ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

რისი ეშინია ამერიკას: ბრიქსი/BRICS მსოფლიო წესრიგს ცვლის?

“ბრიქსი” - ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც ღიად უპირისპირდება ამერიკულ საფინანსო სისტემას და დოლარის მსოფლიო დომინაციას.

ეს ალიანსი, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს და მისი მიზანი ამერიკის ფინანსური უპირატესობის შეცვლაა.

ბრაზილიის, რუსეთს, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის თავდაპირველ დაჯგუფებას დღეს სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. ისინი ერთად ახალ გეოპოლიტიკურ ბლოკს აყალიბებენ დასავლეთის საპირწონედ.

ამ სტატიიდან გაიგებთ:

  1. რა არის და როგორ ჩამოყალიბდა “ბრიქსი”?
  2. რამდენად ძლიერია ეს ალიანსი?
  3. შეუძლია თუ არა “ბრიქსს” შექმნას დოლარის ალტერნატიული საფინანსო სისტემა?

რა არის “ბრიქსი”?

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, “ბრიქსის” ისტორია შეერთებული შტატებიდან იწყება. 2001 წელს, ცნობილი საინვესტიციო ბანკის, “გოლდმან საქსის”, ეკონომისტმა ხაზი გაუსვა ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკების სწრაფი ზრდის ტემპს. ამ ოთხეულს აკრონიმიც მოუფიქრა — BRIC ანუ “ბრიქ”.

2009 წელს, ეს ქვეყნები მართლაც დაინტერესდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობით და ჩამოაყალიბეს G-7-ის (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები) მსგავსი მოლაპარაკების პლატფორმა. 2010 წელს კი, თავდაპირველ “ბრიქ”-ის ოთხ ქვეყანას სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და ასე დაიბადა “ბრიქს”-ი. სულ ახლახანს კი “ბრიქსს” შეემატნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია, რის შემდეგაც, ამ პლატფორმას ხშირად “ბიქს პლუს”-ად (BRICS+) მოიხსენიებენ.

“ბრიქსის” თავდაპირველი მიზანი იყო განვითარებადი ეკონომიკების კოორდინაცია და დასავლეთის ქვეყნების დომინაციის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო ინსტიტუტებში, რათა შეექმნათ უფრო მრავალპოლარული გლობალური წესრიგი. ეს დისბალანსი რომ უკეთ წარმოიდგინოთ, დავუბრუნდეთ G-7-ის მაგალითს.

G-7-ის ქვეყნები, ერთად მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ, მაშინ როცა “ბრიქსის” ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. მაგრამ, ეკონომიკური სიმდიდრე პირიქით ნაწილდება.

მსოფლიო ეკონომიკის თითქმის ნახევარი, სწორედ მოსახლეობის 10%-ის ხელშია მაშინ, როცა ბრიქსის ეკონომიკა დაახლოებით 30%-ს წარმოადგენს, ახალი წევრების ჩათვლით.

სწირედ ამიტომ, ბრიქსი იბრძვის ორ ფრონტზე. ერთი მხრივ, წევრებს სურთ ცვლილებები არსებულ სისტემაში, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ, როგორც დასავლეთის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებს. მეორე მხრივ კი საკუთარ ინსტიტუტებს ქმნიან პარალელური წესრიგის ჩამოსაყალიბებლად.

2017 წელს, ბრიქსმა დააარსა “ახალი განვითარების ბანკი”, რომელიც უკვე აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს “ბრიქსის” ქვეყნებში, მაგალითად ელექტროავტობუსებს ბრაზილიაში, ჰიდროჰესებს რუსეთში, წყალსაცავებს ინდოეთში და სხვა. ბანკი ასევე ხელს უწყობს ეროვნული ვალუტების გამოყენებას და ლოკალურ ვაჭრობას, რაც დედოლარიზაციისაკენაა მიმართული.

“ბრიქსის” წევრებს სურთ შექმნან გლობალური საფინანსო სისტემის ალტერნატიული მოდელი და ეს მიზანი “ბრიქსის” სამიტებზეც სახელდება მაგრამ, რამდენად რეალისტურია დედოლარიზაციის ამბიცია?

დოლარის მსოფლიო გავლენა

ამერიკული დოლარი არის მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერვონული ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა თანხის დიდ ნაწილს დოლარში ინახავს. ეს იმიტომ, რომ დოლარი ითვლება ყველაზე სტაბილურ ვალუტად ამერიკის ღია, წარმატებული ეკონომიკისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამო. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა.

სარეზერვო ვალუტის სტატუსს ისტორიულად სხვადასხვა ძლიერი სახელმწიფოების ვალუტები ატარებდნენ. მაგალითად, საფრანგეთს ჰქონდა ეს სტატუსი 1720 წლიდან 1915 წლამდე, ხოლო, 1815 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე, ის დიდი ბრიტანეთის ფუნტ სტერლინგმა ჩაანაცვლა. ამის შემდეგ კი “ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების” შედეგად, ამერიკული დოლარი გახდა მსოფლიოს წამყვანი ვალუტა.

“ბრეტონ-ვუდსი” იყო საერთაშორისო ფინანსური სისტემის შექმნის გეგმა, რომელიც შემუშავდა 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, შეერთებულ შტატებში, ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე. ამ დროს, ახალი საერთაშორისო საფინანსო სისტემის საჭიროება იდგა, ამერიკაში კი მსოფლიოს ოქროს რეზერვების ორი-მესამედი ინახებოდა, რის გამოც შეერთებული შტატები აღმოჩნდა ყველაზე გავლენიალი მოთამაშე.

ბრეტონ ვუდში შეკრებილი 44 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ თავიანთი ვალუტები მიებათ დოლარზე, ხოლო დოლარი მიებათ ოქროზე. განვითარებადი ეკონომიკების დახმარების მიზნით კი შეიქმნა “საერთასორისო სავალუტო ფონდი” და “მსოფლიო ბანკი”. ასე გახდა დოლარი ერთადერთი ვალუტა, რომელსაც შეეძლო ოქროზე კონვერტაცია. შესაბამისად, გლობალური სარეზერვო ვალუტის როლიც დაიმკვიდრა.

დოლარის სარეზერვო ვალუტად გადაქცევამ ამერიკას სამი უმთავრესი სიკეთე მოუტანა, რის გამოც ითვლება რომ სწორედ დოლარია შეერთებული შტატების გავლენის უმთავრესი წყარო.

პირველი: სტაბილურობა, რასაც საერთაშორისო ვაჭრობაში გადამწყვეტი როლი აქვს.

იმისათვის რომ ქვეყნებმა თავიდან აირიდონ ფულადი დანაკარგები სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად ან გვერდი აუარონ პოლიტიკურ უნდობლობას, ისინი იყენებენ საერთაშორისოდ აღიარებულ ვალუტას — დოლარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოლარი არის გლობალური ვაჭრობის ენა, რომელზეც თითქმის ყველა მხარე საუბრობს. ეს კი დოლარის სტაბილურტობის ქვაკუთხედია.

მეორე: შეერთებული შტატები გახდა საინვესტიციო ჰაბი, რადგან ეკონომიკას უყვარს სტაბილურ ფულთან ურთიერთობა. ამიტომ, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს დოლარების ყულაბა — ეროვნული რეზერვები.

მაგრამ, ეს რეზერვები ყოველთვის არ ინახება კარგად ჩარაზულ სეიფებში. ქვეყნები, ადამიანებისა და ბანკების მსგავსად, ახორციელებენ ინვესტიციებს და, ხშირ შემთხვევაში, აბანდებენ ამერიკის ობლიგაციებში, საიდანაც ისინი იღებენ საპროცენტო სარგებელს.

ეს ძალიან ჰგავს ანაბარს. თუ ბანკს თქვენს თანხას მიასესხებთ, ანუ გახსნით ანაბარს, ბანკი ამის სანაცვლოდ საპროცენტო დანამატს შემოგთავაზებთ.

დაახლოებით ასე მუშაობს ობლიგაციებიც. ისევე, როგორც ბანკი თავად განსაზღვრავს რამდენი ანაბარი მიიღოს, ანუ რამდენი მოქალაქის ვალი დაიდოს, შეერთებული შტატებიც თავად ადგენს, რამდენი ობლიგაცია გაყიდოს.

სწორედ იმიტომ, რომ დოლარი ყველას სჭირდება, თეორიულად ამერიკას შეუძლია იმდენი ვალი დაიდოს, რამდენიც უნდა. რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, რადგან ზედმეტი ვალი დროთა განმავსლობაში პრობლემა ხდება.

ალბათ გაიგიათ, რომ შეერთებულ შტატებს 36 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალი აქვს და დონალდ ტრამპი ამის აღმოფხვრაზე ბევრს საუბრობს.

გიფიქრიათ ვისი ან რისი ვალი შეიძლება ჰქონდეს ამერიკას? - ყველასი, ვინც ობლიგაციები შეისყიდეს, როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ გზით აღმოჩნდნენ იაპონია, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი ამერიკის სახელმწიფო ვალის ყველაზე დიდი მფლობელები.

მესამე უპირატესობა არის ნავთობის საერთაშორისო ვაჭრობის დოლარში განხორციელება ანუ ე.წ. პეტროდოლარი.

ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1971 წელს, პრეზიდენტმა ნიქსონმა შეწყვიტა დოლარის ოქროში კონვერტაცია. ქვეყნები, რომლებსაც ამერიკის ობლიგაციებში ჰქონდათ დაბანდებული ფული, კუპიურების მაგივრად უფრო და უფრო მეტ ოქროს ითხოვდნენ, რის შედეგადაც ამერიკას ოქროს მარაგები ეწურებოდა.

ამიტომ, ნიქსონმა გადაწყვიტა, რომ დოლარი არაფერზე აღარ ყოფილიყო მიბმული, გარდა ნდობისა. ამის მიუხედავად, დოლარი მაინც გადარჩა, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, რადგან დოლარის გარეშე ქვეყნები ვერ ყიდულობდნენ ნავთობს.

1945 წელს, ფრანკლინ რუზველტი შეხვდა საუდის არაბეთის მეფეს, აბდულ აზიზ იბნ საუდის, სადაც რუზველტი ნავთობის დოლარში გაყიდვის სანაცვლოდ საუდის არაბეთს, მეორე მსოფლიო ომის დროს, უსაფრთხოებას დაპირდა. ასე გაჩნდა პეტროდოლარის სისტემა, რომელმაც დოლარი არამხოლოდ გლობალურ სარეზერვო ვალუტად, არამედ ენერგორესურსების ვაჭრობის საკვანძო რგოლადაც აქცია.

შეემთხვევითი არაა, რომ შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილური ურთიერთობა საუდის არაბეთთან. მათ შორის დღესაც, როდესაც აშშ წითელ ზღვაში ჰუსიტების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში აქტიურად ეხმარება საუდის მხარეს.

სწორედ სტაბილურობა, ინივესტიციები და პეტროდოლარიები განაპირობებს ამერიკის გეოეკონომიკურ წარმატებას.

შეძლებს ბრიქსი ამის შეცვლას?

“ბრიქსი” დოლარის წინააღმდეგ

ბუნებრივია თეორიულად ყველაფრის შანსი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ “ბრიქსის” დედოლარიზაციის ამოცანა ამჟამად ნაკლებად რეალისტურია.

დოლარის დასასრულის შესახებ საუბარი ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობს. ამაზე ალაპარაკდნენ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს და, მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად ჩნდებიან ექსპერტები, რომლებიც მის ჩანაცვლებას პროგნოზირებენ. 1975 წელსაც კი იწერებოდა სტატიები OPEC-ის ქვეყნების მხრიდან დოლარის შესაძლო მიტოვებაზე. მაგრამ, თითქმის ასი წლის შემდეგ, დოლარი ისევ გლობალური ეკონომიკის ქვაკუთხედია და ეს არ არის შემთხვევითი.

განვიხილოთ სამი სცენარი.

პირველ რიგში, “ბრიქსის” ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ამერიკის ეკონომიკას მეტოქეობა გაუწიოს ჩინეთია, თუმცა ჩინური იუანი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს საერთაშორისო პოპულარობით.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩინეთის მთავრობა თავად აწესებს მკაცრ ლიმიტებს იუანის ბრუნვაზე და არეგულირებს რამდენი ფული შეიძლება შევიდეს ან გავიდეს ქვეყნიდან. ინვესტორებს კი არ მოსწონთ მუშაობა ისეთ ვალუტასთან, რომლის თავისუფლად გატანაც ან კონვერტაციაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, ჩინეთი არ აღიქმება ქვეყნად, სადაც არის თავისუფალი სასამართლო და ფინანსური დავების გადაწყვეტა სამართლიანადაა შესაძლებელი.

შესაძლოა, ჩინეთიც ნაკლებად იყოს დაინტერესებეული დოლარის იუანის ჩანაცვლებით. თუ იუანი გლობალური სარეზერვო ვალუტა გახდება, ჩინეთი ვეღარ შეძლებს მისი ინფლაციის გამოყენებას ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, რასაც წლებია წარმატებით ახერხებს.

ამასთან, ჩინეთმა უკვე სცადა იუანის საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაცია — მაგალითად, როცა იუანში გასცემდა სესხებს “სარტყელი და გზის” ქვეყნებისათვის, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა და დღეს მისი სესხების უმრავლესობა კვლავ დოლარში გაიცემა.

მეორე სცენარი შესაძლოა იყოს “ბრიქსის” ერთიანი ვალუტის შექმნა, როგორც ევროა ევროკავშირში, თუმცა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ეს პროცესი ძალიან რთული და გეოპოლიტიკურად სენსიტიურია.

2024 წლის ნოემბერში, დონალდ ტრამპმა X-ზე დაპოსტა, რომ თუ ბრიქსის ქვეყნები დოლარის ჩანაცვლებას თავიანთი ვალუტის შექმნით ეცდებოდნენ, მათ 100%-იან სატარიფო რეჟიმს დაუწესებდა. ამერიკის გადაკიდება კი, ასე რომ ვთქვათ, ბევრს არ უღირს.

თუ რუსეთს უკრაინაში ომისა და სანქციების ფონზე დასავლური სისტემის დამსხვრევა სურს, ჩინეთი სესხებს წარმატებით გასცემს დოლარში და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მაგალითად, ინდოეთი “ბრიქსის” გარდა არის QUAD-ის წევრი, რომელიც გახლავთ უსაფრთხოების მოლაპარაკებებისა და სამხედრო წვრთნების პლატფორმა შეერთებული შტატებს, ავსტრალიას, იაპონიასა და ინდოეთს შორის. ბრიქსის ქვეყნებს განსხვავებული შიდა და საგარეო პოლიტიკური ხედვების გამო, არ გააჩნიათ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია.

მესამე სცენარი, რაც “ბრიქსის” სამიტებზე ჟღერდება არის დასავლური SWIFT-ის ალტერნატივის, BRICS Bridge-ს შექმნა.

SWIFT-ი არის გლობალური საბანკო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკები ერთმანეთთან საერთაშორისო გადარიცხვებს ახორციელებენ. მისგან ჩახსნა კი ნიშნავს ფინანსურ იზოლაციას საერთაშორისო ტრანზაქციებისგან, რასაც ამჟამად რუსეთი სანქციების გამო განიცდის.

ვერც პუტინის ამ ინიციატივამ მოიპოვა ბრიქსის შიგნით ფართო მხარდაჭერა. ჩინეთს, მაგალითად, უკვე აქვს თავისი ტრანზაქციების სისტემა -“სიფსი”. ასევე არსებობს mBridge, ციფრული ვალუტის პლატფორმა, რომელსაც ავითარებენ ჩინეთი, ტაილანდი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ამ ინიციატივას შვეიცარიული ბანკი მართავს საერთაშორისო ანგარიშსწორებებისთვის.

სანქცირებული რუსეთის ინტერესი BRICS Bridge-ის შექმნაში ნათელია, მაგრამ ბუნდოვანია რა სიახლეს სთავაზობს ის სხვა ქვეყნებს, მაშინ, როცა ბრიქსის ქვეყნების უმრავლესობა სვიფტის ნაწილია და მისი ალტერნატივის მცდელობებიც უკვე არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები უფრო და უფრო ცდილობენ თავიანთი ეროვნული რეზერვების დივერსიფიცირებას და “ბრიქსის” წევრებიც უფრო ხმამაღლა საუბრობენ დედოლარიზაციაზე, დოლარი მაინც რჩება მსოფლიოს ყველაზე მყარ და მთავარ ვალუტად. ამ სისტემის შეცვლას კი დღევანდელი გლობალური ეკონომიკის გადაწყობაა საჭირო, რასაც წარმოუდგენლად დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

ბოლოს სარეზერვო ვალუტა მეორე მსფლიო ომის დროს შეიცვალა, დღევანდელი ეკონომიკა კი თითქმის ასწლიანი პოლიტიკის შედეგია. უნდა ვივარაუდოდ, რომ შემდეგი ეკონომიკური სისტემის შექმნასაც არანაკლები დრო დასჭირდება.

აუდიო ვერსია: