ტრამპის შემდეგი სამიზნე და შეერთებული შტატების მსოფლიო გეგმა სინამდვილეში
იანვარი — ვენესუელა და ნიკოლას მადურო. თებერვალი და მარტი — ირანი და აიათოლა ალი ხამენეი. ვინ იქნება დონალდ ტრმაპის შემდეგი სამიზნე?
დიდი ალბათობით – კუბა და აი, რატომ.
შეერთებული შტატები კუბას ეკონომიკას გუდავს
კუბაში ამჟამად ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, შეერთებული შტატების ენერგო ბლოკადის დამსახურებით, რასაც კუბას მთავრობა ეკონომიკურ “გენოციდს” ეძახის.
კორუფცია, მოძველებული ინფრასტრუქტურა, უშუქობა, მედიკამენტების დეფიციტი, საერთაშორისო იზოლაცია – ეს მხოლოდ იმ პრობლემების ნაწილია, რასაც ახლა კუბელები განიცდიან. მათი უმრავლესობა, ძირითადად მთავრობისა და შიდა პოლიტიკის ბრალია, მაგრამ შეერთებული შტატების გამიზნული სანქციები ნავთობზე, ფაქტობრივად გუდავს კუბას ეკონომიკას.
როგორც დონალდ ტრამპმა დაწერა: “კუბაში არანაირი ნავთობი და ფული აღარ შევა.” მაგრამ რატომ? რატომ უპირისპირდება მსოფლიოს უდიდესი ძალა კუბასნაირ ქვეყანას და თან მაინცდამაინც ახლა, როცა თითქოს ამერიკას სხვა საქმეც ბევრი აქვს?
დავიწყოთ დროის ფაქტორით.
კუბას კომუნისტური რეჟიმი ახლა ყველაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე. ეს სისუსტე კი შეერთებული შტატებისთვის არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოვლენები გარე ზეწოლის საშუალებით, ვაშინგტონის სასარგებლოდ განავითაროს.
წარმოიდგინეთ ამჟამინდელი სოციალური ფონი: უშუქობა, საკვების ნაკლებობა, დაკეტილი სკოლები, უწყლოობა. ენერგოკრიზისის გამო, ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიოც კი გაითიშა დროებით მარტის დასაწყისში.
ქვეყნის უცხოური შემოსავლის მთვარი წყარო, ტურიზმიც კი, ფაქტობრივად განულებულია, რადგან თვითმფრინავებისთვის უკან დასაბრუნებელი საწვავი თითქმის არ არსებობს.
კუბელები, 2022 წლიდან ცხოვრობენ მსგავს კრიზისში, მაგრამ სიტუაცია ახლა უკიდურესად გაუარესებულია. ამას კი ერთი მთავარი მიზეზი აქვს – ნიკოლას მადუროს დაკავება და ვენესუელურ ნავთობთან წვდომის დაკარგვა.
ნავთობი არ არის მხოლოდ ბენზინი და ის სჭირდება ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის ელექტროენერგიის სადგურების მუშაობასაც. ელექტროენერგია კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს არ მხოლოდ საღამოხანს სივრცეების განათებაში, არამედ წყლის მიწოდებაშიც. შესაბამისად, ეს არის ჯაჭვი, რომლის შემაკავშირებელი რგოლი - ნავთობი – არ არსებობს.
2025 წლის მონაცემებით, კუბა ნავთობის დაახლოებით 4%-ს ყიდულობდა ალჟირიდან, 10%-ს რუსეთიდან, 25%-ს მექსიკიდან, და 60%-ზე მეტს ვენესუელადან. დაკვირდით ამ გრაფს.

აქ კარგად ჩანს, გასული წელს საიდან რამდენ ნავთობს იღებდა კუბა. ახლა კი შეხედეთ 2026 წლის თებერვლის მონაცემებს. აქ რაიმე არ გეგონოთ გამორჩენილი, უბრალოდ მონაცემები ფაქტიურად ნულოვანია და გრაფზე ასასახიც არაფერია.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მადუროს დაკავებამ და უპრეცენდენტო დონის გავლენამ ვენესუელას ამჟამინდელ მმართველობაზე, კუბას გადაუჭრა ნავთობის ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია.
