ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ამერიკასთან ომი გარდაუვალია? სიმართლე ირანის ატომურ იარაღზე

ირანის ბირთვული პროგრამა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამჟამად კი, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორს ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ სტატიიდან გაიგებთ, რატომ არის ირანის ბირთვული პროგრამა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რამდენად ახლოს არის ირანი ატომური იარაღის შექმნასთან და რა დგას მიმდინარე მოლაპარაკებების მიღმა?

ირანის ატომური პროგრამა

ირანის ატომური პროგრამა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს. შაჰისდროინდელ ირანში თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა ინტერესი, რომ ირანის ტერიტორიაზე ბირთვული ბაზა შექმნილიყო სამოქალაქო გამოყენებისათვის, მაგალითად ელექტროსადგურებისთვის.

ირანის დღევანდელი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილიც სწორედ გასული საუკუნის 70-იან, 80-იან წლებში აშენდა. შაჰის დამხობის შემდეგ, ირანისა და შეერთბული შტატების კოოპერაციაც გაქრა რაზეც.

ბირთვული პროგრამის ამუშავების სურვილი მხოლოდ შიგადაშიგ იჩენდა თავს, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში ირანმა მკაფიოდ გადაწყვიტა ატომური საქმიანობის გაგრძელება. სწორედ აქედან იწყება საუბარი ირანის ატომური იარაღის მოპოვების მცდელობაზე.

ამ პერიოდში, სატელიტურ ფოტოებზე გამოჩნდა ისეთი ადგილები, როგორიცაა “ნათანზი”, სადაც, ირანის თქმით, ურანს ამდიდრებს ატომური ელექტროსადგურებისთვის.

რას ნიშნავს ურანის გამდიდრება?

ბუნებაში ურანის დიდი ნაწილი არის ურანი-238, რომელიც ნაკლებად აქტიურია და არ გამოდგება ატომური რეაქციებისთვის. ბირთვულ იარაღს სჭირდება ურანი-235, რაც ბუნებრივ ურანში ძალიან ცოტაა, 1%-ზე ნაკლები. ამიტომ, ტექნოლოგები მექანიკურად ზრდიან ურანი 235-ის კონცენტრაციას, რათა ენერგიულად უფრო აქტიური გახდეს. სწორედ ამ პროცესს ჰქვია ურანის გამდიდრება.

ატომურ ელექტროსადგურებში, საიდანაც ელექტროენერგიას ვიღებთ, ურანი-235-ის კონცენტრაცია 3-5%-ია, ხოლო ბირთვულ იარაღს 90%-ზე მეტი კონცენტრაცია სჭირდება. ირანის ოფიციალური ვერსიით, ის ურანს მხოლოდ ელექტროსადგურებისთვის ამდიდრებს, მაგრამ ექსპერტების თქმით, “ნათანზის” და ზოგადად ირანის ლაბორატორიები ბევრად უფრო დიდი და კომპლექსურია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოქმნას სჭირდება.

2006 წელს, ირანის ბირთვულ საქმიანობაზე რეაგირების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა და გაერომ ირანს სანქციები დაუწესეს, რამაც მძიმე ზეწოლა მოახდინა ირანის ეკონომიკაზე. 2015 წელს კი, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, ირანმა მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან — შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად — ხელი მოაწერა ბირთვულ შეთანხმებას, “ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას” ანუ JCPOA-ს.

ამ შეთანხმების ფარგლებში, ირანმა, 2006 წლის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე. შეთანხმების მიხედვით: ირანს წელიწადში მხოლოდ 300 კილოგრამი ურანის გამოყენების უფლება ჰქონდა, ურანის გამდიდრება დაშვებული იყო მხოლოდ 3.67%-მდე და ირანი ვალდებული იყო, თავისი ბირთვული ინფრასტრუქტურა გაეხსნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადამკვირვებლო მისიებისთვის, რომელიც გაეროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს.

ეს შეთანხმება რამდენიმე წლის განმავლობაში ეფექტურადაც მუშაობდა, თუმცა მას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, მათ შორის დონალდ ტრამპი, რომელმაც JCPOA-ს ერთ-ერთ ყველაზე ცუდი შეთანხმება უწოდა.

ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას შეერთებული შტატები გამოეყო ამ შეთანხმებას და ირანს ხელახლა დაუწესა სანქციები. შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, შეთანხმება დაარღვია, რის შემდეგაც ირანმაც აღარ შეასრულა შეთანხმების პირობები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები შეთანხმების ერთგულები დარჩნენ.

დონალდ ტრამპს ირანის ეკონომიკურად დასუსტება სურდა, რათა მას ვეღარ შეძლებოდა თავისი ტერორისტული ქსელის ანუ “წინააღმდეგობის ღერძის” დაფინანსება.

ამის შემდეგ, ირანმა გააქტიურა თავისი ატომური პროგრამა და მნიშვნელოვნად შეზღუდა საერთაშორისო დამკვირვებლების წვდომა თავის ბირთვულ ობიექტებზე. მაგალითად, თუ 2015 წელს ირანს “ფორდოუში” ურანის გამდიდრება შეწყვეტილი ჰქონდა, 2021 წლისათვის ცნობილია, რომ ამ ობიექტზე ურანი 20%-მდე მდიდრდებოდა.

თეირანის ოფიციალური ვერსიით, ეს ყველაფერი სამოქალაქო მიზნებს ემსახურებოდა, მაგალითად რადიოაქტიური იზოტოპების დამზადებას, რაც სამედიცინო დიაგნოსტიკაში და კიბოს მკურნალობაში გამოიყენება.

კითხვისნიშნები გაჩნდა ობიექტის მდებარეობასთან დაკავშირებითაც, რადგან ის მიწისქვეშაა აშენებული. ირანის თქმით, ამით თავის სამეცნიერო საქმიანობას ამერიკისა და ისრაელისგან შესაძლო საჰაერო თავდასხმებისგან იცავს.

ირანს პასუხი ყველა საეჭვო აქტივობაზე აქვს, მაგრამ ფორდოუს ასეთი ძლიერი დაცულობა ბევრს აფიქრებინებს, რომ სწორედ იქ ხდება გამდიდრებული ურანის ლითონად გადაყვანა — პროცესი, რომელიც ბომბის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯია.

ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას და ექსპერტები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მას ურანი უკვე 60%-მდე აქვს გამდიდრებული, ატომური იარაღის შესაქმნელად საჭიროა 90%-დან.

შეიძლება 30%-იანი სხვაობა დიდად მოგვეჩვენოს, მაგრამ მეცნიერების თქმით, ეს სულ რაღაც ერთი კვირის ამბავია. თუ ირანს იმის საშუალება აქვს, რომ ურანი 60%-მდე გაამდიდროს, დარჩენილი 30% უკვე პატარა პრობლემა იქნება.

თუმცა მხოლოდ გამდიდრებული მასალა არ არის საკმარისი. ირანს ჯერ კიდევ სჭირდება თვითონ ბირთვული ბომბის მექანიზმების და შიდა კომპონენტების შექმნა, რაც რთული ტექნიკური პროცესია.

პარალელისათვის, ირანს გამდიდრებული ურანის სახით შეიძლება ჰქონდეს ტყვიები, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება ამ ტყვიის სასროლი იარაღი.

ამაზე ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. ზოგი ფიქრობს, რომ ირანს ამისთვის რამდენიმე თვე ეყოფა; ზოგი ამბობს, რომ შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს; ზოგი კი ფიქრობს, რომ ირანს უკვე აქვს ბირთვული იარაღი და მას ფარულად ტესტავს.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ქამალ ხარაზიმ, ინტერვიუში თქვა, რომ “არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ირანი ატომური ბომბის შექმნის ზღვარზეა და ტექნიკურად უკვე შეუძლია მისი დამზადება.”

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის შეერთბული შტატების სადაზვერვო საზოგადოების ყოველწლიური საფრთხეების შეფასების რეპორტში წერია, რომ ამჟამად ირანი არ აშენებს ატომურ ბომბს.

ხამენეიმ ღიადაც განაცხადა, რომ ატომური იარაღის შექმნა ეწინააღმდეგება ისლამურ პრინციპებს და ირანში, როგორც თეოკრატიულ სახელმწიფოში, ამგვარი გადაწყვეტილებისთვის უზენაესი ლიდერის თანხმობა აუცილებელია. თუმცა არსებული ინფორმაციით, ხამენეიზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა ბირთბული იარაღის შექმნის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება.

საზოგადოებრივად ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება, მაგრამ საერთაშორისო ანალიტიკოსების სკეპტიციზმი ამ მხრივ დღითიდღე იზრდება.

ირანისა და შეერთებული შტატების ბირთვული მოლაპარაკებები

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ხელახალი მოპარაკებები 2025 წლის 25 აპრილს დაიწყო, ომანის დედაქალაქ მასკატში. შეერთებული შტატების მხარეს ხელმძღვანელობს სტივ უიტკოფი, ყოფილი უძრავი ქონების დეველოპერი და ტრამპის ახლო მეგობარი, ირანულ მხარეს კი ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელიც ასევე ჩართული იყო ობამას დროინდელ ხელშეკრულების მოლაპარაკებაში.

როგორც წესი, სანამ ასეთ მაღალ დონეზე შეხვედრები გაიმართება, მას წინ უძღვის ტექნიკური მოლაპარაკებები მხარეებს შორის. ეს არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს, არამედ ტექნიკურ დეტალებს ატომური ფიზიკის დონეზე.

მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ახლა? რატომ ცდილობს ტრამპი იმ შეთანხმების ხელახლა მიღწევას, რომელიც უკვე წინა პრეზიდენტობის დროს გააუქმა?

პირველ რიგში, გადავხედოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაციას. ისრაელი დღეს ებრძვის “ჰამასს” ღაზას სექტორში. ისრაელმა, ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, ასევე სამხედრო დარტყმა მიაყენა “ჰიზბოლას” ლიბანში, ირანის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს. 2024 წელს ისრაელსა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკებაც კი ვიხილეთ.

დღეს, ირანის პირდაპირ ომში ჩათრევის შანსი უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე. ისრაელმა მოახერხა “ჰიზბოლას” და “ჰამასის” ლიდერების ლიკვიდაცია, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ირანის მიერ შექმნილ ტერორისტულ ქსელს. ირანი კვლავ რჩება მძიმე სანქციების ქვეშ, რაც მის ეკონომიკაზე სერიოზულად აისახება და ამცირებს მის შესაძლებლობას, რომ დააფინანსოს თავისი პროქსი ჯგუფები ისრაელის წინააღმდეგ. ირანის ეკონომიკა მძიმე კრიზისშია. ელექტროენერგიის დეფიციტიც კი შეინიშნება ბევრ რეგიონში, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.

ამ ფაქტორების გამო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ირანი ახლა შედარებით სუსტ პოზიციაშია და შესაძლოა ახალ ატომურ შეთანხმებას დათანხმდეს.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის პირადი ამბიციები. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მოპოვება სურს.

ამ მიზნის მისაღწევად, ის ცდილობს სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში, ღაზას სექტორი ახლო აღმოსავლეთის “რივიერად” გადააქციოს, რუსეთთან და ჩინეთთან ატომური იარაღის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიოს, და ახლა უკვე ირანთან მოილარაკოს ურანის გამდიდრების შეზღუდვები.

მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მოლარაპაკებების მთავარი მოტივი ეს მესამე ფაქტორია.

2025 წლის ოქტომბრამდე, JCPOA-ს ანუ “ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის” პირობების მიხედვით, იმ ხუთ ქვეყანას, რომლებიც კვლავ შეთანხმების ნაწილი რჩებიან — დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი — აქვს უფლება, მიმართოს გაეროს და მოითხოვოს ირანისთვის სანქციების ხელახლა დაწესება, თუ მიიჩნევენ, რომ ირანი არღვევს ბირთვულ პროგრამაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ეს ქვეყნები ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან.

ეს მექანიზმი ცნობილია, როგორც Snapback sanctions ანუ სანქციების ავტომატური აღდგენა. ეს დასავლეთისთვის ირანის წინააღმდეგ დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო ძლიერი ბერკეტია, რომლის იდეაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეკუთვნის. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკვე მიანიშნებენ, რომ მზად არიან ამ მექანიზმით ისარგებლონ, თუ ირანი ატომური პროგრამის გაძლიერებას გააგრძელებს.

მართალია, შეერთებული შტატები ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს JCPOA-დან გავიდა და არც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებია უკან, მისი ევროპელი მოკავშირეები — ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია — შეთანხმებაში რჩებიან. ტრამპს ისევ აქვს შესაძლებლობა, ევროპის დახმარებით ზეწოლა განახორციელოს ირანზე.

სწორედ ამიტომ, ტრამპს სურს ირანთან ატომური საკითხების მოგვარება 2025 წლის ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია ირანის დაყოლიება გაეროს სანქციების შიშით.

ატომური იარაღის საფრთხე

ატომური იარაღის გავრცელება გლობალური წესრიგისთვის სერიოზულ საფრთხედ ითვლება. ამით იზრდება, როგორც ატომური ომის რისკი, ასევე რეგიონული დაძაბულობა. ამიტომ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ამცირებს ბირთვულ მარაგებს ან აკონტროლებს ბირთვული იარაღის გავრცელებას აღიქმება, როგორც უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების დინამიკა დადებითად ფასდება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ჯერ კიდევ სერიოზული სირთულეების გადალახვა მოუწევს. მაგალითად, ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანის მიერ ნებისმიერი სახის ბირთვული შესაძლებლობების ფლობას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე ეხება მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს, როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება.

შეერთებულ შტატებს, როგორც ჩანს, მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ძნელად წარმოსადგენია სცენარი, სადაც აშშ მიიღებს ყველაფერს და ირანი არაფერს. ასეთ შემთხვევაში, ირანს უბრალოდ არ ექნება მოტივაცია, რომ დათანხმდეს შეთანხმებას.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების შეფასებით, ისრაელს თავადაც აქვს ატომური იარაღი, თუმცა ოფიციალურად ამას არ აღიარებს. ისრაელი, ირანის მსგავსად, არ აძლევს გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) უფლებას, შეამოწმოს მისი ბირთვული ობიექტები, რაც საერთაშორისო მასშტაბით საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. შესაძლოა, ირანმა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიზნით მოითხოვოს ისრაელის ატომური სადგურების ინსპექტირებაც.

გამიზიარეთ თქვენი აზრი - მოიპოვებს ირანი ატომურ იარაღს?

იხილე ვიდეო:

“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანის ატომური პროგრამის შემცირებაზე.