ახალი მსოფლიო წესრიგი: 12 მთავარი პოლიტიკური მოვლენა 2025 წელს
2025 წელს მსოფლიო პოლიტიკაში ძველი თამაშის წესები შეირყა. ზავებმა, ახალმა ომებმა, სკანდალებმა და ეკონომიკურმა დაპირისპირებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ირყევა და იცვლება.
გადავხედოთ გასული წლის მთავარ მოვლენებს.
1. 2025 წელი დაიწყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით და მისი დაბრუნება თეთრ სახლში მყისიერად აისახა როგორც შიდა პოლიტიკაზე, ისე საერთაშორისო ურთიერთობებზე. პირველი თვეებიდანვე ადმინისტრაციამ გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. მექსიკის საზღვრიდან შეწყდა არალეგალების შემოსვლა. დაიწყო არალეგალების მასობრივი დეპორტირება, თავშესაფრების შეზღუდვა და სამხედროების გამოყენება საზღვრის გასაკონტროლებლად.
ტრამპმა პანამის არხის დაბრუნების და გრენლანდიის დასაკუთრების სურვილი გამოთქვა. ეს ერთი შეხედვით აბსურდული იდეები კი რეალურად ასახავს ტრამპის ამერიკის სურვილს გააძლიეროს კონტროლი გლობალურ სავაჭრო და სტრატეგიულ გზებზე, განსაკუთრებით ჩინეთის წინააღმდეგ.
2. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გამწვავდა და გაძლიერდა. ამ კუთხით, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სატარიფო რეჟიმის დაწესება ამერიკის თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორზე, განსაკუთრებით კი ჩინეთზე. თუმცა, ამერიკის კოლოსალურად გაზრდილ საბაჟო გადასახადის მუქარას ჩინეთმაც ანალოგიურად უპასუხა.
პეკინმა ვაშინგტონს თავისი ძლიერი მხარე დაანახა. გაამკაცრა ექსპორტის კონტროლი იშვიათ მიწის ელემენტებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე და შეაჩერა ამერიკული სოიოს მარცვლების შესყიდვები, რითაც ზიანი მიაყენა სოფლის მეორნეობის ეკონომიკას შეერთებულ შტატებში.
საბოლოოდ მხარეებმა ეს საკითხები სამხრეთ კორეაში შეხვედრისას მოაგვარეს და ეს სავაჭრო ომი დასტაბილურდა, თუმცა დროებით და არა საბოლოოდ.
3. 2025-ში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კრიტიკული მიწაელემენტების უდიდესი როლი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, იშვიათი მიწაელემენტების მოპოვების უფლება მოილაპარაკა, რასაც სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.
გაგახსენებთ ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპისა და ჯეიდი ვანსის დაპირისპირებას თეთრ სახლში, კამერების წინ, სადაც ტრამპმა ზელენსკი მესამე მსოფლიო ომის ბედით თამაშში, ვანსმა კი უმადურებაში დაადანაშაულა.
ასევე გვახსოვს, როგორ უწოდა ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი, რაც შემდეგ საჯაროდ გადათქვა. ამ ინციდენტს კი მოჰყვა ზელენსკის ბოდიში და განცხადება უკრაინის სრულ მზადყოფნაზე მშვიდობის მოსალაპარაკებლად.
4. გასული წლის საჯარო სკანდალებში არ უნდა გამოგვრჩეს დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება, რომელიც საბიუჯეტო კანონმდებლობაზე უთანხმოებით დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის დოუჯი, ამერიკის ბიუჯეტის დაზოგვასა და ბიუროკრატიის შემცირებას ცდილობდა, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ბიუჯეტი კიდევ უფრო ზრდიდა სახელმწიფო დანახარჯებსა და ვალს. ეს განსხვავებები კი ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ტრამპმა და მასკმა ერთმანეთბზე ბევრი ინტრიგა გააჟღერეს საჯაროდ, თუმცა საბოლოოდ ისინი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გვერდიგვერდ ვიხილეთ.
5. გასული წლის სკანდალებს შორის, ჩვენი აუდიტორიისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა შეერთებული შტატების ჰუსიტებზე თავდასხმის საიდუმლო გეგმა, რომელმაც შემთხვევით გაჟონა.
ჟურნალ ატლანტიკის მთვარი რედაქტორი, ამერიკის მაღალჩინოსნების დახურულ ჩატში აღმოჩნდა, სადაც ტრამპის კაბინეტის წევრები იემენზე შესაძლო თავდასხმის გეგმას განიხილავდნენ. ჩატის ავთენტურობა “თეთრმა სახლმა” დაადასტურა და ამ ინციდენტს რამდენიმე მრჩევლის გათავისუფლებაც მოყვა.
6. ყველაზე სარისკო და ეფექტური თავდასხმა 2025 წელს, შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე განახორციელა.
ექსპერტები დიდი ხანი საუბრობდნენ, რომ ირანი ურანს ამდიდრებდა ატომური იარაღის შესაქმნელად. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი ეს პრობლემა საჰაერო თავდასხმით გადაჭრა.
ირანის მხრიდან იყო საპასუხო იერიშის მუქარა, მაგრამ ამას შემდგომი ესკალაცია არ მოჰყოლია.
7. სამაგიეროდ ესკალაცია მოჰყვა აპრილში, ფაჰალგამში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც 26 ინდოელი ტურისტი ემსხვერპლა. ამ ინციდენტმა კი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული მრავალწლიანი დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია.
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის განახლებულმა შეტაკებებმა საერთაშორისო საზოგადოება სერიოზულად შეაშფოთა, თუმცა მხარეები დაზავდნენ და კონფლიქტი აღარ გამწვავებულა.
8. ამასობაში პაკისტანმა საუდის არაბეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა. ამით პაკისტანს საუდის არაბეთის ფინანსების გამოყენების საშუალება მიეცა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ხოლო საუდის არაბეთმა მიიღო ბირთვული უპირატესობა ბირთვული იარაღის გარეშე.
9. ეს ნაბიჯი კი მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ჰამასის ლიდერებზე კატარში, რასაც ადგილობრივი მსხვერპლი მოჰყვა. ეს კი იმ დროს, როცა კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებას ცდილობდა.
ამ ინციდენტმა საერთაშორისო და, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკის რეპუტაციისთვის სულ არ იყო სასარგებლო, მის სამხედრო პარტნიორ კატარში ისრაელის ბომბის ჩამოვარდნა. ამის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბოდიშის მოხდაც მოუწია, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
10. საბოლოოდ, 2025 წელს ისრაელი და ჰამასი დაზავდნენ, დონალდ ტრამპის მედიაციისა და მრავალი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის შედეგად. მძევლები და პატიმრები სახლებში დაბრუნდნენ, ცეცხლი შეწყდა და ისრაელი დათანხმდა ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას.
ხელშეკრულება აღიქმება მნიშვნელოვან ნაბიჯად პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ, ამიტომ დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას 2026 წელს.
11. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზავი დაიდო ჩვენს რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში, აზერბაიჯანმა სამედრო გზით დაიუბრუნა ტერიტორიები; ხოლო სომხეთმა დაიწყო ურთიერთობების ნორმალიზება აზერბაიჯანთან.
ტრამპის ინიციატივით “ზანგეზურის დერეფანს” დაერქმევა “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აღორძინებისთვის,” რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამარტივოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობა შუა დერეფნის საშუალებით, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით.
12. ტრამპის ადმინისტრაცია მთელი წელი ცდილობდა უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე მოლაპარაკების მიღწევას. ტრამპი და პუტინი ალასკაშიც კი შეხვდნენ პირისპირ, თუმცა 2025 წელი ზავის გარეშე დასრულდა.
ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაშია შესული, ამიტომ 2026 წელს, ისევ დაველოდებით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას.
აუდიო ვერსია: