ქეთევან ჭინჭარაძე
ქეთევან ჭინჭარაძე დამფუძნებელი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, "ცნობისთვის"

ყველაზე საშიში საზღვაო არტერიები, სადაც დიდი ფული და სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

ეკონომიკა და ვაჭრობა მსოფლიოს გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რესურსებზე, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ — ნავთობზე, კრიტიკულ მინერალებზე, ნახევარგამტარებზე ანუ ჩიპებზე.

მაგრამ რესურსი რესურსად დარჩება, თუ მისი მსოფლიოში გაყიდვა შეუძლებელი იქნება. სწორედ აქ ჩნდება ფაქტორი, რომელზეც იშვიათად ვლაპარაკობთ — მსოფლიო სავაჭრო გზები და მათი საკვანძო წერტილები. საუბარია სრუტეებზე, არხებზე და საზღვაო მარშრუტებზე, სადაც გადის ნავთობი, გაზი, საკვები, ტექნოლოგია და სამხედრო აღჭურვილობაც კი.

ერთი ასეთი გეოგრაფიული წერტილის გადაკეტვაც კი შეიძლება ნიშნავდეს ფასების ნახტომს, ინფლაციას, ან თუნდაც სამხედრო კრიზისს.

ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიო საზღვაო მარშრუტების არტერიებს, ანუ “ჩოუქფოინთებს”, სადაც ვაჭრობა, ძალა და გეოპოლიტიკა იკვეთება.

walking

ჰორმუზის სრუტე

დავიწყოთ ჰორმუზის სრუტით ახლო აღმოსავლეთში — ადგილით, რომელსაც ხშირად “ნავთობის არტერიას” უწოდებენ. სწორედ აქედან იწყება გზა, რომლითაც ნავთობი და სხვა ტვირთები სპარსეთის ყურიდან მსოფლიო ბაზრებისკენ მიედინება.

ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ სტრატეგიულ წერტილებს და წინაღობებს, რომლებსაც ტვირთები ევროპამდე გადიან.

walking

ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარეობს და ყურის ქვეყნებს არაბეთის ზღვასთან, იქიდან კი მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს. სამხრეთ შესასვლელიდან სრუტეს გაერთიანებული არაბეთის საამიროებიც ესაზღვრება. ჰორმუზის სრუტეში გადის მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დააახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი. ანუ ყოველი მეხუთე ბარელი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე იყიდება, ამ ვიწრო მონაკვეთში გადაადგილდება.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქ ირანსაც და ომანსაც აქვთ ტერიტორიული წყლები, მაგრამ პრაქტიკაში ირანს უფრო დიდი გავლენა აქვს. ამას კი ორი მთავარი მიზეზი აქვს.

walking

ჰორმუზის სრუტე არც ისე ვრცელია. მისი ყველაზე ვიწრო მონაკვეთი დაახლოებით 33 კილომეტრია, ხოლო უსაფრთხო ნავიგაციის ზოლები კიდევ უფრო ნაკლები. მთავარი გზა, სადაც უზარმაზარი ნავთობტანკერები და სავაჭრო გემები მოძრაობენ, ირანის სანაპიროსთან ბევრად უფრო ახლოს გადის ვიდრე ომანთან, რაც ირანს აძლევს შესაძლებლობას უშუალო ფიზიკური ზეწოლა მოახდინოს ტრაფიკზე.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ სრუტის ჩრდილოეთ მხარეს ირანს სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული და მის სიახლოვეს აკონტროლებს რამდენიმე სტრატეგიულ კუნძულს, რაც მას სამხედრო უპირატესობას ანიჭებს. ცნობისთვის, სამ კუნძულზე, რომელთაც ირანი აკონტროლებს - აბუ მუსაზე, დიდი ტუნბის კუნძულზე და პატარა ტუნბის კუნძულზე, საუდის არაბეთს აქვს ტერეტორიული პრეტენზია.

სრუტის სამხრეთ მხარეს ომანიც ფლობს მუსანდამის ნახევარკუნძულს, მაგრამ ისტორიულად ომანი ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას ატარებს და არ აქვს ისეთი მასშტაბის სამხედრო ძალა ან ინფრასტრუქტურა, რომელიც სრუტეში გემების გადაადგილებაზე რეალური ზეწოლის ან კონტროლის საშუალებას მისცემს.

სწორედ ამიტომ, როცა ჰორმუზის სრუტის სტრატეგოიულობაზე ვსაუბრობთ, ძირითადად მხედველობაში გვაქვს ირანის გავლენა. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ირანში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ფეხზე აყენებს მსოფლიოს.

საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კატარი — ყველა ეს ქვეყანა ჰორმუზზეა დამოკიდებული, რადგან მათი ნავთობი და გაზი სხვა გზით მსოფლიო ბაზარზე ვერ გავა ან გავა მხოლოდ შეზღუდულად, სახმელეთო გზებით.

walking

მაგალითად, საუდის არაბეთს აქვს აღმოსავლეთ–დასავლეთის მილსადენი, რომელსაც ნავთობი და გაზი წითელი ზღვის პორტამდე მიაქვს. ემირატებს კი გააჩნია აბუ-დაბის ნედლი ნავთობის მილსადენი, რითაც ნავთობის პირდაპირ ომანის ყურემდე მიტანა შეუძლია. მსგავსი ალტერნატიული მარშრუტები კიდევ ბევრია, მაგრამ შეზღუდული გამტარიანობის და სრულად ვერ ჩაანაცვლებენ საზღვაო ტრანსპორტს.

დონალდ ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ წერია: “ამერიკას ყოველთვის ექნება ინტერესი, რომ სპარსეთის ყურის ენერგო მარაგები არ მოხვდეს პირდაპირი მტრის ხელში და ჰორმუზის სრუტე დარჩეს ღიად; წითელი ზღვა კი იყოს ნავიგაციისთვის უსაფრთხო და გამტარი.”

ჰორმუზის სრუტის თუნდაც დროებითი ჩაკეტვა მძიმედ აისახება მსოფლიო ენერგომარკეტებზე და სწორედ ეს არის ირანის კოზირი და გეოპოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი.

მაგრამ გეოპოლიტიკური წინაღობები ჰორმუზის სრუტეში არ წყდება.

ბაბ-ელ-მანდების სრუტე და სუეცის არხი

ჰორმუზის სრუტის შემდეგ, ევროპამდე მისასვლელად, გემებს უწევთ კიდევ ერთი ვიწრო, ბაბ ელ-მანდების სრუტის გავლა, რომელიც წითელ ზღვას ჯერ ადენის ყურესთან და შემდეგ ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს არაბეთის ნახევარკუნძულს და აფრიკას. კონკრეტულად კი ესაზღვრება იემენს, ჯიბუტის და ერიტრეას სანაპიროებს.

walking

ბაბ-ელ-მანდები არის სუეცის არხისკენ მიმავალი ერთადერთი საზღვაო შესასვლელი ინდოეთის ოკეანიდან და მისი ჩაიკეტვის შემთხვევაში, გემებს სრულიად აფრიკის შემოვლა მოუწევთ, რაც ტრანსპორტირებას კვირებით გაახანგრძლივებს და მნიშვნელოვნად გააძვირებს. შესაბამისად, სრუტის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუმცა ბაბ-ელ-მანდებთან მდებარე იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომია. გაგახსენებთ ჰუსიტების მიერ გემებზე თავდასხმებს. 2023 წლის ოქტომბრიდან, ისრაელი-ჰამასის ომის შემდეგ, წითელ ზღვაში ირანის მიერ შეიერაღებული ჰუსიტები თავს ესხმოდნენ სავაჭრო გემებს. მათი ძირითადი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემები იყო, თუმცა რეალურად ეს საფრთხე გლობალურ ვაჭრობას შეეხო და ბევრი კომპანია იძულებული გახდა ტვირთები აფრიკის შემოვლით გაეგზავნა, უსაფრთხოების მიზნით.

ეს მოვლენები აჩვენებს, რომ ბაბ-ელ-მანდების ჩაკეტვა თეორიული სცენარი კი არა, რეალური რისკია. ამიტომ, რეგიონში მუდმივად ოპერირებს შეერთებული შტატების მე-5 ფლოტი, რომლის ბაზაც ბაჰრეინში მდებარეობს. ხოლო ჯიბუტიში განთავსებულია Camp Lemonnier, რომელიც შეერთებული შტატების ერთადერთი მუდმივი სამხედრო ბაზაა აფრიკაში. აქვე სამხედრო ბაზები აქვთ საფრანგეთს, ჩინეთსა და იაპონიას, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მაღალია ამ პატარა სრუტის გლობალური მნიშვნელობა.

სწორედ ბაჰრეინის ბაზა აღმოჩნდა კრიტიკული 2023 წლის წითელი ზღვის კრიზისის გადასაჭრელად, ოპერაცია “კეთილდღეობის მცველის“ ფარგლებში. ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები, ბაჰრეინის შტაბიდან აკვირდებოდნენ წითელ ზღვაში მიმდინარე მოქმედებებს, რაშიც დაახლოებით 7,000 მეზღვაური ჩაერთო.

ამერიკის ამ ოპერაციას კიდევ დაახლოებით 20 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის: გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი, ნიდერლანდები და სხვა. ოპერაციაში წვლილი ზოგმა დაზვერვით, ზოგმა ლოჯისტიკით და ზოგმა პოლიტიკური მხარდაჭერით შეიტანა.

ბაბ ელ-მანდების შემდეგ, ევროპამდე მიმავალი ტვირთების უმრავლსესობა სუეცის არხს გადის, წითელი ზღვიდან პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაში მოსახვედრად. სხვა შემთხვევაში გზის დაგრძელება მოუწევთ სამხრეთ აფრიკის “კეთილი იმედის კონცხის” შემოვლით, რაც ძვირი და ხანგრძლივი პროცესია.

walking

სანამ ფრანგები ეგვიპტეში სუეცის არხს გაიყვანდნენ და ხელოვნურად გააცალკევებდნენ აფრიკას ახლო აღმოსავლეთისაგან, ბრიტანელები დიდ სარგებელს იღებდნენ კოლონიური კონცხის პორტებიდან სამხრეთ აფრიკაში. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის შუაში სუეცის არხის მშენებლომამ მსოფლიო ვაჭრობა საბოლოოდ შეცვალა.

დღეს სუეცის არხზე მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% და კონტეინერული გადაზიდვების თითქმის ერთი მესამედი გადის. არხი სრულად ეგვიპტის კონტროლის ქვეშაა, რაც ქვეყანას უზარმაზარ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

კაირო აწესებს ტრანზიტის წესებს, ტარიფებს და აკონტროლებს უსაფრთხოებას, რითაც ის პირდაპირ ზემოქმედებს გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე, სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ენერგომატარებლების გადაადგილებაზე და მსოფლიო გადაზიდვების ხარჯებზე.

ნებისმიერი შეფერხება — განზრახ თუ შემთხვევით — მყისიერად აისახება საერთაშორისო ბაზრებზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2021 წლის Ever Given-ის ინციდენტი, როცა 400 მეტრიანი გიგანტური გემის გაჭედვამ არხის ჩაკეტვა გამოიწვია ექვსი დღით. ამით კი მსოფლიო ეკონომიკას საათში $400 მილიონ დოლარამდე ზარალს განიცდიდა.

ერთი შეხედვით ტექნიკურმა ავარიამ გამოიწვია მილიარდობით დოლარის ზარალი და ასობით გემის შეფერხება, რამაც ცხადყო, რამდენადაა მსოფლიო ვაჭრობა დამოკიდებული ამ ერთ ვიწყო ხელოვნურ არხზე. შემთხვევითი არაა, რომ ეგვიპტე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის, ევროპის ქვეყნებისა და ჩინეთისთვის, რომელთათვისაც არხის უწყვეტი ფუნქციონირება კრიტიკულია.

ბოსფორის და დარდანელის სრუტეები

მას შემდეგ, რაც ევროპისკენ ,მიმავალი ტვირთები წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში მოხვდება, მათი გადაადგილება შედარებით ნაკლები გეოპოლიტიკური ტურბულენტობით ხასიათდება. გემები შემდეგ გზას ან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისკენ აგრძელებენ გზას, ან ნატოს წევრი თურქეთისკენ, რაც ვაჭრობისთვის უფრო პროგნოზირებად გარემოდ ითვლება.

აქ აუცილებლად უნდა შევეხოთ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს — სტრატეგიულ კვანძებს, რომლებიც შავ ზღვას ჯერ ხმელთაშუა ზღვასთან, ხოლო შემდეგ მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებენ. ეს სრუტეები შავი ზღვისთვის ფაქტობრივად ერთადერთი “გასასვლელი კარიბჭეა”.

walking

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შავი ზღვის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, როგორც ვაჭრობის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

თუმცა ამ სრუტეების ყველაზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოსფორი და დარდანელი ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც ნატოს — ან ნებისმიერ სხვა ძალას — შეუძლია სამხედრო ფლოტის გადაადგილება ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. სწორედ ეს რეალობა ანიჭებს თურქეთს განსაკუთრებულ სტრატეგიულ სიღრმეს მსოფლიო პოლიტიკაში.

ამას ემატება 1936 წლის მონტრეს კონვენციაც, რომელიც თურქეთს ანიჭებს უფლებას დაარეგულიროს სამხედრო გემების გადაადგილება ომის ან კრიზისის დროს. კონვენცია უზრუნველოყოფს: კომერციული გემების მშვიდობიან დროს თავისუფალ გადაადგილებას; მკაცრ შეზღუდვებს უწესებს არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემებს, როგორიცაა მაგალითად ტონაჟი და შავ ზღვაში ყოფნის ვადა; აძლევს თურქეთს უფლებას ომის ან საფრთხის შემთხვევაში სრუტეები დახუროს სამხედრო გემებისთვის.

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არაერთხელ ყოფილა სერიოზული შეფერხებები, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ტექნიკური მიზეზებით. ისტორიულად, სრუტეები რამდენჯერმე სრულიად დაიკეტა ომის დროს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ ბოსფორი და დარდანელები დახურა ანტანტის გემებისთვის, რამაც შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობის პარალიზება მოახდინა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი თურქეთმა, ნეიტრალიტეტის ფარგლებში, მკაცრად შეზღუდა სამხედრო გემების გადაადგილება.

თანამედროვე ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო 2022 წლის უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც თურქეთმა მონტრეს კონვენციის საფუძველზე დახურა სრუტეები საომარი მხარეების სამხედრო გემებისთვის. თუმცა სატელიტური ფოტოებისა და ანალიტიკოსების მიხედვით, რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად სამოქალაქო გემების გამოყენება დაიწყო, რაც მონტრეს კონვენციის სულისკვეთების დარღვევად მიიჩნევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოსფორსა და დარდანელში, ჰორუმიზის სრუტესთან შედარებით ხუთ-ექვსჯერ ნაკლები ნავთობი გადაადგილდება და შავი ზღვის ქვეყნებს სახმელეთო საზღვრებითაც შეუძლიათ ვაჭრობის ეფექტურად განხორციელება, ამ სრუტეების მსოფლიო ეკონომიკურ მნიშვნელობას აღემატება მათი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა.

სწორედ ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ თურქეთის ნატო-ს წევრობაში დიდი როლი ითამაშა ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ბოსფორსა და დარდანელზე.

გიბრალტარის სრუტე

ბოლოს უნდა შევეხოთ ევროპისთვის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო, ვიწრო, მაგრამ სტაბილურ სრუტეს – გიბრალტარს, ადგილს სადაც ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანეს უერთდება.

walking

გიბრალტარის სრუტე მდებარეობს სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის. მისი ყველაზე ვიწრო მონაკვეთი სულ რაღაც 14 კილომეტრია, რაც ამ სრუტეს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო და ამავე დროს დატვირთულ საზღვაო წერტილად აქცევს მსოფლიოში. ყველა გემი, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან გადაადგილდება ჩრდილოეთ ევროპისკენ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისკენ, აზიისკენ, აფრიკისკენ თუ ახლო აღმოსავლეთისკენ, სწორედ ამ სრუტეს გადის.

walking

სტრატეგიულად, გიბრალტარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო კვანძია ნატოსთვის. სრუტის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს გიბრალტარი — ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორია. ჩრდილოეთ სანაპიროს მეორე ნაწილი ეკუთვნის ესპანეთს, ხოლო სამხრეთ სანაპირო — მაროკოს.

walking

მიუხედავად ამისა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს მისი სრულად ჩაკეტვის უფლება მშვიდობიან დროს. ქვეყნები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიულ წყლებზე ადგენენ რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმებს.

გიბრალტარის სრუტე წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან საერთაშორისო სრუტეს, რომელიც ექვემდებარება გაერთიანებული ერების საზღვაო სამართლის კონვენციით (UNCLOS) დადგენილ სპეციალურ “სატრანზიტო გადაადგილების” რეჟიმს, რაც უცხო ქვეყნების გემებსა და თვითმფრინავებს იქ თავისუფალი ნავიგაციისა და გადაფრენის უფლებას ანიჭებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ ვიდეოში განვიხილეთ ის სტრატეგიული საზღვაო წინაღობები, რომლებიც ტვირთებს ხვდებათ ჰორმუზის სრუტიდან დასავლეთის მიმართულებით — ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

თუმცა გლობალური ვაჭრობის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება აღმოსავლეთისკენ მიემართება. რა ხდება მაშინ, როდესაც ტვირთები კვეთს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს, აზიისა და ამერიკის კონტინენტებისკენ? როგორ იქცევიან ამ სტრატეგიულ საზღვაო წერტილებში მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი მოთამაშე — ჩინეთი და შეერთებული შტატები?

walking

ამაზე უკვე ვიდეოს მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.

აუდიო ვერსია: