ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ახალი ტერიტორიული გადანაწილება 2025 წელს? ტრამპის რეალური მიზნები გრენლანდიაში

2024 წლის 22 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის ელჩი წარადგინდა დანიაში და ამავდროულად განაცხადა, რომ ამერიკა გრენლანდიის შესყიდვითაა დაინტერესებული და თან იმდენად სერიოზულად, რომ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.

თუმცა, გრენლანდიის ადგილობრივმა მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა ისიც თქვა, რომ ამერიკამ პანამის არხზე კონტროლი უნდა დაიბრუნოს და კანადის 51-ე შტატად შემოერთების სურვილიც გამოთქვა.

ტრამპის ამბიციების მიღმა ტერიტორიულ ინტერესებთან ერთად სტრატეგიული ხედვა იკვეთება. კონკრეტულად რა ინეტერესები აქვს ტრამპს და შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში?

მოკლედ გრენლანდიის შესახებ

დონალდ ტრამპი არ არის ამერიკის პირველი პრეზიდენტი, ვისაც გრელანდიის ყიდვის იდეა გაუჩნდა. 1867 წელს, როდესაც პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა ალასკა იყიდა, ის გრენლანდიითაც იყო დაინტერესებული. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კი, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა დანიას 100 მილიონი დოლარი შესთავაზა გრენლანდიის სანაცვლოდ.

ტრამპმა კუნძულს თვალი 2019 წელს დააგა და ამის შესახებ X-ზეც დაპოსტა. 2024 წლის ბოლოს კი ეს ამბიცია მკაფიოდ დააფიქსირა, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიქცია.

გრენლანდია მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულია, რომელიც ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში მდებარეობს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის. 1953 წლამდე კუნძული დანიის კოლონია იყო, ახლა კი ის დანიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტონომიური ტერიტორიაა თავისი ადგილობრივი მთავრობით. თუმცა, დიდი ხანია კუნძულს დამოუკიდებლობაზე აქვს პრეტენზია.

2025 წლის საახალწლო მიმართვაში გრენლანდიის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის სურვილს და დონალდ ტრამპის საპასუხოდ ისიც განაცხადა, რომ კუნძული მხოლოდ ადგილობრივებს ეკუთვნით. გრენლანდია არაა ევროკავშირის ნაწილი, თუმცა ოფიციალურად ის ევროკავშირთან “ასოცირებულ ზღვისიქითა ტერიტორიად” მოიაზრება, რის გამოც, გრენლანდია ევროკავშირთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობებით და სხვადასხვა სექტორში გამარტივებული თანამშრომლობით სარგებლობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულზე მცხოვრები 57,000 ადამიანიდან, 55,000 დანიის და შესაბამისად ევროკავშირის მოქალაქეა.

დანია განაგებს გრენლანდიის საგარეო ურთიერთობებსა და თავდაცვას, მაგრამ კუძული დამოუკიდებელია საშინაო საქმეების მართვაში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, დასაქმება და სხვა.

გრენლანდია ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მისი ეკონომიკა მაინც დანიაზეა გადაჯაჭვული და მათი ბიუჯეტის ნახევარი, სწორედ დანიურ სუბსიდიებზე დგას.

ამავდროულად კუნძულს აქვს ეკოლოგიური და გეოლოგიური გამოწვევები. მისი 80% ყინულითაა დაფარული, რაც დიდ ნაწილს დაუსახლებელსა და ეკონომიკურად აუთვისებელს ხდის.

და მაინც, რატომ უნდა ტრამპს გრენლანდიის ყიდვა?

აშშ-ს ინტერესები გრენლანდიაში

ტრამპის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და მსოფლიოს თავისუფლებისთვის, გრენლანდია აცუილებლად ამერიკის ტერიტორია უნდა გახდეს.

მაგრამ კონკრეტულად რა უსაფრთხოების კომპონენტებზეა საუბარი?

პირველი — რესურსები. გრენლანდია მდიდარია ნავთობით და იშვიათი მინერალებით, რომელთა უმრავლესობაც ხშირად ჩინეთიდან და რუსეთიდან მოდის. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს არქტიკის სტრატეგიულობა, სადაც დაახლოებით მსოფლიოს აუთვისებელი ნავთობის 13% ინახება, ხოლო ბუნებრივი აირის 30%. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ამერიკას ამ რესურსების კონტროლი სურს.

გრენლანდიაში ნავთობაღმომჩენი სამუშაოები 1970-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, რომელშიც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მონაწილეობდნენ. თუმცა, 2021 წელს, გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ეკოლოგიური მიზეზით შეაჩერა ნავთობმოპოვების პროცესი, რადგან ამით გარემოს დიდი ზიანი ადგებოდა.

დღეს შეერთებილი შტატები ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელია და ის ნამდვილად არ განიცდის ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას. შესაბამისად, ბუნებრივ რესურსებთან ერთად ტრამპს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მეორე მიზეზი ამოძრავებს — გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა.

შეერთებულ შტატებს გრენლანდიის გამოყენება სამხედრო ბაზის მოსაწყობად და ჩინეთის ან რუსეთისგან შესაძლო თავდასხმის ასაცილებლად სურს. ამერიკას იქ უკვე აქვს ბიდუფიკის კოსმოსური ბაზა, რომელიც აღჭურვილია ბალისტიკური რაკეტების ადრეული გაფრთხილების სისტემით და დიდ როლს ასრულებს სარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსური დაზვერვის მისიაში. ეს ბაზა ცივი ომიდან მოყოლებული არსებობს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ამერიკისათვის გრენლანდია დიდი ხანია სტრატეგიულ ტერიტორიად ითველბა სამხედრო თვალსაზრისით.

რუსეთს და ჩინეთსაც მდებარეობიდან გამომდინარე, არქტიკაში თავიანთი ინტერესები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ მდებარეობს არქტიკაში, ის თავის თავს ახლო-არქტიკის ქვეყნად მოიაზრებს.

მართლაც, 2016 წელს ჩინეთს სურდა ამერიკის ძველი საზღვაო ბაზა ეყიდა გრენლანდიისგან და კუნძულზე აეროპორტების აშენებაც რამდენჯერმე სცადა.

ბუნებრივია ამ საქციელმა ვაშინგტონი აღაშფოთა და გაჩნდა კითხვის ნიშანიც, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებდა დანია გრენლანდიის არადასავლური გავლენებისგან დაცვას.

ამერიკისათვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. გრენლანდია ამერიკის კონტინენტთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო ახლოსაა ვიდრე დანიასთან ან დანარჩენ ევროპასთან. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკამდე ნიუ იორკამდე უფრო მოკლე მანძილია ვიდრე კოპენჰაგენამდე. ამერიკას კი სულ არ უნდა თავის ტერიტორიასთან ახლოს ჩინეთის ან რუსეთის ბაზა ჰქონდეს.

მესამე მიზეზი ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტებია. ყინულის დნობასთან ერთად, არქტიკაში ახალი გზები ჩნდება, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს სავაჭრო გზას ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამიტომ, ტრამპის ინტერესი გრენლანდიაში არ არის მხოლოდ ტერიტორიული გაფართოების ახირება. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რათა აშშ-მ შეძლოს გეოპოლიტკური პოზიციების გამყარება ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებით.

მაგრამ რამდენად რეალისტურია გრენლანდიის ყიდვა? როგორ უნდა იყიდო ის, რაც არ იყიდება?

დანიამ კი 2019 წელსვე მკაფიოდ განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვა უბრალოდ აბსურდია. გრენლანდიის პრემიერმა კი 2024 წელს თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება.

ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში დანიამ გამოცხადა, რომ გრენლანდიის თავდაცვის დაფინანსებას 1.3 მილიარდ დოლარამდე ზრდის. თუმცა, დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ტრამპის განცხადება და გრენლანდიის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა უბრალო დამთხვევაა.

იმაზეც საუბრობენ, რომ, შესაძლოა, გრენლანდიის ყიდვის განცხადება ტრამპისგან ერთგვარი სიგნალი იყო დანიისთვის, რომ თვდაცვის ხარჯები გაეზარდა არქტიკაში. გრენლანდიის შეძენა და შემდეგ მისი ამერიკანიზაცია საკმაოდ დიდი ლოჯისტიკური გამოწვევა იქნებოდა შტატებისთვის.

2019 წელს, Washington Post-ის გამოთვლით, გრენლანდია დაახლოებით 1.7 ტრილიონი დოლარი ეღირებოდა კუნძულის ინდუსტრიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ ეს ასტრონომიული რიცხვია, გრენლანდია მიბმულია დანიის სუბსიდიებზე, რაც ძალიან არაამერიკული მიდგომაა ეკონომიკისა და მმართველობისადმი. ამიტომ, არქტიკის უსაფრთხოებისათვის, დანიის მიერ თავდაცვის გაძლიერება უფრო იაფი და სწრაფი გამოსავალია, ვიდრე კუნძულის შეძენა და შემდეგ მისი რეფორმირება.

აუდიო ვერსია