ავტორიტარიზმი დასავლეთ ნახევარსფეროში მხოლოდ ვენესუელასთვის დამახასიათებელი არ არის. მადუროს რეპრესიებსა და არალეგიტიმურობასთან ერთად აქ სხვა ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორიც არის ნავთობი.

ბრძოლა ნავთობისთვის?

ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი აქვს, დაახლოებით 300 მილიარდი ბარელი, რაც დაახლოებით 40 მილიარდი ბარელით მეტია საუდის არაბეთის მარაგებზე და თითქმის ოთხჯერ მეტი რუსეთის მარაგებზე. ამის მიუხედავად, ვენესუელა არ არის დიდი მოთამაშე გლობალურ ნავთობის ბაზარზე.

ამჟამად ქვეყანა დღეში მხოლოდ 1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც მსოფლიო ნედლი ნავთობის წარმოების 1%-ზე ნაკლებია. ვენესუელას დღიური ნავთობწარმოება შეერთებული შტატების ან საუდის არაბეთის წარმოებაზე თითიქმის 10-ჯერ ნაკლებია, თუმცა მისი მარაგები გაცილებით დიდია. შესაბამისად, მისი ნავთობის საექსპორტო რაოდენობაც მცირეა. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.

პირველი, ვენესუელას ნავთობი მძიმე და მაღალი გოგირდის შემცველობისაა, რაც მოპოვებისთვის საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობასა და მაღალი დონის ტექნიკურ ცოდნას. ადგილობრივი ინფრასტრუქტურა კი არ არის სათანადოთ განვითარებული.

მეორე, ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია წლების განმავლობაში არასწორად იმართებოდა. შეერთებული შტატების მტკიცებით, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები სახელმწიფო ნავთობკომპანიას — PDVSA-ს — თავიანთი კორუფციული მანქანის დასაფინანსებლად იყენებდნენ და არა ხალხის სასარგებლოდ ან ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

მესამე - ტრამპის წინა ადმინისტრაციის სანქციებმა PDVSA-ზე, კომპანიას მნიშვნელოვნად გაურთულა საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა და ნავთობის ექსპორტი. შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელი, ძირითადად აწარმოებს მსუბუქ, დაბალი გოგირდის შემცველობის ნედლ ნავთობს, რომელიც ეფექტურია ბენზინის წარმოებისთვის, თუმცა სხვა პროდუქტებისთვის ნაკლებად გამოდგება. ვენესუელური ტიპის მძიმე ნავთობი ხელსაყრელია ისეთი პროდუქტების მისაღებად, როგორიცაა დიზელი და ასფალტი. ამჟამად კი მსოფლიოში დიზელის ნაკლებობაა, რამაც ფასების ზრდაც გამოიწვია.

ვენესუელურ ნავთობზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მომგებიანი შეიძლება იყოს შეერთებული შტატებისთვის: ვენესუელა გეოგრაფიულად ახლოსაა და მისი ნავთობი სქელი და წებოვანი სტრუქტურის გამო შედარებით იაფია. ანალიტიკოსების მიხედვით კი, ამერიკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა სწორედ ვენესუელას მძიმე ნავთობის გადამუშავებისთვის არის აშენებული.

ტრამპმა უკვე დაიწყო მოილაპარაკებები მოქმედ დროებით მთავრობასთან და 6 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის, სანქცირებულ ნავთობს. ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად, ხოლო მიღებული თანხა ვენესუელასა და შეერთებული შტატების ხალხებს მოხმარდება.

თუმცა შეერთებული შტატების ინტერესი ვენესუელას ნავთობისადმი, უფრო გეოპოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური, რადგან ვენესუელას ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი - ჩინეთია.

დიდი ძალები ვენესუელაში

ვენესუელას ექსპორტირებული ნავთობის უდიდესი ნაწილი ჩინეთში იყიდება. თუმცა, Reuters-ის მიხედვით, პეკინი ამ მოცულობების ძალიან მცირე ნაწილს ადეკლარირებს. 2025 წელს ჩინეთს დღეში ნახევარ მილიონ ბარელამდე შემოჰქონდა ვენესუელადან, რაც ჩინეთის საზღვაო გზით შემოტანილი ნედლი ნავთობის დაახლოებით 4.5%-ია.

სხვადასხვა ცნობებით, ჩინელმა ინვესტორებმა 2016 წლის შემდეგ ვენესუელას ნავთობის სექტორში 2.1 მილიარდი დოლარი ჩადეს და ისინი იმ მცირერიცხოვან უცხოურ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ქვეყანაში საქმიანობას კვლავ აგრძელებენ.

ვენესუელას ასევე ჩინეთის უზარმაზარი ვალი აქვს. 2007–2017 წლებში პეკინმა კარაკასს 60 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც ლათინურ ამერიკაზე გაცემული ჩინური სესხების თითქმის ნახევარია. ამ პერიოდში ჩინეთმა ვენესუელასთან გააფორმა მრავალი კონტრაქტი ინფრასტრუქტურლ პროექტებზე, მათ შორის კრიტიკული ელემენტების კვლევისა და ძიების, საცხოვრებელი პროექტების, საკომუნიკაციო თანამგზავრების და სარკინიგზო კომპანიის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი ჩინეთის “სარტყელი და გზის პოლიტიკის” ფარგლებში.

შესაბამისად, ჩინეთი არის მადუროს რეჟიმის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და მადურო, სწორედ ნავთობს იყენებდა მისი ვალის გასასტუმრებლად.

ჩინეთთან ერთად, ვენესუელა არის რუსეთისა და ირანის მოკავშირეც. როცა 2019 წლის არჩევნების შემდეგ, მადუროს ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მის რეჟიმს სწორედ ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა დაუჭირეს მხარი. რუსეთმა და ჩინეთმა კი დაბლოკეს გაეროს რეზოლუცია ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

შეერთებული შტატები “დონროს” დოქრინის ფარგლებში არ აპირებს დაუშვას ამერიკის მეტოქეების გაძლიერება დასავლეთ ნახევარსფეროში და როგორც ტრამის ადმინისტრაცია ამბობს, ვენესუელა შესაძლოა არ იყოს ბოლო სამიზნე.

მადუროს რეჟიმის დასრულებას ბევრი ზეიმობს, ბევრიც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ადმინისტრაციამ აღარ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა, ვენესუელას მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მოვლენების განვითარებას ამ პლატფორმაზე მომავალში გაგაცნობთ.

აუდიო ვერსია: