ახალი რეალობა კავკასიაში: სომხეთ-რუსეთის დაპირისპირება, აზერბაიჯანთან ზავი და ზანგეზურის დერეფანი
ბოლო დროინდელი მონაცემებით, სომხეთმა საქართველოს დემოკრატიის ინდექსით გადაუსწრო და მედიის თავისუფლების რეიტინგებშიც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ ლიდერობს ეკონომიკური მაჩვენებლებით.
ამ ფონზე, სომხეთი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს პოზიციონირდეს როგორც რეგიონში ყველაზე მყარი დემოკრატია და ამის ნიშნებიც სახეზეა. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის არაერთი მცდელობის მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ხაზზე არ გამოსულა, დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მალევე პირადად ესაუბრა. სომხეთმა ასევე რუსეთისგან დაიწყო დისტანცირება და 2023 წლის “დე-სე-თეს” სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა.
როგორ მოახერხა სომხეთმა დემოკრატიული წინსვლა? შეძლებს თუ არა რუსეთის გავლენისგან რეალურად გათავისუფლებას? და აქვს თუ არა მას ეკონომიკური პოტენციალი?
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ისტორია
თანამედროვე სომხეთის გეოპოლიტიკური ორიენტაცია საბჭოთა კავშირის დაშლიდან იწყება. მაშინ, როცა საქართველომ მკვეთრად დასავლური კურსი აიღო და ევროატლანტიკურ სისტემაში გაწევრიანებისკენ მიდიოდა, სომხეთმა მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა რუსეთთან.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან ერთად საქართველოც შეუერთდა “დე-სე-თეს” (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას), საქართველომ ეს ხელშეკურლება 1999 წელს აღარ განაახლა და 2006 წელს დ”დე-სე-თეს” თავდაცვის მინისტრების ჯგუფი ოფიციალურად დატოვა, რადგანაც ამ ჯგუფის წევრობა არ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან.
სომხეთმა ღრმა სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობები შეინარჩუნა მოსკოვთან და 1995 წელს რუსეთმა 102-ე სამხედრო ბაზაც განათავსა გიუმრიში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ტრანსკავკასიური ძალების ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია.
რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი მაინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თითქოს ნეიტრალურ როლს ასრულებდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ბევრისთვის აშკარა იყო, რომ მოსკოვი უფრო ერევანის მხარეს იხრებოდა.
ყარაბაღის კონფლიქტმა სომხეთს ასევე პრობლემები შეუქმნა მეზობელ თურქეთთან, რომელიც აზერბიჯანის მჭიდრო მოკავშირეა. თურქეთმა სომხეთს აზერბაიჯანის მხარდასაჭრად ეკონომიკური ემბარგო დაუწესა 1990-იან წლებში. ამან სომხეთს მოსკოვისკენ გადახრისკენ კიდევ უფრო უბიძგა, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე.
2003 წელს, საქართველოში ვარდების რევოლუციამ და შემდეგ, 2004 წელს, უკრაინაში ნარინჯისფერმა რევოლუციამ, მოსკოვში გააჩენა იმის შიში, რომ სომხეთიც მოისურვებდა პროდასავლური კურსის აღებას და ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთიდან მოდმივად მოდიოდა ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი 2009 წელს მაინც შეუერთდა ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამას, რომელშიც საქართველოც ამ დროიდან მონაწილებოს, 2013 წელს სომხეთმა უარი თქვა თითიქმის უკვე მოლაპარაკებულ თავისუფალი ვაჭრობის დამყარებაზე ევროკავშირთან და შეუერთდა რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშრს.
2017 წელს, სომხეთმა მაინც გააფორმა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, თუმცა რუსეთს ამ დროს უკვე გამყარებული ჰქონდა სომხეთში გავლენები, რაც 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად შეიცვალა.
ხავერდოვანი რევოლუცია და ფაშინიანის მთავრობა
2018 წელს სომხეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის გაგრძელებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გეგმავდა. საზოგადოებაში დაგროვებული უკმაყოფილების ფონზე, რომელსაც თან სდევდა კორუფცია, ეკონომიკური სტაგნაცია და დემოკრატიული უკუსვლა, დაიწყო ფართომასშტაბიანი პროტესტები.
ამ მოძრაობის სათავეში იდგა ნიკოლ ფაშინიანი, ყოფილი ჟურნალისტი და იმ დროისთვის ოპოზიციონერი პარლამენტარი. სარგსიანის იძულებითი გადადგომის შემდეგ, რაც ისტორიაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ სახელით შევიდა, ხელისუფლებაში ფაშინიანი მოვიდა.
თავდაპირველად, ფაშინიანი ცდილობდა შეენარჩუნებინა სომხეთის ღრმა სტრატეგიული კავშირები რუსეთთან და ხშირად უსვამდა ხაზს ამ პარტნიორობის მნიშვნელობას ვლადიმერ პუტინთან. თუმცა, ეს დამოკიდებულება 2020 წელს შეიცვალა.
ნავთობით გამდიდრებულმა აზერბაიჯანმა იმ წელს გადაწყვიტა მთიანი ყარაბაღის დაბრუნება სამხედრო გზით. აზერბაიჯანს სამხედრო მხარდაჭერა გაუწია თურქეთმა, ხოლო რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს — მათ შორის აზერბაიჯანს 2010-იანი წლებიდან — ომში მხოლოდ ბოლო მომენტში ჩაერთო. როდესაც რუსეთი მედიატორის როლში გამოჩნდა და სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სომხეთს უკვე სტრატეგიული პოზიციები დაკარგული ჰქონდა.
შეთანხმების პირობებით, რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში განთავსდნენ, თუმცა სომხური საზოგადოება ამას მარცხად აღიქვამდა. ეს ომი იყო მძიმე დარტყმა როგორც ქვეყნისთვის, ისე ფაშინიანის მთავრობისთვის. მას შემდეგ, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა და ფაშინიანმა და პუტინმა საჯაროდაც დაიწყეს ერთმანეთის კრიტიკა.
ამ ფონზე, სომხეთმა დასავლეთთან და აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო და სომხეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რაც მოსკოვისთვის აშკარად მიუღებელი იქნებოდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც რუსეთმა თავისი სამშვიდობო ძალები მთიანი ყარაბაღიდან გაიყვანა, აზერბაიჯანმა დრო იხელთა და 2023 წელს მთიან ყარაბაღზე ხელახალი სამხედრო იერიში მიიტანა. ამჯერად რუსეთმა არც კი სცადა კონფლიქტის შეჩერება. აზერბაიჯანის გათვლაც სწორედ ეს იყო. შედეგად, აზერბაიჯანმა შეძლო მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის აღდგენა, ხოლო იქ მცხოვრები ეთნიკური სომხების დიდი ნაწილი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა და სომხეთში გადასახლებულიყო.
ამ მოვლენების შემდეგ სომხეთმა კიდევ უფრო თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგა დასავლეთისკენ.
ქვეყანა შეუერთდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC), იმავე ინსტიტუტს, რომელიც იძიებს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. მოსკოვმა კი ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. ნიკოლ ფაშინიანი არც დსთ-ის 2023 წლის სამიტს დაესწრო, რაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დასავლეთის დავალებად და ანტირუსულ ნაბიჯად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ სამიტის ბოიკოტს მოჰყვა ფაშინიანის მაღალი დონის შეხვედრები საფრანგეთში. 2025 წლის იანვარში, სომხეთმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი, რაც ასევე მიანიშნებს სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე.
ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის გავლენის საბოლოო დასასრულს სომხეთში?
შესაძლოა მოვლენები გარეგნულად სწორედ ასე გამოიყურებოდეს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. შეიძლება სომხეთმა მიატოვოს დესეთე, მაგრამ რა ალტერნატივა აქვს მას? ევროკავშირი და ნატო?
მიუხედავად იმისა, რომ სომხებს ძლიერი დასპორა და ლობი ჰყავთ საზღვარგარეთ, მათ არ სჯერათ, რომ ევროპას აქვს სომხეთის შეერთების სურვილი. ამასთან ერთად, არც სომხებს შორის არაა გამოკვეთილი სურვილი. სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით ნახევრი უჭერს მხარს, მაშინ როცა, საქართველოში, უკრაინაში, ალბანეთში, მონტენეგროში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ეს რიცხვი 80%-ს აღემატება.
არც ნატოს წევრობაა მაინცდამაინც რეალისტური ამ ეტაპზე. არა იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ სომხეთის გაწევრიანება, არამედ იმიტომ, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირეა, სავარაუდოდ დაბლოკავს სომხეთის ინტეგრაციას. ნატო კი გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს.
თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ თურქეთი მზად არის განიხილოს სომხეთის გაწევრიანება, ის ამაში სომხეთისგან დიდი კომპრომისის შედეგად თუ გააკეთებს. მაგალითად, ანკარამ შესაძლოა ერევანს მოსთხოვოს ოფიციალურად შეწყვიტოს 1915 წლის სომხეთის გენოციდში თურქეთის დადანაშაულება, ან დათანხმდეს აზერბაიჯანისთვის სახმელეთო კორიდორის გადაცემას ნახიჩევანისკენ.
ნახჩივანი და ზანგეზურის დერეფანი
ნახიჩევანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარ კომპონენტად იქცა. ნახიჩევანი აზერბაიჯანის ავტონომიური რეგიონია, რომელსაც სომხეთის სამხრეთ ნაწილი ჰყოფს ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან.
განვიხილოთ როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანი ორად გახლეჩილი.
1920-იანი წლების დასაწყისში სომხეთი და აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირს შეუერთდნენ და საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა სომხეთის დასავლეთით აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი. 1921 წლის მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებებით, რომელიც გაფორმდა საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, ნახიჩევანი ოფიციალურად გადაეცა აზერბაიჯანს, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, თურქეთის გარანტიით, რომ ის არასოდეს გადაეცემოდა სომხეთს.
თურქეთს ნახიჩევანის გადაცემა სურდა აზერბაიჯანისთვის, რათა გაეძლიერებინა საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიცია, მიეღო სახმელეთო კავშირი კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და შეეზღუდა სომხეთის გავლენა რეგიონში.
სომხეთის დასავლეთით საბჭოთა კავშირმა ასევე შექმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც სომხებით იყო დასახლებული. ეს იყო საბჭოთა კომპრომისი, რათა სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება აეცილებინა თავიდან. როცა ყველა საბჭოთა კავშირში ცხოვრბოდა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმდა მისი დაშლის შემდეგ, რეგიონში კონფლიქტები არმოცენდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამტკიცებს, რომ ბაქოს აქვს უფლება, მიიღოს უმოკლესი სახმელეთო კავშირი საკუთარი ტერიტორიის შიგნით — თანაც პასპორტისა და საბაჟო კონტროლის გარეშე. ფაშინიანის მთავრობა ნაწილობრივ ღიაა ამ ნაბიჯისთვის, მაგრამ უარს ამბობს პასპორტკონტროლის გაუქმებაზე, რადგან ამას სომხეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ აღიქვამს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, სომხეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მეღრიში ფუნქციონირებდა სარკინიგზო სადგური, რომელიც ბაქოს ნახიჩევანთან აკავშირებდა, მაგრამ ამ სადგურში ბოლო მატარებელი 1993 წელს გაჩერდა.
ამჟამად ნახიჩევანში მიმავალი აზერბაიჯანული სატრანსპორტო ნაკადი ირანის ტერიტორიაზე გადის. გზის სიგრძისა და სირთულეების გამო, უმეტესობა ფრენას ამჯობინებს, თუმცა თვითმფრინავებიც იძულებულნი არიან ირანის საჰაერო სივრცით ისარგებლონ. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 43 კილომეტრიან მონაკვეთის მიუწვდომლობის გამო ხდება, რომლის გავლასაც ერთი საათიც არ სჭირდება.
აზერბაიჯანს სურს აქ ეგრედ წოდებულმა “ზანგეზურის დერაფანმა” გაიაროს, რომელიც საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ნაწილი გახდება.
სომხეთი, როგორც ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანა, დღეს ვაჭრობას მხოლოდ საქართველოსა და ირანის გავლით ახერხებს, რაც მის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ამიტომ, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაფართოება, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება. მაგრამ სომხეთს ეშინია, რომ პასპორტკონტროლის გაუქმება და ტერიტორიის შეუზღუდავად გახსნა შეიძლება წინაპირობა გახდეს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიისთვის სიუნიქის — სამხრეთ სომხეთის რეგიონის — მიმართ.
ილჰამ ალიევმა წარსულში არაერთხელ თქვა, რომ თუ სომხეთი არ გახსნის გზას, აზერბაიჯანი ამას სამხედრო გზით მიაღწევს. ამას ემატება ისიც, რომ სომხეთის ირანთან დამაკავშირებელ საზღვარს თუ ადრე რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, ბოლო შეთანხმების საფუძველზე, რუსეთმა ძალების გაყვანა 2025 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად დაიწყო.
დღეს სომხეთს აღარც რუსეთის იმედი აქვს, ამიტომ ამ გამოწვევას მეტ-ნაკლებად მარტო ეჭიდება.
თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის “ზანგეზურის დერეფნით” რეალურად მოხდება დაკავშირება, ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეკონომიკური აღორძინებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.
თუმცა, ამავე დროს, საქართველოს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს, რადგან ბევრმა გადამზიდავმა კომპანიამ, შესაძლოა, ტვირთები საქართველოდან ამ ახალ მარშრუტზე გადამისამართოს. შესაბამისად, სომხეთის ეკონომიკური პოტენციალი გაიზრდება.
მიუხედავად ამისა, გლობალური ტვირთბრუნვა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ — ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოს გავლით არსებულ ტრანზიტზე ნეგატიურად არ აისახება და ყველა მხარე ისარგებლებს საერთო ქსელიდან.
იხილე ვიდეო:
“ცნობისთვის”, ქეთევან ჭინჭარაძე საუბრობს სომხეთის შეცვლილ საგარეო კურსზე: როგორ შესუსტდა ქვეყნის კავშირი რუსეთთან და როგორ იზრდება ინტეგრაციის სურვილი დასავლურ სტრუქტურებთან. ვიდეო ასევე შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ტრაექტორიას და ზანგეზურის დერეფნის გახსნის პერსპექტივას — სავაჭრო გზა, რომელიც კონკურენციას გაუწევს “შუა დერეფანს.”