მაგრამ, ხომ შეიძლება, სხვა ქვეყნებმა გაუზარდონ კუბას მიწოდება?
თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ხორციელდება, რადგან აქაც შეერთებული შტატების სანქციები მოქმედებენ.
2026 წლის იანვარში ტრამპმა კუბას მთავრობის პოლიტიკა გამოაცხადა “უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხედ.” ამან კი ვაშინგტონს საშუალება მისცა დაეწესებინა დამატებითი ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებიც კუბას ნავთობს მიყიდდნენ.
ავიღოთ, მექსიკა, შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი და კუბას სიდიდით მეორე ნავთობის მიმწოდებელი, რომელიც ვეღარ ბედავს ვერც ნავთობის მიყიდვას და ვერც ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნას კუბაზე. ეს გასაგებიცაა. თუ მექსიკამ არჩევანი კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის უნდა გააკეთოს, ბუნებრივია შეერთებულ შტატებს აირჩევს, ეკონომიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც.
შემდეგი ლოგიკური ალტერნატივა შეიძლება იყოს რუსეთი. ასეც არის. დღეს კუბაში თუ რაიმე მარაგი შედის, თითქმის მთლიანად რუსეთიდან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და სისტემატიური.
მოგეხსენებათ რუსეთის ნავთობზეც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს. თან, სულ ახლახანს იყო, იანვარში, როცა შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების კონფისკაცია, მათ შორის გემის სახელად “მარინერა”. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეს ნავთობი ჩამოართვა და მიითვისა. კარიბის ზღვაში კი ამერიკის ფლოტი ამ დრომდე გაძლიერებულად მოქმედებს.
ამიტომ, რუსეთისთვისაც რისკის შემცველია მნიშვნელოვანი ნავთობის მარაგის გაგზავნა კუბაზე. ამას ემატება “დონროს დოქტრინაც”. ტრამპის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სტრატეგაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს უცხო ძალის დომინაციას დასავლეთ ნახევარსფეროში.
მოგეხსენებათ, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, ვაშინგტონმა ერთი თვით მოხსნა რუსულ ნავთობზე სანქციები, მაგრამ ეს შეეხო მხოლოდ იმ მცირე ნავთობს, რომელიც 5 მარტის მონაცემებით, უკვე გასაყიდად იყო მზად. თუმცა ამ ომის ესკალაციასთან ერთად, შესაძლოა რუსული ნავთობის მოხმარება გაიზარდოს.
რაც შეეხევბა ალჟირს – ალჟირსაც არ აწყობს შეერთებული შტატების გადაკიდება კუბას გამო. თან ალჟირიდან კუბაზე დიდი რაოდენობით ნავთობის გაგზავნა უკვე ისედაც დიდი ლოჯისტიკური გამოწვევაა.
ამიტომ, კუბა, ფაქტობრივად, სრულ ენერგო ბლოკადაშია. მოსახლეობის 89% სიღარიბის მიღმა ცხოვრობს, ქვეყნის საშუალო ხელფასი კი თვეში $16-$18-ია.
კუბა, რომ დასუსტებულია გასაგებია, მაგრამ რაში აწყობს ვაშინგტონს კომუნისტური რეჟიმის გამოფიტვა ჰავანაში?
აშშ-ს ინტერესები კუბაში
დონალდ ტრამპი არ არის პირველი ამერიკის პრეზიდენტი, ვინც კუბაში რეჟიმის მორყევას ცდილობს. გაგახსენებთ “ღორების ყურის” წარუმატებელ ოპერაციას პრეზიდენტ კენედის დროს, 1961 წელს.
მას შემდეგ, რაც კუბას სათავეში ფიდელ კასტრო მოვიდა და დაიწყო ეკონომიკის სოციალიზაცია, ამერიკული ბიზნესების სახელმწიფოსთვის მიკუთვნება და საბჭოთა კავშირთან დაახლოება, შეერთებული შტატები შეშფოთდა. მით უფრო, რომ კუბა გეოგრაფიულად ძალიან ახლოს მდებარეობს ამერიკის ტერიტორიასთან. ცივი ომის დროს, სულ არ აწყობდა აშშ-ს თავის სამეზობლოში საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერება.
ამიტომ, 1960 წლის მარტში ამერიკის პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დაავალა შეემუშავებინა კუბაში შეჭრისა და კასტროს რეჟიმის ჩამოგდების გეგმა. ვაშინგტონის მიხედვით, CIA-მ მოამზადა ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააფინანსა დაახლოებით 1,400 კუბელი ემიგრანტისგან შემდგარი კონტრ-რევოლუციური ძალა, “ბრიგადა 2506“.
შემდეგ, 1960 წელს, უკვე ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ შეიტყო ამ გეგმის შესახებ და მისი განხორციელების ბრძანებაც მან გასცა.
თავდასხმა დაიწყო გვატემალადან, შემდეგ “ბრიგადა 2506”-ის ნაწილი კუბაში, “ღორების ყურეში” გადავიდა, სადაც ორ დღეში დამარცხდნენ 20,000 კუბელ სამხედროსთან. ამ წარუმატებელმა ოპერაციამ შეერთებული შტატები რეპუტაციულად დააზარალა, კასტროს ხელისუფლება კი კიდევ უფრო გააძლიერა.
მას შემდეგ კიდევ ათეულობით მცდელობა განხორციელდა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღემდე ვერავინ შეძლო კუბაში მმართველობის შეცვლა. დონალდ ტრამპს, შესაძლოა, ახლა ჰქონდეს უპრეცენდენტო შანსი, რომ გააკეთოს ის, რაც ვერცერთმა სხვა ამერიკის პრეზიდენტმა ვერ შეძლო. თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
ამ ეტაპზე, ტრამპის ადმინისტრაცია გარედან, ეკონომიკური ზეწოლით ცდილობს კუბაში რეჟიმი თავისთავად მიიყვანოს ჩამოქცევამდე.
არც რეჟიმის ეკონომიკური ზეწოლით ცვლილებაა ახალი სტრატეგია შეერთებული შტატებისთვის.
აშშ-ს ცივი ომის პერიოდადან ჰქონდა დაწესებული კუბაზე ეკონომიკური ემბარგო, რის გამოც საბჭოთა კავშირი მისი მთავარი პარტნიორი გახდა. სწორედ ასე გადაიქცა კუბა მნიშვნელოვან მოთამაშედ გასულ საუკუნეში.
თუმცა, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კუბამ დაკარგა ნავთობის წყარო და უმნიშვნელოვანესი საბჭოთა სუბსიდიები, რამაც გამოიწვია უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი, რომელსაც კუბელები “სპეციალურ პერიოდს” ეძახიან.
“სპეციალურმა პერიოდმა” ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა, მაგრამ ხელისუფლება მაინც გადარჩა. ეს კი იმიტომ, რომ მთავრობამ შეძლო სოციალური პროგრამების შენარჩუნება, სამხედრო ბიუჯეტის თითქმის 90%-ით შემცირების ხარჯზე. არ დახურა ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები. მეტიც, ამ პერიოდში კუბაში უპრეცენდენტო რაოდენობის სამეციდინო პერსონალი მომზადდა, რითაც შემცირდა სიკვდილიანობა და 1990-იანი წლებიდან ქვეყანამ დაიწყო სამედიცინო დიპლომატია.
მაგალითად, უგო ჩავესის პერიოდში (ეს ის ადამიანია, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა) ვენესუელა ნავთობს შეღავათიან ფასებში აწვდიდა კუბას, ათიათასობით გაგზავნილი ექიმის სანაცვლოდ. თუმცა, 2010-იანი წლების შუა პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბმა მიწოდებამ ფასები მკვეთრად შეამცირა და ვენესუელაც ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ამის შედეგად ვენესუელამ, უკვე ნიკოლას მადუროს პერიოდში, კუბასთვის გაგზავნილი ნავთობის რაოდენობა შეამცირა. მაგრამ ამ დროისთვის კუბას საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ბარაკ ობამა, ფიდელ კასტროს ძმის, რაულ კასტროს მმართველობის დროს, კუბასთან იწყებს შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებას, 13-პუნქტიანი გეგმით. შეერთებულმა შტატებმა კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო, გარკვეული სავაჭრო და სამოგზაურო შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ემბარგო ძალაში დარჩა, რადგან მისი გაუქმება მხოლოდ კონგრესს შეუძლია. ობამამ ისტორიული ვიზიტიც კი განახორციელა კუბაზე.
ეს დროებითი შვება დიდხანს არ გაგრძელებულა. დონალდ ტრამპმა კუბას მიმართ მკაცრი პოლიტიკის გაატარება დაიწყო, როგორც პირველი პრეზიდენტობის ვადაშე, ისე ახლა.
დავუბრუნდეთ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებს კუბაზე.
დონალდ ტრამპის ინტერესები კუბაზე
პრიველ რიგში, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ტრამპს ახლა აქვს ისტორიული შანსი, რომ მიიწეროს კიდევ ერთი გამარჯვება დასავლეთ ნახევარსფეროში და მის ნუსხას მიამატოს მიგელ დიას-კანელი, კუბას ამჟამინდელი პრეზიდენტი.
ეს არის პრესტიჟის და ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი, რადგან ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, ვინც ამას შეძლებს, თუ შეძლებს, რა თქმა უნდა.
მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ინტერესები და მარკო რუბიოს ფაქტორი. მარკო რუბიო, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, არის ტრამპის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თავად რუბიო კი კუბელი ემიგრანტების შვილია.
ამერიკაში გადასახლებული კუბელებისთვის კასტროს სოციალისტური რევოლუცია ხშირად ასოცირდება პირად ტრაგედიასთან, დაკარგულ საკუთრებასთან, დაკარგულ სახლთან და ემიგრაციასთან. რუბიოს კი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მუდმივად მკვეთრად ანტი-კომუნისტური პოზიცია ჰქონდა კუბის მთავრობის მიმართ. ამ განწყობებს იზიარებს კუბელ-ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით ფლორიდაში. კუბელი აქტივისტები ტრამპს ღიადაც კი მოუწოდებენ რეჟიმის შეცვლისკენ ჰავანაში.
თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაასრულებს კომუნიზმს კუბაში, რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო გაიმყარებს კუბელ-ამერიკელების მხარდაჭერას.
მესამე — არსებობს სპეკულაციები, რომ ტრამპს კუბასთან დაკავშირებით პირადი დეველოპერული ინტერესებიც შეიძლება ჰქონდეს.
კუბა არ არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, თუმცა მას აქვს უნიკალური ბუნება და ტურიზმის უზარმაზარი პოტენციალი. წარსულში ტრამპი ღიად გამოხატავდა ინტერესს, რომ კუბაში აეშენებინა სასტუმროები, გოლფის მოედნები და სანატორიუმები. დღესაც არსებობს ვარაუდები, რომ კუბაში პროამერიკული ხელისუფლების არსებობა მის ბიზნეს იმპერიას გაფართოების შესაძლებლობას მისცემდა.
და კიდევ ერთი მიზეზი: შეიძლება კუბას არ აქვს ნავთობი, მაგრამ მას აქვს მეტალები. კუბა მსოფლიოს ათეულში შედის ნიკელის წარმოებით, რასაც ექსპორტზე აგზავნის ძირითადად ჩინეთში, ვენესუელაში, კანადაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. ნიკელი კი კრიტიკული ელემენტია, განსაკუთრებით, ელექტრომობილებისა და თავდაცვის ტექნოლოგიის წარმოებაში, რომლის დიდი მარაგებიც შეერთებულ შტატებს არ აქვს.
ყველა ეს ფაქტორი, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებთან ერთად, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს კუბა.
მიუხედავად იმისა, რომ კუბაში ახლა უპრეცენდენტო სოციალური და ეკონომიკური კრიზისია, მისი კომუნისტური მთავრობა არაერთხელ გადაჩენილა მსგავს ვითარებაში.
აუდიო ვერსია: