ასე დაიწყო ჩინეთის ეპოქა: სიღატაკიდან მსოფლიოს ბატონობის ამბიციამდე
რამდენიმე ათეული წლის წინ, ეს ქვეყანა შიმშილით და შიშით ცხოვრობდა, მთელ სამყაროსგან მოწყვეტილი, რომლის მოსახლეობის 60%-იც სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო. 70-იან წლებში კი შიმშილისგან იმაზე 4-5-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ჰიტლერის ან სტალინის რეპრესიების შედეგად.
დღეს, იგივე ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციების, ტექნოლოგიური პროგრესის და გეოპოლიტიკური ამბიციების ცენტრშია.
გიყვებით ჩინეთის ეკონომიკური სასწაულზე.
ჩინეთის ისტორიული გავლენა
ჩინეთის დიდ ძალად ჩამოყალიბება არ არის მხოლოდ XXI საუკუნის მოვლენა. ეს უძველესი ცივილიზაცია ოდითგანვე წარმოადგენდა კულტურის, განათლებისა და ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს.
ჩინელებს ეკუთვნით ისეთი გამოგონებები, როგორიცაა ქაღალდი, კომპასი, ბეჭდვა, აბრეშუმი და სხვა მრავალი, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. შეგახსენებთ “აბრეშუმის გზას” — უძველეს, გამორჩეულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ჩინეთს შუა აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან აკავშირებდა.
აბრეშუმის გზა ჩამოყალიბდა ჰანების დინასტიის დროს, ძვ.წ. II საუკუნეში და ამ გზის გავლით ჩინელებს საუკუნეების განმავლობაში გაჰქონდათ ჩინურ აბრეშუმი, ჩაი, ფაიფური და ქაღალდი დასავლოეთში. დასავლეთიდან კი შემოჰქონდათ მინა, ცხენები, ოქრო და ასე შემდეგ. ამ გზამ წარმოშვა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ღრმა კულტურული ურთიერთობები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციებს შორის პირველ სისტემურ კავშირებს, რაც მოგვიანებით მსოფლიო პოლიტიკის ჩამოყალიბების ერთ-ერთ საძირკვლად იქცა.
ამ ყველაფრის ფონზე, ჩინეთის თანამედროვე აღზევება ნამდვილად არ არის გასაკვირი. გასაკვირია ჩინეთის განვითარების უპრეცენდენტო ისტორია, რომელიც თავისი მასშტაბით სტალინის მიერ საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასაც კი უსწრებს. ჩინეთმა შეძლო და სულ რამდენიმე ათეულ წელში დააღწია თავი “დამცირების საუკუნეს,” რომელიც 1839 წლიდან 1949 წლამდე გაგრძელდა.
ამ დროს ჩინეთმა გამოიარა ომები დიდ ბრიტანეთთან და იაპონიასთან, 1927-1949 წლებში კი სამოქალაქო ომი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი და სისხლიანი იყო თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში. სამოქალაქო ომში ერთმანეთს ებრძოდნენ ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩიან კაიში და ჩინეთის კომუნისტურ პარტია, რომელსაც მოგვიანებით ჩაუდგა სათავეში მაო ძედუნი. სწორედ მაო ძედუნის გამარჯვებით გახდა ჩინეთი კომუნისტური სახელმწიფო.
მაოს გამარჯვებამ ქვეყანაში, თითქოს, ახალი იმედი გააჩინა, მაგრამ რეალურად მისი მმართველობის პერიოდი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. მაოს ეკონომიკურმა რეფორმებმა სრულიად ჩამოაქცია ჩინური საზოგადოება.
მისი ყველაზე დამანგრეველი ინიციატივა იყო “დიდი ნახტომი წინ“ (1958–1962), რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას. მაო უარყოფდა ეკონომიკურ ლოგიკას. ფიქრობდა, რომ გლეხების მასობრივი მობილიზაცია საკმარისი იქნებოდა მოდერნიზაციისთვის. თუმცა, ადგილობრივი ჩინოვნიკები შიშისგან აცხადებდნენ, თითქოს გლეხებს უზარმაზარი მოსავალი ჰქონდათ, როცა სინამდვილეში იყო პირიქით. შედეგად, გაჩნდა საკვების ნაკლებობა და დაიწყო მასობრივი შიმშილი, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 30-დან 80 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ჰიტლერის ან სტალინის ტირანიის შედეგად.
