ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ტოპ სამი მიზეზი რატომ არ აწყობს ევროპას ისრაელის და ირანის ომის ესკალაცია

ისრაელსა და ირანს შორის ომის ესკალაციას შესაძლოა გლობალური შედეგები მოჰყვეს, რაც ევროკავშირს არ აწყობს. ამ სტატიაში განვიხილავთ სამ მიზეზს - რატომ.

პირველი: ენერგორესურსების ფასები

ზოგადად, მსოფლიო მასშტაბის ომები სხვადასხვა ფორმით აისახება გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან თანამედროვე ეკონომიკა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ურთიერთდამოკიდებული.

ყველაზე აშკარა მიზეზი, რატომაც ისრაელისა და ირანის ომი ევროპას დააზარალებს, ენერგორესურსებზე ფასების ზრდაა. ახლო აღმოსავლეთში ომები, როგორც წესი, ზრდის ენერგიის ფასებს, რადგან რეგიონი აწარმოებს უამრავ ნავთობსა და ბუნებრივ აირს, რაც დღევანდელი ეკონომიკის ენერგეტიკული საძირკველია. ასევე, რეგიონი წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების ქსელის უმთავრეს ნაწილს.

ირანი ესაზღვრება სპარსეთისა და ომანის ყურეებს, რომლებიც ერთმანეთს ჰორმუზის სრუტით უკავშირდებიან, სადაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების 20%-30% გადის. თუ ჰორმუზის სრუტე დაიბლოკება ან საფრთხე შეექმნება, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან ნავთობი დაკავშირებულია ეკონომიკის თითქმის ყველა ეტაპთან: იმპორტთან, ექსპორტთან, და ადგილობრივ წარმოებასთან.

ამ ომს შესაძლოა განსაკუთრებით მწვავე გავლენა ჰქონდეს, რადგან ისრაელმა დაბომბა მსოფლიოში უდიდესი “სამხრეთ პარსის” ბუნებრივი გაზის საბადო, რომელსაც ირანი ყატართან იყოფს. ირანი არის მსოფლიოს მესამე უმსხვილესი გაზის მწარმოებელი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ და წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 265 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც შეადგენს გლობალური წარმოების დაახლოებით 6%-ს.

საერთაშორისო სანქციების გამო, ამ გაზის უმეტესობას ირანი ქვეყნის შიგნით მოიხმარს, თუმცა ნაწილი ექსპორტზე გააქვს. ყატარს კი, ამავე საბადოებიდან ისეთი გლობალური ენერგეტიკული კომპანიების დახმარებით, როგორებიცაა Shell და ExxonMobil, ყოველწლიურად დაახლოებით 77 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი გაზი გააქვს ექსპორტზე ევროპასა და აზიაში. სწორედ ამიტომ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სამხრეთ პარსის დაბომბვით ისრაელი ცდილობს კონფლიქტის ირანს გარეთ ფაგართეობას.

ამასთან ერთად, ისრაელმა, უსაფრთხოების რისკების მიზნით დროებით გააჩერა “ლევიათანის გაზის საბადოს” მუშაობა, რომელიც აქამდე ამარაგებდა ეგვიპტესა და იორდანიას. ეს არამარტო ამცირებს გლობალურ მიწოდებას, არამედ ზრდის მოთხოვნასაც: ეგვიპტეს და იორდანიას ახლა სხვა წყაროებიდან მოუწევთ გაზის იმპორტი.

ამ ეტაპისთვის, ნავთობის ბაზრებზე გავლენა შედარებით სუსტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე დარჩება. ნავთობის ფასი ერთ კვირაში $65-დან $72-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანს დანებებისკენ მოუწოდა. ეს კი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი ფასია ბოლო წლების სტანდარტების გათვალისწინებით.

თუ ჯერ ფასები კოლოსალურად არ გაზრდილა, ეს იმიტომ რომ OPEC-ის ქვეყნები ბოლო დროს გაზრდილი რაოდენობის საწვავს აწარმოებენ და ნავთობის რაოდენობა ჯერ კიდევ პასუხობს მიწოდების მოთხოვნას. ამასთან ერთად, არის მოლოდინი, რომ კონფლიქტი ლოკალიზებული დარჩება.

ეს მაინც ვერ არის კარგი ამავი ევროპისთვის, რადგან ბოლო წლებში გამოიკვეთა ევროკავშირის ეკონომიკის დამოკიდებულება ენერგორესურსების ფასებზე.

JP Morgan-ის პროგნოზების მიხედვით, პოტენციური ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად შეიძლება ერთი ბარელი ნავთობის ფასი $120-130-მდეც კი ავიდეს. ნავთობის ფასის პიკი - $116 დოლარი ბარელზე - ვიხილეთ 2022 წელს, რომელიც ძირითადად პუტინის უკრაინაში შეჭრამ და რუსული გაზის იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. ევროპული ეკონომიკა კი მხოლოდ ახლახანს იწყებდა ფეხზე დადგომას ენერგეტიკული შოკის შემდეგ.მოსალოდნელი $130 ნიშნავს გაცილებით მწვავე ინფლაციურ შოკს და, დიდი ალბათობით, რეცესიას ევროპისთვის; მით უფრო, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა უკვე ამოწურული ფისკალური რესურსებით გაუმკლავდა წინა ენერგეტიკულ კრიზისს და ახლა ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს ევროკავშირი ასეთ ფასთან ბრძოლას.

მაღალი ინფლაცია ასევე გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რაც დამატებით წნეხს მოუტანს ევროკავშირის სახელმწიფოების ბიუჯეტს. ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ ირანის მოკავშირეები მიმართავენ ძველ სტრატეგიას და იერიშს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე მიიტანენ, როგორც ეს 2019 წელს მოხდა ჰუსიტების მეშვეობით, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ნავთობის წარმოებას და გაზრდის ფასებს.

ასეთი დარტყმა ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგან ირანელებს კარგად ესმით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფითად რეაგირებს ნავთობის ფასების ზრდაზე და ამით, სავარაუდოდ, არ უნდათ ისრაელის მთავარი მოკავშირის გაღიზიანება. მაგრამ ამ სცენარს სრულად ვერ გამოვრიცხავთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისლამური რეჟიმი ჩათვლის, რომ შეერთებული შტატების ჩართვა გარდაუვალია ამ ომში.

ბუნებრივია უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის და ისრაელის ერთობას, ირანი ბევრად უფრო სასოწარკვეთილი და მწვავე ხერხებით გაუმკლავდება, თუ ასეთი მოხდა. ამავე კონტექსტში, ნავთობის ფასების ზრდა კარგი ამბავია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, რადგან სწორედ ნავთობისა და გაზის იმპორტიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს კრემლი ომს უკრაინაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასი, სანქციების მიხედვით, $60-ზეა გაყინული დასავლეთისთვის, მას სხვა მყიდველებიც ჰყავს და მაინც ახერხებს ალტერნატიული გზების პოვნას ეგრედ წოდებულ შავ ან ჩრდილოვან ბაზარზე. პუტინისთვის სასურველი სიახლეა ისიც, რომ საერთაშორისო და, განსაკუთრებით, პრეზიდენტი ტრამპის ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული.

მეორე: დევნილების მოსალოდნელი ტალღა

ეს ომი პრობლემურია ევროპისათვის ემიგრაციის ახალი ტალღის რისკის გამო, რაც სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 2014 წელს დაფიქსირდა.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე დაიწყო ირანის რეჟიმის ცვლილებაზე საუბარი. ამაში იგულისხმება ისლამური რესპუბლიკის პროდასავლური ხელისუფლებით ჩანაცვლება, მაგრამ თუ ახლო აღმოსავლეთში წინა ომების მაგალითებს გადავხედავთ, ეს ნაკლებ შესაძლებელია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალი წლის მანძილზე რეჟიმის შეცვლა წარმატებით ვერც ავღანეთში მოახერხა და ვერც ერაყში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციებში ტრილიონობით დოლარი დახარჯა. პირიქით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ თალიბანმა ისე მყარად გაიდგა ფესვები, რომ ქალებს ლაპარაკის უფლებაც კი აღარ აქვთ. ირანი კიდევ უფრო დიდი და განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე ერაყი ან ავღანეთი, სადაც ბევრად რთული იქნება რეჟიმის ცვლილება გარე ძალის ხელით.

ამასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და ავღანეთში დაუშვა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა: მათ ეგონათ, რომ ადგილობრივები ამერიკელებს ზარზეიმით შეეგეგებოდნენ, როგორც მხსნელებს და გადამრჩენელებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მათთვის ამერიკული დემოკრატია უფრო უცხო ხილი და კულტურასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფლების რეცეპტი.

ირანსაც რომ გადავხედოთ, შეიძლება თეოკრატიულ რეპრესიულ რეჟიმთან ხალხს ბევრი პრეტენზია აქვს, მაგრამ ანტი-ამერიკული და ანტი-სიონისტური განწყობები იმდენადაა გამყარებული, რომ ძნელი წარმოსადგენია ხალხი მათ ხელდასმულ მმართველს სიხარულით შეეგებოს.

მომავალ მმართველად ამ ეტაპზე ირანის ბოლო შაჰის უფროსი ვაჟი, რეზა ფეჰლევი მოიაზრება, რომელსაც პირადადაც შევხვედრილვარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეზა ფეჰლევი დღეს მდიდრულად ცხოვრობს შეერთებულ შტატებში მამამისის მიერ გაძარცვული და რეპრესირებული ირანელების ხარჯზე, ამიტომ ირანელების მხარდაჭერა შეიძლება ვერც მან მოიპოვოს.

გაცილებით უფრო რეალისტურია სამხედრო დიქტატურა ან სამოქალაქო ომი, ანუ არასტაბილურობის მოჯადოებული წრე, როგორც ეს სირიაში მოხდა. ორივე შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ირანიდან და მეზობელი ქვეყნებიდან პოლიტიკურ გაუგებრობას ათასობით ადამიანი გაექცევა ევროპაში, რაც ევროპელ ლიდერებს მძიმე დილემის წინაშე დააყენებს: მიიღონ ასობით ათასი, ან თუნდაც მილიონობით მოწყვლადი ირანელი ლტოლვილი, თუ ჩაკეტონ საზღვრები და ეცადონ დაარწმუნონ ირანის მეზობლები (მაგ.: თურქეთი), რომ შეიფარონ მიგრანტები და ევროპისკენ არ გაუშვან? სწორედ ამას მიაღწია ევროკავშირმა 2016 წელს, როდესაც თურქეთს მილიარდობით ევრო გადაუხადა იმისთვის, რომ დაახლოებით 3-4 მილიონი სირიელი ლტოვლივი თავის ტერიტორიაზე დაეტოვებინა.

მორალური ნაწილი რომ გვერდით გადავდოთ, სწორია თუ არა თურქეთს სთხოვო მიგრანტების შეფარება, როცა ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 16-ჯერ აღემატება თურქეთისას, ეს შეთანხმება ერდოღანს დიდ და არასასურველ გავლენას ანიჭებდა ევროკავშირზე.

ამასთან ერთად, დღეს ანტი-ემიგრანტული განწყობები მოჭარბებულია ევროპაში, რამაც ევროსკეპტიკოსებიც მოამრავლა პოლიტიკაში და ხშირად 2016 წლის ბრექსითსაც სირიელი მიგრანტების კრიზისს უკავშირებენ. ამიტომ, დიდი რაოდენობის დევნილების მიღება ირანიდან, ევროპას კიდევ ერთხელ მიაყენებს დიდ პოლიტიკურ დარტყმას.

მესამე: პოლიტიკოსების პირადი კარიერული მომავალი

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპელი ლიდერები ბენიამინ ნეთანიაჰუს განზე განუდგნენ ღაზას სექტორზე თავდასხმების და კოლოსალური მსხვერპლის გამო. თუმცა, მას შემდეგ რაც ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა, ევროპელმა ლიდერებმა მხარი ისრაელს დაუჭირეს და ირანი ბირთვული ამბიციების გამო გააკრიტიკეს.

ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში კრიტიკულია, რომ დასავლურმა ღერძმა ერთობა აჩვენოს მესიჯების სახით, მაგრამ ეს ამომრჩეველში იწვევს უკმაყოფილებას, რადგან ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კონტროვერსიული გახდა ღაზას სექტორში უპრეცენდენტო მსხვერპლის ფონზე.

რა თქმა უნდა, ეს ლიდერები იტყვიან, რომ ისინი გმობენ ჰუმანიტარულ კატასტროფას ღაზაში, მაგრამ მხარს უჭერენ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ირანისგან. საბოლოო ჯამში, ღაზაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები, რომლებიც საგრძნობლად მომრავლდნენ, ამას მაინც აღიქვამენ, როგორც ისრაელისა და ნათანიაჰუს მხარდაჭერად. ამას კი კარგად გამოიყენებენ ევრო-სკეპტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებს გაუსვამენ ხაზს, გააკრიტიკებენ ამჟამინდელ ლიდერებს და ეცდებიან განაწყენებული ამომრჩევლების მიზიდვას, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება არჩევნების შედეგებზეც აისახოს სამომავლოდ.

დაუკვირდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს გროგრაფიულ მდებარეობას: ევროპას ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს, მაგრამ რეგიონის არასტაბილურობის შედეგებს ევროპა ბევრად უფრო მძაფრად განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს მხარდაჭერა ან პირდაპირ ჩართვა ისრაელისა და ირანის დაპირისპირებაში, დონალდ ტრამპსაც მნიშვნელოვნად შეუმცირებს სახალხო მხარდაჭერას და ამას ნაწილობრივ უკვე ვხედავთ, რადგან მან მთელი საპრეზიდენტო კამპანია მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე ჰქონდა აგებული.

თუმცა, ევროკავშირისგან განსხვავებით, აშშ ნაკლებადაა დამოკიდებული ენერგორესურსების იმპორტზე და არც ირანელი დევნილების დიდ ტალღასთან მოუწევს გამკლავება. სწორედ ამიტომ, ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში.

იხილე ვიდეო:

“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს სამ მიზეზზე, რის გამოც ევროკავშირს ირანში კონფლიქტის გამწვავება არ აწყობს.