ვის ეკუთვნის ქაშმირი? ინდოეთის და პაკისტანის 80-წლიანი დაპირისპირება
ეს რეგიონი თითქმის 80 წელია ომშია. შთამბეჭდავი ბუნების მქონე, ტრადიციებითა და კულტურით მდიდარი მიწა, სადაც მუსლიმები, ინდუსები, ბუდისტები და სიქები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ — დღეს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორისაა გახლეჩილი.
საუბარია ქაშმირზე, სადაც საუკუნოვანი თანაცხოვრება დიდი ხანია ძალადობამ ჩაანაცვლა. ბოლო დროს კი ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირებამ უკიდურეს ნიშნულს მიაღწია. ახლა, როცა მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს კვლავ ღიად ემუქრებიან, საინტერესოა, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი და როგორ გაგრძელდება?
კონფლიქტის ისტორია
2025 წლის 22 აპრილს, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, ფაჰალგამში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ, 26 ინდოელი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამაც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია. ინდოეთმა თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალურმა ისლამაბადმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.
7 მაისს, ინდოეთმა საპასუხო იერიში მიიტანა პაკისტანის ტერიტორიაზე. პაკისტანის მტკიცებით, მათ ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. პაკისტანი კი უფრო დიდი მასშტაბის შურისძიებით იმუქრება.
ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ესკალაციაა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის. როგორ მოვედით აქამდე?
1947 წლის 14 აგვისტოს, ბრიტანეთის მთავრობამ ინდოეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც ბრიტანული ინდოეთის ტერიტორია რელიგიურ ნიშნით ორ ნაწილად გაიყო: ინდოეთი ჰინდუისტებისთვის და აღმოსავლეთ და დასავლეთ პაკისტანი — მუსლიმებისთვის დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი და საცხოვრებელი შეეცვალა რელიგიის მიხედვით, რასაც თან ახლდა მასობრივი ძალადობა და ეთნიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ეს მტრული დამოკიდებულება დღემდე გრძელდება, რაც ძირითადად ქაშმირის რეგიონში დაპირისპირებით გამოიხატება.
დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, ინდოეთის რამდენიმე სამთავროს შეეძლო აერჩია ინდოეთს შეერთებოდა თუ პაკისტანს, ერთ-ერთი ასეთი კი იყო ქაშმირი. რეგიონში ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვროდა და მათი უმრავლესობა პაკისტანთან შეერთების მომხრე იყო. ქაშმირის მაშინდელ ლიდერს, ინდუსი წარმომავლობის მაჰარაჯა ჰარი სინგჰს, კი დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდა.
მაჰარაჯას ამ პოზიციამ მუსლიმ ქაშმიერელებში რევოლუციური მოძრაობა წარმოშვა, რასაც მოყვა შეიარაღებული აჯანყება. აჯანყების ჩასახშობად კი ჰარი სინგჰმა დახმარება ინდოეთს სთხოვა. ამის სანაცვლოდ ინდოეთმა ქაშმირზე კონტროლის მოპოვება მოითხოვა, რასაც სინგჰი დათანხმდა და ოფიციალურ დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. თუმცა, პაკისტანმა ეს შეთანხმება არ სცნო და ინდოეთთან 1947 წელს პირველი ომი წამოიწყო.
1948 წელს კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო გაერო, რის შედეგადაც ქაშმირი ორ ნაწილად გაიყო და დადგინდა ეგრედ წოდებული საკონტროლო ხაზი. რეგიონის დაახლოებით 2/3 ინდოეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი ერთი მესამედი პაკისტანის. ამის მიუხედავად ორივე მხარე მთლიანად ქაშმირის ტერიტორიას მაინც საკუთარ მიწად მიიჩნევდა.
1965 წელს, პაკისტანმა ისევ დაარღვია არსებული სამშვიდობო შეთანხმება და შეიჭრა ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში. თუმცა, 200,000 გარდაცვლილის შემდეგაც, ომს გამარჯვებული არ მოჰყოლია და ისევ გაეროს ჩართულობით მხარეები 1948 წელს დადგენილ საზღვრებს დაუბრუნდნენ.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირება 1971 წელს კვლავ განახლდა. ამ პერიოდში დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. გეოგრაფიულმა დაშორებამ, ეკონომიკურმა უთანასწორობამ და კულტურულმა განსხვავებებმა აღმოსავლეთ პაკისტანში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა გაამწვავა. ინდოეთმა ღიად დაუჭირა მხარი აღმოსავლეთ პაკისტანის დამოუკიდებლობას, რის შედეგადაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელსაც დღეს ბანგლადეშის სახელით ვიცნობთ.
ამის შემდეგ, თითქმის 30 წელი ორ ქვეყანას შორის დაპირსპირება მინელდა, მაგრამ 1999 წელს პაკისტანის ჯარი ისევ შეიჭრა ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში. ორი თვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ინდოეთის არმიამ თავის ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა, რის შედეგადაც პაკისტანი დამარცხდა და ამერიკის ჩარევით თავისი ჯარების გაყვანა მოუწია ინდური ქაშმირიდან.
2003 წელს, ინდოეთი და პაკისტანი ოფიციალურად დაზავდნენ, მაგრამ ვერც ეს ზავი აღმოჩნდა მშვიდობის გარანტია. 2016-2018 წლებში, ორივე მხრიდან შიგადაშიგ ხორციელდებოდა თავდასხმები, რასაც უამრავი ადამიანის სიკვდილი და იძულებითი გადაადგილება მოჰყვა ამასობაში კი პაკისტანში ტერორიზმი ძლიერდებოდა.
2019 წლის 14 თებერვალს, შეიარაღებულმა პაკისტანურმა დაჯგუფებამ “ჯეიშ-ი-მუჰამედმა”, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პულვამას რაიონში, ტერორისტული აქტი განახორციელა. თვითმკვლელი ტერორისტი, ადგილობრივი ახალგაზრდა, ადილ აჰმედ დარმა, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილით შეეჯახა პოლიციის ავტობუსს, რომელსაც ასეულობით ჯარისკაცი გადაჰყავდა. ინცინდენტს კი 40 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ორი კვირის შემდეგ ინდოეთმა “ჯეიშ-ი-მუჰამედის” სავარაუდო საწვრთნელი ბანაკი დაბომბა პაკისტანში და პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მკაცრად განაცხადა, რომ ინდოეთი აღარ შეეგუებოდა პაკისტანის მიერ ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას და გამოყენებას ქაშმირში თავდასხმებისთვის.
ნარენდრა მოდის შიდა პოლიტიკა
2019 წლამდე, ქაშმირი ინდოეთის კანონმდებლობით სპეციალურ ავტონომიურ სტატუსს ატარებდა. 1947 წელს, როცა იდნოეთმა მაჰარაჯა სინგჰთან ხელშეკრულებით მიიერთა ქაშმირი, ქაშმირელებს კონსტიტუციის 370-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭათ უფლება შეექმნათ საკუთარი კონსტიტუცია, პარლამენტი, დროშა და ჰყოლოდათ ადგილობრივი მთავრობა. ინდოეთის ცენტრალური ხელისუფლება კი განაგებდა ქაშმირის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და კომუნიკაციებს. თუმცა, 2019 წლის ზაფხულში, ინდოეთის პარლამენტმა ეს 370-ე მუხლი ოფიციალურად გააუქმა.
ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა ქაშმირის მილიტარიზაცია — რეგიონში დაწესდა კომენდანტის საათი, დაიბლოკა ინტერნეტი და გაითიშა საკომუნიკაციო არხები. მაგალითად, თუ 2004 წელს ქაშმირში დაახლოებით 250,000 ინდოელი ჯარისკაცი იყო განლაგებული, მათი რაოდენობა 700,000-მდე გაიზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ადგილობრივ მოსახლეობაში მასობრივი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.
ინდოეთის გადმოსახედიდან, ეს აუცილებელი ზომაა. მათი ჯარისკაცები იცავენ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც იცავენ ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო რეგიონებს, სადაც სამხედროების ყოფნა ნაკლებად იწვევს საერთაშორისო ყურადღებას.
ქაშმირელი აქტივისტების აზრით, კი ინდოეთი ძალას გადაჭარბებით იყენებს. ეს ქმნის მუდმივ დაძაბულობის ციკლს, ხანგრძლივ პროტესტებს და პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნას.
რატომ მიიღო მოდის მთავრობამ ქაშმირის ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილება 70 წლის შემდეგ?
2019 წლის გაზაფხულზე პრემიერ მინისტ მოდის “ინდოეთის სახალხო პარტია” ზოგადსახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოდა. მოდი საარჩევნო კამპანიის გამოსვლებშივე ამბობდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქაშმირს გაუუქმებდა სპეციალურ სტატუსს. სწორედ ასე გაათავისუფლებდა ქაშმირს ტერორიზმისა და სეპარატიზმისგან და ინდოეთთან მოახდენდა მის ინტეგრაციას. საზარელი ტერორისტული აქტით დათრგუნულ ინდოელებს, რომლებსაც რამდენიმე თვეში არჩევნებში უნდა მიეცათ ხმა, მოდი თითქოს მრავალწლიანი დაპირისპირებიდან სთავაზობდა გამოსავალს.
მოდის პოლიტიკურ ხედვას უკეთ რომ ჩავწვდეთ, ტერორიზმთან ერთად სეპარატიზმსაც უნდა შევეხოთ. ქაშმირში ადგილობრივი მთავრობის შექმნამ დროთა განმავლობაში გააძლიერა ქაშმირის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეა ადგილობრივ პოლიტიკოსებში, რაც ასუსტებდა პროინდური ძალების გავლენას.
ხშირად ქაშმირი განიხილება პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში, მაგრამ ბევრს დამოუკიდებლობაც სურს. 1980-იანი წლებიდან ქაშმირში შეიარაღებული დაჯგუფებებიც კი გამოჩნდნენ, რომელთა ნაწილი დამოუკიდებლობისთვის, ნაწილი კი პაკისტანთან შეერთებისთვის იბრძოდა.
1989 წელს ქაშმირელი პანდიტები, ანუ განსწავლული ინდუსები, ადგილობრივ ინდუსებსაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი მოკლეს, ხოლო ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ამიტომ, ინდოეთისთვის არა მხოლოდ პაკისტანის მიერ კონტროლირებული ქაშმირელი ტერორისტები არიან პრობლემა, არამედ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებებიც, რომლებსაც ინდოეთის თქმით პაკისტანი აფინანსებს.
სეპარატიზმი დღესაც რჩება ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში პრობლემად, ამიტომაც ინდოეთის პარლამენტმა ქაშმირს განსაკუთრებული სტატუსი გაუუქმა და მეტიც, ქაშმირის შტატი ორ კავშირებრივ ტერიტორიად გაიყო: ჯამუ & ქაშმირი და ლადახი.
ასე ინდოეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, რეგიონის გაკონტროლება უფრო გაუადვილდა. ინდოეთის პარლამენტმა ასევე გააუქმა კანონი, რომელიც კრძალავდა ქაშმირში მიწის ყიდვას იმ პირებისთვის, ვინც შტატის მუდმივი მცხოვრები არ იყო. მთავრობის განმარტებით, ეს კანონი დისკრიმინაციული იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქაშმირში დაიბადნენ, მაგრამ სხვა შტატებში ქმნიდნენ ოჯახებს ან საქმიანობდნენ. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯები მოდის მთავრობის ხრიკებია, რაც მიზნად ისახავს ქაშმირის დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლას და მისი დამოუკიდებლობის იდეის გაქრობას.
დაიწყება ბირთვული ომი?
ფაქტია, რომ ნარენდრა მოდის პოლიტიკამ ქაშმირელ მუსლიმებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც უპრეცენდენტო ტერორისტული შეტევით დასრულდა 2025 წლის აპრილში. მართალია 2019 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა განეიტრალდა, მაგრამ ამას დიდწილად იღბალსა და საერთაშორისო ჩართულობას უნდა ვუმადლოდეთ, რაც ამ კონტექსტში არ იკვეთება.
ინდოეთის სამხედრო ავიაციამ მაშინ ვერ მოახერხა პაკისტანის ტერიტორიაზე ობიექტების დაზიანება, არავინ დაღუპულა, ხოლო ჩამოგდებული ინდური თვითმფრინავის პილოტი პაკისტანმა სწრაფადვე დააბრუნა სამშობლოში. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა მხარეებთან აქტიური სატელეფონო დიპლომატია აწარმოა.
დღეს კი ვითარება გაცილებით ფეთქებადია.
მომხდარი ინცინდენტის ფონზე, ინდოეთში შურისძიების მოთხოვნები იზრდება, ხოლო პაკისტანელი ლიდერები ინდოეთის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ. შესაძლოა დელი შეეცადოს საპასუხო მოქმედება ფარულად განახორციელოს, მაგრამ ამით საზოგადოება ნაკლებად დაკმაყოფილდება.
გარდა ამისა, შეერთბული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია რეგიონს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და განსხვავებით 2019 წლისგან, დღეს პაკისტანის მეზობელ ავღანეთშიც აღარ ჰყავს ამერიკას შეიარაღებული ძალები, რაც მისი გავლენის ბერკეტებს ამცირებს.
მსოფლიოს ლიდერებმაც შაბლონური ტექსტით გამოთქვეს შეშფოთება და ორივე მხარეს დეესკალაციისაკენ მოუწოდეს. ისრაელი იყო ერთ-ერთი, ვინც ღმამაღლა თქვა, რომ ინდოეთს უფლება აქვს საკუთარი თავი ტერორისტებისგან დაიცას.
ამ ფონზე, პაკისტანი ინდოეთის 7 მაისის საპასუხოდ უფრო დიდ დარტყმას ჰპირდება.
თუმცა, 2025 წლის 10 მაისს მხარეები დაზავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეერთებული შტატების დამსახურებად შეაფასა, არც პაკისტანს და არც ინდოეთს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სამშვიდობო შეთანხმების ან ზავის ნაცვლად ტერმინი “პაუზა” გამოიყენა — რაც ნიშნავს, რომ კონფლიქტი მხოლოდ დროებით შეჩერდა და არ დასრულებულა. მოდის განცხადებით, ინდოეთი მომავალში ნებისმიერ ტერორისტულ შეტევაზე მკაცრ პასუხს გასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ ორ ბირთვულ ძალას შორის ომი არავის ინტერესში არ შედის, დეესკალაციის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში, საერთაშორისო ჯერ ბუნდოვანი მესიჯებით გმობს ძალადობას და აკვირდება მოვლენების განვითარებას, ამიტომ ამ ეტაპზე რთულია განისაზღვროს კონფლიქტის ტრაექტორია.
იხილე ვიდეო:
“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე განიხილავს ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირებას ქაშმირის რეგიონში.