შემდგომ, კულტურული რევოლუციის (1966–1976) დროს მაო ძედუნმა სცადა “ბურჟუაზიული ელიტის” და “ძველი ჩინეთის” ღირებულებების აღმოფხვრა, რაც შედეგად მოიტანდა სრულიად ახალ სოციალისტურ საზოგადოებას. მან წაახალისა ახალგაზრდები, ე.წ. “წითელი გვარდიელები”, რომ გამოეცხადებინათ ომი მასწავლებლების, ინტელიგენციისა და პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ამან გამოიწვია მასობრივი რეპრესიები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განადგურება, კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა და ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია. მილიონობით ადამიანი დააპატიმრეს, გადაასახლეს ან მოკლეს, რის შედეგადაც მთელი ქვეყანა ქაოსმა და შიშმა მოიცვა.
ამ დროს ჩინეთის განვითარების დონე ჰაიტისაც კი ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაოს გარდაცვალების შემდეგ დენ სიაოპინის ქვეშ შეიცვალა. დენ სიაოპინმა 1978 წლიდან დაიწყო მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები და ამბობდა, რომ “არ აქვს მნიშვნელობა კატა თეთრია თუ შავი, მთავარია თაგვებს იჭერდეს”, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ იდეოლოგიაზე მეტად შედეგებია მთავარი.
დენ სიაოპინმა გადაწყვიტა ეკონომიკის გახსნა და ლიბერალიზაცია, რამაც ჩაუყარა საფუძველი ჩინეთის გარდაქმნას ღარიბი, იზოლირებული სოციალისტური ქვეყნიდან სწრაფად მზარდ, გლობალურ ეკონომიკურ ძალად. ბევრი ჩინეთის ეკონომიკურ წარმატებას, სწორედ მისი ბაზრის ლიბერალიზაციას აწერს, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. საბჭოთა კავშირმაც სცადა მსგავსი გზის გავლა გორბაჩოვის პერესტროიკის პერიოდში, მაგრამ დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ჩინეთი კი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაა.
ფაქტია, რომ ჩინეთმა ბევრი რამ გააკეთა სწორად. მან ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც სხვა ლიბერალური ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყნებს ვერ ან არ გამოუვიდათ.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ეკონომიკური წარმატების გზა:
დენ სიაოპინის მთავარი მისია ჩინეთის სიდუხჭირიდან ამოყვანა იყო. ამ მიზნის მისაღწევად ის აქტიურად ეძებდა ეკონომიკური რეფორმების გზებს. დენი ხშირად სტუმრობდა წარმატებულ ქვეყნებს და სწავლობდა ისეთი ეკონომიკების გამოცდილებას, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა.
სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით, მან რეფორმების გზად ეტაპობრივი, ექსპერიმენტული მოდელი აირჩია, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, რომელმაც ე.წ. “შოკური თერაპიით“ სცადა ეკონომიკის ერთდროული გარდაქმნა, რასაც ვერ გაუძლო.
ჩინეთის ერთ-ერთი ინოვაციური ნაბიჯი იყო ორმაგი ფასების სისტემის დანერგვა. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ მეურნეობას ეკისრებოდა მთავრობისთვის გარკვეული ოდენობის პროდუქტის მიწოდება ფიქსირებულ ფასად. თუ გლეხებს მოსავალი კვოტაზე მეტი ჰქონდათ, იმ ჭარბ პროდუქტს შემდეგ საბაზრო ფასად ყიდდნენ. ამ გზით, მთავრობა უზრუნველყოფდა ქვეყანაში საკვების სტაბილურ წარმოებას, ხოლო გლეხებს ფინანსური მოტივაცია უჩნდებოდათ უფრო მეტი ეწარმოებინათ.
(NOTE: აქ ჩასვი აწყობილი გრაფი.)
ამით სახელმწიფო იცავდა საწყის ეტაპზე მყოფ ინდუსტრიას, მაგრამ დასავლეთში ამ რეფორმებს სკეპტიციზმით უყურებდნენ. ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, მილტონ ფრიდმანმა, ღია წერილითაც კი მიმართა პრემიერ-მინისტრ ჟაო ძიანგს, სადაც აფრთხილებდა, რომ ორმაგი ფასების პოლიტიკა არ გაამართლებდა. თუმცა, ჩინეთის ლიდერებმა არ მოუსმინეს ფრიდმანს და მათ შეინარჩუნეს კონტროლი ინდუსტრიულ ეკონომიკასა და მიწის საკუთრებაზე.
ყველაზე გარდამტეხი ეფექტი “ღია კარის პოლიტიკას” მოჰყვა.
ჩინეთში შეიქმნა ოთხი ექსპერიმენტული ეკონომიკური ზონა: სიამენი, შანტოუ, შენჯენი და ჯუჰაი, სადაც კაპიტალისტური პრინციპებით მოწყობილი ეკონომიკური კერები ჩამოყალიბდა. ამ ზონებში ეკონომიკა ბევრად უფრო ღია და მოქნილი იყო, ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში.
ექსპერიმენტის მიზანი იყო ახალი ეკონომიკური მოდელს დატესტვა. თუ ეს მოდელი ვერ გაამართლებდა, ზარალი მხოლოდ მცირე გეოგრაფიულ არეალს მიადგებოდა, ეკონომისტები მიიღებდნენ გაკვეთილს, შეცვლიდნენ მიდგომას და ისევ მცირე ზონაში განახორციელებდნენ შემდეგ ექსპერიმენტს. ხოლო წარმატების შემთხვევაში, ამ მოდელს მთელ ქვეყანაში გაავრცელებდნენ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ეფექტური იდეაა.
მაგალითისათვის წარმოიდგინეთ ამერიკული გიგანტური ტექნოლოგიური კომპანია — ვთქვათ, “ეფლი”. იმ დროისთვის “ეფლი” მთლიანად ამერიკაში ფუნქციონირებდა. იქ ხდებოდა პროდუქტის დაგეგმვა, დიზაინი, წარმოება და დისტრიბუცია.
1980-იან წლებში, შეერთებულ შტატებში მუშახელის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ბევრმა კომპანიამ დაიწყო იაფი სამუშაო ძალის ძიება საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი წარმოებისა და აწყობის ეტაპისთვის. ამის გამო, მათ თვალი დაადგეს განვითარებად ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა სიღარიბის გამო მინიმალურ ანაზღაურებაზეც თანახმა იყო, რაც კომპანიებისთვის საოცრად იაფ სამუშაო ძალას ნიშნავდა, ხოლო ადგილობრივებისთვის დამატებით შემოსავალს.
ასეთი კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო ასევე მიწის შეძენა, საწარმოს აშენება, საჭირო დანადგარებისა და ნედლეულის იმპორტი. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, იმპორტის გადასახადი 100%-ს აღწევდა, რაც წარმოებას ართულებდა.
ამას ჩინეთის სპეციალური ეკონომიკური ზონები სრულიად განსხვავებული მიდგომით გაუმკლავდნენ. ჩინეთის მთავრობამ შესთავაზა კომპანიებს:
- მხოლოდ 1%-იანი საიმპორტო გადასახადი ტექნოლოგიებსა და მანქანა-დანადგარებზე;
- 99-წლიანი იჯარა მიწაზე, თვითრირებულებაზე 10-ჯერ უფრო დაბალ ფასად;
- მხოლოდ 1%-იანი იმპორტის გადასახადი ნედლეულზე;
- ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადებისგან გათავისუფლება 3 წლით, რათა კომპანიებს ინვესტიციები ამოეღოთ.
შედარებისთვის, თუ დანარჩენ ჩინეთში გადასახადები 33% იყო, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ს შეადგენდა. შედეგად, ასობით საერთაშორისო კომპანია გადავიდა ჩინეთში საწარმოების გასახსნელად, რამაც ჩინეთის ეკონომიკურ ზონებს არნახული წარმატება მოუტანა.
თუ 1980 წელს შენჯენი პატარა სოფელი იყო, რომელშიც 30,000 ადამიანი ცხოვრბოდა, დღეს ის ტექნოლოგიური ინოვაციების ჰაბია, სადაც დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
როგორ მიიღო ჩინეთმა ასეთი დიდი ფინანსური სარგებელი, თუ ამდენ გამონაკლისს უწესებდა უცხოურ ინვესტორებს?
ჩინეთმა გადასახების მაგივრად სარგებელი საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებით მიიღო. როდესაც უცხოური კომპანიები ათასობით და ათიათასობით ადგილობრივს ასაქმებდნენ, ეს ადამიანები ეტაპობრივად აღწევდნენ თავს უკიდურეს სიღარიბეს. მათი ოჯახები ხდებოდნენ მომხმარებლები, რომლებსაც შეეძლოთ შეეძინათ მეტი საკვები, წამლები და სხვადასხვა პროდუქტები, რითაც ფული კვლავ ჩინეთის ეკონომიკაში ბრუნდებოდა.
ამ გზით, სახელმწიფოს აღარ უწევდა სოციალური დახმარებების შეთავაზება, რადგან მოქალაქეები თვითონ ქმნიდნენ საკუთარ შემოსავალს. თანდათან ამ ოჯახებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, საკუთარი შვილებისთვის განათლება მიეცათ, რაც მომდევნო თაობას უკვე უკეთეს სამუშაოებს და ეკონომიკურ მდგომარეობას სთავაზობდა. დროთა განმავლობაში ეს მოქალაქეები სახელმწიფოს უკვე საშემოსავლო გადასახადსაც უხდიდნენ.
დღეს-დღეობით 600 მილიონზე მეტმა ჩინელმა დააღწია სიღარიბეს თავი. ქვეყანა კი გადაიქცა “მსოფლიოს საწარმოდ“, სადაც გლობალური პროდუქციის 20%-ზე მეტი მზადდება. ამის დამატასტურებელი თითოეული ჩვენგანის უამრავი ნივთი წარწერით Made in China ანუ “დამზადებულია ჩინეთში.“
დღეს ჩინეთი, სი ძინპინის ლიდერობის ქვეშ, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მართულ საბაზრო ეკონომიკას, სადაც ბაზრის მექანიზმები და კონკურენცია თავისუფლად ფუნქციონირებს, თუმცა ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებებს სახელმწიფო განსაზღვრავს. ჩინეთი ბაზრის კონკურენციას იყენებს ინოვაციებისა და ეკონომიკური ეფექტურობის გასაზრდელად. ამ პროცესს კი სახელმწიფო საკუთრების და კომპანიების მეშვეობით მართავს.
ჩინეთი სახელმწიფო მფლობელობასა და ბაზრის ლოგიკას ერთმანეთს არ უპირისპირებს, არამედ ერთმანეთით ავსებს, რაც მას უნიკალურ ჰიბრიდულ მოდელად აქცევს თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში.
თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკური ხედვა
შთამბეჭდავია ჩინეთის გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა, რაც კარგად ჩანს მის სტრატეგიულ ნაბიჯებში მზის პანელებისა და ელექტრომობილების ინდუსტრიაში.
1990-იან წლებში, მზის ენერგიის ბაზარზე ლიდერი შეერთებული შტატები იყო, რომელიც გლობალური მარკეტის 40%-ს აკონტროლებდა. თუმცა, უკვე 2010 წლისთვის, აშშ-ს წილი მხოლოდ 10%-მდე დაეცა, ჩინეთმა კი ამ სფეროში 50%-იანი წილი მოიპოვა. 2021 წლისთვის, ჩინეთმა აწარმოა მსოფლიო პოლისილიკონის 80% და სილიკონის ბლოკებისა და ფირფიტების (მზის პანელების წარმოების აუცილებელი კომპონენტები) 98%.
ეს იმიტომ, რომ 2000-იან წლებში, მზის ენერგიის წარმოება უკიდურესად ძვირი ღირდა — დაახლოებით 750 ამერიკული დოლარი მეგავატ/საათზე, მაშინ როცა იგივე რაოდენობის ქვანახშირის ენერგია მხოლოდ 150 ამერიკული დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არაერთი მზის პანელების კომპანია შეიქმნა, ისინი პროდუქციას კონკურენტულ ფასად ვერ ყიდდნენ და ბევრი მათგანი დაიხურა.
ჩინეთის მთავრობამ კი დრო ახლოს დაინახა და სახელმწიფო დონეზე ჩადო მილიარდობით ინვესტიცია ამ სექტორში. კომპანიებს სთავაზობდნენ უფასო მიწას, ელექტროენერგიასა და მუშახელს, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო ანაზღაურებით. პარალელურად ფინანსდებოდა მზის ენერგიის კვლევა და ტექნოლოგიური განვითარება.
2019 წლისთვის, როცა მზის ენერგიის ღირებულება ქვანახშირის ფასზე ორჯერ ნაკლები გახდა, ჩინეთი მზის პანელების ყველაზე დიდ მწარმოებლად მოგვევლინა მსოფლიოში.
მსგავსი სტრატეგიული წინდახედულება ვლინდება ელექტრომობილების სფეროშიც. 2008 წელს, როდესაც დასავლეთი ეკონომიკური კრიზისის მართვით იყო დაკავებული, ჩინეთმა დრო იხელთა და პარტნიორობა დაიწყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ჩინეთმა ხუთი მილიარდიანი ამერიული დოლარის ნვესტიცია განახორციელა კონგოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რის სანაცვლოდაც მან მიიღო უფლება მოეპოვებინა კობალტი, ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისთვის საჭირო მინერალი.
კონგოს აქვს დაახლოებით 3.5 მილიონი ტონა კობალტის რესურსი, რაც თითქმის მსოფლიო მარაგის ნახევარია. ჩინეთი ამ საბადოს თითქმის 70%-ს ფლობს.
ჩინეთი ასევე აქტიურად არის ჩართული გვინეაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, “სიმანდუს” რკინის მადნის საბადოს განვითარებაში, რათა მოახდინოს ნედლეულის წყაროების დივერსიფიცირება და ხელი შეუწყოს თავის განახლებადი ენერგიის ინდუსტრიას.
ჩინეთმა ეს ნაბიჯები გადადგა ბევრად ადრე, ვიდრე ელექტრომობილების ბუმი დაიწყებოდა. ახლა კი, როცა მოთხოვნა კობალტზე და რკინაზე ყოველდღიურად იზრდება, ჩინეთი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოზიციაშია, რომ ამ ტრენდიდან გრძელვადიანი სტრატეგიული სარგებელი მიიღოს.
თუ გახსოვთ, დონალდ ტრამპი უკრაინისაგან ითხოვს კრიტიკული მინერალების მოპოვების უფლებას ომში გაწეული დახმარების სანაცვლოდ. ეს ნედლეული კი აშშ-ს იმაში სჭირდება, რაშიც ჩინეთს აფრიკის საბადოები — ტექნოლოგიური განვითარებისთვის.
ჩინეთის ეკონომიკის ლიმიტი
მიუხედავად ჩინეთის სტრატეგიული გამჭრიახობისა და მართლაც, უპრეცედენტო წარმატებებისა, ყველა ეკონომიკურ აღმავლობას აქვს თავისი ლიმიტი.
ბოლო წლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად შენელდა და ორნიშნა მაჩვენებლიდან 4–5%-მდე ჩამოვიდა. ამიტომ, დღეს ეკონომისტები და ანალიტიკოსები დაობენ, შეძლებს თუ არა ჩინეთი შეერთებული შტატების გადასწრებას ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე.
თქვენ რას ფიქრობთ? როგორ გაგრძელდება ჩინეთისა და აშშ-ს გეო-ეკონომიკური პაექრობა?
აუდიო ვერსია: