ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რას მალავს ამერიკა? გაჟონილი საიდუმლო, შეტევა იემენზე და ტრამპის რეალური მიზნები ღაზას სექტორში

კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალი შეერთებულ შტატებში. ამჯერად, საქმე შემთხვევით გაჟონილ საიდუმლო ჩატს ეხება.

ჟურნალ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი, სრულიად მოულოდნელად, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირების Signal-ჩატში აღმოჩნდა, იმ დროს, როცა ტრამპის კაბინეტის წევრები იემენზე შესაძლო იერიშს განიხილავდნენ.

სხვა გავლენიან პირებთან ერთად, ჩატის წევრებს შორის იყვნენ ვიცე პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი. შეიძლება იფიქრობთ, რომ ეს ყალბი ან დადგმულია, მაგრამ დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ჩატის ავთენტურობა “თეთრმა სახლმა” ოფიციალურად დაადასტურა.

სანამ ამერიკელები იმას არჩევენ, თუ როგორ აღმოჩნდა საიდუმლო ინფორმაცია და ცნობილი ჟურანლისტი ყველასათვის ხელმისაწვდომი აპლიკაციის ჩატში, ჩვენ განვიხილოთ საერთოდ რატომ გეგმავდა შეერთებული შტატები იემენზე საჰაერო შეტევას.

ეს არ გეგონოთ ავღანეთის ან ერაყის მსგავსი მორიგი ამერიკის ომი შუა აღმოსავლეთში. აქ საქმე გლობალურ ვაჭრობასა და ისრაელსა და ღაზას სექტორთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ გეგმებს ეხება. ამ სტატიაში კი გავარკვევთ:

  1. რა კავშირი აქვს შეერთებულ შტატებს, ისრაელს და იემენს ერთმანეთთან?
  2. რა მიზნები აქვს ტრამპს ღაზას სექტორში?

იემენი - აშშ - ისრაელი

ისტორია, ფაქტობრივად, 2023 წლის ოქტომბერში იწყება, მას შემდეგ, რაც ჰამასმა ისრაელში უდიდესი მასშტაბის ტერორისტული შეტევა განახორციელა.

მალე, “ჰუსიტებმა” — ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ — დაიწყეს თავდასხმები, როგორც ისრაელზე, ისე საერთაშორისო სატვირთო გემებზე, რაც სერიოზულ შეფერხებებს იწვევდა გლობალურ ვაჭრობაში. იემენში დაფუძნებული ჰუსიტები წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ გემებს ესხმოდნენ თავს, ჰამასის მხარდაჭერის მიზნით. შესაბამისად, შეერთებული შტატები, სხვა პარტნიორებთან ერთად, ცდილობდა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო სავაჭრო გზის დაცვას.

2024 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ჰუსიტების მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების ეფექტურად შეკავება, რაც მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. ტრამპის ადმინისტრაციამ კი, მტკიცე რეაგირება გადაწყვიტა.

ვინ არიან “ჰუსიტები”?

“ჰუსიტები”, იგივე “ანსარ ალლაჰი” – ანუ “ღმერთის მხარდამჭერები” – შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ და თავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მტრად აცხადებენ.

თავდაპირველად, ჰუსიტები 1990-იან წლებში გამოჩნდნენ იემენში და ქმნიდნენ მოძრაობას, რომელიც ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და სუნიტური მთავრობის დომინაციას ებრძოდა.

ჰუსიტები არიან ზაიდიტები. ეს შიიტური ისლამის ერთ-ერთ განშტოებაა, რომლის მიმდევრებისთვისაც უსამართლო ხელისუფლებასთან ბრძოლა რელიგიური მისიაა. ზაიდიტები ათასობით წლის მანძილზე ცხოვრობდნენ იემენის ჩრდილოეთ ნაწილში, დღევანდელ საადას პროვინციაში, საუდის არაბეთის საზღვართან. თუმცა, 80-იანი წლების ბოლოს, საუდის არაბეთმა ჩრდილოეთ იემენში დააფინანსა სალაფიტური ინსტიტუტების მშენებლობა, რაც სუნიტური ისლამის განშტოებას წარმოადგენს.

ამან შიიტ ზეიდიტებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია და თავიანთი კულტურისა და რელიგიის გავლენების აღდგენა სცადეს ჰუსეინ ბადრედინ ალ ჰუსის მეთაურობით. “ჰუსიტების” სახელიც სწორედ მისი ლიდერის გვარიდან, ჰუსიდან, მომდინარეობს.

2003 წელს, ეს დაჯგუფება აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ომს ერაყში. იემენის ლიდერი, ალი აბდალა სალეჰი, კი ამერიკას ემხრობოდა. სალეჰმა, ალ ჰუსის დასაკავებლად ჯარიც კი გაგზავნა ჩრდილოეთში, რამაც პირველი შეიარაღებული შეტაკება გამოიწვია მთავრობასა და ალ ჰუსის მიმდევრებს შორის. ამის შემდეგ საუდის არაბეთი მხარს უჭერდა იემენის ცენტრალურ მთავრობას, ირანმა კი დაიწყო “ჰუსიტების” დაფინანსება და შეიარაღება.

ახალ პრეზიდენტს, აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის, კი “არაბული გაზაფხულის” შემდეგ ჰუსიტების აჯანყებასთან გამკვლავება უჭირდა, რის შედეგადაც საწვავის ფასი და უმუშევრობა კოლსალურად გაიზარდა.

2014 წელს, ჰუსიტებმა ფართო ყურადღება მოიპოვეს, როცა საწვავის ფასების შემცირებასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. სწორედ ეს პროტესტი იქცა იემენის სამოქალაქო ომის დასაწყისად.

2015 წელს, ჰუსიტებმა დაიკავეს იემენის პრეზიდენტის სასახლე, რის შედეგადაც პრეზიდენტმა ალ-ჰადიმ თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.

ამას მალევე მოჰყვა საუდის არაბეთის მიერ წამოწყებული საჰაერო შეტევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რეგიონულმა მოკავშირეებმა. ამის მიუხედავად, ირანის შეირაღებითა და მხარდაჭერით, დღეს ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანასა და წითელი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს.

სამოქალაქო ომი სერიოზულ პროქსი კონფლიქტში გადაიზარდა საუდის არაბეთსა და ირანს შორის, რომელსაც 400,000 ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელთაგან 60%-იც შიმშილით, უწყლოობით ან ჯანდაცვის მიუწვდომლობით გარდაიცვალა.

ჰუსიტები არიან ე.წ. “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილი, რომელიც ირანის მიერ დაფინანსებული რეგიონული ალიანსია და მასში შედიან ჰიზბოლა და ჰამასიც.

განვიხილოთ რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს მსოფლიოს გეოპოლიტიკაზე.

2023 წლის ნოემრბიდან, ჰუსიტები თავს ესხმიან, როგორც ისრაელისკენ მიმავალ, ასევე საერთაშორისო ტვირთებს მაღალტექნოლოგიური რაკეტებით. ამას კი გაცხადებულად ჰამასის მხარდასაჭერად აკეთებენ. მათი ლოზუნგია: “დიდება ღმერთს, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, წყევლა ებრაელებს, გამარჯვება ისლამს!”

ჰუსიტების რიტორიკა, როგორც ხედავთ, ჰგავს სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებისას, მაგრამ ერთი რამ აშკარად გამორჩეულია: მათი სამხედრო შესაძლებლობები.

ჰუსიტებმა, აპირველად ისტორიაში, საზღვაო გემების საწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. ასეთი რამ აქამდე არც ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას არ გაუკეთებია. ისინი ესვრიან, როგორც კომერციულ, ისე სამხედრო გემებს. ამას აკეთებენ თანამედროვე, ირანის მიერ მიწოდებული მაღალტექნოლოგიური იარაღით.

აშკარაა, რომ ირანი წლების განმავლობაში ამარაგებდა ჰუსიტებს. მათ აქვთ ირანში წარმოებული დრონ-დეტექტორები, რომლებსაც 1770 კილომეტრამდე აქვთ მოქმედების დიაპაზონი. ასევე ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 500 კილომეტრამდე მანძილზე დაფრინავს 5,000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. ეს კი უკვე საერთაშორისო ვაჭრობისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა, რადგან წითელი ზღვა წარმოადგენს მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის კრიტიკულ არტერიას.

აქ გადის საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 15%. ეს მარშრუტი აზიას ევროპასთან აკავშირებს სუეცის არხის გავლით. ამ მანძილს კი გემები დაახლოებით 26 დღეში გადიან.

ჰუსიტების თავდასხმების გამო ტვირთგადამზიდი კომპანიები იძულებულები გახდნენ მარშრუტი შეეცვალათ. ახლა გემები აფრიკის კონტინენტს უვლიან გარშემო, რაც ზრდის საწვავის დანახარჯებს და ტრანსპორტირების დროს, შედეგად კი ძვირდება იმპროტი.

ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად “ტესლამ” და “ვოლვომ”, უკვე შეამცირეს ევროპაში ავოტმანქანების წარმოება მიწოდების შეფერხებების გამო.

საერთაშორისო ლოგისტიკის კრიზისის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა, 2023 წლის დეკემბერში, დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელად “კეთილდღეობის მცველი“ (Operation Prosperity Guardian), რომლის ფარგლებშიც ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები ბაჰრეინში არსებული შტაბიდან აკვირდება წითელ ზღვაში მიმდინარე მოქმედებებს, რაშიც დაახლოებით 7,000 მეზღვაურია ჩართული.

ამ ოპერაციას ამერიკის ლიდერობით უკვე დაახლოებით 20 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის: გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი, ნიდერლანდები და სხვა. ყველა მათგანს სამხედრო ძალით მონაწილეობა არ მიუღია; ზოგმა დაზვერვით, ზოგმა ლოჯისტიკით და ზოგმა პოლიტიკური მხარდაჭერით შეიტანა ოპერაციაში წვლილი.

ჰუსიტების ბომბები გაცილებით მეტად აზარალებს ევროპას, ვიდრე შეერთებულ შტატებს. აზიიდან აშშ-ში ტვირთები უმეტესად წყნარ ოკეანეს გადიან. ისინი ჩადიან აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მიდიან მის აღმოსავლეთ სანაპირომდე პანამის არხით. ხოლო, ევროპიდან ტვირთები შეერთებული შტატებისკენ ატლანტიკის ოკეანის გავლით მიდიან.

ჰუსიტების თავდასხმები გლობალურად მტკივნეულია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ევროპისთვისაა. ეს ალბათ ხსნის, რატომ იყო ჯეიდი ვანსი გაღიზიანებული გამოჟონილ ჩატში, რომ ამერიკამ კიდევ ერთხელ უნდა “გადაარჩინოს ევროპა.”

მაგრამ, ჩემი აზრით, აქ საქმე მხოლოდ ევროპას არ ეხება. ამერიკის ოპერაცია, შესაძლოა, უფრო მეტად უკავშირდებოდეს ისრაელის უსაფრთხოებას, ვიდრე ევროპის ეკონომიკურ სტაბილურობას.

ისრაელი და აშშ

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტი ისტორიულად იყო ისრაელის მკაფიო მხარდამჭერი, თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც აღიარებს, რომ დონალდ ტრამპი ყველაზე დიდი მეგობარია, ვინც ოდესმე ისრაელს თეთრ სახლში ჰყოლია.

ტრამპმა არაერთი ნაბიჯი გადადგა ამის დასამტკიცებლად. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, რაც საერთაშორისო კრიტიკის საგნად იქცა. ეს ამერიკის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებად აღიქმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სტატუსი კვლავ სადაოა.

ტრამპი ისრაელის უსაფრთხოებას მკაფიოდ უჭერს მხარს და წითელ ზღვაში მიმდინარე ოპერაციაც სწორედ ამის გამოვლინებაა, თუმცა ეს ოპერაცია ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაიამ დაიწყო.

ბუნებრივია ისრაელის მიმართულებით ტვირთების დროული მოძრაობა მნიშვნელოვანია ისრაელის ეკონომიკისთვის, მაგსაკუთრებით კი ომის პერიოდში, როცა მომარაგების ჯაჭვის სიმყარე ყველაზე კრიტიკულია. თუმცა, ტრამპს საკუთარი ამბიციებიც ამოძრავებს — ღაზას სექტორის ამერიკის მფლობელობაში მოქცევა და მისი “შუა აღმოსავლეთის რივიერად“ გადაქცევა.

ამ იდეის შესახებ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ ვონფერენციაზე განაცხადა, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს მხოლოდ იდეაა, რომელსაც უკვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაინც ირკვევა, რომ ტრამპს სურს პალესტინელების ღაზადან დროებითი გაყვანა და მათი გადანაწილება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, მაგალითად ეგვიპტესა და იორდანიაში.

ღაზას სექტორის აღდგენის შემდეგ კი მათ უკან დაბრუნება შეეძლებათ, თუმცა არა მაინცდამაინც, როგორც საკუთარ სახლში. დონალდ ტრამპი ერთ კონკრეტულ ასპექტში ნამდვილად მართალია: დღეს ღაზაში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია, მოსახლეობის თითქმის 100% შიმშილობს და მიუწვდომელია თუნდაც საბაზისო ჯანდაცვა.

ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ისრაელის საპასუხო თავდასხმამ ღაზას ინფრასტრუქტურის 92% გაანადგურა და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ბეტონის ნანგრევებში ძველებური ცხოვრების აღდგენა ტერორიზმის აღმოფხვრის პარალელურად.

ტრამპის შეფასებით, პალესტინელები ღაზაში რჩებიან იმიტომ, რომ სხვაგან წასასველი არ აქვთ. ამიტომ, თუ ეგვიპტე და იორდანია ორ მილიონ პალესტინელს თავშესაფარს მისცემს, ამერიკა გადაიბარებს ტერიტორიას და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად ააღორძინებს ღაზას სექტორს, შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და განდევნის ჰამასს. შედეგად კი შუა აღმოსავლეთში, შესაძლოა, მშვიდობამ დაისადგუროს.

საუკუნის კონფლიქტის გადაჭრის გზა ასე მარტივი არაა. ეგვიპტემ და იორდანიამ უკვე განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ სურვილი და არც ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ორი მილიონი დევნილი შეიფარონ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არც შეერთებული შტატებისთვის იქნება ადვილი ღაზას სექტორის დასაკუთრება.

დონალდ ტრამპმა შეიძლება ამერიკის დახმარება ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ ამ მოლაპარაკებებში გამოიყენოს. ტრამპი ერთ-ერთ ყველაზე მოხერხებულ მომლაპარაკებელია, რითაც მან, შესაძლოა, ეგვიპტე და იორდანია დაითანხმოს პალესტინელი დევნილების შეფარებაზე. მაგრამ, მათზე უფრო მეტად, სხვა შუა აღმოსავლეთის ქვეყნების დარწმუნება მოუწევს.

მაგალითად, ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლი კრძალავს ერების იძულებით გადაადგილებას და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არც ისრაელს ეკუთვნის ღაზას სექტორი, რომ ის ამერიკაზე გაასხვისოს. მეტიც, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ღაზაზე ისრაელის ოკუპაცია აღიარა და მისი ტერიტორიული ექსპანსია არალეგალურად შეაფასა.

თუმცა, თუკი ტრამპის იდეას მხარს დაუჭერენ ისეთი რეგიონული მოთამაშეები, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები ან ყატარი, უცნობია ვინ და როგორ აღუდგება წინ ტრამპის გეგმას.

ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე სახელმწიფოს გააჩნდეს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი ან ინტერესი, რათა ღიად დაუპირისპირდეს ამერიკის სურვილს დაეუფლოს ღაზას სექტორს და გარდაქმნას ახალ საერთაშორისო პროექტად.

საერთაშორისო სამართალი პრაქტიკაში არა ერთხელ დარღვეულა, მათ შორის მაშინ, როცა ამერიკა ერაყის წინააღმდეგ იწყებდა ომს. შესაბამისად, წითელ ზღვაში ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკის დახმარება, შესაძლოა, დონალდ ტრამპისთვის ეფექტური ბერკეტი აღმოჩნდეს.

რუკას თუ დავუბრუნდებით, ეგვიპტე, იორდანია და საუდის არაბეთი – როგორც წითელი ზღვის პირას მდებარე ქვეყნები – პირდაპირ ზარალდებიან ჰუსიტების მიერ გამოწვეული საზღვაო ტვირთების შეფერხებით. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საუდის არაბეთი ღიად ებრძვის ჰუსიტებს და სამოქალაქო ომში მხარს უჭერს იემენის ცენტრალურ ხელისუფლებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპს საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა ღაზას სექტორის მშენებლობაში სწორედ შუა აღმოსავლეთიდან სურს და ამისთვის არ აპირებს ამერიკის ბიუჯეტის დახარჯვას.

აქედან გამომდინარე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ტრამპი სავარაუდოდ რეგიონულ ლიდერებს შეახსენებს ამერიკული ფლოტის მიერ გაწეულ კოლოსალურ დახმარებას წითელ ზღვაში, რასაც შეიძლება ღაზას პროექტისადმი მხარდაჭერის პირობაც დაერთოს.

შედეგად, წითელი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთდროულად გახდეს, როგორც დახმარების აქტი ევროპისა და ისრაელის მიმართ, ასევე ბერკეტი საკუთარი ამბიციური გეგმის გასატარებლად ღაზას სექტორში.

აუდიო ვერსია: