ვინ განაგებს მსოფლიოს სინამდვილეში 2025 წელს?
“დიფ სთეითი”: მითი თუ რეალობა? ბოლო წლებში ეს არა მარტო დასავლურ პოლიტიკაში, არამედ საქართველოშიც აქტუალური თემაა.
საქართველოში ეს თავდაპირველად “გლობალურ ომის პარტიაზე“ საუბრით დაიწყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ტერმინი “დიფ სთეითი“ გამოიყენა, ქართველმა პოლიტიკოსებმაც ეს ტერმინი გადმოიტანეს.
“დიფ სთეითი” ზოგისთვის ფარული ელიტების შეთქმულებაა ან რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილიდან განაგებს არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიოს ბედს. ზოგისთვის კი ეს უბრალოდ სახელმწიფო აპარატის რეალური ძალაუფლება და გავლენაა ქვეყნის შიდა თუ საგარეო მიმართულებაზე.
დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, “დიფ სთეითი” ხშირად ასოცირდება შეტაკებასთან არჩეულ მთავრობებსა და არსებულ ბიუროკრატიულ სისტემას შორის, იქნება ეს სპეცსამსახურები, სამხედრო სტრუქტურები თუ გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტები.
რამდენად რეალურია ეს ფენომენი? ვინ ქმნის “დიფსთეითს” და მართლა აქვს თუ არა მას ძალაუფლება დემოკრატიულ სისტემებში?
სნოუდენის სკანდალი
გავიხსენოთ ედუარდ სნოუდენი, კარგად დავიწყებული სკანდალური პიროვნება, რომელმაც 2013 წელს ამერიკის უშიშროების სისტემის და, შეიძლება ითქვას, თანამედროვე “დიფ სთეითის” მანკიერებები მთელი სამყაროს წინაშე გამოაშკარავა.
სწორედ ედუარდ სნოუდენმა ახადა ფარდა იმას, რასაც ბევრი მხოლოდ კონსპირაციად მიიჩნევდა, გლობალური მასშტაბის ფარული თვალთვალის სისტემას, რომელიც არა მხოლოდ კრიმინალებსა და ტერორისტებზე, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და მსოფლიო ლიდერებზეც ვრცელდებოდა.
სნოუდენი, შეერთებული შტატების უსაფრთხოების სააგენტოს ანუ NSA-ს კონტრაქტორი და ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სააგანეტოს, CIA-ს თანამშრომელი იყო. 2006 წლიდან, ის CIA-ში მუშაობდა კომპიუტერულ ტექნიკოსად, სადაც საიდუმლო, კლასიფიცირებულ მასალებთან ჰქონდა წვდომა. 2009 წელს, სნოუდენი CIA-დან იაპონიაში ცნობილ კომპიუტერულ კომპანია DELL-ში მუშაობდა NSA-ს კონტრაქტორად.
2012 წელს, ის სამუშაოდ გადავიდა ჰავაიში, სადაც NSA-ში სისტემის ადმინისტრატორად დაიწყო მუშაობა და ევალებოდა მილიონობით დოკუმენტის ელექტრონული კოპირება, რომელთან წვდომაც მთავრობას ელექტროენერგიის გათიშვის ან რაიმე სხვა კატასტროფის შემთხვევაშიც ექნებოდა. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როცა სნოუდენმა საიდუმლო ფაილების გადაწერა პირად მეხსნიერების ბარათზე დაიწყო.
ის დაუკავშირდა ჟურნალ Guardian-ის ჟურნალისტ გლენ გრინვალდს და მასალები გაუგზავნა დოკუმენტალისტ ლორა პოიტრასს. ლორა პოიტრასი შემდეგ დაუკავშირდა Washington Post-ის ვეტერან რეპორტიორს უშიშროების საკითხებზე — ბარტონ გელმანს.
ეს ხდება იმავე პერიოდში, როცა სნოუდენი კონტრაქტით მუშაობდა Booz Allen Hamilton-თან, რომელიც გახლავთ ამერიკული საკონსულტაციო კომპანია მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ანალიტიკის მიმართულებით. ეს კომპანია ამერიკაში განსაკუთრებით ცნობილია, რადგან ის თანამშრომლობს პენტაგონთან, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან (NSA), ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) და სხვა ფედერალურ ორგანიზაციებთან. სნოუდენმა იქ მუშაობის პერიოდში კი გადმოტვირთვა უამრავი საიდუმლო ფაილი.
Washington Post-ის ბარტონ გელმანმა სნოუდენისგან დაიწყო ამ ფაილების მიღება კოდური სახელით Verax, რომელიც შეიცავდა დეტალურ პრეზენტაციას NSA-ს პროგრამა PRISM-ის შესახებ, რომელიც გულისხმოდა ონლაინ კომუნიკაციების მასობრივ მოსმენას და პირადი მონაცემების შეგროვებას.
სნოუდენმა სამსახურის დატოვებისას, ყველა ფაილი გადმოწერა და ათასობით საიდუმლო დოკუმენტით გაემგზავრა ჰონგ-კონგში, სადაც დოკუმენტური ფილმების რეჟისორს ლორა პოიტრასს და Guardian-ის ჟურნალისტ გლენ გრინვოლს შეხვდა. ამ საიდუმლო მასალებზე დაფუძნებით კი Guardian-მა და Washington Post-მა დაიწყეს სტატიების გამოქვეყნება, რომლითაც ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს მთავრობის უკანონო სათვალთვალო სქემაზე ამცნეს.
NSA მიხვდა, რომ ამ გაჟონილი დოკუმენტების წყარო ედუარდ სნოუდენი იყო, რომელიც ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს და ამერიკული პასპორტი გაუუქმეს. სნოუდენმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო რუსეთისგან და დღემდე იქ ცხოვრობს.
სნოუდენმა ამერიკული საზოგადოება ორად გაყო. ზოგისთვის ის გმირი, ზოგისთვის კი მოღალატე აღმოჩნდა. მან შეცვალა მსოფლიოს აღქმა სახელმწიფო კონტროლზე, მონაცემთა დაცვაზე და ხელისუფლების ფარულ ძალაუფლებაზე. თუ დღეს, “დიფ სთეითის” არსებობის შესახებ რაიმე თვალსაჩინო მტკიცებულება არსებობს, ეს სწორედ სნოუდენის დამსახურებაა.
იმჟამინდელ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, სნოუდენის ინციდენტანმდე უკვე გამოცემული ჰქონდა ბრძანებულება, უშიშროების მასალების მოპოვების გზების გადახედვაზე. ობამა აცნობიერებდა, რომ ძველი უშიშროებისა და თვალთვალის სისტემები რეფორმირებას საჭიროებდა.
ის სნოუდენს პატრიოტად არ მიიჩნევდა და საჯარო განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ჯობდა კანონიერი და სახელმწიფოებრივი გზა მონახულიყო ამ ინფორმაციის გამოაშკარავებისთვის. დონალდ ტრამპმა კი ღიად უწოდა სნოუდენს მოღალატე და თქვა, რომ ის რუსეთში კი არ უნდა ცხოვრობდეს ბედნიერად, არამედ მკაცრ სასჯელს უნდა იხდიდეს.
“დიფ სთეითის” ისტორია
“დიფ სთეითის” ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან იწყება. მაშინ, როცა არც კომპიუტერები იყო, არც ინტერნეტი, არც მრავალპიქსელიანი სათვალთვალო საშუალებები, მაგრამ შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა მტრებზე ინფორმაციის მოპოვება, განსაკუთრებით პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ.
1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონიის იმპერიულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა უეცარი და მასშტაბური ავიადარტყმა მიაყენეს ამერიკის საზღვაო ბაზას, პერლ-ჰარბორს, ჰავაიზე, რომლის შედეგადაც დაზარალდა ამერიკული ფლოტი, ჩაიძირა რამდენიმე საბრძოლო გემი და დაიღუპა 2,400-ზე მეტი ადამიანი.
იაპონიას ამით ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტის პარალიზება სურდა, რათა გაემარტივებინათ ექსპანსია აზიაში. სწორედ ამ თავდასხმამ გამოიწვია შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში ჩართვა. აქედან კი დაიწყო ამერიკის უშიშროების განვითარება და გლობალურ ძალად ჩამოყალიბება.
პერლ ჰარბორის შემდეგ, პრეზიდენტ რუზველტს გაუჩნდა მოტივაცია, ძალა-უფლება და ხალხის მხარდაჭერა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ამერიკის გასაძლიერებლად და დასაცავად. რუზველტს მაშინ ვოლ სტრიტის კორპორაციების იურისტმა, ბილ დონოვანმა, უშიშროების სააგენტოს შექმნა ურჩია და სწორედ ასე ჩამოყალიბდა სტრატეგიული მომსახურების ოფისი (OSS), CIA-ს წინაპარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის მთავარი სადაზვერვო ორგანიზაცია იყო.
OSS მაშინ ყველაფერს აკეთებდა მტრის, ნაცისტური გერმანიის, დემორალიზებისთვისა და დამარცხებისთვის, თუმცა 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ის დაიშალა. პრეზიდენტი ტრუმანი აცნობიერებდა, რომ უშიშრობის სააგენტოს სახით ზედმეტად მეტი ძალაუფლება დაუგროვდებათ ბიუროკრატებს და OSS გააუქმა.
შემდეგ დაიწყო ცივი ომი და OSS-ის ყოფილი თანამშრომლების აქტიური მოწოდების შედეგად, განახლდა სააგენტოს საქმიანობა, თუმცა ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ბევრი მიიჩნევდა, რომ ამერიკის კონსტიტუცია არ იძლეოდა არჩევნების გზით არ არჩეული ხალხის ხელში ძალა-უფლების დაგროვების საშუალებას და ეს მხოლოდ ხარბ ბიუროკრატებს მოამრავლებდა. ტრუმანიც სწორედ ამ აზრზე იყო, თუმცა მისი აზრი გეოპოლიტიკური საფრთხეების ზრდასთან ერთად შეიცვალა. ამ დროს, შეიქმნა ცენტრალური უშიშროების სააგანეტო - CIA, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის აღსაკვეთად უამრავი შეთქმულება და საიდუმლო ოპერაცია განახორციელა.
1970 წლისათვის, CIA გახდა უდიდესი ქსელის, დაფინანსების და გავლენის მქონე ორგანიზაცია, თუმცა ჰარი ტრუმანი მუდამ მისი გავლენის კონტროლის მომხრე იყო. პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ, ტრუმანმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამბობდა რომ CIA-ს ძალაუფლება უნდა შესუსტებულიყო.
CIA-ს კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა ვიეტნამის ომის პერიოდში. მომიტინგე ჰიპები, რომლებიც ამ ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ CIA-ს ქმედებებს და ითხოვდნენ მთავრობის მხრიდან მეტ კონტროლს სააგენტოზე.
მაგრამ მოხდა პირიქით.
CIA-მ მომიტინგეებზე თვალთვალი დაიწყო, რამაც ცხადი გახადა, რომ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოსვლები ამერიკიდან წამოსული ანტისაომარი მოძრაობა იყო და არა რუსეთის ან რომელიმე სხვა ოპონენტი ძალის მიერ ორკესტრირებული. ამ პერიოდში, სნოუდენამდე ბევრად ადრე, ამერიკელმა ხალხმა პირველად გაიგო თუ რამდენად ღრმად ჰქონდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) ფესვები გადგმული მათ ცხოვრებაში.
სენატორი ფრენკ ჩარჩი ჩაუდგა სათავეში კომიტეტს, რომელიც ამერიკული დაზვერვისა და უშიშროების გადაცდენებს იძიებდა. ამ დროს გამოვლინდა, რომ CIA ახორციელებდა შეტევებს მარტინ ლუთერ კინგზე, ფემინისტ აქტივისტებზე და პრესის მანიპულირების მიზნით ჩანერგილი ჰყავდა ჟურნალისტები სხვადასხვა გამოცემებში.
სენატორი ჩარჩი ამის გამო გმირად არ შეურაცხავთ. პირიქით, ეძახდნენ საჭოთა “კა-გე-ბე”-ს აგენტს და მასშტაბურად აკრიტიგებდნენ.
ჰენრი კისინჯერიც, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მისი საქციელის მოწინააღმდეგე იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩარჩმა CIA-სა და შეერთებულ შტატებს დამაზარალებელი საჯაროობა მოუტანა.
ცივი ომი დასრულდა, მაგრამ CIA მისი წინამორბედი OSS-ისგან განსხვავებით არ გაუქმებულა. თუ ადრე უშიშროების სააგენტო იყო დროებითი და მხოლოდ ომის დროს ფუნქციონირებდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზვერვამ სისტემური ხასიათი მიიღო. 2001 წელს კი მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ იორკში, რომელმაც ამერიკის უშიშროება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.
ტერორისტების დასაჭერად, დასასჯელად და სამომავლო დარტყმის თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ ჯუნიორის ადმინისტრაციამ გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან უამრავი თანხა დახარჯა ტოპ საიდუმლო სამსახურების შექმნაში და ახალი სამთავრობო შენობების მშენებლობებში. მაგალითად, შეიქმნა შინაგან საქმეთა დეპარტამენტი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის და ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი.
ამერიკის უშიშროების სისტემა დღეს 18 უწყებისაგან შედგება, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტს (ანუ ამინისტროს) ექვემდებარება. მათი დაფინანსება ჯამში $104 მილიარდს აღემატებოდა 2024 წელს.
11 სექტემბრის მერე ისე გაიზარდა უშიშროების სააგენტოები, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა მათი ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ მოქცევა და ამის შემდეგ ბევრი არც არაფერი შეცვლილა.
თუმცა, ყველაფერი არც ასე ნაცრისფერი და ერთმნიშვნელოვანია.
“დიფ სთეითის” დადებითი მხარეები
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის უშიშროება ხშირად ასოცირდება “დიფ სთეითთან”, “დიფ სთეითი” კორუფციასთან, ძალაუფლების გადამეტებასთან და ჩრდილოვანი მმართველობის ბრალდებებთან, მას მნიშვნელოვანი დადებითი მხარეებიც აქვს. ბევრი ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, სწორედ ამერიკის უშიშროების სისტემებისგან იღებს სათავეს. მაგალითად, ინტერნეტი, GPS და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები თავდაპირველად სადაზვერვო და სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით მოქალაქეთა სარგებლობაში გადმოვიდა.
CIA-ს უკავშირდება ასევე მამოგრაფიის აპარატის შექმნა. 1994 წელს, CIA-მ სატელიტური გამოსახულებების ანალიზისთვის შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო საზოგადოებას გადასცა ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის გასაუმჯობესებლად. CIA-სა და სადაზვერვო საზოგადოების პარტნიორებმა შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მამოგრაფიული ანალიზისთვისაც გამოდგა და სიმსივნის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე გახდა შესაძლებელი.
ამერიკის უშიშროებამ ასევე მოახერხა ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაედას ლიდერის, ოსამა ბინ-ლადენის, ლიკვიდაცია, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორად ითვლებოდა.
“დიფ სთეითის” კონკტრიბუცია მსოფლიო ტექნოლოგიების განვითარებაში და ამერიკის დიდ ძალად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია.
ამერიკის მოსახლეობისთვის ყველაფერი რომ გაემხილათ, შეიქმნებოდა ინტერნეტი ან თუნდაც ატომური ბომბი, რომელმაც ფაქტიურად ფაშიზმი დაამარცხა? ალბათ, არა და ამას აცნობიერებს დონალდ ტრამპიც.
მაშინ, რას გულისხმობს ტრამპი დიფსთეითის დამარცხებაში?
დიფსთეითი დღეს
დონალდ ტრამპისთვის “დიფ სთეითი” გავლენიანი ბიუროკრატების ერთობაა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციასთან, ფინანსურ რესურსებთან და ამით დიდი გავლენა აქვთ ამერიკის სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილებებზე.
ტრამპი არ საუბრობს CIA-ს გაუქმებაზე ან უშიშროების სისტემის მოშლაზე, არამედ მხოლოდ მის გაუმჯობესებასა და სამართლიანობაზე. მას აქვს კონკრეტული ათპუნქტიანი გეგმა, როგორ აპირებს ხარბი, თვითდაინტერესებული ბიუროკრატების სისტემიდან მოკვეთას და სადაზრვერვო სამსახურების რეფორმირებას.
პირველ რიგში, ტრამპს სურს პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს ბიუროკრატების დათხოვნის უფლებამოსილება.
მეორე, ის აპირებს უშიშროებისა და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის აპარტების კორუფციისგან გაწმენდას, რაც თავისთავად მოიცავს კადრების გათავისფულებას.
მისი თქმით, კერძო მოტივების მქონე ბიუროკრატები განიდევნებიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც კონსერვატებსა და რესპუბლიკელებს მიზანმიმართულად ებრძოდნენ და ასამართლებდნენ.
მესამე, ტრამპი აპირებს უცხოური სადაზვერვო თვალთვალის სასამართლო რეფორმის გატარებას. ეს არის ამერიკის ფედერალური სასამართლო, რომელიც საიდუმლოდ განიხილავს და გასცემს ნებართვებს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ უცხოური დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნით თვალთვალის განხორციელებისთვის.
ეს სასამართლო 1978 წელს შეიქმნა, “უცხოური დაზვერვის თვალთვალის აქტის”, ეგრედ წოდებული FISA-ს საფუძველზე, რათა დაარეგულიროს უცხო ქვეყნის აგენტებზე, ტერორისტებზე და სხვა საფრთხეებზე თვალთვალის განხორციელების უფლებამოსილება და კანონიერება.
ამ სასამართლოს ყველაზე დიდი კრიტიკა ეხება მისი საქმიანობის გაუმჭვირვალობას, რადგან ის თითქმის ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ იღებს საიდუმლო გადაწყვეტილებებს და მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაასაჩივრონ მისი განკარგულებები. იგი საკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ედუარდ სნოუდენის 2013 წელს გაჟონილი დოკუმენტების შემდეგ, როცა გამოჩნდა როგორ იყენებდა ამერიკის მთავრობა ამ სასამართლოს მასობრივი თვალთვალის ლეგალიზებისთვის. ტრამპის თქმით, უამრავი მოსამართლე გასცემს ნებართვას არაკანონიერ ქმედებებზე და ეს უნდა დასრულდეს.
მეოთხე, ტრამპს სურს გამოააშკარაოს და დასაჯოს ძალაუფლების გადამეტების შემთხვევები. ამისათვის ის გეგმავს სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნას, რომელიც “დიფ სთეითის” მიერ განხორციელებული თვალთვალის, ცენზურისა და სხვა საიდუმლო ოპერაციების დეკლასიფიკაციას მოახდენს.
მეხუთე, ის აპირებს ხელისუფლების ინფორმატორებზე მასშტაბური რეიდის დაწყებას. გულისხმობს იმათ, ვინც მედია საშუალებებს ინფორმაციას აწვდიან დეზინფორმაციისთვის, პროპაგანდისთვის და სხვა დამაზიანებელი აქტივობებისთვის.
მეექვსე, ტრამპი აპირებს ყველა გენერალური ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლად გადაქცევას და ფიზიკურად განცალკევებას იმ სტრუქტურებისგან, რომლებსაც ისინი ამოწმებენ.
გენერალური ინსპექტორის ოფისი შეერთებულ შტატებში არის დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყება, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ფედერალურ სააგენტოში და პასუხისმგებელია კორუფციის, ფინანსური დარღვევების, ბიუროკრატიული არაეფექტურობისა და კანონების დარღვევის გამოვლენაზე.
აშშ-ში ყოველ მთავარ ფედერალურ უწყებას ჰყავს გენერალური ინსპექტორი, რომელიც წესით დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია კონგრესის წინაშე და არა იმ უწყების წინაშე, რომელსაც ის ამოწმებს. დონალდ ტრამპის თქმით, ეს პრინციპი დარღვეულია და ისინი ხშირად გამოვლენის მაგივრად, ხელს უწყობენ გადაცდომებს.
მეშვიდე,ის აპირებს კონგრესს სთხოვოს დაარსონ დამოუდებელი აუდიტორული სისტემა, რომელიც დააკვირდება უშიშროების სააგენტოების აქტივობას და დარწმუნდება, რომ ისინი არაკონონიერად არ უსაფრდებიან მოქალაქეებს.
მერვე, ტრამპს უნდა ფედერალური შენობების ვაშინგტონის გარეთ გადატანა. მაგალითად, მან წინა პრეზიდენტობის დროს სახმელეთო რესურსების მართვის ბიური კოლორადოში გადაიტანა, რათა უფრო ბევრმა და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებმა შეძლონ მთავრობისთვის მუშაობა.
მეცხრე, ტრამპი აპირებს აუკრძალოს ფედერალურ ბიუროკრატებს იმუშაონ იმ კომპანიებში, რომელთაც თავად ზედამხვედველობენ და არეგულირებენ. მაგალითად, დიდი ფარმაცევტული კომპანიების შემთხვევაში, არც ისე იშვიათია სახლემწიფო მოხელეების კონტრაქტორებად აყვანა, რაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენდეს.
მეათე, ტრამპს უნდა, რომ ლიმიტები შემოიღოს კონგრესის წევრების არჩევის ვადებზე. ამჟამად, კონგრესის წევრებს ამერიკელები ირჩევენ ყოველ ორ წელიწადში, მაგრამ არ არსებობს ლიმიტი რამდენჯერ შეუძლია ერთ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება.
მაგალითად, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსის, 20-ჯერ აქვს მოგებული არჩევნები და უკვე 40 წელია კონგრესის წევრია. ამ დროის მანძილზე, ბუნებრივია, პელოსის უამრავი პოლიტიკური თუ ფინანსური კაპიტალი აქვს დაგროვებული და ის ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
საბოლოოდ, ტრამპის ათივე პუნქტი მიზნად ისახავს ამერიკის შიდა ბიუროკრატიის გაძლიერებასა და რეფორმირებას და ასევე რესპუბლიკელების წინააღმდეგ დემოკრატიული ადმინისტრაციების მიერ გამოყენებული პოლიტიკური დევნის მექანიზმების აღმოფხვრას. ის ძირითადად აქცენტს სათვალთვალო და სადაზვერვო სტრუქტურების გაუმჯობესებაზე აკეთებს.
არსებობს “დიფ სთეითი “
ამერიკის მთავრობის საიდუმლო ნაწილი არსებობს და თან საკმაოდ ფართო მასშტაბით. ამ სტრუქტურებში კი მრავლად არიან გავლენიანი, თვითდაინტერესებული ბიუროკრატები, რომლებმაც წლების მანძილზე ფესვები ისე გაიდგეს, რომ მმართველი ადმინისტრაციის პოლიტიკისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ოპერირება.
ასეთია ტრამპისეული “დიფ სთეითი”, რომელიც ნამდვილად არსებობს ამერიკაშიც და, ჩემი აზრით, თითქმის ყველა სხვა ქვეყანაშიც. რომელ ქვეყანას არ მოუხდებოდა კორუმპირებული მაღალჩინოსნების განდევნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გათავისუფლება ადამიანებზე უკანონო თვალთვალისგან, ძალაუფლების გადამეტების შემთხვევების დასჯა, სასამართლო რეფორმის გატარება და ასე შემდეგ?
ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი შიდა გავლენიანი წრე, რომელიც შოულობს ბევრ ფულს, ერგება სხვადასხვა ხელისუფლებას და პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო სტრუქტურებს.
ტრამპი კი შეერთებულ შტატებში ამას “დიფ სთეითს” ეძახის.
აუდიო ვერსია: