ირანის ფარული ომი: ვინ ებრძვის ამერიკასა და ისრაელს ირანის სახელით?
ეს ქვეყანა ოდესღაც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი პარტნიორი იყო შუა აღმოსავლეთში. დღეს კი, ორივეს დაუძინებელი მტერია.
ირანი — ბირთვული ამბიციების მქონე სახელმწიფო ჩვენს სამეზობლოში, რომელიც მოდერნიზებული მუსლიმური სახელმწიფოდან უმკაცრეს თეოკრატიად გადაიქცა.
ამ სტატიიდან კი გაიგებთ: როგორ დამყარდა ირანში შიიტური თეოკრატია, რატომ დაუპირისპირდა ირანი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს და რამდენად ძლიერია ეს სახელმწიფო დღეს გეოპოლიტიკურად.
ირანის ისლამური რევოლუცია
1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ირანსა და ისრაელს საკმაოდ დადებითი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. ირანი გახდა მეორე მუსლიმური ქვეყანა, თურქეთის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ისრაელი. ყოველდღიურად ხორციელდებოდა პირდაპირი ფრენები თელ-ავივიდან თეირანში და მეტიც, ირანსა და ისრაელს აკავშირებდა ნავთობსადენი, რითაც არაბეთისა და წითელი ზღვის გავლით, ირანს ნავთობი ევროპაში გაჰქონდა.
ეს იმ დროს, როცა ირანს მართავდა მოჰამედ რეზა ფეჰლავი, ირანის შაჰი 1941 წლიდან 1979 წლამდე. შაჰი შეერთებული შტატების მოკავშირე გახლდათ. ის აღფრთოვანებული იყო დასავლური კულტურით, რის გამოც მან ხელი შეუწყო განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მოდერნიზებას ირანში. თუმცა, მას ქვეყნის მმართველობასთან რეპრესიული მიდგომები ჰქონდა, რის გამოც შაჰის დროინდელ ირანს ავტოკრატიულ მონარქიად მოიხსენიებენ.
სოციალურ ცხოვრებაში შედარებით ლიბერალური მიდგომების მიუხედავად, შაჰის მმართველობისას სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და მკაცრად იზღუდებოდა პოლიტიკური თავისუფლებები. ავიწროებდნენ ყველას, ვინც შაჰის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო სასულიერო პირი აიათოლა რუთოლა ხომეინი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 15 წელი გადასახლებული იყო და, ძირითადად, ერაყში ცხოვრობდა.
შაჰის რეპრესიულმა მიდგომებმა საზოგადოებაში დიდი წინააღმდედაგობრივი ტალღა წარმოშვა. 1978 წელს დაიწყო გამოსვლები კორუფციის, ბენზინის მაღალი ფასების, დაბალი ხელფასების, მაღალი ინფლაციისა და ზედმეტად გაზრდილი სამხედრო დანახარჯების გამო. პროტესტმა შეაღწია თითქმის საზოგადოების ყველა ჯგუფში, მაგალითად ჟურნალისტებში, რომლებიც აპროტესტებდნენ ცენზურას; მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, რომელთა გამოუცხადებლობის გამო აღარ ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო დაწესებულებები; ასევე საშუალო ფენაში, რომელიც განრისხებული იყო შაჰის დიქტატურითა და პირადი სიმდიდრით, მაშინ როცა თავად მატერიალურ სარგებელს ვერ იღებდა. თუმცა საპროტესტო მოძრაობას, მაინც ტრადიციული მუსლიმები ედგნენ სათავეში.
ეს პროტესტი სწრაფად მოედო მთელს ქვეყანას, რის შედეგადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამასობაში ირანში ფარულად ვრცელდებოდა აიათოლა ხომეინის კასეტებზე ჩაწერილი ქადაგებები. ის აკრიტიკებდა შაჰის კორუფციას და შეერთებულ შტატებს შაჰის რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის. ამბობდა, რომ შაჰი უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ მისი დანაშაულებებისთვის ქვეყნის წინაშე, ირანი კი ისლამურ სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო.
ამ მოცემულობაში, როცა შაჰის რეჟიმს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დაჭერილი ჰყავდა, ხალხმა დაიწყო აიათოლას მოსმენა, რომელიც ჯერ მათი რელიგიური და შემდეგ პოლიტიკური ლიდერი გახდა. მისი ჩანაწერების გავლენით, პროტესტის მონაწილეები შენობების სახურავებიდან სკანდირებდნენ “ალაჰუ აკბარ!” ანუ დიდება ალაჰს.
პროტესტის ფონზე, 1979 წლის 16 იანვარს შაჰმა ირანი დატოვა. ფორმალურად ის არდადეგებზე წავიდა, თუმცა ირანელებმა ეს მის გაქცევად აღიქვეს და ქუჩებში იზეიმეს კიდეც. მოჰამედ რეზა ფეჰლავი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა და 13 თვის შემდეგ, 1980 წელს, გარდაიცვალა.
მისი წასვლიდან ორ კვირაში კი, 1979 წლის პირველ თებერვალს, აიათოლა ხომეინი ირანში დაბრუნდა. 11 თებერვალს კი რევოლუციონერებმა გამარჯვება გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შაჰი მოქალაქეების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ჩასახშობად იყენებდა, ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს და შაჰის მხარეს აღარ იდგნენ.
ამგვარად, ირანში ჩამოიშალა 2,600 წლიანი მონარქიული მმართველობა და სულ რამდენიმე თვეში რეფერენდუმის შედეგად ქვეყანაში დაარსდა ისლამური რესპუბლიკა, რომლის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხომეინი გახდა. ეს მოვლენა კი ირანის ისლამური რევოლუციის სახელით არის ცნობილი.
სწორედ აქედან იწყება თეოკრატიული ირანის ისტორია, რომელიც ნელნელა ისრაელისა და შეერთებული შტატების მტრად გადაიქა.
ირანის დაპირისპირება შეერთბულ შტატებთან და ისრაელთან
რევოლუციონერებში ანტიამერიკული განწყობები მყარად იყო გადგმული, რადგან ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლავი ამერიკის ვასალად ითვლებოდა.
ეს კარგად გამოჩნდა 1953 წელს, როცა შაჰმა ამერიკისა და ბრიტანეთის დახმარებით გადააყენა პრემიერ მინისტრი მოჰამედ მოსადეყი, რამაც გაამყარა ქვეყანაში მისი დიქტატურა. სანაცვლოდ კი შაჰი ამერიკისა და ბრიტანეთის ნავთობინტერესების ერთგული პარტნიორი გახდა.
1979 წელს ირანის დატოვების შემდეგ შაჰი ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა. სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ კი მას სურდა სამკურნალოდ შეერთებულ შტატებში ჩასვლა. იმ დროინდელი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, კარგად აცნობიერებდა, რომ შაჰის მიღება შეერთებულ შტატებში გააღიზიანებდა ირანის ახალ ისლამურ მთავრობას, ამიტომ თავდაპირველად მოერიდა ამ ნაბიჯის გადადგმას.
ისტორიკოსების მიხედვით, ორი დიდი გაველინის მქონდე ადამიანის, ჰენრი კისინჯერისა და დევიდ როკფელერის ზეწოლამ კარტერს შაჰის მიღება მაინც გადააწყვეტინა. შაჰი 1979 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში ჩავიდა და ირანში რევოლუციონერების რისხვამაც არ დააყოვნა.
მათ მოითხოვეს შაჰის დაბრუნება ირანში, რათა პასუხი ეგო წარსულ დანაშაულებზე. შეერთებული შტატების მფარველობამ ირანელი რევოლუციონერები ისე გააღიზიანა, რომ მათ შტურმით აიღეს ამერიკის საელჩო თეირანში, 66 დიპლომატი ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით,აიათოლა ხომეინის ბრძანებით 14 მათგანი გაათავისუფლეს და 52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. ეს იყო იმ ანტიამერიკული განწყობების კულმინაცია, რაც ირანში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა.
ტყვეების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, თუმცა ისინი მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. შეერთებული შტატების პასუხი კი იყო უპრეცედენტო სანქციები:
- ირანს გაუყინეს ფინანსური აქტივები, ოქრო, საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება;
- შეწყდა ირანიდან ნავთობის იმპორტი (იმ დროს აშშ სამი მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობს ყიდულობდა ირანიდან);
- დაწესდა ვაჭრობის შეზღუდვები, რის შედეგადაც ასობით ამერიკული კომპანია ირანის ბაზრიდან გავიდა;
- შეწყდა ამერიკული იარაღის მიყიდვაც.
ამერიკის არც ერთ მოკავშირეს აღარ ჰქონდა სურვილი ირანთან თანამშრომლობის გაგრძელების. თუმცა, სანქციებმა შედეგი არ გამოიღო და 1980 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გადაწყვიტა პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება.
კარტერმა წამოიწყო “ოპერაცია არწივის ბრჭყალი” (Operation Eagle Claw), რომლის მიზანიც ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გამოყენებით მძევლების გათავისუფლება იყო. თუმცა, ოპერაცია კატასტროფულად დასრულდა. უამინდობისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო რვა ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და მძევლების გათავისუფლება ვერ მოხერხდა.
ეს იყო სერიოზული დამცირება შეერთებული შტატებისთვის. განსაკუთრებით პრეზიდენტ კარტერისთვის, რომელსაც მოგვიანებით საპრეზიდენტო კამპანიის დროს მწვავედ აკრიტიკებდა მომავალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.
საბოლოოდ, რეიგანის გაპრეზიდენტების შემდეგ, 1981 წელს, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ირანი დათანხმდა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს და ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ ირანმა ტყვეები გაათავისუფლა. ეს კრიზისი კი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის იმ დაძაბულობის დასაწყისი აღმოჩნდა, რაც დღემდე გრძელდება.
რაც შეეხება ისრაელს — ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელს ამერიკის კოლონიზაციის მცდელობად აღიქვამს შუა აღმოსავლეთში. ისლამური რესპუბლიკისთვის, ებრაელები თავიანთ ისტორიულ მიწაზე კი არ დაბრუნდნენ, არამედ დასავლეთის თაოსნობით ჩაასახლეს იმ მიწაზე, საიდანაც შემდეგ ადგილობრივი მუსლიმი პალესტინელები განდევნეს. შესაბამისად, ირანი ისრაელის არსებობას აღიქვამს, როგორც დასავლეთის კერას და ისლამზე თავდასხმას თავის რეგიონში.
ამასთან ერთად, ისრაელის მოსახლეობა, თავისი ცხოვრების წესით წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პრინციპების სახელმწიფოს, რაც ეწინააღმდეგება ირანის ტრადიციულ რელიგიურ წარმოდგენებს. ამიტომ, ირანს მთელი ტერორისტული ქსელი აქვს შექმნილი შუა აღმოსავლეთში, ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ირანის “წინააღმდეგობის ღერძი”
ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა და არა მხოლოდ ბირთვული იარაღის გამო.
“ჰამასი” ღაზას სექტორში, “ჰიზბოლა” ლიბანში, “ჰუსიტები” იემენში და სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები ერაყსა და სირიაში ერთად ირანის ეგრედ წოდებულ “წინააღმდეგობის ღერძს ქმნიან,” რითაც ირანს საშუალება აქვს პროქსი ომები აწარმოოს მისი მოწინააღმდეგე რეჟიმების წინააღმდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია არაპირდაპირ, მესამე ძალის გამოყენებით, წამოიწყოს კონფლიქტები ისე, რომ თავად ირანი არ გახდეს საომარი მხარე.
მაგალითად, დღეს ფორმალურად ომი მიმდინარეობს ისრაელსა და “ჰამასს” შორის, თუმცა რეალურად “ჰამასი” ირანის მხარდაჭერის გარეშე ვერ გაძლიერდებოდა. ანალოგიურად, ისრაელის თავდასხმები სამხრეთ ლიბანში ოფიციალურად წარმოდგენილია როგორც ბრძოლა “ჰიზბოლას” წინააღმდეგ და არა უშუალოდ ირანის წინააღმდეგ.
ეს ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ირანის მიერ დაფინანსებული, გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯგუფები წარმოადგენენ მის ფარს, რომელიც ერთი მხრივ იცავს ირანს პირდაპირი კონფრონტაციისგან და, მეორე მხრივ, აძლევს მას შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით შეუტიოს ისრაელს.
ასეთი დაჯგუფებების დააფინანსებას და შეიარაღებას ასევე დიდი ფინანსები სჭირდება. ირანს თავისი პროქსი ჯგუფების მხარდაჭერა ყოველწლიურად დაახლოებით 800 მილიონი დოლარი უჯდება. საიდან აქვს დასანქცირებულ ირანს ამის საშუალება?
ირანის ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჩინეთი ყიდულობს, მალაიზიისა და სინგაპურის გავლით. მალაიზიაში ჩასულ ირანულ ნავთობპროდუქტებს ადგილობრიბი წარმოების იარლიყები ეკვრება და ასე, სანქციების გვერდით ავლით, შემდეგ მიდის ჩინეთამდე.
გარდა ამისა, ირანი თავად აწარმოებს თითქმის ყველაფერს — ავტომობილებიდან და მეტალიდან დაწყებული, პლასტმასის პროდუქტებით დამთავრებული, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამ მასშტაბის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შეძენას კი ირანი, ნავთობპროდუქტების ექსპორტის მსგავსად, სანქციების გვერდის ავლით ახერხებს, მაგალითად, ეგრეთ წოდებული “ჰავალას” სისტემის გამოყენებით.
“ჰავალა” წარმოადგენს ტრადიციულ ნაღდი ფულის გადარიცხვის სისტემას, რომელიც ბანკების გვერდის ავლით, პირად კავშირებზე და ნდობაზეა დაფუძნებული და ბევრ ქვეყანაში რეგულაციის მიღმა რჩება. პირობითად, ჰავალას ბროკერ მუჰამედს, შეუძლია თეირანში მთავრობის მიერ მიცემული ფული მიიღოს და მის მოკავშირე ბროკერს, ალის დუბაიში გაუგზავნოს. ალი კი შემდეგ ამ თანხის შეტანას შეძლებს ადგილობრივ ბანკში, რაც შეიძლება პირდაპირ დასავლურ კომპანიებამდეც კი მივიდეს.
ირანმა დასავლეთისა და გაეროს სანქციებისგან თავის ასარიდებლად, შექმნა არალეგალური გლობალური ქსელი, ჩრდილოვანი საბანკო ეკონომიკა, რომლითაც მრავალი წელია ამუშავებს ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ ჰავალას სისტემა კონტროლდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ საამიროების როლზე ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემაში.
ირანს ასევე აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რაზეც იშვიათად საუბრობენ, თუმცა მას დიდი როლი აქვს ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. 1980 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სცადა ირანში სამხედრო-საჰაერო ოპერაციის განხორციელება ტყვეების გასათავისუფლებლად, მაგრამ ოპერაცია მძიმე წარუმატებლობით დასრულდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა.
იმავე წელს, აიათოლა ხომეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომი წამოიწყო ერაყის ლიდერმა, სადამ ჰუსეინმაც, თუმცა მისი არმია და მძიმე ტექნიკა ირანის მთიან რელიეფში გაიჭედა. სანამ სამხედრო სტრატეგოსები გეგმავდნენ, როგორ გაეკვალათ გზა მთებში, ირანის ძალებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს.
ქართველებს და ზოგადად კავკასიელებს კარგად გვესმის, რამდენად რთულია სამხედრო გზით აიღო ქვეყანა, რომელიც მთებითაა შემოსაზღვრული. ირანის შემთხვევაში კავკასიონის მსგავსი ბუნებრივი ბარიერია ზაგროსის მთები დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთიდან ელბურსის მთები, რომელიც მკაცრ უდაბნოებს უკავშირდება.
ჩრდილოეთიდან ირანს ასევე ესაზღვრება კასპიის ზღვა, ხოლო სამხრეთიდან სპარსეთისა და ომანის ყურეები, რომლებიც ერთმანეთს ჰორმუზის სრუტით უკავშირდებიან. სწორედ აქ გადის მსოფლიო ნავთობის მოხმარების 20%-30%.
თუ ჰორმუზის სრუტე დაიბლოკება ან საფრთხე შეექმნება, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს მსოფლიო ბაზრებზე, ეკონომიკაზე და წარმოებაზე, რადგან ნავთობი დაკავშირებულია ეკონომიკის თითქმის ყველა ეტაპთან: იმპორტთან, ექსპორტთან, და ადგილობრივ წარმოებასთან. სინამდვილეში, ირანს ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვაც კი არ სჭირდება. მხოლოდ საფრთხის შექმნაც საკმარისია, თუნდაც სიტყვიერად, რომ მსოფლიო საფონდო ბირჟებზე პანიკა დაიწყოს.
რომელი მხრიდანაც არ უნდა მიუდგე ირანს, მისი სამხედრო გზით აღება, ნებისმიერი ძალისთვის დიდი გამოწვევა იქნება. შესაბამისად, ატომურ იარაღთან ერთად, ირანს აქვს კიდევ სამი იარაღი — “წინააღმდეგობის ღერძი”, ჩრდილოვანი ეკონომიკა და უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცევს დასავლეთის წინააღმდეგ.
ირანი დღეს
ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება. დონალდ ტრამპმა კი ღიად განაცხადა, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ატომური იარაღი.
ამის შემდეგ ექსპერტებს შორის მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ორ მხარეს შორის მაშინ, როცა ირანი არ აპირებს თავისი ატომური მარაგების დათმობას. არც შეერთბული შტატები აპირებს გულხელდაკრეფილმა უყუროს ირანის გაძლიერებას.
შეძლებს დონალდ ტრამპი ირანის ამჟამინდელ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევას? - გამიზიარეთ თქვენი აზრი!
იხილე ვიდეო:
“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს როგორ გადაიქცა ირანი მონარქიიდან ისლამურ თეოკრატიად, რატომ დაუპირისპირდა ირანი ისრაელსა და აშშ-ს და რამდენად ძლიერია ეს სახელმწიფო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.