ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რა დაემართა ევროპას: გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დაღმასვლის რეალური მიზეზები

ევროპა — კონტინენტი, რომელმაც შექმნა რენესანსი, სამეცნიერო რევოლუცია და ინდუსტრიული ეპოქა. და ვინჩი. მოცარტი. გალილეო გალილეი. ნიუტონი. აინშტაინი – ეს იყო ადგილი, რომელიც მსოფლიო ცვლილებებს განაგებდა.

მაგრამ ეს ყველაფერი, დღეს თითქოს უკვე რომანტიზებული წარსულია. ევროპა კვლავ მდიდარია, კვლავ ლამაზია, მაგრამ ვეღარ ადგენს თამაშის წესებს.

რა მოხდა? როგორ იქცა კონტინენტი, რომელსაც ჰქონდა ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი, ძლიერი ინდუსტრია და ინტელექტუალური უპირატესობა, გლობალურ არენაზე მეორეხარისხოვან მოთამაშედ?

ეკონომიკური დაღმასვლა

2008 წელს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ეკონომიკა თითქმის ერთი მოცულობის იყო. მეტიც, ევროპა ოდნავ უსწრებდა კიდეც შეერთებულ შტატებს.

walking

მაგრამ თუ მსოფლიო ბანკს დავუჯერებთ, 2008 წლიდან 2023 წლამდე, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 13.5%-ით გაიზარდა, და დაახლოებით $16 ტრილიონიდან $18 ტრილიონს გადააჭარბა.

walking

ახლა შევხედოთ შეერთებულ შტატებს, რომელმაც იგივე პერიოდში 87%-იან ზრდას მიაღწია და მაშიდელი $15 ტრილიონიანი ეკონომიკა, დღეს $27 ტრილიონ დოლარს აღემატება. წარმოიდგინეთ, ამერიკასა და ევროკავშირს შორის სხვაობა ორი იაპონიის ეკონომიკას უტოლდება, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკაა.

2008 წელს მსოფლიოში იყო ფინანსური კრიზისი, და ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი როლი ითამაშეს ქვეყნების განვითარებაში. მაშინ ქვეყნებს არჩევანი ჰქონდათ - ან სტიმულირების გზით გაეაქტიურებინათ ეკონომიკა და ზრდაში ჩაედოთ ინვესტიცია, ან გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკით შეემცირებინათ სამთავრობო დანახარჯები და გაეზარდათ საშემოსავლო გადასახადები. შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სტიმულირების გზა აირჩიეს, ევროპამ კი — მკაცრი ეკონომიკა.

walking

ბევრი ექსპერტის შეფასებით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ეკონომიკური თვითსაბოტაჟი, რომელმაც კონტინენტის ზრდის პოტენციალი წლების განმავლობაში შეაფერხა.

ეს კიდევ უფრო კომპლექსური თემაა. ამის პარალელურად წავიდა სხვა შიდა პროცესებიც, რამაც ევროპის გეო-ეკონომიკური გავლენა შეამცირა. ვისაუბროთ რამდენიმე ასეთზე.

ევროპის დეინდუსტრიალიზაცია

ათწლეულების განმავლობაში გერმანია იყო ევროპის ეკონომიკური ძრავა, ხოლო გერმანიის ძრავა იყო მძიმე მრეწველობა: ავტომობილები, ქიმიკატები, მანქანები — ის პროდუქტები, რომლებზეც დგას სამყაროს ეკონომიკა.

გერმანულ წარმატებას კი განაპირობებდა შემდეგი სამკუთხედი: უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა და ნატოს დამსახურებით, მანქანების გაყიდვა ჩინური მოთხოვნის ზრდის წყალობით, და ქარხნების ეფექტური მუშაობა რუსული, იაფი ენერგიით.

walking

გერმანიისთვის ეს პრინციპი წარმატებით მუშაობდა მანამ, სანამ აღარ მუშაობდა. როცა 2022 წელს “ნორდ სტრიმის” მილსადენები აფეთქდა, რომლებიც რუსულ გაზს ევროპას პალტის ზღვის გავლით აწვდიდა, გერმანული ბიზნეს-მოდელს დიდი საფრთხე შეექმნა.

მაგალითისთვის ავიღოთ გერმანული BASF-ი, მსოფლიოს უმსხვილესი ქიმიური მწარმოებელი. ეს კომპანია არ არის უბრალოდ ქიმიური ქარხანა. ის ქმნის საბაზისო მასალებს თითქმის ყველა ინდუსტრიისთვის, როგორიცაა პლასტმასი და პოლიმერები, სასუქები და აგროქიმია, საავტომობილო კომპონენტები, კოსმეტიკა და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით, BASF-ის ნივთიერებები არის თითოეული ჩვენგანის კბილის პასტაში, ფეხსაცმელში, მანქანასა თუ წამლებში.

2024 წელს კი კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა გერმანელი პოლიტიკოსი უნდა შეეშფოთებინა. BASF-ი ხურავდა ძირითად საწარმო ხაზებს გერმანიაში.

და რატომ?

იმიტომ, რომ ქიმიური წარმოება მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას. რუსული გაზის დაკარგვისა და “მწვანე ენერგიის” პოპულარიზაციის ფონზე კი ელექტროენერგიისა და გაზის ფასები ისე გაიზარდა, რომ ბიზნესის წარმოება ნაკლებად მომგებიანი გახდა გერმანიაში. ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა 10 მილიარდი დოლარი ჩაედო ჩინეთში, ახალი მეგაქარხნის მშენებლობაში. დღეს კი გერმანიის სამრეწველო წარმოება კოვიდის პანდემიის ლოქდაუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

walking

ქვეყანა, რომელიც ამაყობს გარემოს დაცვის სტანდარტებით, ისეთ პირობებს უქმნის საკუთარ კომპანიებს, რომ ისინი გადადიან ჩინეთში, სადაც კვლავ მასობრივად გამოიყენებენ ქვანახშირსა და რუსულ გაზს.

ამას ისიც ემატება, რომ გერმანიამ 2023 წლის აპრილში დახურა ბოლო სამი ბირთვული ელექტროსადგური, რითაც საბოლოოდ დაასრულა ბირთვული ენერგიის წარმოება და გამოყენება. მაგრამ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ქვანახშირის ენერგო სადგურების დროებით გამოყენებას, რაც გარემოსთვის ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ბირთვული ენერგია.

ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ აკრიტიკებს გერმანიის ენერგო პოლიტიკას და ამბობს, რომ დღეს გერმანიის ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოებს და მათ ამუშავებენ რუსული გაზით, რისი მიღებაც საკუთარ ქვეყანაში უკვე აღარ შეუძლიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიამ და ზოგადად ევროპამ, მწვანე ენერგიის ხარჯზე, მართლაც შეამცირა ემისიები დაახლოებით 40%-ით, 1990-იან წლებთან შედარებით. თუმცა, ეს მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო ისევ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას.

ჩნდება ეთიკური დილემაც – რამდენად ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს გერმანია, თუ გერმანული კომპანიები აგრძელებენ გარემოს დაბინძურებს, მაგრამ ჩინეთიდან?

ევროპა ბერდება

საქართველოში ხშირად გვესმის, რომ ევროპის ქვეყნებში პენსია საკმაოდ მაღალია და ხანდაზმული ადამიანები საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობენ. ეს, რა საკვირველია, სასურველი რეალობაა, მაგრამ ამას აქვს თავისი ეკონომიკური მხარეც.

ევროკავშირი, ისევე როგორც საქართველო, დემოგრაფიული კრიზის წინაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ბერდება, მაშინ, როცა შობადობა იკლებს. თვითონ ევროკავშირი ვარაუდობს, რომ 2050 წლისათვის ევროპის მოსახლეობა 14%-ით შემცირდება.

რას ნიშნავს ეს ეკონომიკურად?

ხანდაზმული ადამიანები პენსიას იღებენ საშემოსავლო გადასახადებიდან, ანუ ეს არის სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფული. როცა პენსიონერთა რაოდება იზრდება, მაშინ როცა სამუშაო ძალა იკლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ცოტა და ცოტა ახალგაზრდა ადამიანი იხდის იმ გადასახებს, რითაც ივსება საპენსიო ხაზინა.

walking

გამოდის, რომ ქვეყნებმა ან პენსია უნდა შეამცირონ, ან გადასახადები უნდა გაზარდონ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ემიგრანტებს არ მიიღებენ, უფრო მეტ საგარეო ვალს არ აიღებენ, ან ისე არ გაზრდიან ქვეყნის ეკონომიკას, რომ საშემოსავლო გადასახადები ნაკლებად დასჭირდეთ. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სულ არ არის საშემოსავლო გადასახადი, იმდენად მდიდარია ქვეყანა.

მაგრამ, ევროპის ეკონომიკა ვითარდება ნელა და მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე ეკონომიკური ბუმი რთული ამოცანა იქნება, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

შევხედოთ პოლიტიკური კუთხითაც. თუ მოსაახლეობის დიდი ნაწილი ბერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უმრავლესობაც პენსიონერების ან საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი მოქალაქეების ხელშია. ამიტომ, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ააგებს კამპანიას პენსიების შემცირების დაპირებით. ეს მათემატიკურად წამგებიანია. მაგალითად, 2023 წელს, მაკრონის მცდელობამ, რომ საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაზრდილიყო, დიდი პროტესტი გამოიწვია.

საქართველოსთან, რომ გავავლოთ პარალელი – სწორედ ამიტომ გვესმის პენსიების გაზრდის დაპირება თითქმის ყველა პოლიტიკური პარტისაგან წინასაარჩევნოდ. ეს არის უბრალოდ მათემატიკური გათვლა. მოსახლეობის შემცირების გამო კი პენსიების ზრდა კიდევ უფრო რთული ამოცანა გახდება ჩვენს ქვეყანაშიც.

ევროპაში არც დიდი გადასახადებია პოლიტიკურად მომგებიანი იდეა, მაგრამ სხვა გზა არ არის სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვის. ბევრ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა, როგორიცაა დანია, საფრანგეთი, ავსტრია – იქ საშემოსავლო გადასახადიც 50%-ს, დანიის შემთხვევაში კი 60%-ს აღემატება. ამის კიდევ უფრო გაზრდა, ბუნებრივია, არავის ესიამოვნება.

ბოლო დროს, ევროპაში ასევე გაზრდილია ანტისაიმიგრაციო განწყობები. ამიტომ, ემიგრაციის წახალისების პოპულარიზაციაც პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯია. თან, ევროპას არ სჭირდება ისეთი ემიგრანტები, რომლებიც თავშესაფარს მოითხოვენ და ტვირთად დააწვებიან მათ სოციალურ სისტემას. მათ სჭირდებათ, მაღალი განათლებისა და შრომის უნარის მქონე კადრები, რომლებიც შექმნიან ახალ სამეცნიერო ინოვაციებსა თუ ბიზენესებს, რაც გაზრდის მათ ეკონომიკას. ასეთი ადამიანები კი ხშირად ევროპას კი არა შეერთებულ შტატებს ირჩევენ.

შეერთებული შტატები იგებს?

თანამედროვე ციფრულ მსოფლიოში, ეკონომიკაც დგას ციფრულ ბიზნესზე.

თუ გახსენდებათ, რომელიმე ევროპული საძიებო სისტემა, როგორიცაა Google? ან ევროპული სოციალური მედია Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსი? თუ იცით რომელიმე ევროპული სმარტფონი?

Nokia და Ericsson-ი, რომლებიც ერთ დროს გიგანტები იყვნენ მობილური ტელეფონების წარმოებაში თითქოს გაქრნენ.

ავიღოთ ეგრედ წოდებული “დიდი შვიდეული”: Apple, Microsoft, Google, Amazon, Nvidia, Meta, და Tesla. ამ შვიდი ამერიკული გიგანტის ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო დიდია ვიდრე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის საფონდო ბაზრები ერთად აღებული.

ეს იმიტომ არ ხდება, რომ ევროპელები ჭკვიანები არ არიან. არა – WWW ანუ World Wide Web-ი, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ FYIGEO.COM-ზე შეხვიდეთ და ეს სტატია წაიკითხოთ, შვეიცარიაში, ბრიტანელი მეცნიერის მიერ შეიქმნა.

DeepMind-იც — ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია — ლონდონში დაარსდა.

ევროპაში ნიჭი და განათლება არსებობს, მაგრამ, როგორც ხშირად გეოპოლიტიკაში ხუმრობენ – “ამერიკა იგონებს, ჩინეთი აკოპირებს, ევროპა არეგულირებს.”

რომ განვმარტოთ: სანამ სილიკონის ველი მილიარდებს აბანდებდა ხელოვნურ ინტელექტში, ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის აქტს წერდა 2021 წლიდან — მასიურ, ყოვლისმომცველ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელსაც AI უნდა გაეკონტროლებინა, მაშინ როცა ევროპას ჯერ არცერთი გლობალურად წარმატებული AI გიგანტი არ ჰყავდა.

ყველაზე ცნობილი ევროპული ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mistral AI, 2023 წელს, საფრანგეთში დაარსდა, მაგრამ ის ჯერაც ვერ უწევს კონკურენციას ამერიკულ ChatGPT-ის. ევროპული სტარტაპები იმის ნაცვლად, რომ დროის 100%-ს მოდელების გაწვრთნას უთმობდნენ, დიდ რესურსს ხარჯავენ ევროკავშირის რეგულაციების დაკმაყოფილებაში, როგორიცაა GDPR-ი, ციფრული ბაზრების აქტი და ციფრული სერვისების აქტი.

ეს რეგულაციები მოქალქეების პირად უფლებებს იცავს, მაგრამ ამავდროულად ბიუროკრატიას უმატებს კომპანიებს, ზრდის მათ ხარჯებს და დროში აფერხებს ინოვაციებს. სილიკონის ველზე კი კონგრესის კანონებზე არ დარდობენ, რადგან ზოგადი განწყობა ისეთია, რომ ტექნოლოგია კანონმდებლობაზე უფრო სწრაფად ვითარდება და მათ ბიუროკრატია ვერ დაეწევათ.

ამასთან ერთად, როცა კომპანიას იწყებ შეერთებულ შტატებში პირდაპირი წვოდმა გაქვს 340 მილიონ მომხმარებელზე, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, იყენებენ მსოფლიო ვალუტას და დაახლოებით ერთნაირ ბიზნეს-კანონებს ემორჩილებიან.

ხოლო, თუ მაგალითად, კომპანიას იწყებ საფრანგეთში, მშვენიერია, მაგრამ გერმანიაში გასაფართოებლად უნდა თარგმნო ყველაფერი, დაიქირავო გერმანელი იურისტები გერმანული შრომის კანონმდებლობის გასავლელად და სრულიად სხვა საგადასახადო სისტემას გაუმკლავდე. შემდეგ იგივე უნდა გაიმეორო იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში და ასე შემდეგ.

ეს ფრაგმენტაცია კი დამატებითი წინაღობაა ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების გასაფართოებლად. ამიტომ, ნახეთ რა ხდება – ბრიტანული DeepMind-ი იყიდა Google-მა, ესტონური Skype იყიდა Microsoft-მა, ხოლო ჰოლანდიური Booking.com ამერიკული ჰოლდინგის საკუთრებაა.

თითქოს ევროპა გადაიქცა ამერიკული კორპორაციების ინკუბატორად. ტალანტი, რომელსაც ევროპა ზრდის, შემდეგ ამერიკა ისრუტავს.

დღეს მომავალი შენდება სან-ფრანცისკოსა და შენჟენში. ევროპელები კი ყიდულობენ აიფონს, რომელიც, კალიფორნიაშია დაპროექტებული და ჩინეთშია აწყობილი.

რაკი სმარტფონი ვახსენეთ, კიდევ ერთ საინტერესო ქეისს უნდა შევეხოთ.

Arm Holding-ი არის უმნიშვნელოვანესი ბრიტანული კომპანია, რომლის შესახებაც ბევრს არაფერი სმენია. ისინი ქმნიან არქიტექტურას, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სმარტფონის ჩიპის საფუძველში დევს და არის ბრიტანული ტექნოლოგიური სექტორის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი.

მაგრამ როდესაც 2023 წელს, საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს, მათ ლონდონის ბირჟა კი არა, ნიუ იორკი აირჩიეს. იგივეა შვედური Spotify-ს შემთხვევაშიც, სადაც “ცნობისთვის” ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამერიკის ეკონომიკა ბევრად სწრაფად იზრდება და ევროპაში ნაკლები ფინანსური სარგებელი აქვთ კომპანიებს. ნორვეგიის სუვერენული საინვესტიციო ფონდიც კი — ევროპის ყველაზე დიდი კაპიტალი — საკუთარი აქციების პორტფელის უდიდეს ნაწილს შეერთებულ შტატებში აბანდებს. შესაბამისად, ინვესტორებისა და მეცნიერებისთვის, შეერთებული შტატები უფრო სასურველი გარემოა ინოვაციებზე სამუშაოდ.

მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ევროპა უკანაა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მაგრამ სწორედ ევროპული კომპანია აწარმოებს იმ დანადგარებს, რითაც მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის საჭირო ნახევარგამტარები, ანუ ჩიპები. საუბარია ჰოლანდიუყ კომპანია ASML-ზე, რომლის დანადგარებითაც მუშაობს ტაივანის წამყვანი ჩიპების მწარმოებებლი TSMC, ამერიკული Intel-ი, კორეული Samsung-ი და მრავალი სხვა.

ევროპის პოტენციალი დიდია და დასკვნები ნაადრევად არ უნდა გამოვიტანოთ. გამოწვევები ბევრია, მაგრამ ევროპა მაინც რჩება ერთ-ერთ წარმატებულ ცივილიზაციად მსოფლიოში, მაღალი საცხოვრებელი სტანდარტით და განვითარების დიდი ისტორიით, რომელიც ასე უცებ ვერ გაქრება. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ქვეყნებზე ბევრად ღარიბია.

ახლა ევროპის მთავარი ამოცანაა მინუსების დანახვა და მათი გამოსწორების გზის დასახვა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ევროპა გულხელდაკრეფილი არ ზის და არ უყურებს ჩინეთისა და შეერთებული შტატების რბოლას ინოვაციებისთვის. გასულ წელს ევროკავშირმა შეიმუშავა InvestAI ინიციატივა, რომლის მიზანიც 200 მილიარდი ევროს ინვესტიციის მოზიდვაა ხელოვნურ ინტელექტის სფეროში. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წლიური ანგარიშის მიხედვით კი, 2024 წელს ბანკმა რეკორდული 20 მილიარდი ევრო ჩადო მაღალი რისკის ციფრულ და ინოვაციურ კომპანიებში.

ქვეყნები ნელ-ნელა ზრდიან თავდაცვის ბიუჯეტსაც.

ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

აუდიო ვერსია: